ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს
დეკ 10, 2025

ვინ და როგორ ისარგებლა იმერეთის ქალაქების “განახლებით”?

ევროპისგან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ნასესხები თუ ნაჩუქარი ფულით საქართველოში ბევრი პროექტი გაკეთდა. მათ შორის იყო ისეთი ინფრასტრუქტურაც, რომლის მოწყობითაც მმართველი პარტია თავს წინასაარჩევნოდ იწონებდა და ამომრჩევლის ხმების მოზიდვასაც ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი “განახლებული რეგიონებია”, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, 2021 წელს - ესეც წინასაარჩევნოდ. 

ამ პროექტის მიზანი იყო რეგიონებში, კერძოდ კი 63 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება - საცხოვრებელი კორპუსებისა და ადმინისტრაციული შენობების ფასადების განახლება, სკვერების მოწყობა, გზების გაკეთება და ა.შ. ამისთვის, პირველ ეტაპზე, 500 მილიონი ლარიც გამოიყო. ამ თანხის ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მივიღეთ. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 4 წელში უნდა დასრულებულიყო. 

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით გარემონტდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, შენობები და პარკები, რაზეც ჯამში 121 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქვემოთ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითზე მოგიყვებით, რა და როგორ იყო. 

ეს გამოძიება ნაწილობრივ მაინც გიჩვენებთ, როგორი “წარმატებით” სრულდება ხოლმე ასე პომპეზურად გაპიარებული პროექტები რეგიონებში და ვინ უფრო სარგებლობს ამგვარი ინიციატივით: “ქართული ოცნების” ერთგული ბიზნესი თუ ქვეყანა და მისი მოსახლეობა. 


ქუთაისის ბულვარი - გაწელილი რეაბილიტაცია

 “ამას მოუნდნენ ამდენი ხანი? უკეთესიც შეიძლებოდა”, “რას ჰგავს, ბებერი რომ კბილებს დაკარგავს, ისეა, აქა-იქ ხეები”,  “ხეები ისე გამოხშირეს და გაკაფეს, ჩრდილიც აღარ არის, რომ სიცხეში სული მოითქვას ადამიანმა”, “სკამების სიცოტავე მომხვდა თვალში, აშკარად არ არის საკმარისი”, - ასე გამოეხმაურნენ ქუთაისელები ბულვარის გაჭიანურებულ რეაბილიტაციას. 

ქუთაისის ისტორიული ბულვარის განახლებაზე ფიქრი 2022 წელს დაიწყეს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. მას ერთადერთი მონაწილე, შპს “დაგი” ჰყავდა, შესაბამისად, მან გაიმარჯვა. ამ კომპანიას ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ შენობებისთვის ჯერ პროექტი უნდა შეედგინა და მერე რეაბილიტაცია ჩაეტარებინა. ამისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.

ქუთაისის ბულვარი რეაბილიტაციის პროცესში 

სამუშაოები 2023 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ სამჯერ გადაიწია. ჯერ იმის გამო, რომ საზედამხედველო კომპანიამ თქვა, პროექტი და ბულვარის ტერიტორიის საზღვრებია გადასახედიო. მერე მიზეზი ის გახდა, რომ პარკის ტერიტორიაზე დასარგავი ხე-მცენარეების ჩამოტანა დროულად ვერ მოხერხდა და ბოლოს, მერიამ კომპანიას დამატებითი სამუშაოების შესრულება სთხოვა - ბულვარის ორ მხარეს საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სივრცის მოწყობა. 

საბოლოოდ, სამუშაოს მიღება-ჩაბარების დოკუმენტი 2025 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა. კომპანიას 14.8 მილიონი ლარიც უკვე გადაუხადეს. 


ბაღდათისა და ტყიბულის “განახლება” 

ახალი ამბებიდან და მთავრობის პიარ-ვიდეოებიდან ვიცოდი, რომ ბაღდათში, ცენტრალურ ქუჩაზე, შენობების ფასადები გაარემონტეს. ერთ დღესაც ამ “განახლებული” შენობების სანახავად ჩავედი. 

ვერ უარვყოფ, რომ შორიდან ახლად რეაბილიტირებული შენობები ლამაზი ჩანდა. ახლოს მისულს კი სულ სხვა რეალობა დამხვდა. კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია შარშან დასრულდა, თუმცა მის კედელზე რკინას უკვე ჟანგი ჰქონდა მოდებული.

ადგილობრივებთან მივედი, რომ მათგან გამეგო, რამდენად ხარისხიანად შესრულდა საქმე, რომელშიც ჩვენი ბიუჯეტის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფული დაიხარჯა. იქ მაცხოვრებლების თქმით, კორპუსის შენობა არც გარედან ვარგოდა და არც შიგნიდან: სახურავიდან წყალი ჩამოდის და გარედან წვიმა ისე ასხამს, აივანიც კი გააფუჭაო, მითხრეს. 

შენიშვნა: ამ ბოლო ხანებში, “ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეპრესიებისა და ადამიანთა დაშინების კამპანიების გამო, ხალხს არ უნდა, ღიად გამოჩნდეს და აზრი თავისუფლად დააფიქსიროს. მით უფრო, თუ ეს აზრი ხელისუფალთა მიმართ კრიტიკულია. ამიტომ, ჩვენ ვითვალისწინებთ რესპონდენტების თხოვნას, მათ უსაფრთხოებას და სტატიაში არ ვუთითებთ იმ ადამიანების სახელსა და გვარს, რომელთაც ამ მასალის მომზადების პროცესში ვესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამ საუბრის აუდიოჩანაწერი გვაქვს. 

სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღდათში სულ ორი ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, ამ შესყიდვებში ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის ობიექტებიც შედიოდა. არ ვიცით, რამდენი დაიხარჯა ცალ-ცალკე ამ ქალაქებზე. მსგავსი დოკუმენტი საიტზე არაა ატვირთული. ეს ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდისგან კი მოვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვაწოდეს. 

“აქ ვცხოვრობ, მეხუთე სართულზე… რაც დავიბადე, სულ ვწვალობ და ვშრომობ და არაფერი არ არის. ამ კაცს [ავტორის შენიშვნა: მერს გულისხმობს] კი არ ვერჩი, მაგრამ რაც მქონდა გაკეთებული, ის დეეყენებინათ. თუ აკეთებდნენ, ხარისხიანად გეეკეთებინათ და თუ არა - სულ არა. სულ ჩამონგრეულია კედლები, ნახეთ, აგერ აივანზე. ჯერ ერთი, სამი წელი ტიტყნეს და ტიტყნეს…,” - გვეუბნება წერეთლის #13-ში, ფასადშერემონტებულ კორპუსში მცხოვრები.

ბაღდათის რეაბილიტირებული კორპუსის ფასადი 

“არაფერი არ გაკეთდა წესიერად - არც სახურავი, არც ფასადები და არც კედლები. წყალიც ჩამოდიოდა, სახურავიც არ იყო კარგად გაკეთებული. სულ ასხამდა შიგნით… ყველაფერს სახლში ხო არ შეინახავ, აივანზეც ვინახავდით და ყველაფერი გვისველდება,” - მცხოვრები N2. 

“გარედან რომ შეხედავ, კი, ლამაზია, მაგრამ ძველი ნაკეთობებიც და ყველაფერი იყრება. გარედან იფხვნება და ძირს ყრია სულ თეთრი რაღაცები. არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ, სიმართლე გითხრათ, რაც იყო, ისევ ის დაეტოვებინათ, ნეტა…” - მცხოვრები N3. 

ბაღდათლების მსგავსად, არც ტყიბულში მცხოვრებლები არიან დიდად კმაყოფილი ჩატარებული სამუშაოს ხარისხით. 

მუნიციპალური ფონდის დაკვეთით, ტყიბულში გაარემონტეს 37 შენობა: ადმინისტრაციული და საცხოვრებელი კორპუსები. პროექტის მიხედვით, მრავალსართულიანი შენობები გარედან შეღებეს, ზოგი მათგანი გადახურეს, მოაპირკეთეს კიბეები, მოაწყვეს წყალსაწრეტი სისტემა, სანტექნიკა და ჰიდროიზოლაცია; ჩასვეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, კედლები თეთრი პანელებით შეფუთეს და თერმოიზოლაციისთვის ქვაბამბაც გამოიყენეს. 

ამ სამუშაოებისთვის “საბა კონსტრაქშენმა” ბიუჯეტიდან 28 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 

“საბა კონსტრაქშენმა” ტყიბულში საქმიანობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის ბოლოს დაასრულა. საქმეს რომ მორჩა და ფასადები გაალამაზა, პრობლემებმაც მაშინვე იჩინა თავი. ადგილობრივებს საერთო საწუხარი ჰქონდათ: კორპუსების კედლებში, გარედან შეფუთვის შემდეგ, წყალი ჟონავდა და ბინებში ავეჯსა და რემონტს აზიანებდა. 

2023 წელს ტყიბულში ჩავედით და ამ ხალხის პრობლემებიც მოვისმინეთ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, პრობლემა უცვლელია. აი, რას გვიყვებოდნენ ანონიმურად:

“გზისპირა ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ტილოები მაქვს დატანებული. Ძველი რემონტი რომ იყო, ერთი წვეთიც არ ჩამოდიოდა, რაც ეს გაკეთდა, მას მერეა… სუნიც თავისებური აქვს. ‘პრარაბს’ დავურეკე, მოდი, რას ჰგავს სახლი ნახე-მეთქი. გვითხრა, საწვიმარი მილის ბრალია, ირგვლივ უნდა გაკეთდეს და მე ვიზამ მაგასო. იმის მერე წელიწადი და ხუთი თვე გავიდა….”, “რაც ავეჯი მქონდა, სიმწრით ნაყიდი, ყველაფერი გაოხრებულია…”- გვითხრეს გამსახურდიას N40-ის მცხოვრებლებმა.

“ნესტი კი არაა, წყალი შემოდის. კედელი სულ სველდება და ვწმენდ, რომ არ დაობდეს, სულ ღია მაქვს ფანჯარაც და რა ვიცი, მაინც ასეა. ჩემთან ნესტი არასდროს ყოფილა, ის რომ გააკრეს, [პანელი] იმის ბრალია. ჩემს მეზობელთან, მეოთხე სართულზე, სოკოებიცაა. არადა, ადრე არ იყო,” - გვითხრა გამსახურდიას N21-ის მობინადრემ. 

ტყიბულის რეაბილიტირებული კორპუსის ფასადი 

“ლამაზია. ფოტოს რომ აჩვენებენ, მტერს უფსებს თვალებსო, რომ ამბობენ ისეა და შიგნით ასეთი სურათია. ფურთხით გაკეთებულია, ბოდიში ამ სიტყვაზე და…,” - გვეუბნებოდა ადგილობრივი. 

“აქ 15 წლის გადმოსული ვარ, მაგრამ ასეთი ნესტი არ მახსოვს. ასეა ყველგან, სადაც [პანელები] გააკრეს,” - ამბობს გამსახურდიას N23-ის მობინადრე. 

“განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე ტენდერებს, ძირითადად, მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს. იმერეთის მასშტაბით სულ ცხრა ტენდერი გამოაცხადეს. ყველა მათგანი Design‑Build-ის მეთოდით მიმდინარეობდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ჯერ შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მოამზადოს და შემდეგ დაიწყოს რეაბილიტაცია. 

ამ მეთოდის გამოყენებით, აღარ არის გამჭვირვალე საპროექტო დოკუმენტაცია. იმიტომ, რომ შემსყიდველი ტენდერს აცხადებს არა დეტალურ პროექტზე, არამედ მხოლოდ ტექნიკურ მოთხოვნებზე. გამარჯვებული კომპანია თავად ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას და შემდეგ იმის მიხედვით აგრძელებს მუშაობას. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე კი ეს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, ჩვენს მიერ შესწავლილი ტენდერები პრეისკურანტით (წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ფასების ცხრილი) გამოცხადდა. 

მგფ-ის მიერ “განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის გამოცხადებული ოთხი ტენდერის ნომერი სანდრო ქევხიშვილს გავუგზავნეთ. ის “საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოში” ჯერ ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი იყო, დღეს კი პროექტის მენეჯერის პოზიციაზეა. მისი თქმით, ტენდერების პრეისკურანტით გამოცხადება ზღუდავს როგორც გამჭვირვალობას, ისე კონკურენციას კომპანიებს შორის. შედეგად კი ჩნდება ეჭვი სატენდერო პირობების კონკრეტული მიმწოდებლისთვის მორგებაზე. 

სანდრო ქევხიშვილი

“ორი პრობლემაა ჩემი გადმოსახედიდან. იმის გამო, რომ პრეისკურანტით შესყიდვა გამოიყენეს, არ არის საკმარისი გამჭვირვალობა. პრეისკურანტის გამოყენება ნიშნავს, რომ იქ არის ფასების ცხრილი უბრალოდ და შემდეგ ამ ფასებს იყენებენ. რეალური სამუშაო კი გაცილებით დიდია. სად რა კეთდება, მაგას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ფასების ცხრილზე კეთდება ეს ტენდერი და რეალური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მაგიტომ არ ვიცით. ანუ, სატენდერო დოკუმენტაციაში არ წერია წინასწარ. მეორე პრობლემა ისაა, რომ მაინცდამაინც კონკურენციაზე არ ზრუნავდნენ, როცა ამას გეგმავდნენ. იდეალურ შემთხვევაში, აქ უნდა იყოს ნაფიქრი იმაზე, რომ მივიღოთ ის სარგებელი, რაც კონკურენციას მოაქვს - შედარებით დაბალ ფასად, შეგიძლია უფრო უკეთესი შედეგი დადო. ნაკლები კონკურენცია როცა არის და ნაკლები გამჭვირვალობა, კორუფციის რისკი ყოველთვის იზრდება, “ - გვიხსნის ქევხიშვილი. 


თერჯოლა კმაყოფილია, თუმცა ბოლომდე მაინც არა

“განახლებული რეგიონების” პროგრამამ სახარბიელო შედეგი ვერც თერჯოლაში გამოიღო. ამ ქალაქშიც, ისევე როგორც სხვაგან, შეცვალეს, გაარემონტეს კორპუსების ფასადები და სახურავები,  რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერსაც. თუმცა, საქმე ისაა, რომ ხარისხით ვერც ფასადები დაიკვეხნის და ვერც სკვერი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ამ ტენდერში შპს “დაგიმ” გაიმარჯვა. კომპანიამ 7.7 მლნ ლარი აიღო მხოლოდ თერჯოლაში შესრულებული სამუშაოებისთის. სატენდერო დოკუმენტებში, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, დაკონკრეტებული არაა, რა თანხა დაიხარჯა ცალკე თერჯოლის შენობებზე და ცალკე სკვერზე. პროექტები სამინისტროსგანაც მოვითხოვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც, თუმცა არ მოგვაწოდეს. 

იმ საჯარო დოკუმენტებიდან, რაც ხელმისაწვდომია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თერჯოლაში ამ კომპანიას სულ 5 შენობა უნდა გაერემონტებინა. პირველი ეტაპის სამუშაოები რუსთაველის N105, N107  და N100 ნომრებში მდებარე კორპუსებს ითვალისწინებდა, ამ შენობებთან ერთად მერიის შენობასაც შეუცვალეს ფასადი. შემდეგ კი დაემატა რუსთაველის N114 და ლეონიძის N1 კორპუსები. სამუშაოები “დაგიმ” 2021 წელს დაიწყო და 2023-ში დაასრულა. 

21 ოქტომბერს თერჯოლას ვესტუმრეთ და ყველა ეს შენობა მოვინახულეთ. აქ ბაღდათისგან და ტყიბულისგან განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა. მაგალითად, რუსთაველის N107 კორპუსში აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს აივნებზე წყალი ასხამს, თუმცა ამის გამო მოსახლეობა დიდად არ წუხს. “ძველს ჯობიაო”, - გვითხრეს ადგილზე. 

“წყალი კი აწვიმს, როცა წვიმს, მაგრამ რავიცი… მანამდე, გაკეთებამდე არ გვაწვიმდა, ახლა აწვიმს, მაგრამ კარგია მაინც… ძველს ჯობია. წვიმის დროს ქარი როცაა, მაშინ ასხამს. რა ვქნათ? ვწმინდავთ. ვეგუებით,” - გვითხრა მაკა სოფრომაძემ. 

“ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, კი ვართ კმაყოფილები. წყალს კი ასხამს ისე, მაგრამ რომ გაგვიკეთეს და მაინც… რაც იყო, იმას ჯობია. წყალი ისე კი გვაწუხებს. წვიმის წყალი ეშხეფება აივანზე, სარეცხს ვერ ვფენთ, ასველებს… რომ გააკეთეს, მაინც კარგია, რაც იყო იმას ჯობია,” - გვეუბნება სოფიო გოგოხია. 

107 ნომერი კორპუსისგან განსხვავებით, აივნები არ შეუცვლიათ რუსთაველის N114-ში.  მაცხოვრებლებმა გვითხრეს, კი დაგვპირდნენ ფანჯრების და აივნების შეცვლას, მაგრამ პირობა არ შესრულდაო. აქ მხოლოდ კორპუსის წინა ფასადი შეუღებავთ. 

“მარტო გარედან ფასადი შეიცვალა, შეღებეს. აივანი რაც იყო ის დარჩა. გვითხრეს, რომ ფანჯრებსაც შეცვლიდნენ, ყველა კორპუსში შეცვალეს, მაგრამ ჩვენთან მერე აღარ შეიცვალა, რატომღაც, არ ვიცი. მერე ფანჯრები არც გავწმინდეთ, იმიტომ რომ ვიცოდით ყველგან შეიცვალა და ჩვენც შეგვიცვლიდნენ. რასაც ხედავთ, გარედან შეღებილს, ასეა. სახურავი გამგეობამ გაგვიკეთა. მერიაში ასე გვითხრეს, რახან სახურავი შეგიცვალეთო, აღარ დარჩა თანხა აივნების შესაცვლელადო”, - გვიყვება ნატო გურაბანიძე. 

თერჯოლის რეაბილიტირებული სკვერი, რომელიც ორ წელში დაზიანდა

ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტიდან ჩანს, რომ ლეონიძის N1 კორპუსის ფასადიც უნდა გარემონტებულიყო, თუმცა ადგილზე მისულებს არც შეცვლილი დაგვხვდა რამე და არც განახლებული. ამბავი თერჯოლის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან მოვიკითხეთ. გოდერძი თურქაძემ გვითხრა, რადგან დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო, მათ სრულყოფილ პროექტთან შეხება არ ჰქონიათ. შესაბამისად, არ იცოდნენ რა მოხდა ამ კორპუსთან დაკავშირებით.

“ესაა პირველი ნომერი. ამ კორპუსის გარდა ყველას გაუკეთეს წინიდან, მაგრამ ჩვენსას არა. არ იყოო პროექტშიო. ვითომ გვითხრეს, მეორე ეტაპზე იქნებაო, მაგრამ არ გააკეთეს,” - გვითხრა კორპუსის მაცხოვრებელმა, ვინაობის გამხელის გარეშე. 

რაც შეეხება სკვერს, რომელიც თერჯოლაში ტაძრის წინ მოეწყო. სამუშაოები 2023 წელს დასრულდა. ორ წელში კი დაგებული ფილები დაზიანდა. როგორც თერჯოლის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს,  კომპანიას მისი თავიდან გაკეთება მოუწია. რამდენ ხანს გაძლებს, ამას დრო გვიჩვენებს. 


ვინ ისარგებლა პროგრამით? 

“განახლებული რეგიონების” ფარგლებში ტენდერებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებდა. მგფ 1997 წელს შეიქმნა. ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ეს ფონდი ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მაგალითად, როგორიცაა ქალაქის ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია და ა.შ. ამ ყველაფრის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო კი საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან გამოყოფილი თანხებია. “განახლებული რეგიონების” პროგრამაც ნაწილობრივ მათი  წყალობით განხორციელდა. 

მგფ-მა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სულ 9 ტენდერი გამოაცხადა. აქედან 5 ტენდერში “დაგიმ” გაიმარჯვა. თითო-თითო ტენდერი შეხვდა ამხანაგობა “დბს”-ს,  ამხანაგობა “ენბას”, “საბა ქონსთრაქშენს” და “იკორთა_2007”-ს. კომპანიებმა, ჯამში, ამ პროგრამიდან მხოლოდ იმერეთში 128 მილიონ ლარზე მეტი აიღეს. (2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით)


ახლა კი ამ კომპანიებსა და მათ კავშირებზე ცალ-ცალკე მოგიყვებით. 


“დბს” და “ენბა” - ვინ დგას მათ უკან?

ამხანაგობაში ორი ან მეტი კომპანია ერთიანდება. ირქმევს სახელს, დებს შესაბამის ხელშეკრულებას და მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. 

ამხანაგობა “დბს” 2021 წელს დააფუძნა ორმა კომპანიამ შპს “ქალაქპროექტმა” და შპს “ენსისიმ”. “დბს” “განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ოთხ ტენდერში მონაწილეობდა და ორში გაიმარჯვა. მგფ-მა ამხანაგობას ერთი ტენდერით ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში დაავალა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მეორეთი კი იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. ჯამში, “დბს”-ს ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი გადაუხადეს. ( 7 ნოემბრის მდგომარეობით)

ამხანაგობა “ენბა” კი  ორი წლის წინ “ენსისიმ”/ “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტმა” და “კარკასმა” დააფუძნა. 2023-2024 წლებში “ენბამ” სულ ორ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ჯერ ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია დაევალა, მერე კი საჩხერესა და ბაღდათში სხვადასხვა ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო. ამ ეტაპზე, ჯამში, 25 მილიონ ლარზე მეტი აქვს აღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეა. 

ამ ორივე ამხანაგობას საერთო მფლობელი ჰყავს - “ენსისი”. ეს კომპანია რეესტრში 2007 წელს დარეგისტრირდა. მაშინ მისი მფლობელები ცოტნე ტონია და გია კალანდაძე იყვნენ. კომპანიის ხელმძღვანელად კი გიორგი ქელბაქიანი დაინიშნა. 2019 წლის აგვისტოდან კი 100-პროცენტიანი წილი ქელბაქიანს ეკუთვნის. 

გიორგი ქელბაქიანი 

ქელბაქიანი 2012 წლის ნოემბერში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად ბრალი წარუდგინეს “ენსისის” ფინანსურ დირექტორს, არჩილ ჩოგოვაძეს. “სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს[…] ბრალი წარედგინებათ სისხლის სამართლის 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ნიშნავს,” - ეწერა შსს- ს განცხადებაში. 

ქელბაქიანს 150 ათას ლარიანი გირაო გადაახდევინეს, ხოლო ჩოგოვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს მივწერეთ, გვინდოდა გაგვეგო როგორ დასრულდა ეს საქმე და ასევე, ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სასამართლოს სხდომის ოქმები. პასუხი მათგან ამ დრომდე არ მიგვიღია. 

მიუხედავად ასეთი წარსულისა, გეგი ქელბაქიანის კომპანიამ მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში წარმატებით ასპარეზობა გააგრძელა. ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქელბაქიანი თბილისის მერთან, კახი კალაძესთან დაახლოებული პირია. ამ მოსაზრებას ამყარებს თბილისის მერიის მიერ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობაც. 

სახელმწიფო შესყიდვებში ეს კომპანია 2011 წელს გამოჩნდა. თუმცა, პირველი ტენდერი 2015 წელს მოიგო. მაშინ თბილისის მერიამ ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაუკვეთა და 2 მილიონ ლარამდე თანხაც გადაუხდა. 

ქელბაქიანის შპს “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტმა” 2015-2022 წლებში სულ 50 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამში კი, 200 მილიონ ლარამდე აიღო. ყველაზე მეტი, 30 შესყიდვა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ იყო გამოცხადებული და ამ ტენდერებით კომპანიამ 88 მილიონ ლარამდე თანხა მიიღო. თბილისის მერია ყველაზე ხშირად ქალაქის მასშტაბით გზების კაპიტალურ შეკეთებას და ხიდების რეაბილიტაციას ავალებდა ხოლმე. გარდა ამისა, თბილისის მერიამ და სხვა უწყებებმა “ენ სი სის” ანდეს ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიც იყო: 

  • 2015 წელს - ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, დაიხარჯა 2 მილიონი ლარი;
  • 2016 წელს - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები; დაიხარჯა 3  მილიონ ლარზე მეტი;
  • 2017 წელს - ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ში მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები; დაიხარჯა 5.8  მილიონი ლარი;
  • 2022 წელს -  მდინარე გლდანულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაიხარჯა 5.3 მილიონი ლარი. 


შპს “დაგი” - ვინ დგას მის უკან?

შპს “დაგი” საჯარო რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოგი გულორდავა და ანზორ ჩხეტია იყვნენ. ახლა კი გულორდავა და თამარ ჩხეტია ფლობენ. ხოლო დირექტორი მიხეილ შარანგიაა. რეგისტრაციის დროს დაგის ძირითადი საქმიანობა სავაჭრო-კომერციულ მიზნებს მოიცავდა, ეს გულისხმობდა საქონლის შესყიდვა-რეალიზაციას, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტების შექმნასა და ექსპლუატაციას. კომპანიამ პროფილი შეიცვალა და 2011 წლიდან აქტიურად დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. დღეს კი “დაგი” ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც მსხვილ და ძვირადღირებულ პროექტებს ანდობენ. 

პირველი ტენდერი 2011 წელს უკონკურენტოდ მოიგო. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიის პოლიციის ძველი ადმინისტრაციული შენობების რემონტი დაუკვეთა და ამისთვის 418 200 ლარი გამოუყო. 2011 წლის ბოლოდან 2012 წლის ზაფხულამდე, პირველი 11 ტენდერი ისე მოიგო, რომ მას კონკურენტი არ ჰყოლია. 

კომპანია “დაგის” მიერ გარემონტებული ერთ-ერთი სკვერი ხონში

2011-2025 წლებში სულ 107 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 823 მილიონი ლარი აიღო. აქედან 544 მილიონი ლარის 31 ხელშეკრულება მხოლოდ მგფ-მ გაუფორმა. “დაგი” მუნიციპალური განვითარების ფონდთან თითქმის უკონკურენტოა. 31 ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია. თანაც ისეთ მსხვილ ტენდერებში, როგორიცაა “განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვები. მაგალითად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად აიღო:

  • 2021 წელს - 22 მილიონი ლარი ახმეტის, თელავის, ყვარელის და ლაგოდეხის ლოკაციებზე;
  • 2021 წელს - 21.7 მილიონი ლარი მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთის ლოკაციებზე;
  • 2022 წელს -  22.5 მილიონი ლარი ფოთისა და სენაკის ლოკაციებზე.

“განახლებული რეგიონების” პროგრამის გარდა “დაგიმ” თითქმის უკონკურენტოდ მიიღო საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები. მუნიციპალური განვითარების ფონდმა აქ სულ 5 ხელშეკრულება გაუფორმა, ჯამში 275 მილიონ ლარამდე ღირებულების.


“საბა ქონსთრაქშენი” - რა ვიცით მასზე?  

შპს “საბა კონსტრაქშენს” 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 1.6 მილიარდი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. კომპანია 2012 წელს ბიძაშვილებმა, მალხაზ და სლავა შერაზადიშვილებმა სამშენებლო საქმიანობისთვის დაარსეს. 2013 წელს სახელმწიფო ტენდერებშიც დაიწყეს მონაწილეობა. 

1.4 მილიონ ლარის პირველივე ტენდერი ისე მოიგო, რომ მანამდე ტენდერში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია. სამუშაობის დამკვეთი “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” იყო, რომელმაც კომპანიას მცხეთასა და ქარელში ორი სკოლის აშენება დაავალა. სამუშაოების გამოცდილებად კომპანიამ მხოლოდ ერთი, სასტუმრო “ჯინო ველნესის” სამშენებლო სარემონტო სამუშაოები წარადგინა. 

ახლა კომპანიის მფლობელი შპს “საბა ინვესტია”, რომელსაც სლავა შერაზადიშვილი ფლობს. შერაზადიშვილი ქარელიდანაა. შიდა ქართლში მოქმედი ადგილობრივი მედია “მოზაიკა” არჩევნებამდე წერდა, რომ შერაზადიშვილი “ოცნების” ხმების მოსაზიდად ათიათასობით ლარს ხარჯავდა ქარელში. 

“ფულის დარიგების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში სლავა შერაზადიშვილი აფინანსებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაცია და მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება იყო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, 13 სექტემბერს მისი დაფინანსებით ჩატარდა სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირი, სადაც საპრიზო ფონდი 175.000 ლარი იყო. მანვე დააფინანსა ტურნირის შემდეგ გამართული “ღამის შოუს ბენდის” კონცერტიც. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კი, “ერისიონის” და “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩაატარა აგარაში. მუსიკალური ღონისძიების სავარაუდო ხარჯი 40 000 ლარია”, – წერს “მოზაიკა”. 

სლავა შერაზადიშვილი 

შერაზადაშვილის გარდა “საბა კონსტრაქშენთან” ირიბად დაკავშირებულია “ოცნებასთან” დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენი – გიორგი კაპანაძე, იგივე “რიჟა”. აი, როგორ: 2013 წლიდან დღემდე “საბა კონსთრაქშენის” დირექტორია ლევან თარგამაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა გიორგი კაპანაძის ბიზნესს – სს “რეალ ინვესტს”.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში გიგი უგულავას დაპატიმრებისას მოექცა. ის ოცნების “ოქროს მოწმე” იყო თბილისის ყოფილი მერის საქმეში. 2014 წლის ივლისში უგულავა და მისი ქვისლი სწორედ კაპანაძის ჩვენებებისა და მისი დახმარებით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ ციხეში.


საზედამხედველო კომპანია  - “ინდუსტრია”

“განახლებული რეგიონების” პროგრამა რომ წარმატებულად განხორციელებულიყო, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ცალკე გამოაცხადა ტენდერები სამუშაოს ზედამხედველობისთვის. ანუ, ასე შეარჩიეს კომპანია, რომელიც თვალ-ყურს ადევნებდა მიმდინარე სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 4 ტენდერში 4 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს “ინდუსტრიას”. 

კომპანია “სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია” 1999 წელს დაარსდა. მაშინ მისი დირექტორიც და მფლობელიც ლევან მახვილაძე იყო, ახლა კი კომპანიის წილებს კახა მახვილაძე, ლევან ფაშიაშვილი და ლევან მახვილაძე ინაწილებენ. 

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო, თუმცა მგფ-თან მისი თანამშრომლობა 2019 წლიდან იწყება. 2017 წლიდან დღემდე “ინდუსტრიას” 35 ტენდერი აქვს მოგებული, მათგან 22 კი მგფ-ს გამოცხადებული იყო. ბოლო ცხრა წელში კომპანიამ 43.8 მილიონი მიიღო ტენდერებიდან, აქედან 29.6 მილიონი მგფ-სგან. 

საზედამხედველო საქმიანობის გარდა, “ინდუსტრია” სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის საპროექტო დოკუმენტაციებსაც ამზადებს. მაგალითად, ამ კომპანიამ მოამზადა იმერეთის ცხრამეტი სკოლის პროექტი, აქედან 10 კი ან დროში გაჭიანურდა, ან საერთოდ დასანგრევი გახდა. მიზეზი, ძირითადად, ერთი იყო - კომპანიას სამშენებლო ტერიტორია სათანადოდ არ ჰქონდა ნაკვლევი და ამის გამო მშენებელი კომპანიები გზადაგზა დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ. 

ინდუსტრიას მიერ მომზადებული პროექტით რეაბილიტირებული სკოლა, რომლის სამუშაოებიც გაჭიანურდა 

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია შეაფასა და სპეციალური ანგარიში მოამზადა სახელმწიფო აუდიტმა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ინდუსტრიას” მომზადებული პროექტები ხშირ შემთხვევაში ხარვეზიანი იყო, რის გამოც რეაბილიტაცია ფერხდებოდა. 

“საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტები, ხშირ შემთხვევაში, შედგენილია ფაქტობრივად შესასრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობებით. შედეგად, საჭირო გახდა ხელშეკრულებებში არაერთჯერადი ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად, სახელშეკრულებო ღირებულებების და სამუშაოების დასრულების ვადების მნიშვნელოვნად გაზრდა, რამაც გამოიწვია ბენეფიციარებისთვის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების − რეაბილიტირებული სკოლების დაგვიანებით მიწოდება”, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2025 წლის 25 აპრილს გამოქვეყნდა. 

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის მიღებას ედავება ხომ? იქნებ, “განახლებული რეგიონების” პროგრამა, რომელიც ასეთი პომპეზურობით წარადგინა მაშინდელმა პრემიერმა, სასარგებლო მხოლოდ იმ კომპანიებისთვის არ იყო, რომელმაც ტენდერები მოიგო? იქნებ, ღარიბაშვილმაც იხეირა ამ ფულით? სუს-ს ამ კითხვებზე პასუხები უნდა ჰქონდეს, თუმცა, დუმილი მეტად მოსწონთ, ვიდრე გამჭვირვალობა.

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon