ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს

თანამედროვე სტანდარტები თუ სრული ქაოსი: როგორ მუშაობს 11-მილიონიანი წამლის ეროვნული ლაბორატორია?

აფთიაქის დახლებზე რომ სანდო და ხარისხიანი წამლები დაგხვდეთ, გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. წამალი სანამ აფთიაქამდე მიაღწევს, გადის წარმოების და რეგისტრაციის ეტაპს. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ესა თუ ის საწარმო მედიკამენტს გამოუშვებს, უნდა მოიპოვოს მისი გაყიდვის უფლებაც. აფთიაქები კი რეალიზაციისთვის ითხოვენ წამლის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგივე გამოცდის ოქმს. სწორედ ამ დოკუმენტებს გასცემს სპეციალური ლაბორატორია, იქნება ის კერძო თუ ეროვნული.

აკრედიტაციის რეესტრის მიხედვით, საქართველოში ამჟამად წამლის ხარისხის კონტროლის სამი კერძო ლაბორატორია გვაქვს, პლიუს ერთი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შემავალი და ერთიც ეროვნული. თუმცა, გაურკვეველია მუშაობს თუ არა და რას ამოწმებს ეროვნული ლაბორატორია. 

ოფიციალურად, ეროვნული ლაბორატორია 2023 წლის მაისში გაიხსნა. ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილიც მისული იყო და შენობა დაათვალიერა. “11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ქვეყანას დღეს აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს”, - ამბობდა გახსნაზე მისული ირაკლი ღარიბაშვილი. 

იქამდე, ლაბორატორიის გახსნა ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დააანონსა მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ: “ამ დრომდე, მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის, ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებზე მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის.” 

საჯარო განცხადებებით ირკვევა, რომ ეს 11 მილიონი ლარი უნდა მოხმარებოდა ლაბორატორიისთვის მიხეილ ასათიანის ქუჩაზე მდებარე ძველი შენობის გარემონტებას, მოწყობას და ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვას. 

დახარჯული მილიონების სასიკეთო შედეგი უნდა ყოფილიყო: 

  • წამლების სწრაფად შემოწმება ადგილზე, საზღვარგარეთ გაგზავნის გარეშე;
  • ხარისხიანი და უსაფრთხო წამლით კმაყოფილი მოქალაქეები;
  • გამარტივებული საქმე წამლის ქართველი მწარმოებლებისთვის;
  • ქართული და უცხოური მედიკამენტების შემოწმება 30-მდე პარამეტრით;
  • კვლევები მიკრობიოლოგიური, მოლეკულური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით.


ქვეყანა ახალი წამლებით ორნაირად მარაგდება - ან ადგილზე იწარმოება, ან სხვა ქვეყნის წარმოებული შემოგვაქვს.

მწარმოებლებს და მოვაჭრეებს ახალი წამლების გაყიდვის უფლება რომ ჰქონდეთ, წამალზე სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმი უნდა გაიარონ. 

ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციისას, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა წარუდგინონ კანონით სავალდებულო დოკუმენტები: როგორც ადმინისტრაციული, ისე სამეცნიერო-ტექნიკური. 

ამის შემდეგ სააგენტომ წამლის ხარისხი უნდა შეამოწმოს, განსაზღვროს სტანდარტიზაცია, ხარისხის, უსაფრთხოებისა და თერაპიული ეფექტიანობის მაჩვენებლები. ამისთვის სჭირდება მას ლაბორატორია. 

წამლის ნიმუშების შესამოწმებლად ჯანდაცვის სახელმწიფო დაწესებულებები ადრე ტენდერს აცხადებდა და ხან კერძო ლაბორატორიას ქირაობდა, ხან - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. 

ეროვნული ლაბორატორია წამლების ხარისხს არ ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, უკვე გამოცდილია, ლაბორატორიულად შემოწმებულია და ხარისხის შესახებ დასკვნაც ახლავს. ამას ჩვენი კანონის ენაზე აღიარებითი რეჟიმი ჰქვია. ეს წესი ვრცელდება EMA-ს (ევროპის წამლის სააგენტოს) აღიარებულ წამლებზე და დამატებით 39 ქვეყანაში გამოშვებულ მედიკამენტზე. მათ შორის, ძირითადად, ამერიკა და ევროპის სახელმწიფოებია.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ამას გვიხსნის, რომ ეროვნულმა ლაბორატორიამ ის წამლები უნდა შეამოწმოს, რომელიც არააღიარებითი რეჟიმის ქვეყნებიდან შემოდის - მაგალითად, ინდოეთიდან ან ჩინეთიდან:

“ქვეყანას GMP სტანდარტის ლაბორატორია სჭირდება, რა თქმა უნდა. წამლის მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის აღიარებითი რეჟიმით და ეს რეჟიმი უზრუნველყოფს იმას, რომ სანდო ქვეყნებში, როგორიც არის კანადა, იაპონია, აშშ და ევროკავშირის წევრები,  ეჭვი არ გვეპარება წამლის ხარისხზე. მაგრამ ქვეყანას ამ ტიპის ლაბორატორია სჭირდება იმ შემთხვევისთვის, თუ  წამალი შემოდის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის აღიარებითი რეჟიმის ჩამონათვალში. თუ შემოდის გერმანული გენერიკი, პრობლემა არ არის, რადგან ის წამალი უკვე შემოწმებულია გერმანიის ან ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. Ჩვენთვის პრობლემაა ის წამალი, რომელიც შემოდის ეგვიპტიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.” 

“ინდოეთში არის ათასობით საწარმო, ამიტომ თქვენ უნდა შეამოწმოთ არა საწარმო, არამედ ის მედიკამენტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის. რამდენიმე ეტაპია შემოწმების - Პირველი რეგისტრაციის დროს, რაც ითვალისწინებს ხარისხის და კლინიკური ეფექტურობის კვლევას საქართველოში. თუ ეს წამალი დაიშვება ქვეყნის ბაზარზე, შემდეგ თითოეულ პარტიაზე უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა ეს იმ სტანდარტს, რომელიც უკვე რეგისტრირებულია”, - ასე გვიხსნის წამლის ეროვნული ლაბორატორიის საჭიროებას ჯანდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2010-2012 წლებში მუშაობდა. 

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ლაბორატორია მხოლოდ ახალი წამლების რეგისტრაციისთვის არ სჭირდება. ისინი მედიკამენტებს პერიოდულად, შერჩევითი მეთოდით აკონტროლებენ, რაც იმას გულისხმობს, რომ აფთიაქებიდან მიაქვთ გაყიდვაში ჩაშვებული წამლები და მის ხარისხსს ამოწმებენ. 

სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით მოაწყვეს ახალი ეროვნული ლაბორატორია, რომელშიც მთავრობამ 11 მილიონი ლარი არაეფექტიანად დახარჯა.

ყოფილი პრემიერი ლაბორატორიის გახსნაზე 

წამლის ხარისხის მთავარი მაკონტროლებელი სსიპ “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოა”. აქ წყდება, რომელი მედიკამენტი უნდა გაიყიდოს საქართველოში და რომელი - არა; ვის აქვს მათი შემოტანის, ადგილზე წარმოების ან გაყიდვის უფლება; თუ აფთიაქში მოხვდა ფალსიფიცირებული, წუნდებული, ან ვადაგასული წამალი, მათი ქსელიდან ამოღება და განადგურებაც ამ სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ლაბორატორია, რომელიც 2023 წლის მაისში გაიხსნა, სწორედ ამ სააგენტოს სტრუქტურაშია. თუმცა, მათი საიტიდან ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ვერაფერს ვიგებთ. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ დაწესებულების უფროსად 2023 წლის 1 მარტს ნინო ვახანია დანიშნეს. ის პროფესიით პედიატრია. მუშაობდა პედიატრად, ალერგოლოგად, კერძო კლინიკებში პერსონალის მართვის მიმართულებით, ასევე ლიდერობა/მენეჯმენტის ქოუჩად, ამ სააგენტოში კი სამი თვით წამლის ხარისხის მიმართულებით მრჩეველი იყო.

წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნულ ლაბორატორიას ცალკე საიტი ან თუნდაც ფეისბუქ გვერდი არ გააჩნია, რომ გვენახა რა მისია აქვთ, რა გააკეთეს ან რას გეგმავენ მომავალში, რამდენია და რას ხმარდება მათი წლიური ბიუჯეტი. დაინტერესებული პირი ვერც მათ საკონტაქტო ინფორმაციას იპოვის და ვერც მისამართს. ლაბორატორია google-ის რუკაზეც არაა მონიშნული. კითხვა-კითხვით გავარკვიეთ, რომ წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნული ლაბორატორია გაიხსნა მეტრო “დელისის” მიმდებარედ, მიხეილ ასათიანის #9-ში. 

ლაბორატორიის 900 კვ.მ-ზე მეტი ფართობის ორსართულიანი შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა. 2023 წლის მარტიდან ორივე სართულს და სარდაფს “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო” იყენებს.

რადგან წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიის გახსნა ჩვენმა მთავრობამ მიღწევებში მიითვალა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტად გაასაღეს, დავინტერესდით, რა გაკეთდა ამ შენობაში და რა ფასად. 

ჯანდაცვის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა დაჯდა მიხეილ ასათიანის #9-ში მდებარე შენობის რემონტი, მისი ავეჯით მოწყობა და ლაბორატორიული ტექნიკით აღჭურვა. გვაინტერესებდა, ვისგან და როგორი ფუნქციის სამედიცინო დანადგარები შეიძინეს, თუმცა ჩვენი კითხვები მეშვიდე თვეა უპასუხოა. საბოლოოდ, შესყიდვის დოკუმენტების ნაწილი ჩვენით ვიპოვეთ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიის რემონტი 1.6 მილიონი ლარამდე დაუჯდა. სამუშაოები შპს “კომფორტი XXI”-მა შეასრულა. კომპანიამ გააკეთა სახურავი, კედლები, ტიხრები, ფასადები და კიბეები; მოაწყო სახანძრო, ვიდეომეთვალყურეობის და ელექტროსისტემები; ასევე შიდა კანალიზაცია, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების სისტემები.

2023 წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ “სოლემარტისგან” ლაბორატორიისთვის 220 000 ლარის სამედიცინო ავეჯი მიიღო. კომპანიამ მათ მიაწოდა თურქული წარმოების სამედიცინო მაგიდები, სკამები, ტუმბოები და კარადები.

ზუსტად არ ვიცით, რა რაოდენობის და რა მოდელის სამედიცინო დანადგარებით აღჭურვეს ეროვნული ლაბორატორია. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების პორტალიდან მხოლოდ 175 000 ლარის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა დავადასტურეთ. 

შევამოწმეთ ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს” ბოლო სამი წლის შესყიდვები. ვიპოვეთ სამედიცინო დანადგარების შესყიდვის მხოლოდ ორი ტენდერი, რომლითაც 2023 წლის აგვისტოში იყიდეს ჯამში 175 000 ლარის ღირებულების ქრომატოგრაფიის სვეტები და ნიმუშების მიკროტალღური მინერალიზატორი.

ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, 2023-24 წლებში მისთვის საჭირო სახარჯ მასალაში 279 000 ლარია გადახდილი. მაგალითად, ყიდულობენ კონტეინერებს, ნარჩენების ურნებს, კოვზებს, პიპეტების, შპრიცებს და ხელთათმანებს. 

საბოლოოდ, არ ჩანს 11 მილიონი ლარის კვალი. ამ თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია, თვეობით ლოდინის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გამოგვიგზავნა. ჩვენი ძალებით კი მხოლოდ 2,3 მილიონი ლარის მიზნობრიობას მივაგენით. 

გასული წლის მაისში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ლაბორატორის ეწვია, კადრებში ჩანდა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა. მაგალითად, გერმანული ERWEKA-ს ბრენდის დანადგარი და დანიური ARCTIKO-ს ბრენდის სამედიცინო მაცივარი. სიუჟეტში ჩანს, რომ ყოფილი პრემიერი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ათვალიერებენ ქრომატოგრაფიის და მას-სპექტრომეტრიის ლაბორატორიას.

კვლევის ეს ორივე მეთოდი ფიზიკურ-ქიმიურია: ერთი წამლის ნარევებს სწავლობს, მეორე -  მოლეკულებს და ატომებს. ქრომატოგრაფია და მას-სპექტრომეტრია ეროვნული ლაბორატორიის “ნოუჰაუ” ნამდვილად არ არის. ამ მეთოდით, კერძო ლაბორატორია “გლობალტესტი”, წლებია, მუშაობს. 

“გლობალტესტის” დირექტორს ეროვნული ლაბორატორიის შესახებ გასული სიუჟეტი ვაჩვენეთ, რადგან კადრებში აპარატურაც ჩანს და გვინდოდა, სპეციალისტისგან გაგვეგო, რომელი რისთვისაა საჭირო. ისიც გვაინტერესებდა, ხომ არ ჩანს ამ კადრებში ისეთი დანადგარი, რომელიც ქვეყანას ამ დრომდე არ ჰქონია და შესაბამისად, ეროვნული ლაბორატორიის განსაკუთრებულობაც გასაგები იქნებოდა.

ქეთევან ბარამიძემ გვითხრა, აქ არაფერი დგას ისეთი, რაც მე არ მაქვსო. ჩვენი თვალით დაგვათვალიერებინა საკუთარი ლაბორატორიის დანადგარებიც და აგვიხსნა, რომ ეროვნულ ლაბორატორიასაც იგივე ფუნქციის ტექნიკა აქვს შეძენილი, მაგალითად, PH-ის [მჟავის და ტუტის] საზომი ხელსაწყო, ასევე ERWEKA-ს ბრენდის წამლის ხსნადობის საზომი.

ერთია,  გქონდეს კარგად აღჭურვილი, ძვირადღირებული და თანამედროვე აპარატურით სავსე ლაბორატორია, მეორეა - მათი გამოყენება იცოდე და ეფექტურად ამუშაო. ეროვნული ლაბორატორიის შემთხვევაში, სწორედ აქაა ბევრი კითხვის ნიშანი. არ ვიცით, უკვე აამუშავეს თუ არა ეს დანადგარები. ჯერ კიდევ შარშან მაისში ამბობდნენ, მათი კალიბრაცია-კვალიფიკაციის ეტაპები ახლა მიმდინარეობსო. 

ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში, ჯანდაცვის სამინისტროსთან გაგზავნილი წერილით ვითხოვდით ეთქვათ, თუ რა მოდელის აპარატურა აქვთ და დასრულდა თუ არა მათი კალიბრაცია, რამდენი მედიკამენტი შეამოწმეს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მეთოდებით. მეშვიდე თვეა, სამინისტროსგან რეაგირება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი პირები არაერთხელ შევაწუხეთ, ჩვენი წერილი გავახსენეთ და ინფორმაციის დროულად გამოგზავნა დაჟინებით ვთხოვეთ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ანა დარახველიძე  გვეუბნება, “ეს დაგვიანება მიზანმიმართული არ არის… მიზეზს ვერ გეტყვით, ამუშავებს შესაბამისი სამსახური… უნდა დაგველოდოთ…”

ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომელი, კადრი ლაბორატორიის გახსნის სიუჟეტიდან, 2023 წლის მაისი

რისთვისაა საჭირო აპარატურის კალიბრაცია? ამ დროს ამოწმებენ, ზუსტია თუ არა დანადგარი და რამდენია მისი ცდომილება. 

“აი, ფაქტის” რესპონდენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტია, ვინაობის გასაჯაროების გარეშე გვიხსნის, რომ ლაბორატორიას დანადგარების კალიბრაციისთვის და შემდეგ სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის წინ დიდი გზა აქვს. 

“კალიბრაციას აკეთებს სტანდარტიზაციის სამსახური, რომ დანადგარებს პრობლემა არ შეექმნათ შემოწმების დროს და მათი მონაცემები ვალიდური იყოს. ამის გარეშე ლაბორატორია ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, თუმცა ამის მერეც უამრავი რამ სჭირდება… სტანდარტების მომზადება ასე ერთ კვირაში არ ხდება, ეს არ არის მხოლოდ შენობის ევრორემონტი, ეს ხანგრძლივი პროცესია… მე რაც ვიცი, სტანდარტებთან დაკავშირებით უნდოდათ ‘ჯანმოს’ გაეწია დახმარება, რა კატეგორიაში გაუჭირდათ და რაში ითხოვეს ჩართულობა, არ ვიცი, მაგრამ რომ გეგმავენ დამატებითი დახმარების გაწევას, ეს ცნობილია… “

თუმცა, საქართველოში მოქმედი ყველაზე ძველი წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ქეთევან ბარამიძე გვეუბნება, თუ ყველაფერი წესრიგშია, აპარატურა გამართულად მუშაობს და დაკალიბრებულია, ორი დღეც საკმარისია აკრედიტაციის წარმატებით დასასრულებლადო:

“ჩემთვის ხანგრძლივი იყო აკრედიტაციის პროცესი, რადგან მე პირველი ლაბორატორია ვიყავი, რომელიც წამალზე მუშაობდა საერთოდ. ვიჯექი აკრედიტაციის სამსახურთან და ერთად ჩამოვყალიბდით როგორ უნდა გაგვევლო ეს პროცესი. თორემ ახლა არაფერი პრობლემა არ არის. რეაკრედიტაციას სჭირდება 2 დღე და იგივე დასჭირდება აკრედიტაციასაც, თუ არის დოკუმენტები, ყველაფერი და თვითონ ლაბორატორია არის მზად…” 

ახალი ლაბორატორია კი მოეწყო, მაგრამ მას თავად ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებიც კი არ იყენებენ. მაგალითისთვის, რამდენიმე ამბავს მოგიყვებით. 

2023 წლის დეკემბრიდან დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ კერძო ლაბორატორია “გლობალტესტს” 48 000 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის შეფასება დაავალა.

მაგალითად, “გლობალტესტთან” ხელშეკრულებები გააფორმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და  ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა.

მათგან ყველაზე ბოლოს, 2024 წლის 4 ოქტომბერს “გლობალტესტს” ხელშეკრულება გაუფორმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. მათ კერძო ლაბორატორიას 23 400 ლარის სანაცვლოდ  დაუკვეთეს ანტიტუბერკულოზური და ანტი-რეტროვირუსული მედიკამენტების 30 ნიმუშის ხარისხის შეფასება. 

2024 წლის აპრილში, იმავე კერძო ლაბორატორია “გლობალტესტს” 900 ლარი გადაუხადა და სამკურნალო საშუალებების შემოწმება დაავალა შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმაც. 

მათი შენობა ეროვნული ლაბორატორიის მეზობლად, დაახლოებით, 10 მეტრში მდებარეობს. ადგილზე მივედით, რომ გაგვერკვია, რატომ დასჭირდათ კერძო კომპანიასთან თანამშრომლობა, როცა იქვე აქვთ ეროვნული ლაბორატორია.

დაწესებულების მმართველის მოადგილემ და იურისტმა აგვიხსნა, რომ “გლობალტესტს” დაუკვეთეს ნარკოტიკული საშუალებების იგივეობის განსაზღვრა, რისი გაკეთებაც ეროვნულ ლაბორატორიას არ შეუძლიაო.

“იგივეობის” ანალიზი ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად იმ ნივთიერებებს და იმ რაოდენობით შეიცავს ესა თუ ის ფარმაცევტული პროდუქტი, რასაც უნდა შეიცავდეს? პირობითად, უნდა შეამოწონ, რომ კონკრეტული ნიმუშის პარაცეტამოლში შედის ზუსტად ის ნივთიერებები, რომელიც უნდა შედიოდეს ნამდვილ პარაცეტამოლში.

გამოდის, რომ ჩვენს “11-მილიონიან” ლაბორატორიას ამგვარი საბაზისო ანალიზიც არ გამოსდის. 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე ჩვენთან ინტერვიუს დროს კითხვას სვამს, რისთვის არის საჭირო ეროვნული ლაბორატორია, თუ ქვეყანაში უკვე არსებობს სანდო კერძო ლაბორატორია და მათთან წამლის ხარისხის შემოწმება უფრო იაფი ჯდება: “საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ასეთი ლაბორატორიის აღჭურვილობის შეძენაც, ფუნქციონირებაც, პერსონალის მოზიდვაც და გადამზადებაც. თუ არ ენდობი კერძო ლაბორატორიას, მხოლოდ მაშინ კი არის საფუძველი, რომ საკუთარი გააკეთოს სახელმწიფომ”. 

ეროვნული ლაბორატორია ამუშავდა თუ არა, უცნობია სფეროს სპეციალისტებისა და კონკურენტი კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლებისთვისაც. 

“გახსნით გაიხსნა, მაგრამ რამდენად ფუნქციონირებს, არ ვიცით… მათი აქტივობის შესახებ მართალი გითხრათ, მე არ მსმენია… მგონი, დირექტორიც დანიშნეს, დანადგარებიც ვიცი რომ ჩამოიტანეს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, აქტიურ ფაზაში არ მუშაობს“, - გვითხრა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა მარტში გასაუბრებისას და იმავე გაგვიმეორა ოქტომბერშიც.

“არაფერი არ შეცვლილა მანდ… ეს ლაბორატორია არ არის ჯერ ამოქმედებული სრულფასოვნად, იგივე სიტუაციაშია. ჩვენ გვაინტერესებდა ანალიზების გაკეთება თუ შეეძლოთ, მაგრამ ჯერ არ არის ამ ეტაპზე ამუშავებული. სპეციალისტებს სჭირდებათ მანდ დიდხნიანი გადამზადება. ტექნიკურად, როგორც მე ვიცი, უზრუნველყოფილია, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები სპეციალისტებთან დაკავშირებით. ეგ საკმაოდ რთულია. მე ადგილზე არ მივსულვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეგეთი სიტუაციაა…” - გვითხრა ილონა კოკიაშვილმა 10 ოქტომბერს. მან ისიც დაგვიზუსტა, ფარმაცევტულ კომპანიებს ისევ უწევთ ანალიზისთვის საქართველოში, ან უცხოეთში არსებულ კერძო ლაბორატორიებს მიმართონო.

“ამ ლაბორატორიით ვერავინ ისარგებლებს, თუ არ არის აკრედიტებული… რაღაცა რომ გიჭირს, სჯობს თქვა, ვიდრე დამალო…არა? არასწორია, რომ ამდენი ხანი… ის აპარატურა ძველდება კიდეც და იცვითება, რომ დგას, დგას, დგას… იმან თუ არ იმუშავა, ჩაუცხვება შიგნით ელექტროდები და უნდა გადაყარო მერე... ელექტროდს თავისი ვადა აქვს - ერთი წელი და მორჩა”, - გვითხრა ქეთევან ბარამიძემ, ლაბორატორია “გლობალტესტის” ხელმძღვანელმა.

“ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ეგ ინფორმაცია, როდიდან დაიწყეს მუშაობა და რამდენი ანალიზი აქვთ ჩატარებული ზოგადად? ნამდვილად ფუნქციონირებს, თუ არა? მწარმოებლები და შემომტანები, ჯერჯერობით, ისევ კერძო ლაბორატორიებს მიმართავენ…” - გვითხრა ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ. 

ვესაუბრეთ GMP-ის (good manufacturing practice) და GDP (good distribution practice) მფლობელ საწარმოებს და დისტრიბუტორებს. აღმოჩნდა, რომ წამლის ეროვნული ლაბორატორიის გახსნის შემდეგ მათთვის არაფერი შეცვლილა. 

“ჩვენ არ გვითანამშრომლია მაგ ლაბორატორიასთან”, - ბიოტექნოლოგიური კომპანია “ბიოქიმფარმი” (კომპანიამ მიზეზებზე ვრცლად პასუხი არ ისურვა და მხოლოდ ეს მოგვწერა).

“ჩვენთვის არაფერი შეცვლილა აბსოლუტურად… გვყავს კონტრაქტორი ლაბორატორია, სხვა, არაეროვნული. ის ანალიზის მეთოდები, რაზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული, უფრო კომპეტენტურია სხვა ლაბორატორია, კერძო - აკრედიტებული “გლობალტესტი”. იშვიათად ვთანამშრომლობთ სამხარაულთანაც… ჩვენ ვიცით, რას აკეთებს ეროვნული და რას აკეთებს კერძო… ჩვენთვის უფრო მისაღები არის კერძო”, - ფარმაცევტული საწარმო “აბიფარმის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჭანკოტაძე. 

“ვთანამშრომლობთ აკრედიტებულ ლაბორატორია “გლობალტესტთან” და ეროვნულთან არ გვითანამშრომლია, რამდენადაც ვიცით, ჯერჯერობით ის არ არის… მათი მხრიდან არ ყოფილა შემოთავაზება ნამდვილად. თავიდან როცა საუბარი იყო, რომ გაიხსნა, დავეკონტაქტეთ და თქვეს შეგეხმიანებით, ეს პროცედურა მთლიანად რომ დასრულდებაო, მეტი ურთიერთობა არ ყოფილა”, - ფარმაცევტული კომპანია "პსპ". 

“ჩვენ ჩვენი ლაბორატორია გვაქვს და სერიული კონტროლისთვის კერძოსთან, “გლობალტესტთან” ვთანამშრომლობთ. ჩვენი ისეთი დონის არის… არ ვამბობ, რომ ის [ეროვნული] უფრო უარესია, მაგრამ უკეთესი ნამდვილად ვერ იქნება…“ - “ავერსი-რაციონალის” ხარისხის დირექტორი, ნათელა ქარუხნიშვილი.

მისი თქმით, ეროვნულ ლაბორატორიას წამლის საწარმოებთან არ ჰქონია რაიმე საინფორმაციო შეხვედრა, საიდანაც მის მიზნებსა და გეგმებზე შეიტყობდნენ. 

კერძო ლაბორატორიის, “გლობალტესტის” დირექტორი ქეთევან ბარამიძეც გვეუბნება, რომ ეროვნული ლაბორატორიის ფუნქციონირებაზე არაფერი სმენია და არც მის ოფიციალურ გახსნაზე მიუწვევია ვინმეს. ფიქრობს, რომ ამ ლაბორატორიამ აკრედიტაცია ვერ გაიარა და ჯერჯერობით, ამიტომაც ვერ ამუშავდა. ქეთევან ბრამიძემ მის კაბინეტში ინტერვიუსას გულწრფელად გვითხრა, მზად ვარ მათ წამლის კონტროლის მრავალწლიანი გამოცდილება უანგაროდ გავუზიარო და აკრედიტაციის პროცესში მივეხმარო, რადგან ქვეყანას სჭირდებაო. თუმცა, ამ სპეციალისტისგან ცოდნის გაზიარება ჯერ არავის უთხოვია.

“აბსოლუტურად არ ვარ საქმის კურსში… თუ რამეში მივეხმარებოდი, თორემ არაფერს დავუშავებდი, ნამდვილად. ჩემი სფეროა და მაინც ვგულშემატკივრობ… მე არც ვარ ის ადამიანი, რომ კონკურენტად აღვიქვა ისინი და გული გამისკდეს, არიქა, ამუშავდებიან-თქო… მე, მაგალითად, გახსნა რომ მქონდა, თუ ვინმეს ოდნავი შეხება ჰქონდა, ყველას ჭკუას ვეკითხებოდი… არ მიფიქრია, რომ მე ყველაფერი ვიცი… [ეროვნული ლაბორატორიიდან კი] არავისთვის არაფერი უკითხავთ. გულის დაწყვეტით კი არ ვამბობ, უბრალოდ, შეიძლებოდა, სამხარაულისთვის ან ჩემთვის ეკითხათ - რა აპარატურას ხმარობ? სად გიჭირს? რომ მე ისე ავეწყო, იგივე რამ არ გამიჭირდეს… ან შენ რას ვერ აკეთებ, რომ მე პირველ რიგში ეგ გავაკეთო და ქვეყანას ისიც ჰქონდეს, ესეც ჰქონდეს. მე ასე მივუდგებოდი ამ საკითხს…” - ამბობს ქეთევან ბარამიძე. 

რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ლაბორატორიის ფუნქციონირების საკითხზე დუმს და თვეების განმავლობაში მათგან პასუხი ვერ მივიღეთ, ჩვენ ეროვნულ ლაბორატორიაში 10 ოქტომბერს, შუადღის პირველი საათისთვის მივედით.

ლაბორატორიის შენობა თბილისში, მიხეილ ასათიანის ქუჩაზე

ლაბორატორიის დირექტორი ნინო ვახანიაც მალევე მოვიდა. ვუთხარით, რომ მათ საქმიანობაზე სტატიას ვამზადებთ და კითხვებზე პასუხი გვჭირდებოდა. დირექტორმა ჯერ გვითხრა, თუ ჯანდაცვის სამინისტროსთან არ გაქვთ შეთანხმებული, ვერაფერზე გაგესაუბრებითო. თუმცა, რომ ავუხსენით, ჯანდაცვის სამინისტრო შვიდი თვის წინ გამოთხოვილ წერილზეც არ რეაგირებს და სხვა გზა არ გვქონდა, ადგილზე უნდა მოვსულიყავით-თქო, გვითხრა - “ახლა რაღაც შეხვედრიდან მოვდივარ, ცოტა ხანი შევალ, გამოვალ ისევ და დაგელაპარაკებითო”. დირექტორს არსად შევუპატიჟებივართ, ეს დიალოგი შენობის შესასვლელში, რეგისტრატურასთან და საინფორმაციო დახლთან მიმდინარეობდა. 

ფოიეში 20 წუთის განმავლობაში ვიცდიდით. ამასობაში, ნინო ვახანიამ რეგისტრატორი თავისთან იხმო და დაავალა, ჩვენი ლოდინის დრო კიდევ გაეხანგრძლივებინა. რეგისტრატორი მეორე სართულზე ავიდა, ჩამოვიდა და გვითხრა - “ქალბატონი ნინო კიდევ ნახევარი საათი ვერ ჩამოვა, თუ გინდათ შემდეგ მობრძანდით, თუ გინდათ, დაელოდეთო”. 

ორმოცი წუთის გასვლის შემდეგ უკან მივბრუნდით. ამჯერად, საინფორმაციო დახლთან ლაბორატორიის მძღოლი იჯდა, რომელმაც გვითხრა, აი, ახლაც მივწერე, მაგრამ არ მპასუხობს,  ისევ შეხვედრაზეაო. ისევ ლოდინი გადავწყვიტეთ. ცოტა ხანში, მძღოლი ნინო ვახანიას მდივანს ანიშნებს: 

“- შეხვედრა დასრულდა?

 - ჯერ არა”, - პასუხობს მდივანი.

მივხვდით, რომ დირექტორი ჩვენთან გასაუბრებას არ აპირებდა, ამიტომ რეგისტრატორს ვთხოვეთ, როგორმე მიაწვდინეთ ხმა, შეხვედრაზე შედით 2 წუთით, თხოვეთ, რომ მობილურის ნომერი ან ელ.ფოსტა მაინც გვითხრას, მოგვიანებით შევეხმიანებით-თქო. თუმცა, რეგისტრატორმა ამაზეც უარი გვითხრა. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ვერ ან არ “ბედავდა” ნინო ვახანიასთვის ჩვენი თხოვნა გადაეცა. საბოლოოდ, ჩვენი ნომერი დავუტოვეთ, ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ, ლაბორატორიის დირექტორს სტატიაში თავისი პოზიციის დაფიქსირების სურვილი გასჩენოდა. 14:30-ზე, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, ეროვნული ლაბორატორია დავტოვეთ. ნინო ვახანიას ისევე არ დაურეკავს, როგორც თქვენ.

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon