ავტორი: ნათია მიხელიძე და ია ასათიანი
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა 2023 წლის 19 ივლისს კრწანისში მშენებარე სასტუმროში 20 ნომერი იყიდა და ამ შენაძენში 1 113 684 დოლარი გადაიხადა. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით შედგა. ამავე შენობაში სამი ნომერი 150 087 დოლარად იყიდა ლადო ჭანტურიამ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც 2014-2018 წლებში გერმანიაში საქართველოს ელჩიც იყო. კორპუსით დაინტერესდა York Holding Group LLC, რომლის მეწილეც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, ემზარ ივანიშვილი იყო. ამ კომპანიამ 9 931 კვ.მ. ფართის მქონე ბინები და სასტუმროს ნომრები 12.9 მილიონ დოლარად შეიძინა.
შენობა, რომლითაც ეს სამი სუბიექტი დაინტერესდა, ადრე სახელმწიფოს საკუთრება იყო, 2016 წელს კი პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში აუქციონით გასხვისდა. შენობას უნიკალური არქიტექტურა და ისტორია ჰქონდა.
ჩვენი ეს გამოძიება სახელმწიფო ქონების გასხვისებას იკვლევს. 6-თვიანი კვლევა სამ ძირითად პრობლემას აჩვენებს:
- სახელმწიფო კერძო პირების ინტერესს მეტად ითვალისწინებს, ვიდრე საზოგადოებრივ ინტერესს. ხშირად კი ქონებას იმ პირებზე ასხვისებს, ვინც პარტიისთვის მისაღებია.
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წინასწარ არ სწავლობს პოტენციური ინვესტორის ფინანსურ შესაძლებლობებს და ამ ცოდნის გარეშე ასხვისებს ქონებას მათზე. შემდეგ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ ასრულებს და სააგენტო მათი დაჯარიმებისა და ქონების უკან დაბრუნების ნაცვლად, ეთანხმება ინვესტორის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ აქვს საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვებისა და მონიტორინგის გამართული მექანიზმი, რაც იწვევს იმას, რომ ინვესტორი ვალდებულებებს ძალიან დაგვიანებით ან საერთოდ არ ასრულებს.
2016 წელს ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს “სისტემ ნეტმა” გაიმარჯვა. კომპანიამ კრწანისში მდებარე 17 313 კვ.მ. მიწა და მასზე მდგომი 10 შენობა (ნაწილი დანგრეული) 5 037 000 ლარად მიიღო, ანუ ერთ კვ.მ. მიწასა და მასზე არსებულ შენობაში მხოლოდ 290 ლარი გადაიხადა. ეს იქ, სადაც იმ დროს კვ.მ. მიწის ღირებულება 150 დოლარიდან იწყებოდა, შენობის კი 700 დოლარიდან.
ასეთი იყო სამთავრობო პარკინგი
უძრავი ქონების შეღავათიანი ფასის სანაცვლოდ, ინვესტორს ამ შენობაში 120-ნომრიანი სასტუმრო სამ წელში უნდა გაეხსნა და ამაში 10 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა. 1.1 მილიონი ლარი კი საგარანტიოდ წარედგინა მთავრობისთვის, რომ თუ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, სახელმწიფოს პირგასამტეხლოს მიღება მარტივად შეძლებოდა. ასევე ხელშეკრულებით განისაზღვრა ისიც, რომ კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევდა.
თუმცა, რა საჭირო იყო ხელშეკრულებაში ამ რიცხვებისა და დეტალების მითითება, თუკი მათ მოგვიანებით არავინ მიაქცევდა ყურადღებას და მაინც ყველაფერი “ქართულ ჯიგრულ” პონტში უნდა მომხდარიყო?
კომპანიას ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია, არადა მე-9 წელიც გავიდა. ადგილზე ახლაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ის, რომ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, მოულოდნელი სულაც არ იქნებოდა, თუკი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შენობის გასხვისებამდე, კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს სათანადოდ გამოიკვლევდა.
შპს „სისტემ ნეტი“ ინტერნეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. ის მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან, შპს „ფოპტნეტთან“ და „ახალ ქსელებთან“ ერთად, შედის ტელეკომუნიკაციების და ტექნოლოგიების ჯგუფში. კომპანიას გააჩნია საკუთარი დატა-ცენტრი და მისი მომხმარებლები, ძირითადად, მსხვილი კომპანიები და ინტერნეტპროვაიდერები არიან. “სისტემ ნეტის” მიერ სახელმწიფოსთვის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშებში ვერსად ვიპოვეთ ჩანაწერი, რომ ის დეველოპერული და სამშენებლო საქმიანობითაც არის დაკავებული.
შპს „სისტემ ნეტის“ ფინანსური ანგარიშგებები (2016–2023 წლების მონაცემები) ცხადყოფს, რომ კომპანია წლების განმავლობაში ფინანსურად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. “სისტემ ნეტს” ამ წლებში ხშირად უფიქსირდებოდა ზარალიც, რაც აუდიტორების აზრით, მიუთითებს არამდგრად ბიზნეს-მოდელზე და შეზღუდულ ფინანსურ შესაძლებლობებზე.
“კომპანიას 2019-18 წლებში საერთო მოგება უარყოფითი აქვს. იგი მომსახურებას ეწევა ზარალიანად. კომპანიის წმინდა ზარალი, მიღებული დივიდენდის გათვალისწინების გარეშე, შეადგენს 900 000 ლარს და 1 316 000 ლარს ”, - წერია 2019 წლის ანგარიშში. ზარალის შესახებ მსგავსი ჩანაწერები გვხვდება შემდეგი წლების ანგარიშებშიც.
მოგება კი, რომელიც კომპანიას ამ წლების განმავლობაში დროდადრო ჰქონდა ხოლმე, ძირითადად, განპირობებული იყო ერთჯერადი არასაოპერაციო შემოსავლით, მაგალითად საინვესტიციო ქონების რეალიზაციით, რეზერვების შემცირებით ან შვილობილი კომპანიის დივიდენდით. არცერთ წელს არ იკვეთება სტაბილური, ბაზარზე მომგებიანი ოპერაციული საქმიანობა. ამავე პერიოდში კომპანიას ჰქონდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები.

ვინ დგას „სისტემ ნეტის“ უკან
“წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო? … რა კარგი იქნებოდა, რომ 100 ივანიშვილი იყოს. რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა”, - ამბობდა ფრიდონ ინჯია 2022 წლის ნოემბერში.
“სისტემა ნეტის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ ინჯიას ოჯახია - ფრიდონ ინჯია, მისი ორი შვილი და ცოლი კომპანიის 51.2%-ს ფლობენ.
ფრიდონ ინჯიას მთელ ოჯახს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ინჯიების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვა არაა, ისინი იდეურადაც რუსეთის მოქალაქეები არიან.
“...ხო არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „მირის“ სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს… დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის“, - თქვა ფრიდონ ინჯიამ 2022 წლის 9 მარტს.
ფრიდონ ინჯია
“პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად მან, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ფედერაციასთან,” - თქვა 2022 წლის თებერვალში ინჯიამ.
“ყველას მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო, თუ ადრე არა… ომის დაწყებას წინ უსწრებდა პროვოკაციული სროლები, რის შემდეგაც სააკაშვილმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დააანონსებინა, მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით. ამ ყველაფრის ლოგიკური კულმინაცია იყო 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით სააკაშვილის ბრძანებით არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვა, რითიც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო”, - ეს კი ფრიდონ ინჯიას სიტყვებია 2023 თებერვლის არქივიდან.

ფრიდონ ინჯია 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი მილიონერი დეპუტატი იყო 2024 წლის 25 ნოემბრამდე, რომელიც ხან “ლეიბორისტული პარტიის” წევრი იყო, ხან “პატრიოტთა ალიანსის”, ხანაც “ევროპელი სოციალისტების”. თუმცა, ბოლო ხანებში “ქართული ოცნების” იდეებისა და ინიციატივების წინააღმდეგ არასდროს წასულა.
2001 წელს ფრიდონ ინჯიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა იმაზე, რომ კავშირგაბმულობის მინისტრობის (1992–1998) პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 14 მილიონი აშშ დოლარი გაფლანგა. ამ დროს ინჯია პარლამენტის წევრი იყო “ლეიბორისტული პარტიის” სიით, იმუნიტეტი ჰქონდა და ამის გამო პროკურატურამ მისი დაკავება ვერ შეძლო, გამოძიებაც ჩაიშალა და საქმეს რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
ფრიდონ ინჯიას პარლამენტარობასთან ერთად ბიზნესსაქმიანობა არ შეუწყვეტია: დღემდე ფლობს წილებს 18 აქტიურ და არააქტიურ კომპანიაში. 2022 წელს სესხის პროცენტის სახით 30 000 ლარის შემოსავალიც მიიღო. 2022 წელს კი ძვირადღირებული ავტომობილებით დაღლილმა 186 000-ევროიანი პირადი ვერტმფრენიც შეიძინა.
მისი შვილი, ილია ინჯიაც პარლამენტარია - “ქართული ოცნების” წევრია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტვილის, აბაშის, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს დელეგატი იყო. ილიაც, მამის მსგავსად, მილიონერია.
პარლამენტში შესვლამდე ილია ინჯია იყო შპს “სისტემა ნეტის” დირექტორიც. ის ხელმძღვანელობდა ამ კომპანიას მისი დაფუძნების დღიდან, ანუ 2008 წლიდან მოყოლებული.
შპს „სისტემ ნეტი“ 2008 წელს დაფუძნდა და მეწილეები წელიწადში 3-ჯერაც შეუცვლია. თუმცა, არ შეცვლილა 2 მეწილე, რომელიც დაფუძნებისას ჯამში ყველაზე მეტ პროცენტს ფლობდა: ილია ინჯია (15.318%) და ფრიდონ ინჯია (21.565%).

ღარიბაშვილის გარემოცვის ინტერესები კრწანისში
შპს “სისტემა ნეტს” კრწანისში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ჯარიმა ყოველდღიურად ერიცხებოდა. როგორც დოკუმენტები აჩვენებს, მათ 2019 წლის ბოლოსთვის, როცა სახელმწიფოსთვის უკვე ექსპლუატაციაში მიღებული სასტუმრო უნდა ჩაებარებინათ, 10 მილიონის ინვეტიციის ნაცვლად მხოლოდ 1.9 მილიონი ლარის მოძიება შეძლეს. ჯარიმის თანხამ 2020 წლის ბოლოსთვის 3.5 მილიონ ლარს მიაღწია. და აი, აქ იკვეთება მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დახმარებაც.
2021 წლის 28 დეკემბერს პრემიერმა ღარიბაშვილმა კომპანიას საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის სახელიც ასე ჟღერს: “შპს სისტემ ნეტის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”. ამ გადაწყვეტილებით, კომპანიას დაგროვილი ჯარიმა, 3.5 მილიონი ლარი და მომავალში დასარიცხი ჯარიმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოაწერა, ვალდებულებების შესრულებისთვის ვადა 2025 წლის ბოლომდე მისცა, საგარანტიო თანხის მოქმედების ვადა კი 2026 წლის 30 აპრილამდე გადაწია.
ღარიბაშვილის გადაწყვეტილებიდან ორ კვირაში, 2022 წლის 10 იანვარს, შპს “სისტემ ნეტმა” სასტუმროს ასაშენებლად და ვალდებულებების შესასრულებლად საქმეში 2 კვირის დარეგისტრირებული შპს “აუთლუქ ფორესტი” შემოიყვანა. ქონების ნაწილი, რამდენიმე ეტაპად, ამ ახალ კომპანიას გადაუფორმა, სანაცვლოდ კი “აუთლუქ ფორესტი” ვალდებულებებს გაიზიარებს და პასუხისმგებელი იქნება მათ შესრულებაზე.
ხელშეკრულების თანახმად, “აუთლუქ ფორესტი” თავისი ხარჯით ჯერ მიწას გეოლოგიურად შეისწავლიდა, გაარკვევდა, იყო თუ არა მშენებლობისთვის გამოსადეგი. შემდეგ კი, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, 120-ნომრიან სასტუმროს ააშენებდა, თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანდა და მშენებელ დეველოპერსაც თავადვე იპოვიდა. ვალდებულებების შესრულების საგარანტიოდ “სისტემ ნეტს” 1 მილიონ დოლარსაც გადაუხდიდა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ “აუთლუქ ფორესტის” მფლობელობაში ქონების, დაახლოებით, 75% გადავა.
შპს “აუთლუქ ფორესტი” ალექსანდრე დუნდუამ 2021 წლის 29 დეკემბერს დაარეგისტრირა. წინა დღით ირაკლი ღარიბაშვილმა შპს “სისტემა ნეტს” ჯარიმები ჩამოაწერა და მშენებლობის ვადა 2025 წლის დეკემბრამდე გაუზარდა. რეგისტრაციიდან 12 დღეში “აუთლუქ ფორესტმა” “სისტემ ნეტთან” ხელშეკრულება გააფორმა და სასტუმროსა და კორპუსის მშენებლობის ვალდებულებაც გაიზიარა.
ალექსანდრე დუნდუა “აუთლუქ ფორესტის” მფლობელი მხოლოდ ერთი დღით იყო. მეორე დღეს ის გიორგი გიგინეიშვილს უსასყიდლოდ გადასცა. ამ დროს გიგინეიშვილი ცნობილი ფიგურაა არაა, თუმცა ორ თვეში გახდება. მაშინ, როცა მას რომეო მიქაუტაძე, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურ დირექტორად დანიშნავს. მიქაუტაძე ახლა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაა დაკავებული.
გიორგი გიგინეიშვილის დანიშვნა “ელექტროსისტემის” გენერალურ დირექტორად
შპს “აუთლუქ ფორესტის” დირექტორის პოსტი გიგინეიშვილმა 2022 წლის თებერვალში, ელექტროსისტემაში წასვლამდე ერთი კვირით ადრე დატოვა. კომპანიის 100%-ანი წილიც ანა დუნდუას 1 000 ლარად მიყიდა. ანა დუნდუამ კი ორი წლის შემდეგ ეს კომპანია გიგინეიშვილის ძმას, გივი გიგინეიშვილს 3.8 მილიონ ლარად მიჰყიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანა დუნდუა გიგინეიშვილების ოჯახის წევრია.
“აუთლუქ ფორესტის” სოციალური ქსელის გვერდებზე მხოლოდ ამ ერთი კომპლექსის შესახებაა ინფორმაცია გამოქვეყნებული. ის მოხსენიებულია როგორც პრემიუმ კლასის, ბუნებით გარშემორტყმული ეკოლოგიური საცხოვრებელი/სასტუმრო კომპლექი თბილისში, კრწანისის ისტორიულ უბანში.
2022 წლის ნოემბერში “აუთლუქ ფორესტმა” უპირობო აუქციონზე სახელმწიფოსგან, სასტუმროსა და 28-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის გვერდით, 1 155 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწა 563 000 ლარად შეიძინა.
“აუთლუქ ფორესტმა” თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და მშენებლობის დასაწყებად “იორკ ჰოლდინგ გრუპი” შემოიყვანა. ეს კომპანია ეგვიპტის მოქალაქემ, ამრ აბდელგანმა საქართველოში 2017 წლის ივლისში დაარეგისტრირა და მისი მფლობელიც თავად იყო. თუმცა, 2019 წელს გადაწყვიტა, რომ იორკის 10-10% წილი სხვა მეწილეებისთვის მიეყიდა, თითოსთვის 2 მილიონ დოლარად. ეს მეწილეები კი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, ემზარ ივანიშვილი და მისი მეგობარი, გრიგოლ ხურციძე იყვნენ. მათსა და კომპანიას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მალევე გააუქმეს და 2020 წლის თებერვალ-სექტემბრის პერიოდიდან კომპანიაში არცერთი აღარ ჩანს. ემზარ ივანიშვილისა და გიორგი ხურციძის მეგობრობასა და მათ სამშენებლო ბიზნესთან კავშირებზე სტუდია “მონიტორი” თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში 2021 წელს ყვებოდა.
“იორკ ჰოლდინგ გრუპმა” თავის ვებ-გვერდზე “აუთლუქ ფორესტის” კომპლექსი მის პროექტებში შეიტანა და ბინების გაყიდვებიც დაიწყო. თავად კი, 2023 წლის აგვისტოში, 9 931 კვ.მ. ფართის მქონე ბინები და სასტუმროს ნომრები 12.9 მილიონ დოლარად შეიძინა.
ამ გარიგებამდე 4 თვით ადრე “აუთლუქ ფორესტმა” საჯარო რეესტრს თხოვნით მიმართა, რომ მიეცათ მათთვის გასაყიდი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება. სახელმწიფოს პოზიცია ასეთი იყო: ისინი არ იყვნენ წინააღმდეგი, გასაყიდი ქონება იპოთეკით დაეტვირთათ, თუმცა თუ ისინი ვალდებულებებს არ შეასრულებდნენ და დაარღვევდნენ ხელშეკრულების პირობებს, მაშინ იპოთეკით დატვირთული ქონებაც სახელმწიფოს დაუბრუნდებოდა და მომავალი მესაკუთრეც ვერ მოთხოვს სახელმწიფოს ზარალის ანაზღაურებას.
საეჭვოა, რომ კრწანისში მშენებლობა 2025 წლის ბოლომდე დასრულდეს, რადგან კომპანიამ 2025 წლის 7 ივლისს მიმართა თბილისის მერიას და პროექტიც ცვლილება და მშენებლობის ნებართვა ითხოვა. ამავე წერილში ატვირთულია დოკუმენტი, სადაც მშენებლობის ვადის გაგრძელებასაც ითხოვენ. ჯერ არქიტექტურის სამსახურს, ოფიციალურად, ამ თხოვნაზე საბოლოო პასუხი არ გაუცია. თუმცა, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რას გადაწყვეტენ.
მიუხედავად ამ გარემოებებისა, ნაკლებ საეჭვოა “ქონების ეროვნულმა სააგენტომ” ეს ტერიტორია და შენობა უკან დაიბრუნოს და მფლობელს ფინანსური ზარალი მიაყენოს. აბა დაფიქრდით, განა იყიდდა უჩა მამაცაშვილი სასტუმროს ოც ნომერს იმ შენობაში, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ უკან დაიბრუნოს და მას ქონება დააკარგვინოს? ან ყოფილი მოსამართლე გადაიხდიდა 150 000 დოლარზე მეტს იმ გარიგებაში, რომელიც კრახისთვისაა განწირული?
სასტუმროს პროექტის მაკეტი
პროექტში სასტუმროს გვერდით 28 სართულიანი შენობაც ჰქონდა მიდგმული. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ აქ 120-ნომრიანი სასტუმროს ნაცვლად 470-ნომრიანი სასტუმრო შენდება, დანარჩენ ფართში კი 250 აპარტამენტი, 335 ავტოსადგომი და 1 312 კვ.მ. ფართობის კომერციული სივრცე მოეწყობა. კომპანია კი აპარტამენტებს წინასწარ ყიდის და 1 კვ.მ.-ის ფასი 1 800 დოლარიდან იწყება.
ამ თემაზე სასაუბროდ შპს “სისტემ ნეტსაც” დავუკავშირდით, “ქონების ეროვნულ სააგენტოსაც”, და შპს “აუთლუქ ფორესტსაც”. თუმცა, კითხვებზე პასუხის გაცემა არავინ ისურვა.
“სისტემ ნეტის” იურისტმა გვითხრა, კითხვები მეილზე გამოგზავნეთ და კომპანია თუ საჭიროდ ჩათვლის, გიპასუხებთო, “აუთლუქ ფორესტმა” პირდაპირ უარი განაცხადა ჩვენთან ურთიერთობაზე და გვითხრა, რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია მათი კომპანიის საიდუმლოებაა.
ორივე ორგანიზაციიდან გვაინტერესებდა, როგორ დაიწყო მათი თანამშრომლობა, “სისტემ ნეტი” თავიდანვე აპირებდა თუ არა მესამე მხარის მოწვევას ამ პროექტში, კონკრეტულად რას გულისხმობდა მათი თანამშრომლობა, როგორ მოახერხეს 3.5 მილიონი ლარის დავალიანების ჩამოწერა და იყო თუ არა უჩა მამაცაშვილი ის ერთ-ერთი მხარე, ვინც პრობლემების მოგვარებაში დაეხმარათ.
კითხვები სამშენებლო კომპანია “იორკ ჰოლდინგსაც” გავუგზავნეთ. მათგან გვინდოდა გაგვეგო, კონკრეტულად რა იყო მათი როლი “აუთლუქ ფორესტის” პროექტში და ვისი ინიციატივით ჩაერთო ამ ამბავში. ასევე, რატომ პოზიციონირებდა ღია წყაროებში მუდმივად ის ამ მშენებლობასთან დაკავშირებით და იშვიათად ჩანდა “აუთლუქ ფორესტი”, თუმცა პასუხი არც მათგან მიგვიღია.
“ქონების ეროვნულ სააგენტოსგან” ვცდილობდით გაგვეგო, შეისწავლა თუ არა “სისტემა ნეტის” ფინანსური შესაძლებლობები, როდესაც მას აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი მისცა და იცოდა თუ არა, რომ ეს კომპანია, წლებია, წაგებაზე მუშაობს, რის გამოც მშენებლობა ვერ შეძლო, დამატებითი ინვესტორის მოძიების გარეშე. სააგენტოს წარმომადგენელმა, როგორც ყოველთვის გვითხრა, რომ ჩვენი წერილი განხილვისა და მზადების პროცესშია, თუმცა, სტატიის გამოქვეყნებამდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.




