ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს
დეკ 16, 2025

კორუფციის კვალი: ვისგან იყიდა ეროვნულმა ლაბორატორიამ მილიონობით ლარის აპარატურა?

11 მილიონი ლარი დაიხარჯა 2023 წელს გახსნილ წამლის ეროვნული ლაბორატორიის მოწყობაზე. შენობა გარემონტდა, ავეჯით მოეწყო, ადამიანები დასაქმდნენ, ბიუჯეტიდან ხელფასებსაც ვუხდით - თუმცა, ლაბორატორია სრულყოფილად არ მუშაობს. გამოდის, რომ ამ ხარჯს საზოგადოებისთვის სარგებელი არ მოუტანია. სამაგიეროდ, იხეირეს მათ, ვინც ლაბორატორიას სამედიცინო ტექნიკა მიჰყიდა. 

ჯანდაცვის სამინისტრო და ლაბორატორიის უშუალო მფლობელი, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ცოცხალი თავით არ გვიმხელს, კონკრეტულად ვისგან, როგორი და რა ფასიანი ტექნიკით აღჭურვეს წამლის ეროვნული ლაბორატორია. ჩვენს გაგზავნილ კითხვებს არ იმჩნევენ, მათი პრესსამსახური ზარებსა და შეტყობინებებზე არ გვპასუხობს. ჩვენთან საუბარი არ სურს არც ლაბორატორიის დირექტორ ნინო ვახანიას. 

მათგან პასუხის მიღების იმედი ისედაც არ გვქონია. ამიტომ, ჩვენით გავარკვიეთ, რა სამედიცინო აპარატურა დგას ამ ლაბორატორიის ოთახებში, სინამდვილეში, რა ღირს ისინი და ვინ იყო მათი მიმწოდებელი. 

ლაბორატორიის მოწყობაზე დახარჯული 11 მილიონიდან 1.6 მილიონი ლარის კვალი ზუსტად ვიცით - ის ლაბორატორიის შენობის რემონტს მოხმარდა. გამოდის, დანარჩენი 9 მილიონით სამედიცინო აპარატურა იყიდეს. თუმცა, ღირს კი ეს აღჭურვილობა 9 მილიონი? ან, სჭირდებოდათ კი ისინი? 

ლაბორატორიის გახსნის ცერემონია 

ლაბორატორიის გახსნის შესახებ გავრცელებულ საიმიჯო ვიდეორგოლებში, სიუჟეტებში და გასაჯაროვებულ მწირ დოკუმენტებში ამ სამედიცინო ტექნიკის ზუსტი მოდელები და მწარმოებლები ამოვიცანით. 

“აი, ფაქტმა” დაადგინა, რომ თბილისში, დელისის მეტროსთან, ასათიანის #9-ში მდებარე წამლის ხარისხის ეროვნულ ლაბორატორიაში აქვთ:

  • სითხური და გაზური ქრომატოგრაფები - გამოიყენება წამლის ნარევების შესასწავლად;
  • ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და ვიზუალური სპექტრომეტრი/სპექტროფოტომეტრი - საჭიროა ნივთიერების ქიმიური შემადგენლობის და მოლეკულური სტრუქტურის დასადგენად; 
  • მას-სპექტრომეტრი - მოლეკულების და ატომების მაღალი სიზუსტით შესასწავლად;
  • პლაზმური ოპტიკური ემისიის სპექტრომეტრი - იკვლევს მძიმე მეტალებით დაბინძურებას; 
  • გამოთავისუფლების აპარატები; 
  • დაშლადობის აპარატები და PH ხელსაწყოები (PH-მეტრები) - მჟავიანობის და ტუტიანობის გასაზომად; 
  • PCR დანადგარები - მიკრობიოლოგიური და გენეტიკური ტესტებისთვის; 
  • ახალი თაობის სექვენირების აპარატი Ion Genestudio S5 და მისი სისტემა - გენეტიკური კვლევებისთვის;
  • თერმოსტატი, მაცივარი, საშრობი ღუმელი, გათბობ-შემმღვრევი დანადგარი. ტაბლეტის ფხეკადობის (ნატეხადობის) ტესტერები და მაღალი სიზუსტის ანალიზური სასწორი. 

გიორგი ანთაძეს ფარმაცევტული საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მან შექმნა და აღჭურვა მსხვილი ფარმაცევტული საწარმოები - მათ შორის, ყველაზე მასშტაბური “ჯი-ემ-პიც”, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, წამლის ეროვნულ ლაბორატორიაზე და მასში განთავსებულ დანადგარებზე დახარჯული თანხა “გაბერილია”. 

“მე თვითონ მაქვს რამდენიმე ლაბორატორია აწყობილი საწარმოებში და ვიცი ფასები… ამიტომ, როგორც კი გავიგე, ყურში ცუდად მომხვდა ეს რიცხვი - 11 მილიონი ლარი, სადღაც 4 მილიონი დოლარია ხო? საკმაოდ ბევრია ასეთი ლაბორატორიისთვის. 4 მილიონ დოლარად ფარმაცევტულ საწარმოს ააშენებს კაცი და თანამედროვე ტექნოლოგიებით ააწყობს. მაშინვე თვალსაჩინო იყო, რომ აქ რაღაცაშია საქმე, რაღაცაში რა… კორუფციაში, რა თქმა უნდა…”, - გვიხსნის გიორგი ანთაძე. მისი თქმით, 11 მილიონი ლარი არ დაეხარჯებოდა, “სუფთა ზონაც” რომ გაეკეთებინა, ანუ ყველაფერი, ვენტილაციის ჩათვლით. 

მას-სპექტრომეტრი

ღირებულება რომ გვერდზე გადავდოთ, ისიც საკითხავია, რამდენად გვჭირდებოდა ზუსტად ეს აპარატურა? სპეციალისტები გვიხსნიან, რომ წამლის ხარისხის ლაბორატორიაში ისეთი სამედიცინო ტექნიკა უდგათ, ძირითადი წამლების ხარისხის შემოწმებასთან რომ არანაირი კავშირი არ აქვს. 

“ეს მას-სპექტრომეტრი, ძირითადად, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვისაა, ძალიან ღრმა დონეზე იკვლევს პროდუქტში რა ნივთიერებები შედის […] თქვენ რომ გადაშალოთ, ვერც ამერიკულ და ვერც ევროპულ ფარმაკოპეებში [წამლის ხარისხის შემოწმების მეთოდებში] ვერ ნახავთ მას-სპექტრომეტრიას. სერიული ანალიზი ამ მეთოდით არ კეთდება”, - გვიხსნის გიორგი ანთაძე. ვეკითხებით, ანუ, ეს აპარატი უკვე მზა მედიკამენტების სერიული შემოწმებისთვის არ გამოიყენება? გვპასუხობს არაო და გვიყვება, სანაცვლოდ რომელი დანადგარი უნდა ეყიდათ. “ძირითადად, წამლების ანალიზისთვის გამოიყენება მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფები (HPLC). მისი ფასი 30-დან 50 000 დოლარამდე მერყეობს. წესით, ეს ყველაზე დატვირთული აპარატურა უნდა იყოს ამ ტიპის ლაბორატორიებისთვის და მართლაც ბევრი სჭირდებათ, თუ აპირებენ, რომ მასიურად შეამოწმონ წამლების ხარისხი. ჩვენ [პე-ეს-პე-ში] 80-მდე მედიკამენტს ვამოწმებდით, გვქონდა 12-15 ასეთი აპარატურა და ისიც არ გვყოფნიდა”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი ანთაძე. 

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტების და გავრცელებული ვიდეორგოლების ანალიზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაბორატორიას ორი სითხური ქრომატოგრაფი აქვს. ხოლო მას-სპექტრომეტრი, რომელიც, თურმე, წამლის ხარისხის ლაბორატორიას დიდად არაფერში სჭირდება და მაინც შეგვიძენია, სულ მცირე, 710 000 ლარად ფასობს. 

ავტორის შენიშვნა: ამას ვადასტურებთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესყიდვის დოკუმენტებით. 2024 წელს მათ იგივე მწარმოებლის,  Thermo Fisher Scientific-ის მიერ დამზადებული მას-სპექტრომეტრი იყიდეს. რადგან ეროვნული ლაბორატორიის შესყიდვებს ვერ ვხედავთ, ამ დანადგარის მიახლოებითი ფასი ამ გზით გავიგეთ. თუმცა, ეს მინიმალური ღირებულებაა. გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ ლაბორატორიაში განთავსებული მას-სპექტრომეტრის ზუსტი მოდელი და სერია უკეთესი კონფიგურაციისააა, ვიდრე სამხარაულის და შეიძლება გაცილებით ძვირიც იყოს. ამერიკულ სამედიცინო ტექნიკის კატალოგში, excedr.com-ზე ვიპოვეთ, რომ მისი ფასი 400 000-დან 1 მლნ აშშ დოლარამდე მერყეობს. 

ძირითადი წამლების ხარისხის კონტროლთან არაფერ შუაშია ლაბორატორიაში განთავსებული კიდევ ხუთი დანადგარი: 

  • The Ion Chef სისტემა - მისი ფასი 79 - 85 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს; 
  • Ion Genestudio S5 - მწარმოებლის კატალოგში მისი ფასი 135 000 აშშ დოლარია;
  • სამი PCR/პჯრ აპარატურა: 96-ფოსოიანი ProFlex პჯრ-სისტემა; SeqStudio გენეტიკური ანალიზატორი; QuantStudio-5 პჯრ სისტემა რეალურ დროში. სამივე მათგანის ჯამური ღირებულება 49 ათასიდან 114 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. 

Ion Genestudio S5-ს გენეტიკური ანალიზებისთვის, მაგალითად, დნმ-ისთვის იყენებენ. გამოსადეგია ასევე ვირუსების, ბაქტერიების და მუტაციების საკვლევად. თუმცა, წამლის ხარისხის კონტროლთან არანაირი კავშირი აქვს. მარტივად რომ გითხრათ, ძირითადად, ბიოლოგიურ ნიმუშებს ამოწმებს, მაგალითად, თმას, ნერწყვს, სისხლს და არა ქიმიურ ან ფარმაცევტულ ნივთიერებებს, ანუ წამლებს. თუმცა, დაშვების დონეზე, შესაძლებელია გამოდგეს ბიოლოგიური პრეპარატების შემოწმებისთვისაც. ასეთი მედიკამენტი კი ჩვენს ბაზარზე იშვიათი და ძალიან ძვირია. სპეციალისტის შეფასებით, წამლის ხარისხის ლაბორატორიისთვის აუცილებელი არც PCR/პჯრ აპარატურაა. 

Ion Genestudio S5

“წამლის ხარისხის კონტროლში ეს აპარატურა არ გამოიყენება, საერთოდ, დნმ კვლევას არაფერი აქვს საერთო არსებული პრეპარატების ხარისხის კვლევასა და დადგენასთან. თვითონ აღწერილობაშიც არსადაა ნახსენები რაიმე მეთოდი, რაც ამ ხელსაწყოზე სრულდება და რაც სამკურნალწამლო საშუალების ხარისხის და უსაფრთხოების დადგენაში დაგვეხმარება… რამდენიმე PCR ხელსაწყოც შეიძინეს, რომელსაც ფარმაცევტულ ანალიზში არანაირი დანიშნულება არ აქვს. როგორც ჩანს, გაუსაღეს ‘ეიბიემ’-ს კორონას შემდეგ დარჩენილი გაუსაღებელი აპარატურა”, - გვიხსნის ფარმაცევტული ანალიზის სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან ინტერვიუ იმ დათქმით მოგვცა, რომ ვინაობას არ გავამხელდით. ჩვენც პირობას ვასრულებთ.

“სექვენირების და PCR/პჯრ აპარატურა გენომის და ვირუსების ანალიზისთვისაა. თეორიულიად, შეეძლოთ გამოეყენებინათ ისეთი მედიკამენტებისთვის, რომლის მთავარი შემადგენელიც გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტებია. ეს მედიცინაში ძალიან ახალი მიმდინარეობაა, მაგრამ იმდენად მცირეა ასეთი მედიკამენტები და იმდენად ძვირია… თან, ფარმაცევტული ანალიზი ხომ ნიმუშების განადგურებასაც გულისხმობს. ეს პრეპარატები კიდე, ზოგიერთის 1 ამპულა 1 000 ლარი ღირს, ძირითადად, ონკოლოგიაში გამოიყენება და მაგალითად, კოლოფი 10-20 ათასები ღირს. ნუ, დიდი ფუფუნებაა ეგ და ეს ყველაფერი თავისუფლად გაკეთდებოდა ლუგარში. გატენილია ლუგარის ლაბორატორია ასეთი [გენომის და ვირუსების] აპარატებით”, - გვეუბნება გიორგი ანთაძე. 

სპეციალისტებს ვთხოვეთ, შეედგინათ წამლის ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელი აპარატების ნუსხა, რომელიც ეროვნულ ლაბორატორიას აუცილებლად დასჭირდებოდა. გამოვიდა, რომ ამ ტექნიკის ჯამური ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს არ სცდება. (მაშინაც კი, თუ მათი ფასების დიაპაზონიდან ყველაზე მაღალს ავიღებთ). 

  • მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი - მაქსიმუმ 10 ცალი; (თითოეულის ფასი მერყეობს 15-150 ათას დოლარამდე, მწარმოებელს და კონფიგურაციას გააჩნია) 
  • გაზური ქრომატოგრაფი - 2 ცალი; (თითოეულის ფასი მერყეობს 15-100 ათას აშშ დოლარამდე, აქაც, მწარმოებელს და მოდელის კონფიგურაციას გააჩნია). 
  • ინფრაწითელი სპექტრომეტრები - 2 ცალი; (ერთის ფასი, დაახლოებით, 5-50 ათასი აშშ დოლარია) 
  • ულტრაიისფერი სპექტრომეტრები - 2 ცალი; (ერთის ფასი 2-30 ათასი აშშ დოლარის ფარგლებშია) 
  • გრაფიტული სპექტროფოტომეტრი - 2 ცალი; (ერთის ფასი 20-60 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს) 
  • გამოთავისუფლების აპარატი - 3 ცალი; (თითოეულის ფასი 20-30 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს) 

რატომ მაინცდამაინც ეს ჩამონათვალი? სპეციალისტებს ვთხოვეთ აეხსნათ, რომელს რა როლი აქვს, წამლის ხარისხის დადგენაში. 

“პირველი არის იგივეობის დადგენა, პარაცეტამოლს რომ ვყიდულობთ, მასში ნამდვილად არის თუ არა პარაცეტამოლი. ეს ანალიზი ყველა ქვეყანაში კეთდება სითხური ქრომატოგრაფით… თუ გვინდა, წნევის სწრაფად დამწევი წამალი, გვჭირდება რომ სისხლმა ის სწრაფად შეიწოვოს. ამას ამოწმებს გამოთავისუფლების აპარატი. მესამე, აუცილებელია ნარჩენი გამხსნელების აღმოჩენა, როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, რომ არ იყოს რაიმე ტოქსიკური, კარცენოგენული. ამისთვის საჭიროა გაზური ქრომატოგრაფი. კიდევ აუცილებელია მძიმე მეტალების ანალიზის ხელსაწყო, გრაფიტული ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი, რომელიც, დაახლოებით, 50 000 დოლარი ღირს”, - გვიხსნის ფარმაცევტული ანალიზის სპეციალისტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გიორგი ანთაძეც გვიდასტურებს, რომ როცა წამლის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ სამი პარამეტრის შემოწმებას - იდენტიფიკაცია, ანუ ნივთიერების ნამდვილობის დადგენა; დოზის განსაზღვრა, ანუ ნივთიერებების რადენობრივი შემცველობის გაგება და მესამე - მავნე მინარევების, მაგალითად, მძიმე მეტალების აღმოჩენა. გარდა ამისა, ხარისხიანია თუ უხარისხო წამალი, ამის გასაგებად, ამოწმებენ როგორ გაიხსნება/გამოთავისუფლდება ის სითხეში და ტაბლეტიდან ხსნარად გადაიქცევა. ანუ, ამით დგინდება, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, როგორ შეერევა ის სისხლს. ამას სამედიცინო ენაზე ბიოშეღწევადობა ჰქვია. ამ ყველაფერს კი ზემოთ ჩამოთვლილი 6 აპარატი თავისუფლად გასწვდებოდა. 

გიორგი ანთაძე

“ამოსავალი არის ფარმაკოპეა - მედიკამენტების ანალიზის მეთოდების კრებული… სტატისტიკურად შემიძლია ვთქვა, რომ ფარმაკოპეებში მოყვანილი მეთოდების 90% დამყარებულია მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაზე. ამიტომ, ძირითადად, ეს აპარატურა უნდა შეეძინათ. ამით ვიგებთ, სიტყვაზე, ჩვენს მიერ შეძენილი “კაპტოპრილი” ემთხვევა თუ არა სტანდარტულ “კაპტოპრილს”... ინფრაწითელი ან ულტრაიისფერი სპექტრომეტრიც ნივთიერებებად შლის მედიკამენტს, მათ სპექტრს სტანდარტული ნივთიერების სპექტრთან ადარებს და ასე ხვდება, ნამდვილია თუ არა… გაზური ქრომატოგრაფები კი ადგენს, ხომ არ დარჩა წამალში შხამიანი ორგანული ნარჩენები, მაგალითად, აცეტონი, ეთანოლი…“, - გვითხრა გიორგი ანთაძემ. 

ისიც გაიხსენა, GMP-ის საწარმოში მხოლოდ 150 მედიკამენტის ანალიზისთვის 18 სითხური ქრომატოგრაფი/HPLC გვქონდაო. ეროვნულ ლაბორატორიას კი ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე მედიკამენტის შემოწმება თუ უნდოდა, ამხელა დატვირთვისთვის, ორი კიარა, 50 მაინც უნდა ეყიდათო.

გამოდის, ეროვნულმა ლაბორატორიამ ჩვენი ფული არამიზნობრივად დახარჯა - ძვირადღირებული აპარატურა ზერელედ იყიდა - აუცილებელი რაც იყო, ის რაოდენობაში მიაკლდა და სამაგიეროდ, მეორეხარისხოვანი, წამლის ხარისხის კონტროლისთვის თითქმის გამოუსადეგარი ტექნიკა მოიმარაგა. 

გარდა ამისა, ზემოთ ხსენებული აპარატების უმრავლესობა საქართველოში ისედაც ჰქონდათ კერძო ლაბორატორიებს და მათი შეძენა სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყო. აი, მაგალითად, შარშან, “გლობალტესტის” დირექტორმა ქეთევან ბარამიძემ პირდაპირ გვითხრა, ამ სიუჟეტში რასაც ვხედავ, არაფერი დგას ისეთი, რაც მე არ მაქვსო. ამაში დასარწმუნებლად, გვთხოვა, თქვენი თვალითაც ნახეთო და მთელი ლაბორატორია შემოგვატარა. 

ქვეყანაში გენომის და ვირუსების ანალიზისთვის ლაბორატორიები რომ ისედაც გვქონდა და ამაში დამატებითი ფულის ხარჯვა არ გვჭირდებოდა, თვითონ იმ კომპანიის (“ეი-ბი ემის”) ვებგვერდიდანაც დასტურდება, რომელიც საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილ სამედიცინო ტექნიკას ჰყიდის.

abm.com.ge-ზე საჯაროდ წერია, რომ საქართველოს მასშტაბით 21 PCR/პჯრ, გენეტიკური, მიკრობიოლოგიური და მიკროსკოპული ლაბორატორია აქვთ დაკომპლექტებული და მომარაგებული. მათ შორისაა, კერძო კლინიკები, უნივერსიტეტები და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები (მაგალითად, ლუგარის ლაბორატორია; ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი, სამხარაულის ეროვნული ბიურო). 


ვისგან იყიდა უფუნქციო ლაბორატორიამ ძვირადღირებული აპარატურა? 

წესით, როცა სახელმწიფო დაწესებულება რაიმეს ყიდულობს, სულ რომ 100 ლარი ღირდეს, შესყიდვის დოკუმენტები უნდა გაასაჯაროვოს, ანუ დოკუმენტები ელექტრონულ პორტალზე, procurement.gov.ge-ზე ატვირთოს. როგორც ჩანს, წამლის ხარისხის ეროვნულმა ლაბორატორიამ ეს პროცესი მიჩქმალა. არსად იძებნება, ვისგან და რა ფასად იყიდეს ის სამედიცინო აღჭურვილობა, რომელსაც სიუჟეტებში ვხედავთ და რომელზეც, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 9 მილიონი ლარი დახარჯეს.

გასაჯაროვებულია მხოლოდ 499 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვები, რომლითაც ლაბორატორიისთვის იყიდეს ქიმიური რეაქტივები - მაგალითად, ძმარმჟავა, ჰექსანი, პროპანოლი, ეთილაცეტატი; სითხური და გაზური ქრომატოგრაფების ჯამში 5 ცალი სვეტი; წყლის აპარატის ფილტრები და კარტრიჯები; აპარატურის შემოსადები და სამუშაო მაგიდები, ტუმბოები, სასაწყობე კარადები და სამედიცინო სკამები; ნიმუშების მიკროტალღური მინერალიზატორი; მაღალი სიზუსტის ანალიზური სასწორი; სითხური ქრომატოგრაფის და შპრიცის ფილტრები; თერმო-ჰიგრომეტრი (შენობის შიდა კლიმატის კონტროლისთვის). აქედან 462 ათასი ლარი ისევ “ეი-ბი ემს” და “სოლემარტს” გადაუხადეს. 

სად წავიდა დანარჩენი 8.5 მილიონი ლარი? ამის გასარკვევად, ლაბორატორიაში განთავსებული აპარატურა ამოვიცანით, დავადგინეთ მათი ოფიციალური მწარმოებლები და საქართველოში მათი ოფიციალური დისტრიბუტორები. შედეგად, შეგვიძლია ლოგიკურად ვიფიქროთ, რომ ეროვნულმა ლაბორატორიამ აპარატურა ორი კომპანიისგან, “ეი-ბი ემ”-ისგან და “სოლემარტისგან” იყიდა. რატომ ვფიქრობთ ასე? გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: 

2023 წლის მაისში, როცა პრემიერმა ღარიბაშვილმა ლაბორატორია დაათვალიერა, ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეუბნებოდა - ძირითადად, ამერიკული Thermo Fisher-ის აპარატურა გვაქვსო. ეს სიუჟეტში გარკვევით ისმის. თუმცა, კადრების თვალიერებისას ჩვენც მარტივად ვარჩევთ, რომ უმეტესად ამ ბრენდის ტექნიკა უწყვიათ. მას კი საქართველოში სხვა ვერავინ მიაწვდიდათ, თუ არა “ეი-ბი ემი” ან “სოლემარტი”. აი, რატომ: 

“კომპანია Thermo Fisher-ის 24 ივლისის წერილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებამოსილება გააჩნია შპს „ეი-ბი ემს“. ქვეყნის შიგნით დღეისათვის არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია ზემოაღნიშნული მწარმოებლის პროდუქციის მოწოდება საქართველოში… ლაბორატორია აღჭურვილია Thermo Fisher-ის მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურით. […]ლაბორატორიული კვლევების შედეგების ხარისხის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია იმავე მწარმოებლის რეაგენტ/რეაქტივების და სვეტების გამოყენება…”, - ვკითხულობთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ერთ-ერთ დოკუმენტში, რომლითაც ხსნიან რატომ იყიდეს გამარტივებული შესყიდვით მაინცდამაინც “ეი-ბი ემის” სვეტები.

აშკარად “ეი-ბი ემის” უნდა იყოს ახალი თაობის სექვენირების აპარატი - “Ion Genestudio S5”-ც, რომელიც სამთავრობო საიმიჯო ვიდეორგოლში კარგად ჩანს და ღარიბაშვილი გულდასმით ათვალიერებს. ზუსტად ეს აპარატი “ეიბემის” ქართულ კატალოგში ვიპოვეთ. მისი მწარმოებელიც ამერიკული Thermo Fisher-ია, დისტრიბუტორი კი მისი შვილობილი კომპანია Fisher Scientific. მის ვებგვერდზე ვნახულობთ, რომ ეს სექვენირების აპარატი 135 000 აშშ დოლარადაა შეფასებული. შეგახსენებთ, “Ion Genestudio S5” წამლის ხარისხის კონტროლის ძირითად მეთოდებთან არაფერ შუაშია. 

“ეი-ბი ემის” ქართულ კატალოგში ვიპოვეთ ლაბორატორიის კიდევ სამი აპარატურა - PCR და გენეტიკური ანალიზებისთვის. ისინიც Thermo Fisher-ის წარმოებულია და ჯამში, სულ მცირე, 49 ათასი აშშ დოლარი ღირს. 

ამონარიდი კატალოგიდან 

გარდა ამისა, ლაბორატორიაში გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს “Hanna Instruments”-ის PH მეტრები და “Arctiko”-ს მაცივარი. საქართველოში ამ ბრენდების დისტრიბუციას კი შპს “სოლემარტი” ეწევა. “სოლემარტი” Thermo Fisher-ის პროდუქციის რეალიზაციითაცაა დაკავებული. ამ ამერიკული ბრენდის აპარატურა მას სამხარაულის ეროვნული ბიუროსთვის აქვს მიყიდული. 

დავურეკეთ ორივე კომპანიას. “ეი-ბი ემის” წარმომადგენელმა ეროვნული ლაბორატორიისთვის აპარატურის მიწოდება უარყო, ხოლო “სოლემარტის” დირექტორი ზურაბ ტუკვაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

თუ Thermo Fisher-ის აპარატურა ლაბორატორიისთვის “ეი-ბი ემს” და “სოლემარტს” არ მიუყიდიათ, დარჩა მხოლოდ ერთი გზა - ლაბორატორიას ისინი პირდაპირ ამერიკული მწარმოებლისგან უნდა შეეძინა. თუმცა, თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ლოგიკურია, რომ ტექნიკის შესაძენად სხვა ქვეყანაში წახვიდე, ან ონლაინ შეუკვეთო, როცა ზუსტად ის მოდელები, რაც გჭირდება, აქვე, შენს ქვეყანაში აქვთ უკვე იმპორტირებული.

ამას ემატება კიდევ ერთი გარემოება. უმჯობესია, სამედიცინო ტექნიკა ადგილობრივ ბაზარზე იყიდო, მისი დაპროგრამება რომ ადგილზე მყოფმა ინჟინერმა შეძლოს და მომავალში რაიმე ხარვეზის შემთხვევაში, მასვე მიმართო.

“იცით, რატომ ყიდულობენ დისტრიბუტორთან? აპარატურას სჭირდება სპეციალური მომსახურება. დისტრიბუტორი ყიდის ასევე სერვისს, მომსახურებაზე. მანდ არის პროგრამული უზრუნველყოფა, ისე კიარ არის, წახვიდე, აპარატურა იყიდო, ჩამოხვიდე და დადგა… ეგრე არ არის, რომ მარტო იყიდე და დააყენე. სჭირდება კალიბრაცია, სპეციალური მომსახურება. გააჩნია კიდევ აპარატურას, ზოგს სჭირდება გრძელვადიანი და ხშირი მომსახურება”, - გვითხრა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა. 

ყოველი შემთხვევისთვის, ამბის დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და უშუალოდ წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნულ ლაბორატორიას. მივეცით შანსი, რომ მოეწოდებინათ უტყუარი მტკიცებულებები, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვისგან იყიდეს აპარატურა და რა ფასად. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ გაექარწყლებინათ ეჭვი ქართულ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაზე და ამისთვის, ჩვენთვის სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტები მოეწოდებინათ. 

მათთვის არც წერილების გაგზავნა დაგვიკლია, არც დარეკვა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით პრესსამსახურისთვის თავის შეხსენება. სააგენტოსა და ლაბორატორიაში ადგილზეც მივედით. თუმცა, ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არც ერთი ფორმით არ ისურვეს, ფაქტობრივად, სრულად დაგვაიგნორეს. 

არადა, ბოლოს, ოფიციალურ მეილებზე მივწერეთ და გავაფრთხილეთ ამ ფორმით: 

“ვაპირებთ სტატიაში დავწეროთ ჩვენი კვლევით გამოვლენილი გარემოება, რომ აპარატურა მოგაწოდათ კომპანიებმა: "სოლემარტი" (დირექტორი - ზურაბ ტუკვაძე) და "ეი-ბი ემი" (დირექტორი - ალექსანდრე ხეთერელი). ისინი Thermo Fisher-ის დისტრიბუტორები არიან, თქვენ კი სწორედ Thermo Fisher-ის დანადგარებით გაქვთ აღჭურვილი ზემოთ აღნიშნული ლაბორატორია. თუ ეს ინფორმაცია მცდარია და არ გაწყობთ, რომ ამ ფორმით გაჟღერდეს, მაშინ დაგვიმტკიცეთ საპირისპირო და მოგვაწოდეთ შესყიდვის დოკუმენტები”. კითხვებზე საპასუხოდ 3 სამუშაო დღე მივეცით. იმის შემდეგ, ერთ თვეზე მეტი გავიდა და რეაგირება ისევ არ ჩანს. დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. 


ელიტური კორუფცია “სოლემარტის” და “ეი-ბი ემის” მონაწილეობით

“ეი-ბი ემი” 2011 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი წილების 67%-ს ალექსანდრე ხეთერელი ფლობს, ხოლო 33%-ს ისრაელის მოქალაქე ალონ ეშედი. “სოლემარტიც” 2011 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. 

ხეთერელი პროფესიით სერთიფიცირებული მენეჯერი, მენეჯერთა ასოციაციის წევრი და “ევროპის ბიზნესსკოლის” კურსდამთავრებულია. სამეწარმეო საქმიანობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო და იქედან მოყოლებული, 14 კომპანიას ფლობს. მათ შორის ოთხს, ხელმძღვანელობს კიდეც. 

ალექსანდრე ხეთერელი 

ხეთერელის კომპანიების საქმინობაა: მოლეკულური დიაგნოსტიკა, სამედიცინო, ლაბორატორიული და ფარმაცევტული საქონლით ვაჭრობა. მისი კომპანია აწყობს მასტერკლასებს და ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციებს. ხეთერელს “ქართული ოცნებისთვის” 2016 წელს 60 000 ლარი აქვს შეწირული.

ზურაბ ტუკვაძემ, საჯარო რეესტრის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობა 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ 8 შპს-ს მფლობელი გახდა და მათ შორის, სამს ხელმძღვანელობს კიდეც. სამედიცინო აპარატურის გარდა, ტუკვაძე ავტომობილების რეალიზაციითაც არის დაკავებული. მისი კომპანია “გტ ბენეფიტსი” ფლობს SKODA-ს ოფიციალურ დილერ “ავტო ცენტრ თბილისს” და KIA-ს ოფიციალურ დილერს “კია საქართველოს”. მედიაში გავრცელებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების აუდიომასალის მიხედვით, 2024 წელს სწორედ ტუკვაძის “კია საქართველოსგან” იყიდა ჯუანშერ ბურჭულაძემ მსუბუქი ავტომობილი Kia Carnival-ი, რომელშიც 35 000 ევრო გადაიხადა.

“სოლემარტი” და “ეი-ბი ემი” რომ მთავრობასთან კარგადაა “დალაგებული”, მათი სახელმწიფო შესყიდვებიდანაც ჩანს. მაგალითად, “სოლემარტმა” დაარსებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მოიგო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 106,000-ლარიანი ტენდერი. 

მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, (2021 წლიდან 2025 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით) ორივე კომპანიამ 47 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები გააფორმა. აქედან 5 მილიონი ლარის უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვებით, ხოლო 37 მილიონი ლარის უკონკურენტო ტენდერებით.

შემსყიდველებს შორის ლიდერობს - სურსათის ეროვნული სააგენტო (17 მლნ), გარემოს ეროვნული სააგენტო(11 მლნ) და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (5 მლნ). 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხეთერელი და ტუკვაძე ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ. მათი კომპანიები საეჭვო თაღლითური სქემით აქამდეც შეკავშირებულან - არც მეტი, არც ნაკლები, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გახმაურებულ სკანდალში.

ზურაბ ტუკვაძე

უკვე იცით, რომ ბურჭულაძეს სუს-ი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ბიუჯეტიდან 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს შეიძინა და სუს-ის მტკიცებით, ხელოვნურად “გაბერილი” თანხა, 4 მლნ ლარი გადაიხადეს. 

სუს-ის და მედიაში გამოჟონილი ჩვენებების ფრაგმენტებით ირკვევა, რომ ეს აპარატი სამინისტროს ხელში შემდეგი ოთხი კომპანიის წყალობით მოხვდა: “დ & გ კომუნიკაცია”, “პულსარ საქართველო”, “სოლემარტი” და “ეი-ბი ემ”. სქემა ასე ააწყვეს: ალექსანდრე ხეთერელმა აპარატურა “პულსარ საქართველოსგან” იყიდა და ზურაბ ტუკვაძის “სოლემარტს” მიჰყიდა. შემდეგ, “სოლემარტისგან” ეს აპარატურა “დ & გ კომუნიკაციამ” შეიძინა, რომელმაც ის თავდაცვის სამინისტროს მიასაღა. მათ სამედიცინო აპარატურა ერთ დღეში, ერთმანეთის მიყოლებით იყიდეს და გადაყიდეს. 

კორუფციულ გარიგებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სუს-ის გამოძიების მიხედვით, “სოლემარტის” მფლობელი ზურაბ ტუკვაძე ბურჭულაძის ცოლისძმის, ვასილ მხეიძის ახლო მეგობარია. ის ზაფხულიდან მოყოლებული, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვაში დახმარება. თუმცა, მხეიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ტუკვაძე-ხეთერელი რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ, იმითაც დასტურდება, რომ წლებია ბიზნესპარტნიორები არიან. 2020 წლიდან ისინი 50-50 პროცენტს ფლობენ შპს “ლაბანალიტიკაში”, რომლის საქმიანობაც სამედიცინო და ლაბორატორიული ხელსაწყოებით ვაჭრობაა.

როგორც ჩანს, ხეთერელი კარგად იცნობს ილია (ტატო) გიორგობიანსაც, რომელიც “პულსარ საქართველოს” მფლობელი და დირექტორია. სწორედ ეს კომპანია იყო MRT-ს გასაღების ჯაჭვში პირველი რგოლი. ილია (ტატო) გიორგობიანი ალექსანდრე ხეთერელის ცოლის, ირინა ყიფიანის ნათესავია. ამას მათი სოციალური ქსელის პოსტები ადასტურებს.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს გაიხსნა. ის კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ ელიტური სამეგობროდანაა, რომლის წევრებსაც სუს-ი კორუფციაში მხილებით ემუქრება. ამ სამეგობრო წრეში ერთიანდებიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე და ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon