ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს
დეკ 15, 2025

პრივილეგირებულთა გარიგება და დარღვეული პირობა ივერიის კედლებში

ბოლო 10 წელია, “ქართული ოცნება” წყალტუბოს განვითარებას და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ქცევას გვპირდება. ამ დაპირებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდა. ძველი საბჭოთა სანატორიუმების აღდგენის, გაყიდვისა და ტურისტულ ცენტრებად ქცევის მიზნით რა პროგრამები აღარ დაიწყო მთავრობამ, რა ფული აღარ დაიხარჯა კონცეფციებსა და გეგმებზე, თუმცა, წყალტუბოს ცენტრში ისევ ისე დგას მოუვლელი, გაძარცვული შენობები. მათი უნიკალური არქიტექტურა წვიმის წყლით ირეცხება, ფასადები ზიანდება და ინგრევა. 

ერთ-ერთი მათგანი სანატორიუმ “ივერიას” შენობაა. მისი მშენებლობა ათი წელი მიმდინარეობდა, 1952-1962 წლებში. შენობა ოთხსართულიანი მთავარი კორპუსისა და ორი ფლიგელისგან შედგება და 300 საწოლზე იყო გათვლილი. ამ შენობამ დევნილი მოქალაქეებისთვის საცხოვრებლის ფუნქცია შეითავსა. ბოლო ხანებში შენობიდან დევნილები გაასახლეს და ახლა შენობა რეკონტრუქციის მოლოდინშია. 

სანატორიუმი “ივერია” საბჭოთა დროს 

არადა, აქ ახლა 130-ნომრიანი სასტუმრო უნდა იყოს მოწყობილი, საკონფერენციო დარბაზებით, რესტორნებით, კაზინოთი, გამწვანებული ეზოთი და მინიმუმ 40-ადგილიანი ავტოსადგომით. ეს ყველაფერი შპს “ივერია პალასს” უნდა გაეკეთებინა. სწორედ ამ კომპანიის სახელი წერია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

შპს “ივერია პალასს” პირდაპირი მიყიდვის წესით, ნახევარ მილიონ ლარად გადასცეს სანატორიუმის გარშემო არსებული 21 770 კვ.მ. მიწა მასზე არსებული 9 534 კვ.მ. შენობა. ანუ 1 კვ.მ. მიწის ფასი 23 ლარამდე გამოდის. შეღავათიანი ფასის სანაცვლოდ, კომპანიას დაევალა, მინიმუმ, 3 წელში სასტუმროს აშენება და მასში 10 მილიონი ლარის დაბანდება. 

მალევე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ამ ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდებოდა. თუმცა, მშენებლობა ან ძველი სანატორიუმის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ დროის განმავლობაში შპს “ივერია პალასს” ვალდებულებების შესრულების ვადა სამჯერ გაუგრძელეს. საბოლოოდ კომპანია და მთავრობა შეთანხმდა, რომ სასტუმრო 2028 წლამდე უნდა აშენდეს.


“ივერიას” ადგილზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი

ინვესტორი კომპანია მთავრობამ ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო 165 517 ლარითაც დააჯარიმა, თუმცა მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ეს ჯარიმაც ეპატია. სანაცვლოდ, კომპანიას დაევალა, 10 მილიონი ლარის ნაცვლად 20 მილიონის დაბანდება და სასტუმროს გახნის შემდეგ 60 ადამიანის დასაქმება, მინიმუმ, 1 წლის ვადით. 

2021 წლის 19 მაისს მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება სახელმწიფო დონეზეა აღიარებული და დაცული უნდა იყოს. 

ჩვენ ქონების ეროვნულ სააგენტოს ვკითხეთ, თუ კომპანია კვლავ დაარღვევს ვალდებულებებს, რა მოხდება მაშინ. გვიპასუხეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დაეკისრებათო. ვალდებულებების დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, უფლებამოსილები ვართ, ხელშეკრულება შევწყვიტოთო. 

თუმცა, ვნახეთ, როგორ აპატია მთავრობამ ამ კომპანიას პირგასამტეხლო ერთხელ უკვე და როგორ გაუგრძელა ვადები. რა გარანტიაა, რომ იგივეს არ მოიმოქმედებენ? სხვაგვარი მიდგომა რომ ჰქონოდათ ამ კომპანიის მიმართ, მაშინ უკვე ჩამოართმევდნენ ქონებას, ისე როგორც სხვა სანატორიუმების შემთხვევაში მოიქცნენ. როცა სანატორიუმ “მედეაში” ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, სახელმწიფომ კი ქონება უკან დაიბრუნა. ასე მოხდა სანატორიუმ  “მეშახტეზეც.” 

იქნებ, კომპანიის მფლობელების შესახებ ინფორმაციამ მიგვიყვანოს პასუხთან.


ვის ეკუთვნის შპს “ივერია პალასი”? 

შპს ”ივერია პალასი” 2017 წლის მარტში შეიქმნა, ამ დროს მას ფლობს უკრაინის მოქალაქე მიხაილო ჯიმშიაშვილი, დირექტორი კი ბიძინა ჩხეიძეა. 

მიხაილო ჯიმშიაშვილი წარმოშობით ქართველია, თუმცა, წლებია უკრაინაშია და იქ მსხვილი ბიზნესმენად იცნობენ. მისი ძირითადი ინტერესი აგრარული და სურსათის მრეწველობის სექტორია. ის ფლობს „პროსიანოეს“ ქათმის ფაბრიკას, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობს და 2009 წლიდან მის საკუთრებაშია. აგრეთვე, ჯიმშიაშვილი არის თანამფლობელი ხორცპროდუქტების მწარმოებელ საწარმოში, „ბეზლიუდოვსკის ხორცკომბინატში“, რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს.

მიხაილო ჯიმშიაშვილი

საქართველოში მისი საქმიანობა ძირითადად უკავშირდებოდა ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას — 2016 წელს მან დაარეგისტრირა კომპანია შპს „ოილ ინვესტი“, რომლის თანადამფუძნებელი იყო ბიძინა ჩხეიძეც. ეს კომპანია ახლა აქტიური აღარ არის. 

მოგვიანებით, ჯიმშიაშვილი ბიზნესით რუსეთშიც დაინტერესდა. მაგალითად, 2017 წელს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ცნობილ ქართველ მომღერალ, სოსო პავლიაშვილთან და ბიზნესმენ დავით ტურაბელიძესთან ერთად სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოს ქმნის. საწარმოს „აგროკომპლექსი LMK“ ჰქვია და ჯიმშიაშვილი ამ ინიციატივის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. 

როგორც გითხარით, 2018 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც მიხაილო ჯიმშიაშვილის კომპანიას, “ივერია პალასს” წყალტუბოს სანატორიუმი „ივერია“ გადასცა. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიის ბედი ასე განვითარდა: 

  • 2018 წლის 30 მაისს მიხეილ ჯიმშიაშვილმა შპს “ივერია პალასის” 100%-ანი წილი ბიძინა ჩხეიძეს მიჰყიდა სიმბოლურ ფასად — 300 ლარად.
  • 2018 წლის 4 ივნისს, სანატორიუმ “ივერიის” ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე, ბიძინა ჩხეიძემ კომპანია მიჰყიდა ბიზნესმენ გიორგი დევაძეს 350 000 აშშ დოლარად.
  • 2018 წლის 29 ივნისს, დევაძემ კომპანიის 40%-იანი წილი მიჰყიდა თურქეთის მოქალაქეს — ოქტაი კივანჩს, 140 000 დოლარად.
  • 2019 წლის იანვარში, კომპანიაში ჩნდება მესამე მეწილე — შპს “ლასკო კაპიტალ ჯორჯია”, რომელმაც თავისი წილი დევაძისგან 126 000 დოლარად შეიძინა.
  • შემდეგ კი, 2020 წლის იანვარში დარჩენილი 30% დევაძემ საკუთარ კომპანიას, შპს “თიარჯი ფაუერს” მიჰყიდა 105 000 დოლარად.

გამოდის, რომ სანატორიუმის ბედი დიდწილად გიორგი დევაძემ განსაზღვრა, მან შეარჩია ახალი თანამესაკუთრეები და თავადაც შეინარჩუნა ამ კომპანიაშია წილი. 


ვინ არის გიორგი დევაძე?

დევაძეს საქმიანი ურთიერთობა აქვს “ქართულ ოცნებასთან”. თუმცა, 2012 წლის მაისში 60 000 ლარი შეწირა ნაციონალურ მოძრაობას. დევაძე  ფლობს და ხელმძღვანელობს ისეთ კომპანიებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებებთან, აშენებული აქვთ საბაჟო გამშვები პუნქტები, აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა, განკარგავენ სახელმწიფოსგან მიღებულ ქონებას. 

გიორგი დევაძე

2011-2012 წლებში დევაძე იყო RMG Gold-ის გენერალური დირექტორი. 2010-2012; 2015-2023  წლებში იყო საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2014-2020 წლის მარტამდე იყო “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” (გალფის) დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა SPG Trading-ს 2016-2020 წლის მარტამდე. 

გიორგი დევაძე ახლა 9 კომპანიის  მეწილეა, ღია წყაროების მიხედვით, მისი კომპანიების საქმიანობაა: საცალო ვაჭრობა საათებით და საიუველირო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში, საბითუმო ვაჭრობა ნავთობით, ზეთების და ცხიმების წარმოება, საბითუმო ვაჭრობა საკვებით, მშენებლობა, საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა, სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკის და მოწყობილობების იჯარა და ლიზინგი. 

2020 წელს რადიო “იმედს” სტუმრობდა როგორც კომპანია “ტრანსმშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ის ამ სააქციო საზოგადოებაში 2017 წლიდან ჩნდება. 

დევაძე სს “ტრანსმშენის” აქციების 93%-ს ფლობს. ეს კომპანია სახელმწიფო  უწყებების დაკვეთებს, ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებს 1997 წლიდან ასრულებს და სხვადასხვა უწყებებიდან 2011 წლის შემდეგ, სულ მცირე 102 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

ავტორის შენიშვნა: 2011 წლამდე არ არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული ბაზა, რის გამოც, დაზუსტებით ვერ შევძელით მოგვეპოვებინა ინფორმაცია “ტრანსმშენის” მიერ 2011 წლამდე შესრულებული ტენდერების შესახებ.  

“ტრანსმშენს“ აშენებული აქვს ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ასეულობით კილომეტრი ახალი სარკინიგზო ხაზი და განშტოების მშენებლობაც. 2023 წლის ტრანსმშენის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში ვკითხულობთ რომ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვეთი სახელმწიფოა.  

2021 წელს “ტრანსმშენმა” დაასრულა, რუსთავში შსს-ს ტერიტორიაზე ორი 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამავე წელს დევნილებისთვის 10 სართულიანი 6 კორპუსი ააშენა წყალტუბოშიც.  2022 წელს მისი დამკვეთები იყვნენ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი”, “ფეხბურთის ფედერაცია”. 2023 წლის განმავლობაში კი მუშაობდა “პრაიმ არქის”, სს “კორპორაცია ქინძმარაულის” და “ვაიზის“ დაკვეთილ პროექტებზე. 

მეორე კომპანია, რომელიც “ივერია პალასში” 30%-ს ფლობს შპს „ლასკო კაპიტალ ჯორჯიაა“, რომელიც კვიპროსში რეგისტრირებულ “ლასკო კაპიტალ ლიმიტედს” ეკუთვნის. ოფშორული კომპანიის დირექტორი ნინო ბოჭორიშვილია, რომელიც, სოციალურ ქსელ “ლინკდინის” მიხედვით, ამავდროულად ნავთობკომპანია Petrocas Energy Group-ის ფინანსური მენეჯერია. Petrocas Energy Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციონერი ივანე ნაკაიძეა. ის 2022 წელს ესწრებოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქული კომპანიის, Demirören Holding-ის შეხვედრას, რომელზეც სანატორიუმ “ივერიას” საკითხი განიხილებოდა. 

რა შუაშია თურქული კომპანია Demirören Holding? 2022 წლის აგვისტოში ქართულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ Demirören Holding დაინტერესდა წყალტუბოში ახალი, თანამედროვე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერიის“ აშენებით.  

ამ მსხვილ თურქულ კომპანიასთანაა დაკავშირებული შპს “ივერია პალასის” კიდევ ერთი თანამფლობელი - თურქეთის მოქალაქე კივანჩ ოქთაი. ის 1964 წელს სტამბულში დაბადებული თურქი ბიზნესმენია, რომელიც სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ სექტორშია. ის არის დეველოპერული კომპანია Lidya Yapı Inşaat-ის დამფუძნებელი და მფლობელი, რომელიც Demirören Holding-ის ნაწილია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროექტების ჩამონათვალში ივერია პალასის შესახებაც არის ინფორმაცია. 

კივანჩ ოქთაი

“შენობა, რომელიც გადაკეთდება სასტუმროდ დამატებითი შენობებით, შეინარჩუნებს არსებული ფასადის ნაწილებს და თავდაპირველი დიზაინის ერთგული დარჩება”, - ვკითხულობთ ვებგვერდზე. 

კივანჩი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესგვარის, დემირორანების სიძის სტატუსითაა ცნობილი. წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმთან დაკავშირებული კივანჩი ცოლს კი დაშორდა 2023 წლის მარტში, თუმცა, ჰოლდინგთან საქმიან კავშირებს ინარჩუნებს. დემირორანებს ეკუთვნით Demirören Holding, რომელში შემავალი კომპანიებიც საქმიანობენ მრეწველობის, მედიის, ტურიზმის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების სფეროში. ჰოლდინგის ხელმძღვანელობას ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან. 


ვინ არის უჩა გელაშვილი?

სანატორიუმ “ივერიას” ამბავში ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფიგურა იკვეთება. ეს უჩა გელაშვილია, შპს “ივერია პალასის” დირექტორი 2019 წლიდან. მანამდე გელაშვილის  ბიზნესსაქმიანობა ბიძინა ივანიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის წევრების კომპანიებთან იკვეთება.  

2018 წელს უჩა გელაშვილი შპს “გლობალური ტექნოლოგიების” დირექტორი იყო. ამ კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი მეწილე, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის შვილი, მიხეილ ჩხარტიშვილია. ივანე ჩხარტიშვილი ცნობილია, როგორც ბიძინა ივანიშვილის სანდო ადამიანი და ბიზნესპარტნიორი. ის, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ხვდებოდა ქართველ ბიზნესმენებს პრობლემების მოსაგვარებლად.  

კიდევ უფრო მანამდე, 2010-2018 უჩა გელაშვილი ხელმძღვანელობდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა  “უნივერმაღი თბილისი“, შპს “კაფე თბილისი 5”, “თბილისი პლაზა”, რომლებიც ახლანდელი “გალერია თბილისის” ტერიტორიას ფლობდნენ. “თბილისი პლაზა”-ს 96.7%-ს  და “კაფე თბილისი 5”-ის 100%-ს უჩას დირექტორობისას შპს “მოვაატ საქართველო” ფლობდა. მისი მფლობელი კი ამ დროს შპს “ჯი სი ეფ უძრავი ქონება” იყო,  რომელსაც თავის მხრივ  “ჯი სი ეფ ლუქსემბურგი” ფლობდა.  “ჯი სი ეფ  ლუქსემბურგის” მშობელი კომპანია კი 2024 წელს ატვირთული ფინანსური ანგარიშის მიხედვით საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის მიერ კონტროლდება.  

უჩა გელაშვილი 2019-2020 წლის ნოემბრამდე გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა სს “ტრანსმშენში”, რომელზეც უკვე მოგიყევით.  

ჩვენ უჩა გელაშვილს დავურეკეთ, ინტერვიუ ვთხოვეთ. გვითხრა მფლობელებთან უნდა გავიარო და  ელ.ფოსტაზე მომწერეთ კითხვებიო, ასეც მოვიქეცით, დავაზუსტეთ ისიც რომ კითხვები მიიღო თუმცა მისგან პასუხი სტატიის გამოქვეყნებამდე არ მიგვიღია.

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა Demirören ჰოლდინგის წარმომადგენლებთან

ესაა წრე, რომელიც სანატორიუმის ყოფილი შენობის გარშემო ტრიალებს: “ქართული ოცნებისთვის” კარგად ნაცნობი ბიზნესმენები, რომლებმაც წყალტუბოს ერთ-ერთი გამორჩეული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა ხელში შეღავათიან ფასში ჩაიგდეს, არც საინვესტიციო ვალდებულებას ასრულებენ და სახელმწიფო უწყებები ამაზე თვალს ხუჭავენ. 


რა ბედი ელის სანატორიუმ “ივერიას” შენობას? 

ჩვენ წყალტუბოს მერიას მივმართეთ წერილით და ვკითხეთ, რომელი სანატორიუმების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ახლა წყალტუბოში და თვითონ აკვირდებიან თუ არა სანატორიუმებში მიმდინარე სამუშაოს.  

“ამჟამად მიმდინარეობს სანატორიუმ “თბილისის“ რეაბილიტაცია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მონიტორინგს აღნიშნულ სანატორიუმში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებაში არ აწარმოებს… მერიას არ ევალება სანატორიუმების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება”, - მოგვწერეს მერიიდან. 

ქონების ეროვნულ სააგენტოს, სანატორიუმ “ივერიას” შესახებ წერილობით ვკითხეთ, თუ აკვირდებიან, როგორ მიმდინარეობს სამუშაო სანატორიუმის შენობაში, დასრულდება თუ არა დროზე და აქვთ თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელშიც მონიტორინგის შედეგები იქნებოდა ასახული. 

ასე გამოიყურება სანატორიუმ “ივერიას” შენობა (ფოტო გადაღებულია 2025 წლის ოქტომბერში)

პასუხი ასეთია: “სააგენტოს მიერ გაფორმების დღიდან ხორციელდება ხელშეკრულების მონიტორინგი. ამასთან, რაიმე შემაჯამებელი დოკუმენტის მომზადებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.” 

ქონების სააგენტოს ვკითხეთ ისიც, რატომ გადაწყვიტა ამ სანატორიუმის პირდაპირი მიყიდვის წესით ამ კომპანიისთვის გადაცემა. გვითხრეს, ამას ჩვენ კი არა, საქართველოს მთავრობა წყვეტს, თუმცა იდეას ჩვენ ვთავაზობთო. “სააგენტო სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისას გადაწყვეტილებას იღებს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე”, - წერია გამოგზავნილ წერილში. 

რამდენად გონივრულადაა გამოყენებული წყალტუბოში გასხვისებული ქონება, ამას წყალტუბოს დღევანდელობაც აჩვენებს. ქალაქში საბჭოთა დროს 22 სანატორიუმი ფუნქციონირებდა. მათგან მხოლოდ ერთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლა. მიუხედავად “ოცნების” დაპირებებისა, რომ სანატორიუმები ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებდა, დღემდე (2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით) 12 სანატორიუმი სახელმწიფოს ბალანსზეა. 7 კი კერძო მესაკუთრისაა. წესით, იქ აღდგენითი სამუშაოები და სასტუმროების მშენებლობა უნდა იყოს გაჩაღებული, თუმცა ვითარება ისეთივეა, როგორც სანატორიუმ “ივერიას” შემთხვევაში. 

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon