ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს

ბოლო თვეებში გახშირდა შემთხვევები, როცა “ქართული ოცნების” მთავრობა კორუფციის ბრალდებით აკავებს თავისივე გუნდის ყოფილ წევრებს - მაღალი თანამდებობის პირებსა და მათ ნათესავებს. პარალელურად კი ამაყობენ იმით, რომ საქართველო მოწინავეა სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის მხრივ. მართლაც, შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, ვინაა ტენდერში გამარჯვებული, რა პირობებით, რა ბიუჯეტით და რა ვადაში უნდა შესრულდეს სამუშაო. მაგრამ არავინ საუბრობს ერთ სისტემურ ხვრელზე, რომლითაც მილიონობით ლარი იკარგება ბიუჯეტიდან. 

ეს ხვრელი ქვეკონტრაქტორი კომპანიების საშუალებითაა შექმნილი. ქვეკონტრაქტორ კომპანიებს ავალებენ ტენდერში გამარჯვებულები სამუშაოების ნაწილს, ზოგჯერ უდიდეს ნაწილსაც კი. ხშირად სწორედ ისინი ასრულებენ საქმეს: აგებენ გზებს, ანათებენ სკვერებს, აშენებენ შენობებს, მაგრამ მათი ვინაობა და პასუხისმგებლობა იშვიათად არის საზოგადოებისთვის ცნობილი. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობა მთავარ მიმწოდებელს არ ავალდებულებს, რომ ქვეკონტრაქტორების შესახებ საჯარო ინფორმაცია გაავრცელოს. არავინ გვეუბნება, რა გამოცდილება აქვთ ამ კომპანიებს, რა თანხას იღებენ, როგორ ინაწილებენ სამუშაოებს და ვინ აგებს პასუხს, თუკი საქმე ცუდად დასრულდება.

არაერთი შემთხვევაა, როცა ქვეკონტრაქტორები სამუშაოს უხარისხოდ ან საერთოდ არ ასრულებენ. ამის რამდენიმე მაგალითს ქვევითაც მოგიყვებით. ვიცით ისეთი შემთხვევებიც, როცა ქვეკონტრაქტორების მიერ ცუდად შესრულებული სამუშაო იმის ბრალია, რომ დამქირავებელი მათ ფულს არ უხდის ხოლმე.  

საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხომ არაა საჯარო, მაგრამ არც დამკვეთი, ანუ სახელმწიფო უწყებები არიან ხოლმე ინფორმირებული ქვეკონტრაქტორის საქმიანობაზე. ტენდერებში ასეთი მაგალითიც ბევრია. 

გამოძიების ძირითადი მიგნებები და სისტემური პრობლემები: 

  • კორუფციული გარიგებები ქვეკონტრაქტორების მონაწილეობით - კომპანიები, რომელიც მთავრობის წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით ტენდერში ქვეკონტრაქტორად მონაწილეობს და მისი სახელი არსად ჩანს ოფიციალურად, რადგან დამკვეთს ხანდახან საერთოდ არ აქვს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ; 
  • ქვეკონტრაქტორების კომპეტენცია და გამოცდილება არაა საჯარო და ხანდახან დამკვეთმა საერთოდ არ იცის, რომელ კომპანიას ქირაობს ტენდერში გამარჯვებული ქვეკონტრაქტორად; 
  • ქვეკონტრაქტორები ხან თავად ხდებიან ფინანსური მაქინაციების მსხვერპლი, ხანაც თავად არიან ამ მაქინაციების შემოქმედი და ამის კონტროლი რთულდება, რადგან დამკვეთს ნაკლები ბერკეტი აქვს პროცესის გასაკონტროლებლად; 
  • ტენდერში გამარჯვებული თავის გამოცდილებად წარადგენს ქვეკონტრაქტორის გამოცდილებას, ისე რომ არ უთითებს ობიექტურ გარემოებებს - ანუ დამკვეთმა არ იცის, რომ გამოცდილება ქვეკონტრაქტორისაა და არა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის. 

ამ სიტუაციიდან გამოსავალი კანონში ქვეკონტრაქტორების შესახებ რამდენიმე ცვლილების დამატება და შემდეგ ამ კანონის აღსრულებაა. რა უნდა შეიცვალოს, მარტივი სათქმელია. როგორ უნდა აღსრულდეს ეს კანონი შემდეგ - შედარებით რთული. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მაინც მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ ქვემოთ მაგალითებით დეტალურად მოგიყვებით ხარვეზებზე და ბოლოს გამოსავალზეც ვრცლად გიამბობთ. 


ფარული გარიგებები “ქვეკონტრაქტორების” საფარქვეშ  

აჭარის მაგალითი

აჭარაში მოქმედმა კომპანიამ „ესია ჯგუფმა“, რომელიც მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან არის დაკავშირებული, 2021-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 5.3 მილიონი ლარი მიიღო. ამაზე 2024 წლის მარტში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერდა.

კომპანია 2018 წელს ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა, რომელიც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ყოფილი დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილი ბიზნესპარტნიორია. „ესია ჯგუფმა“ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და თავიდან, ძირითადად, ქვეკონტრაქტორად ერთვებოდა. ანუ, იმ დროისთვის, (2021-2022 წლებში)  ის პირდაპირი სახით არასოდეს ჩანდა სახელმწიფო შესყიდვაში.

2021 წლის ივლისში კომპანიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გალ-მშენის” მიერ ვალდებულებად აღებული სამუშაოების მოცულობის 95% შეასრულა. “ესია ჯგუფს” ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ ქედის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიებიც. ისინი კომპანიას იმ თანხაზე უთანხმდებოდნენ, რაც ცოტათი ჩამოუვარდებოდა ძირითად სატენდერო თანხას. 

აკაკი ბერიძე 

აქ, ალბათ, ბევრი ეჭვი ჩნდება - მაშინ, რატომ იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში სხვა კომპანია და არა თავად “ესია ჯგუფი”, თუ საქმის უდიდეს ნაწილს ის ასრულებდა, თან ნაკლებ ფასად. პასუხის ორი ვარიანტია: ა) მეორე კომპანიასაც რომ ეხეირა სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ) დაფარულიყო ქვეკონტრაქტორი კომპანიის მონაწილეობა და თვალშისაცემი არ ყოფილიყო მედიისა და მონიტორინგის სამსახურებისთვის. 

„ესია ჯგუფის“ სახელმწიფო შესყიდვებში ჩართვის დროს, 2021 წლის ივლისში, აკაკი ბერიძის ძმა, როლანდ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო. მოგვიანებით, ის მერის პოსტზე გადავიდა. მესამე ძმა, რაულ ბერიძე, 2017-2022 წლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

TI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ „ესია ჯგუფის“ ქვეკონტრაქტორობა ამ სამი სახელმწიფო უწყების – ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებში ფიქსირდება. სწორედ იმ უწყებების ტენდერებში, რომელსაც ბერიძის ოჯახის წევრები ხელმძღვანელობდნენ, „ესია ჯგუფი“, თითქმის, სრულ სამუშაო მოცულობაზე ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებებს აფორმებს და ფაქტობრივად, ტენდერებში გათვალისწინებულ თანხას თითქმის სრულად იღებს. 

2021-2024 წლებში კომპანიამ ქვეკონტრაქტორობიდან 3.6 მილიონი ლარი მიიღო. კიდევ 955 808 ლარი პირდაპირი ტენდერებიდან, რომლებიც კონკურენტების დისკვალიფიკაციის ან უკონკურენტო პირობებში მოიგო.

როლანდ ბერიძე 

კახეთის მაგალითი

დაახლოებით, იგივე სქემა მუშაობდა ყვარელის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშიც. 2023-2024 წელს ამ სამ მუნიციპალიტეტში ამხანაგობა “ფროფერ ინვესტმა” 15.6 მილიონი ლარის 19 ტენდერი მოიგო. აქედან 11-ში სამუშაოები ქვეკონტრაქტორ კომპანიას შეასრულებინა და ამ გზით ქვეკონტრაქტორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ ტენდერებში 3.6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ამხანაგობა “ფროფერ ინვესტი” ორი კომპანიისგან შედგება: შპს “მომი გრუპისა” და შპს “ახალი გზისგან”. ხშირად ტენდერებში “ფროფერ ინვესტის” ხელოვნური კონკურენტია მისივე მოკავშირე “მომ გრუპი”, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს ადებს თავის მომსახურებას. შესყიდვების სისტემა კი დაბალი ფასის შემთავაზებელს ანიჭებს უპირატესობას. 

ის ხუთი ტენდერი (ჯამში, 2.7 მილიონი ლარის ღირებულების), რომელშიც “ფროფერ ინვესტის” მოწინააღმდეგე “მომ გრუპი” იყო, სულ ამ უკანასკნელმა მოიგო. თუმცა, შემდეგ დოკუმენტებში ტექნიკური ხარვეზების გამო დისკვალიფიცირდა. საბოლოოდ კი, ხელშეკრულება ამხანაგობა “ფროფერ ინვესტს” გაუფორმდა უფრო მაღალი ფასით. მოგვიანებით კი “ფროფერ ინვესთი” ისევ “მომი გრუპს” ქირაობდა ქვეკონტრაქტორად სამუშაოების შესასრულებლად.  

ეს სქემა ამ კომპანიების მონაწილეობით ყველაზე მეტად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მუშაობს. ჩვენ ლაგოდეხის მერიას დავუკავშირდით. გვინდოდა, გვეკითხა, იცოდნენ თუ არა, ტენდერში ურთიერთდაკავშირებული კომპანიები რომ შედიოდნენ კონკურენციაში და ამით კანონსაც არღვევდნენ. 

ტენდერის სქრინი

ცნობისთვის  საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონითა და სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი ქმედება აკრძალულია და ის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულია. შედეგად ითვალისწინებს  შესყიდვიდან გამორიცხვას, კონტრაქტის გაუქმებას, ჯარიმას ან/და თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, კითხვები წერილობით რომ გავუგზავნეთ, გვიპასუხა, ბევრ საკითხს მოიცავს და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეთო. ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ სტატიის გამოქვეყნებამდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.  

ამხანაგობაში წევრი კომპანიების მფლობელები ახლა ალექსანდრე ფალიანი და მამუკა ჯანაშია არიან. “მომ გრუპს” ალექსანდრე ფალიანი ფლობს. მან “ქართულ ოცნებას” 2024 წელს 60 000 ლარი შესწირა. შპს “ახალი გზის” დირექტორი და მფლობელი კი მამუკა ჯანაშიაა. ჯანაშიას კომპანიის მართვის უფლება მინდობილობით გადაცემული აქვს ლუკა ჩხაიძისთვის, ანუ რეალურად, ის განკარგავს კომპანიის საქმეებს. 

ამ ამხანაგობის წევრები ტენდერებში დამოუკიდებლადაც მონაწილეობდნენ და ჯამში, 50 მილიონ ლარამდე თანხაც აქვთ მიღებული 2022-2025 წლებში. 2025 წლიდან კი ორივე “თეთრ სიაშია” რეგისტრირებული, რაც ნიშნავს რომ კომპანია სარგებლობს განახევრებული საშემოსავლო გადასახადითა და გამარტივებული ავანსის აღების პროცედურებით.


ქვემო ქართლის მაგალითი

გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს შიდა გზების აღდგენის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: შპს „იბერი“, შპს „რეკონსტრუქცია XXI – მუდმივი დაწესებულება“ და ამხანაგობა „არილი“. სამუშაოებისთვის ყველაზე დაბალი ფასი 1.4 მილიონი „არილმა“ მოითხოვა, თუმცა, დოკუმენტების არასათანადოდ შევსების გამო, კონკურსიდან მოხსნეს. 

ფასით მომდევნო კომპანია შპს „იბერი“ იყო, მან მერიას სამუშაოების შესრულება 1.5 მილიონ ლარად შესთავაზა. თუმცა, დოკუმენტების ხარვეზის გამო კონკურსიდან ისიც მოხსნეს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის ანგარიშში აღნიშნა, ეს ხარვეზი იმდენად ტექნიკური და უმნიშვნელო იყო, რომ ცვლილებას არ იწვევდა, ახალი გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ფასები კი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებასო. 

საბოლოოდ, ყველაზე ძვირიანმა მიმწოდებელმა, შპს „რეკონსტრუქცია XXI-მა” გაიმარჯვა და მას მერიამ 1.6 მილიონი ლარი გადაუხადა. სამუშაოები აქაც ქვეკონტრაქტორმა შეასრულა - შპს “გზამშენმა”. შპს „რეკონსტრუქცია XXI” ვალდებული იყო, ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ დამკვეთისთვის ეცნობებინა, თუმცა, მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია.

„გზამშენმა“ გზების რეაბილიტაცია 850 600 ლარად შეასრულა, მაშინ როცა მუნიციპალიტეტმა „რეკონსტრუქცია XXI“-ს იმავე სამუშაოებისთვის 731 ათასით მეტი, 1.6 მილიონი ლარი გადაუხადა.

“ვინაიდან ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ვერ იქნა წარმოდგენილი, ზუსტად ვერ დადგინდა, თუ რა ღირებულების სამუშაოები შესრულდა ფაქტობრივად”, - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში.  

იქვე ნათქვამია, რომ მერიამ ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა და არსებობს რისკი, რომ ტენდერი კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ წარიმართა. შედეგად, მერიის გადაწყვეტილებამ გარდაბანს, სულ მცირე, 305.9 ათასი ლარის ეკონომიის შესაძლებლობა დააკარგვინა.


“გადაგდებული” და “გადამგდები” ქვეკონტრაქტორები

აზერბაიჯანული კომპანიის მაგალითი 

ქვეკონტრაქტორობის პრობლემა მხოლოდ კორუფცია ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები როდია. ზოგჯერ, თავად ძირითადი კომპანია და ქვეკონტრაქტორი ვერ რიგდება ერთმანეთში და შედეგად, ის ხალხი ზიანდება, ვინც ახალ სკოლას, ბაღს ან გზას ელის. 

ამის თვალსაჩინო მაგალითი თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაა. 30-კილომეტრიანი გზის მოსაწყობად დაფინანსება “მსოფლიო ბანკმა” მოგვცა. სამუშაოს შესრულება 2017 წელს აზერბაიჯანულ კომპანია AGT Management-ს დაევალა. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ჯერ ვადები დაარღვია, 2021 წელს კი სამუშაოები მიატოვა. დაუმთავრებელი გზის პროექტის დასრულება კვლავ სახელმწიფოს საზრუნავი გახდა. 

თიანეთის გზა

AGT Management-ს ამ პროექტის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორი ჰყავდა დაქირავებული -  საქართველოში რეგისტრირებული შპს “იოლ იაფი ინშაათ გეორგია”, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ემზარ პაქსაძეა. პაქსაძე, რომელიც ადვოკატია, გავლენიანი ფიგურაა – 2012 წელს იგი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრი იყო.  2020 წელს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში საკადრო ბაზის  განვითარების უფროსი იყო. კომპანიის მეორე მეწილე, პაქსაძესთან ერთად, აზერბაიჯანელი ინვესტორი ისქენდერ ქირდარია.

2018 წელს, დაარსებიდან ერთ წელში, პაქსაძის კომპანიამ სახელმწიფოს ხელშეწყობა იგრძნო: გამოუცდელმა კომპანიამ ახმეტის მუნიციპალიტეტისაგან პირდაპირ, უკონკურსოდ მიიღო 700 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი. ამას მოჰყვა კიდევ ორი კონტრაქტი ახმეტაში. ეს ფაქტები აჩენს ეჭვს, რომ პოლიტიკური კავშირების მქონე პაქსაძის კომპანიას ხელი შეუწყვეს გამოცდილების დაგროვებაში, რაც მის შემდგომ დიდ პროექტებში ჩართვას გაამარტივებდა. 

წინა ტენდერებისგან განსხვავებით, ახმეტა-თიანეთის გზის ამბავი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა პაქსაძისთვის. ამ შემთხვევაში მისი კომპანია აზერბაიჯანული ფირმის ქვეკონტრაქტორი იყო. თუმცა, ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ასახულა სახელმწიფო ტენდერის ვებგვერდზე. 

აზერბაიჯანულმა კომპანიამ სამუშაოები მიატოვა, ქვეკონტრაქტორმა კი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამის გამო, მხოლოდ გზის რეაბილიტაცია კი არ გაჭიანურდა, ის კომპანიაც ანაზღაურების გარეშე დარჩა, რომელიც პაქსაძეს სამშენებლო ტექნიკას უმართავდა და მასალებით ამარაგებდა. თავად ქვეკონტრაქტორმა დაქირავებულ მუშა ხელსაც ვერ გადაუხადა ხელფასები, ასევე არ აუნაზღაურა ხარჯები იმ ოჯახს, რომელშიც მშენებლების ბრიგადა იყო განთავსებული, ანაზღაურების გარეშე დატოვეს დამლაგებელიც.  

პროექტში ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ ჩვენ ამ თემაზე მუშაობისას გავიგეთ, როცა ახმეტა-თიანეთის გზის ტენდერის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ინტერვიუს ჩაწერის მცდელობისას ემზარ პაქსაძემ ბრალდებები უარყო, მისმა პარტნიორმა, ისქენდერ ქირდარმა კი დაადასტურა ვალები. გვითხრა რომ კომპანიას თანხა არ ჰქონდა და გაჩერებულები იყვნენ.

2022 წელს მთავრობა იძულებული გახდა, მიტოვებული სამუშაოების დასასრულებლად დამატებით 11 მილიონი ლარი დაეხარჯა და სხვა კომპანია (შპს „სერპანტინი“) დაექირავებინა. 


“ლაგი კაპიტალის” მაგალითი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დამ, ნინო ზარქუამ მის პარტნიორებთან ერთად შპს “ლაგი კაპიტალი” 2015 წელს დააფუძნა. 2022 წელს მისი 50%-ანი წილი ქმარს, ალექსანდრე ამისულაშვილს გადაუფორმა. ამისულაშვილმა კი ეს წილი იმავე დღეს საკუთარ კომპანიას უსასყიდლოდ გადასცა. 

2023 წლის მარტში „ლაგი კაპიტალი“ სახელმწიფო ტენდერში გამოჩნდა და პირველივე ცდაზე 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. მას შიდა ქართლის რეგიონში 4 საჯარო სკოლა უნდა დაეპროექტებინა და აეშენებინა, ჯამში, 770 ბავშვზე გათვლილი. ამ დროს კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელი, ირაკლი ზარქუას სიძე იყო. კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამუშაოს შესასრულებლად ავანსად მილიონ ლარზე მეტი აიღო და სამუშაო აღარ დაუსრულებია. ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში კი ამისულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა კომპანიის წილები უსასყიდლოდ დაუთმეს ია რამიშვილს.  

“ლაგი კაპიტალმა” 2023 წლის აპრილიდან დეკემბერამდე კიდევ 11 ტენდერი მოიგო, ჯამში  94.4 მილიონი ლარის, 30 ბაღის და 4 სკოლის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე. 


ალექსანდრე ამისულაშვილი და ნინო ზარქუა

ჩვენი ინფორმაციით, ამ ტენდერების დიდ ნაწილში შპს “ლაგი კაპიტალს” ქვეკონტრაქტორი  კომპანიები ჰყავდა დაქირავებული, რომელსაც შესრულებული სამუშაოს თანხა არ გადაუხადა. ქვეკონტრაქტორებს სთხოვდა, სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაეწყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემდა დამკვეთი, ანუ სახელმწიფო უწყბები “ლაგი კაპიტალს” ფულს, და ისიც შესაბამისად შეძლებდა ქვეკონტრაქტორებისთვის გადახდას. სინამდვილეში კი, კომპანიას წინსწრებით, ავანსის სახით სამუშაოების, მინიმუმ 11 მილიონი ლარი ჰქონდა აღებული. 

ერთ-ერთ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორმა სამუშაოს ნაწილი სკოლაშიც შეასრულა და ბაღშიც, შემდეგ კი უსახსრობის გამო მშენებლობა მიატოვა. მათ “ლაგი კაპიტალისგან” ანაზღაურება არ აუღიათ. ზუსტად რა თანხა დახარჯა ამ კომპანიამ სკოლისა და ბაღების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოზე უცნობია, რადგან კომპანიის ხელმძღვანელი საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს და ჯერ კიდევ ელოდება “ლაგი კაპიტალისგან” ზიანის ანაზღაურებას. 

იგივე მოხდა შიდა ქართლში, ტირძნისისა და შინდისის ბაღების მშენებლობაზე. “ლაგი კაპიტალმა” ქვეკონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები დააწყებინა და თანხის გადახდას მხოლოდ შესრულებული სამუშაოების წარდგენის შემდეგ დაჰპირდა. ამ ამბავს იაგო გუგუტიშვილიც გვიდასტურებს, რომელსაც  სხვა მუშები ე.წ. “პრარაბად” მოიხსენიებენ. შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასი არც მას მიუღია. 

- ჟურნალისტი: სამუშაოებს თქვენი ფულით აწარმოებდით? 

- იაგო გუგუტიშვილი: კი, ჩვენი ფულით… ფინანსურშიც დამკითხეს და იქაც ეს ჩვენება მაქვს მიცემული, ვერ ვასრულდებით და იმიტომ გავაჩერეთ მშენებლობა.   

- ჟურნალისტი: თქვენც გპირდებოდათ, რომ როდესაც სამუშაოს შეასრულდებით, თანხას მერე ჩაგირიცხავდათ? 

- იაგო გუგუტიშვილი: კი, ყველასთან ანალოგიურად იქცეოდა თანხასთან დაკავშირებით.

შინდისის ბაღის დემონტაჟზე მომუშავე მუშის, გელა ხუციშვილის თქმით, მუშაობა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს შეწყვიტა, რადგან  2 თვეზე მეტი უხელფასოდ ამუშავეს. მას და მის კოლეგებს ამ ორ ბაღზე, სულ მცირე, 15 ათასი ლარის სამუშაო აქვთ გაწეული. “გვეუბნებოდნენ იქნება ფული, იქნება ფული. ჩასარიცხია, ჩასარიცხიაო”, - გვითხრა ხუციშვილმა. 

არადა, სწორედ ამ სამუშაოს დაწყებამდე “ლაგი კაპიტალმა” ბიუჯეტიდან ავანსად 1.1 მილიონი ლარი აიღო. 

შპს “ლაგი კაპიტალმა”  არც ოთხი სკოლა ააშენა და არც 30 ბაღის მშენებლობა/რეკონტრუქცია დაასრულა. პროცესის მიტოვებისთვის ხელშეკრულებები 2025 წლის დასაწყისშივე შეუწყვიტეს. თუმცა, პასუხი კომპანიისთვის შემოდგომამდე არავის მოუთხოვია. სექტემბრის ბოლოს გავიგეთ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კომპანიის მფლობელებს ბრალად ედებათ 9 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის თაღლითურად მითვისება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენება. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ამონარიდი წილების ჩუქების ხელშეკრულებიდან

ფინანსური პოლიციის განცხადებით, 2023 წელს კომპანიამ 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის და 4 სკოლის მშენებლობის ტენდერები მოიგო, ჯამში, 94 მილიონი ლარის ღირებულების. თუმცა, არცერთი პროექტი არ დაასრულა. თეთრ სიაში რეგისტრაციის ხარჯზე, ავანსები  გამარტივებული პირობებით მიიღო, შემდეგ კი ეს თანხა მათივე კომპანიებსა და სანდო პირებზე გადარიცხა და გაათეთრა. ასე სახელმწიფოს 9 მილიონი ლარი მოპარა. 

“ლაგი კაპიტალს” სკოლების მშენებლობისთვის რომ ქვეკონტრაქტორი ჰყავდა დაქირავებული, ამის შესახებ ინფორმაცია ტენდერის დოკუმენტაციაში არ არის მითითებული. საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს  წერილობით მივმართეთ.  

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ინფორმაციის სანახავად შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გადაგვამისამართა, სხვა კი არაფერი უპასუხიათ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი მოგვწერა, რომ “ლაგი კაპიტალს” ქვეკონტრაქტორის დაქირავების უფლება დამკვეთისგან უნდა მიეღო, თუმცა, მსგავსი მოთხოვნა ფონდში არასდროს წარუდგენია.  

ოქტომბრის ბოლოს “ლაგი კაპიტალის” საქმეზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბატაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, მას 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმის გამოძიება მიმდინარეობს. 


სამეგრელოს მაგალითი

2015 წლის ივნისში ზუგდიდის მერიამ ტროტუარების მოწესრიგების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. კონკურსში შპს “ამი 2014”-მა გაიმარჯვა. თუმცა, კომპანიას მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება არ ჰქონდა, ვერც სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი გაწერა ჯეროვნად და ამის გამო მას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. 

12 დღეში მერიამ ტენდერი თავიდან გამოაცხადა. ამჯერად შპს “გზამგებმა” გაიმარჯვა. მერიამ მას ხელშეკრულება გაუფორმა და სამუშაოს შესასრულებლად 690 000 ლარიც გადასცა. 

შპს “გზამგებმა” ქვეკონტრაქტორად შპს “ამი 2014” დაიქირავა - ის კომპანია, რომელიც მერიამ პირველ ჯერზე გამოცდილების არქონის გამო დაიწუნა. 

ქვეკონტრაქტორმა 40-მდე მუშას ანაზღაურება არ მისცა და მათ საპროტესტო აქციები გამართეს. პროტესტის მონაწილეებს მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი, გუბერნატორის მოადგილე, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საოლქო პროკურატორის საგამოძიებო ნაწლის უფროსი შეხვდნენ. 

მუშებთან შეხვედრა

“მერიას არანაირი ვალდებულება ამ ხალხის მიმართ არ დარჩა. თავის დროზე არის ეს თანხები გადახდილი. აქ კონტრაქტორის პრობლემაა, რომელმაც მოატყუა ეს ხალხი. მე არ მინდა ახლა წინასწარ ვთქვა რამე, რახან სამართალდამცავები ჩაერთვნენ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ სახელმწიფო ბიუჯეტიც იყო მოტყუებული”, - თქვა კობა ქანთარიამ, სამეგრელოს იმდროინდელმა ვიცე-გუბერნატორმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.  

მერია მაშინ აცხადებდა, რომ თანხა შპს “გზამგებს” ჩაურიცხა. “გზამგები” კი ამბობდა, რომ მას სამუშაოებში ქვეკონტრაქტორი “ამი 2014” ჰყავდა დაქირავებული, რომელსაც ფული დაურიცხა. როგორც აღმოჩნდა, მერიამ მაშინ ოფიციალურად არ იცოდა, რომ სამუშაოს ქვეკონტრაქტორი ასრულებდა. ამ საქმეს ფინანსური პოლიცია კი იძიებდა, მაგრამ არც სამართლებრივი შედეგი დამდგარა და არც მუშებს აუღიათ ის ხელფასები. 


საზიარო გამოცდილება - კანონის “შავი ხვრელი” 

სახელმწიფო შესყიდვებში ხშირია შემთხვევა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარ გამოცდილებად წარადგენს მისი ქვეკონტრაქტორის შესრულებულ სამუშაოებს და სწორედ ამ გზით იგებს მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს, შემდეგ კი სამუშაოებს უხარიხოდ ან ვადაგადაცილებით ასრულებს. 

მაგალითად, 2017 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს რკინიგზის ტენდერების შესწავლის შემდეგ წერდა, რომ რიგ შემთხვევებში ტენდერები სხვადასხვა კომპანიამ ქვეკონტრაქტორის გამოცდილების ხარჯზე მოიგო. მაგალითად მოტანილი ჰქონდათ შპს „ელიტა ბურჯისა“ და შპს "სახარიას" შემთხვევები, როდესაც მათ საკუთარ გამოცდილებად წარადგინეს მათი ქვეკონტრაქტორის, სს “ხიდმშენის” მიერ შესრულებული სამუშაო. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა აჭარის რეგიონის საჯარო შესყიდვების პრაქტიკაზე 2020–2021 წლებში. 

“განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში არსებული პრაქტიკა, როცა ტენდერში გამარჯვებული და უმეტესად, „ქართული ოცნების” შემწირველი კომპანიები პრაქტიკულად შუამავლის როლს ასრულებენ შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის. გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეთვალოს გამოცდილებად და ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებად კომპანიას ის სამუშაო, რომელსაც, პრაქტიკულად, ქვეკონტრაქტორი ასრულებს, კონტრაქტით განსაზღვრულ ძირითად მიმწოდებელს კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ამ შუამავლობიდან ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე რჩება”, - ვკითხულობთ კვლევაში. 

ეს პრაქტიკა მხოლოდ იურიდიული ხრიკი კი არა, სისტემური რისკია. ზოგჯერ მთავარი მიმწოდებელი არც კი ფლობს იმ გამოცდილებას, რასაც ქაღალდზე აფიქსირებს – შეიძლება არც იცოდეს, როგორ კეთდება ელექტროობის მოწყობა ან მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა, მაგრამ ტენდერი მაინც მოიგოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილების ხარჯზე. მერე კი იგივე ქვეკონტრაქტორი საერთოდ აღარ ჰყავდეს. ამას ემატება ე.წ. „გამოცდილების დუბლირება“: ერთი და იგივე სამუშაოს საკუთარ გამოცდილებად იწერს როგორც მთავარი მიმწოდებელი, ისე ქვეკონტრაქტორი და ორივე იყენებს მომავალ ტენდერებში.

“ერთი პუნქტია საჭირო - დაკონკრეტება, რომ გამოცდილების წარდგენის დროს, ვალდებულება უნდა ჰქონდეს მიმწოდებელს, მხოლოდ მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე წარადგინოს დოკუმენტაცია და არა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულზე. აი, ეს ჩანაწერი რომ იყოს კანონში,” - გვითხრა სანდრო ქევხიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა, რომელიც წლებია სახელმწიფო შესყიდვებს სწავლობს. 

სანდრო ქევხიშვილი 

“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კონკრეტულმა კომპანიამ სხვის, ქვე-კონტრაქტორის ხარჯზე აჩვენოს, რომ მან შეასრულა კონკრეტული სამუშაო და შემდგომში ეს მიუთითოს, როგორც გამოცდილება. ბუნებრივია, როცა არის მსგავსი შესაძლებლობა და ამას უშვებს კანონმდებლობა, ამას წარმატებით გამოიყენებს არაერთი კომპანია”, - გვითხრა IDFI-ს კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა.   


როდის უნდა მოეგვარებინა “ქვეკონტრაქტორების პრობლემა” მთავრობას? 

ქვეკონტრაქტორების პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც ჰქონდა კონკრეტული ვალდებულება. კერძოდ, 2019 წლისთვის უნდა შემუშავებულიყო სპეციალური წესი, რომელიც დაავალდებულებდა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, ტენდერის ძირითადი მიმწოდებლისგან წინასწარ მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი სამუშაოს შესრულებას გეგმავდა ქვეკონტრაქტორი, რამდენად სანდო და ფინანსურად მდგრადი იყო ის და შეძლებდა თუ არა მთავარ კონტრაქტორი მის ჩანაცვლებას საჭიროების შემთხვევაში.

ეს წესი 2022 წელს უკვე უნდა ამოქმედებულიყო კიდეც, თუმცა, სხვა ბევრი დირექტივის მსგავსად ისიც მხოლოდ მოთხოვნად დარჩა და რეალური ცვლილებები ამ მიმართულებით  არ განხორციელებულა. 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევამ აჩვენა, რომ აჭარაში რიგ შემთხვევებში ქვეკონტრაქტორები უნებართვოდ იყვნენ დაქირავებულნი, ხოლო დამკვეთმა უწყებებმა არც კი იცოდნენ მათ შესახებ. მსგავს შემთხვევებზე აუდიტიც წერს ხოლმე. ზოგ შემთხვევაში, კონტრაქტორის მიერ სამუშაოს უდიდესი ნაწილი 80-90% ქვეკონტრაქტორზე გადადიოდა, გამარჯვებული კომპანია კი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. 

დღეს ერთადერთი რასაც შემსყიდველები მიმწოდებელს სთხოვენ ხოლმე ისაა რომ მათ უნდა იცოდნენ ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ, თუმცა TI-ისა და IDFI-ის მკვლევარების თქმით,  პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს საკითხიც შემსყიდველის ნებაზეა დამოკიდებული. ორივე ორგანიზაცია ბოლო ათწლეულია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებს სწავლობს და აკვირდება.

“შემსყიდველს აქვს შესაძლებლობა, ტენდერის ფარგლებში მოთხოვოს კომპანიას, რომ წინასწარ მიიღოს ქვე-კონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, პრაქტიკა განსხვავებულია, სრულიად მათ ნებაზე არის მინდობილი. [….] არის ხშირი შემთხვევები, როდესაც საერთოდ მსგავს ინფორმაციას არ ითხოვენ. ანუ, ფაქტობრივად, ეს საკითხი არ არის დღეს რეგულირებული. [….] საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვა წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულა ქვეკონტრაქტორმა. ეს ხდება იმიტომ, რომ შემსყიდველს არ ჰქონდა გარკვეული მოთხოვნა და პირობა ჩადებული, რომ თუ კონკრეტული სამუშაო უნდა შესრულებულიყო ქვეკონტრაქტორის მიერ, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა წარდგენილიყო წინადადების წარდგენის პროცესშიც. როცა შემსყიდველი თვითონვე არ აწესებს რეგულაციას, ჩნდება, ასე ვთქვათ, ღია სივრცე, რომ შემსრულებლებმა და მომწოდებლებმა თავისი ნება-სურვილით იმოქმედოს და გადასცეს ან არ გადასცეს კონკრეტული სამუშაო ქვეკონტრაქტორს,” - გვითხრა გოგა თუშურაშვილმა IDFI-დან. 

გოგა თუშურაშვილი

ჩვენ შესყიდვების სააგენტოს ვკითხეთ, რა ხდება მაშინ როცა შემსყიდველმა არ იცის ვინ ასრულებს რეალურად სამუშაოს და რა ბერკეტები აქვთ ამ პროცესის გასაკონტროლებლად მათ. 

მოგვწერეს, რომ ინფორმაციის მიღება შესყიდვების საიტზე შეგვეძლო და რამდენიმე კანონზე მიგვითითეს, მათ შორის 2023 წლის თებერვალში მიღებულ ახალ კანონზე “საჯარო შესყიდვების შესახებ”, რომელიც 2027 წელს ამოქმედდება. კონკრეტული პასუხები კი ჩვენ კითხვებზე არ გაუციათ.


რას ამბობს ახალი კანონი? 

ჩვენ ეს კანონი წავიკითხეთ. განახლებულ ვერსიაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ თუ ძირითადი მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორის გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია განაცხადის წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია შემსყიდველს. ამის შემდეგ შემსყიდველი ამოწმებს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას აძლევს. ახალ ვადაში კი მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი ქვეკონტრაქტორი წარადგინოს. ასევე, ქვეკონტრაქტორის დამატება-ცვლილების შემთხვევაშიც, კომპანიამ შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ძირითად მიმწოდებელ კომპანიას ქვეკონტრაქტორის გამოყენება და მის მიერ სამუშაოების შესრულება, პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს. ასევე, შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ კონკრეტული სამუშაოები ძირითადმა მიმწოდებელმა კომპანიამ შეასრულოს. კანონის 79 მუხლში წერია: 

“მაქსიმალური პროცენტული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ან/და შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯამის 30%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცენტული დიაპაზონი ადეკვატური უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.” 

ახალი კანონი 2023 წლის თებერვალში კი მიიღეს, მაგრამ ამოქმედება 4 წლით გადაავადეს, 2027 წლის იანვრამდე. 

“მათი პასუხისმგებლობა იყო ამ კანონის დროულად დაწერა და მიღება. მიიღეს, მაგრამ აგერ გადავადდა [ამოქმედება] კიდევ ორი წლით. ქვეკონტრაქტორის საკითხის მსგავსი შავი ხვრელები კიდევ არის ბევრი,... არანაირი საჭიროება არ არის, რომ დააგროვო ეს პრობლემები და 10 წელი ელოდო. მარტივად შეგიძლია რაღაცების მოგვარება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მაგალითად, არსებულ კანონში ქვეკონტრაქტორების წესი შეეცვალათ. შემდეგ სისტემაში ერთ გრაფას დაამატებდნენ, სადაც კომპანია ვალდებული იქნება მონიშნოს, თუ ქვეკონტრაქტორის დაქირავებას აპირებს,” - გვითხრა სანდრო ქევხიშვილმა. 

“ქვეკონტრაქტების ღიაობას ითვალისწინებს „ღია კონტრაქტების სტანდარტიც“ – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დანერგვის ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2016 წელს გამართულ ლონდონის ანტი-კორუფციულ სამიტზე აიღო”, - წერდა 2018 წელს IDFI.


შესყიდვების სააგენტოს პასუხი 

გამოდის, რომ ბოლო 9-10 წელია “ქართულმა ოცნებამ” იცის, ქვეკონტრაქტორების გარშემო არსებული “შავი ხვრელების” შესახებ, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ზომები არ მიუღია. თუ არ ჩავთვლით ახალ კანონს, რომელიც ჯერ მოქმედიც კი არაა.  

“ეს კანონი უკვე, თითქმის, 10 წელია მუშავდებოდა. კანონს არ უნდა სჭირდებოდეს 10 წელი, რომ მიიყვანონ ბოლომდე. ამიტომ, როგორც ჩანს, ხელოვნური ფეხის თრევის, გაჭიანურების კომპონენტი იყო საკმაოდ ძლიერი. ქვეკონტრაქტორების ნაწილში ეს კანონი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ იქ ცოტა უფრო მეტად, ცოტა უფრო კარგად არის ქვეკონტრაქტორების ნაწილი დარეგულირებული,” - გვეუბნება სანდრო ქევხიშვილი. 

ჩვენ IDFI-ის მკვლევარ გოგა თუშურაშვილსაც ვკითხეთ, რა შეიძლება იყოს კანონის ამოქმედების 2027 წლამდე გადაწევის მიზეზი.

“ჩვენ ვხედავთ, ბოლო პერიოდში როგორ სრულდება საერთაშორისო ვალდებულებები. [...] ესეც, მე ვფიქრობ, ერთგვარი მესიჯი იყო, რომ ხელისუფლება არ იყო ამ ეტაპზე მზად გამჭვირვალობისთვის და ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებისთვის. ეს კანონი სახელმწიფო ფინანსების განკარგვას მეტად მოჰფენდა ნათელს და უფრო გაადვილებდა, როგორც სააგენტოსთვის, ისევე დაინტერესებული პირებისთვის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. [...] არ მგონია, რომ ამას სჭირდებოდეს წლები. მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს ელექტრონული სისტემა, რომელიც საკმაოდ გამართულად მუშაობს და შესაბამისი ნების არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო, რომ დღეს უკვე ეს პრობლემა მოგვარებული ყოფილიყო”. 


რა არის გამოსავალი?

პრობლემის სიღრმე მოითხოვს სტრუქტურულ რეფორმას. გამოსავალი რამდენიმე მიმართულებით უნდა მოიძებნოს:

  • სავალდებულო გამჭვირვალობა: ქვეკონტრაქტორების ვინაობა, მათთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება და სამუშაოს მოცულობა უნდა აისახოს შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში საჯაროდ.

  • წინასწარი შეთანხმება: ტენდერის გამოცხადებისთანავე უნდა განისაზღვროს, აპირებს თუ არა მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორის დაქირავებას, რომელ სამუშაოზე რა ღირებულებით .

  • შეზღუდვები და კონტროლი: განსაზღვრული უნდა იყოს, რა წილი შეუძლია მთავარ კომპანიას ქვეკონტრაქტორს გადასცეს (მაგ. 30-40%) და უნდა ამოქმედდეს რეალური კონტროლის მექანიზმები შესრულებაზე. ის კომპანიები კი ვინც ამ წეს დაარღვევს დაჯარიმდეს და მოხვდეს გაფრთხილებულთა სიაში.

  • არ ჩაითვალოს მოჩვენებითი გამოცდილება: იმ კომპანიას, ვინც სამუშაოს ფაქტობრივად არ ასრულებს, ქვეკონტრაქტორზე გადააქვს და მხოლოდ შუამავლის როლს თამაშობს, ეს გამოცდილება მომავალში არ უნდა ჩაეთვალოს კონკურსებში.

და ბოლოს, დროულად და ეფექტურად ამოქმედდეს ახალი კანონი და მის აღსრულებას საზოგადოება მეტად კრიტიკულად დააკვირდეს. 

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon