ავტორი: ეთო მიდელაშვილი
“დემურ გადელია იშვიათი ადამიანური თვისებებითაა შემკული… მისი შინაგანი სამყაროს მუდმივი თანმდევი გახლავთ სამშობლო, ღმერთი და ადამიანი… [ბატონი დემური] არამხოლოდ სამეგრელოში, სადაც ცხოვრობს, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში ნახევარ საუკუნეზე მეტია აგებს მშვენიერ გზებს, აშენებს და ქმნის ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია ყოფითი ცხოვრების გასაუმჯობესებლად…”
ეს სიტყვები 2023 წელს გამოცემულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” გვერდებზე ამოვიკითხე. ზუსტად ამ დატვირთვის იქნებოდა ყველა სტატია და გამოცემა, საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია რომ არ არსებობდეს. მაგრამ რადგან ჯერ კიდევ არსებობს, “შავი წიგნის” ამ მასალაში გიყვებით, როგორ მონაწილეობენ სენაკის მერის ბიძა და ბიძაშვილი - დემურ და იოსებ გადელიები - სახელმწიფო შესყიდვებში.
გადელიების ოჯახური ბიზნესი
2021 წლის აგვისტოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, “ქართულმა ოცნებამ” სენაკის მერობის კანდიდატად 35 წლის ვახტანგ გადელია წარადგინა.
“მზად ვარ, საკუთარი ცოდნა უკვე მერის რანგში მოვახმარო მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ქვეყანას,” - თქვა გადელიამ და ამომრჩევლებს სენაკის თითოეული სოფლისა და ქალაქის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას დაჰპირდა.
მას არც მმართველი პარტიის ქება დავიწყებია: “შეუძლებელია, არ დააფასო ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასწია იმისთვის, რომ დღეს სენაკი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრად წინ ყოფილიყო, ვიდრე ეს იყო 2012 წელს.”

სენაკის მერი ვახტანგ გადელია მისი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, 2025 წლის 30 სექტემბერი
21 ნოემბერს მან მერის პოსტი დაიკავა. გადელიასთვის სენაკის მერობა პირველი საჯარო თანამდებობა იყო. ამიტომ, პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს წარადგინა. იქ ჩაწერა, რომ ფლობდა მხოლოდ ერთ ბინას თბილისში, რომელიც 2020 წელს 28 400 აშშ დოლარად შეიძინა და მსუბუქ ავტომანქანებს (მერსედესი C180-სა და მიცუბიშს). მისი მშობლები, კარლო და დაგმარა გადელიები კი ფლობდნენ ერთ მანქანას (ლექსუსი ES300); 2021 წელს 22 000 აშშ დოლარად შეძენილ 31 კვ.მ. ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე და 1 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს ლისზე, შეძენილს 36 000 აშშ დოლარად.
ახლა კი, საჯარო რეესტრის მიხედვით, კარლო და დაგმარა გადელიები ფლობენ საკარმიდამო მიწას სენაკში, საცხოვრებელ ფართს, 3 ბინას თბილისში, 2 მიწის ნაკვეთს ტაბახმელასა და ლისზე. მათგან ერთი 187 კვ.მ ფართობის მშენებარე ბინა მათ დემურ გადელიამ აჩუქა. 2023 წელს დაგმარამ 7 000 დოლარად იყიდა “Mercedes-Benz,” კარლომ - 2024 წელს 10 000-დოლარიანი “ტოიოტა.” როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, კარლო გადელია სს “არქეოპოლისის” სპეციალისტია და გასულ წელს იქ 15 000 ლარი გამოიმუშავა.
2023-2024 წლებში კარლო გადელიას შემოსავალი 56 300 ლარი იყო და 129 000 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება იყიდა.

4 ოქტომბერს ვახტანგ გადელია სენაკის მერი მეორე ვადით გახდა. თუმცა, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის დაცვით თავს კვლავ არ იწუხებს - ის დღემდე დირექტორის პოსტს იკავებს ოთხ კომპანიაში. (შემოსავლების სამსახურის მიხედვით, მათგან სამი პასიურია, ერთი - აქტიური. თუმცა, ლიკვიდირებული არც ერთი მათგანი არ არის). არადა, კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.
დეკლარაციაში წერს, რომ ამ კომპანიებიდან მას შემოსავალი არ მიუღია. ოთხივე კომპანია მისი დაფუძნებულია და მათში წილებსაც ფლობს. თუმცა, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების შემდეგ, არც დირექტორის პოსტი დააუტოვებია და არ წილები გადაუცია მართვის უფლებით სხვა პირისთვის, რაც კანონდარღვევაა.
ვახტანგის ბიძა, დემურ გადელიაც ადრე საჯარო პირი - საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო 1994-2004 წლებში. საკანონმდებლო ორგანოში ის სენაკის მაჟორიტარის პოსტს იკავებდა, სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

სამთავრობო-პროპაგანდისტულ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული სტატია
სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისის” დამფუძნებელ დემურ გადელიაზე.
შემდეგ საპარლამენტო საქმიანობა დაასრულა, თუმცა პოლიტიკასთან კავშირი არ გაუწყვეტია: 2012 წელს დემურ გადელიამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულ “საქართველო არ იყიდებას” 60 000 ლარი შესწირა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მისი “პოლიტიკური კომპასი” “ქართული ოცნებისკენ” გადაიხარა: 2014 წელს გადელია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. 2023-ში მის სს “არქეოპოლისს” “ქართული ოცნებისთვის” 76 000 ლარი აქვს ჩარიცხული. თუმცა, მისი გულუხვობა აქ არ მთავრდება - გადელია სამთავრობო-პროპაგანდისტულ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასაც” აფინანსებდა. ამ გაზეთში კი დემურის საქებარი სიტყვების გარდა, მისი ძმისშვილის, ვახტანგ გადელიასა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების ქებასაც ამოიკითხავთ.
დემურ გადელია, მისი დეკლარაციის მიხედვით, 2004 წელს ფლობდა: საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხს სენაკში, აგარაკს წყნეთში და ორ მსუბუქ ავტომობილს. ახლა კი, საჯარო რეესტრის მიხედვით, გადელიას მხოლოდ თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაძე აქვს 7 ბინა, 21 ავტოსადგომი, 2 მცირე, ერთი კომერციული და 5 საოფისე ფართი.
ამ ქონებას ემატება საცხოვრებელი და სამეურნეო ფართი თბილისში, მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, “კოხტის ძირში” და საკარმიდამო ნაკვეთი სენაკში. რაც შეეხება კომპანიებს, სს “არქეოპოლისის” აქციების გარდა, დემურ გადელია ფლობს შპს “მშენებელი-999”-სა და შპს “მშენებელი 77”-ს.
იოსებ გადელია კი დემურ გადელიას ძმისშვილი და სენაკის მერის ბიძაშვილია. პროფესიით ინჟინერია. ამჟამად, ფლობს შპს “არქეოპოლისი 2007”-ს, შპს “ინდიკოს,” “ნიუ სთარს,” “ელიტ კონსტრაქშენის” 50%-ს, “ელიტ პალასის” 50%-სა და “როიალ სნეილის” 45%-ს. ამ კომპანიების ნაწილის საქმიანობის სფერო მშენებლობაა, ნაწილის - სატრანსპორტო გადაზიდვები, “როიალ სნეილი” კი ლოკოკინების ფერმაა.
ბიძა-ძმისშვილის მონაწილეობა ტენდერებში
2017 წელს, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ასფალტის დასაგებად ტენდერი გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ორმა კომპანიამ, სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისმა” და შპს “ინდიკომ” მიიღო. პირველი კომპანია მუნიციპალიტეტს ამ სამუშაოს შესრულებას 2 307 777 ლარად სთავაზობდა, მეორე - 2 720 591 ლარად.
412 000 ლარზე მეტის დაზოგვა სამტრედიის ბიუჯეტისთვის ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე კანდიდატს, ანუ სს “არქეოპოლისს” ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება მოსთხოვა. “არქეოპოლისმა” საპასუხოდ არაზუსტი დოკუმენტაცია წარადგინა, თანაც დაგვიანებით. ამიტომ, მას დისკვალიფიკაცია მისცეს და ავტომატურად, გამარჯვებული შპს “ინდიკო” გახდა, რომელიც მაშინაც იყო და ახლაც თეთრ სიაშია.

იოსებ გადელია, შპს “ინდიკოს” დამფუძნებელი და მფლობელი
ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. გარდა ამისა, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ და სახელმწიფო შესყიდვის პირობებს არღვევდნენ. საუბარია, “არქეოპოლისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დემურ გადელიასა და შპს “ინდიკოს” მფლობელ იოსებ გადელიაზე.
“სს “არქეოპოლისს” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილების გათვალისწინებით, გააჩნდა ყველანაირი რესურსი, რომ დროულად და უზუსტობების გარეშე წარმოედგინა სატენდერო დოკუმენტაცია, რაც არ განუხორციელებია […]. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს კი არ უმსჯელიათ პრეტენდენტების მხრიდან აფიდავიტის [შესყიდვის პირობის] შესაძლო დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ,” - წერდა აუდიტის სამსახური 2019 წელს და შესაბამის ორგანოებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებდა. მერიას კი ურჩევდა, პრეტედენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოსავლენად კონტროლის დამატებითი მექანიზმები შეემუშავებინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობისას კომპანიები მოთხოვნებს ეთანხმებიან და ამით ადასტურებენ, რომ სატენდერო წინადადება შეადგინეს კონკურენტისგან დამოუკიდებლად. ასევე, ადასტურებენ, რომ მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, წინადადების ფასსა და სხვა საკითხებზე პრეტენდენტებს შორის კონსულტაცია/კომუნიკაცია/შეთანხმება/მოლაპარაკება არ გამართულა.
ამ წესის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ორ წლამდე ვადით.
სამტრედიის მერიიდან მოგვწერეს, რომ ამ ამბის გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართეს. ჩვენ მათ ისიც ვკითხეთ, თუ როგორ ამოწმებენ კომპანიების შესაძლო ან საეჭვო კავშირებს, (მათ შორის, ნათესაურს) ტენდერის მიმდინარეობისას.
“როგორც ადრე, ახლაც ხდება, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხევაში, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების გადამოწმება, ხომ არ არიან მონაწილე პრეტენდენტები ერთმანეთის პარტნიორები, ასევე მოწმდება ხომ არ არიან/იყვნენ კონტრაქტორი - ქვეკონტრაქტორი,” - მოგვწერა სამტრედიის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კი გვითხრეს, “შემდგომი რეაგირების მიზნით,” ანგარიში პროკურატურაშიც გადავგზავნეთო. პროკურატურიდან გვიპასუხეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ სამსახურებრივი გულგრილობის გამო დაიწყეს და დღეისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა ვინმეს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ეს ამბავი რომ წავიკითხე, ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, ამ კომპანიების სხვა ტენდერებიც შემესწავლა. შესყიდვების სისტემაში ათობით ტენდერი ვიპოვე, რომელშიც ბიძა-ძმისშვილი ერთმანეთს უწევდნენ “კონკურენციას.” მათგან სამში ისინი აუდიტის სამსახურის მიერ აღწერილი შემთხვევის მსგავსად მოქმედებდნენ.
საეჭვო ტენდერი N1. 2018 წელს სენაკის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ამ ტენდერშიც მხოლოდ “არქეოპოლისი” და “ინდიკო” მონაწილეობდნენ. დემურ გადელიას კომპანია შემსყიდველს სამუშაოების შესრულებას 1 646 025 ლარად სთავაზობდა, მისი ძმისშვილის კომპანია კი 302 331 ლარით ნაკლებად. თუმცა, ამჯერად ის დისკვალიფიცირდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო და ხელშეკრულება “არქეოპოლისთან” დაიდო.

შპს “ინდიკო” სამუშაოების შესრულებისას
საეჭვო ტენდერი N2: 2020 წელს აბაშის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და რკინიგზის სადგურის მოედნის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 1 051 501 ლარი იყო. შესყიდვაში სამი კომპანია მონაწილეობდა:
- შპს “ბილდინგ გრუპ 17” [შეთავაზებული თანხა: 1 051 501 ლარი];
- შპს “ინდიკო” [შეთავაზებული თანხა: 974 777 ლარი];
- სს “არქეოპოლისი” [შეთავაზებული თანხა: 841 202 ლარი].
“არქეოპოლისი” ისევ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირდა და ხელშეკრულება “ინდიკოსთან” გაფორმდა. საბოლოოდ, მან ამ ტენდერიდან 952 100-ზე მეტი ლარი მიიღო.
საეჭვო ტენდერი N3. 2021 წელს აბაშის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში “ინდიკო” დისკვალიფიცირდა და “არქეოპოლისმა” გაიმარჯვა. შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტში გზები ამჯერადაც იმ კომპანიამ დააგო, რომელიც შემსყიდველს მეტ თანხას სთავაზობდა.
ტენდერები “არქეოპოლისისთვის”
შესყიდვების ელექტრონული პორტალის მიხედვით, “არქეოპოლისი” ტენდერებში 2011 წლიდან მონაწილეობს და დღემდე 220 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული (სახელმწიფო დაწესებულებებთან ხელშეკრულებებს ადრეც აფორმებდა, თუმცა რადგან სახელმწიფო შესყიდვები 2011 წლამდე საჯარო არ იყო). ამ სტატისტიკას მცირედით ჩამორჩება შპს “ინდიკო”, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 117 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული (2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით).
ორივე კომპანია, ძირითადად, სამეგრელოს ან იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს. მათთან ხელშეკრულებებს მარტვილის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ფოთის, სამტრედიისა და ხონის მერიები აფორმებენ. ხანდახან კი მუნიციპალური განვითარების ფონდი ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ხშირია შემთხვევები, როცა ტენდერებში ამ კომპანიებს კონკურენტი საერთოდ არ ჰყავთ. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ძირითადად, მუნიციპალიტეტებს დეტალურად და ხანდახან ამ კომპანიებზე მორგებულად აქვთ გაწერილი თავიანთი მოთხოვნები. ასეთი რამდენიმე შესყიდვა ვიპოვეთ. მაგალითად, 2024 წელს სენაკიის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში, სადაც მხოლოდ “არქეოპოლისი” მონაწილეობდა, ვკითხულობთ, რომ:
- პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება;
- 2021 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების საერთო ღირებულება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 31 მილიონი ლარი;
- კომპანიას ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით “არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა";
- მოთხოვნილი იყო დამატებითი დოკუმენტაციაც.
ეს ტენდერი ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ-ერთი საუბნო გზის და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ეხებოდა. წესით, ეს არაა იმ სირთულის სამუშაო, რომ ამგვარი მოთხოვნები წაეყენებინათ მონაწილეებისთვის, მაგრამ თუ შემსყიდველს ტენდერის ვინმე კონკრეტულ პირზე მორგება უნდა, მაშინ ყველაფერს იღონებს.

2024 წლის 17 იანვარს ხობის მერიამ 6 ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაციისთვის 10.8-მილიონიანი შესყიდვა გამოაცხადა. მასში მონაწილე კომპანიას, ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილებასთან ერთად, სხვა პირობაც უნდა დაეკმაყოფილებინა - 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 32.5 მილიონ ლარზე ნაკლები. ეს თანხა ტენდერის საწყის ღირებულებას 3-ჯერ აღემატებოდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ “არქეოპოლისმა” მიიღო და ხობის მერიას სამუშაოების შესრულება ზუსტად 10.8 მილიონის სანაცვლოდ შესთავაზა.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) წერს, “არქეოპოლისს” მოთხოვნილი კაპიტალბრუნვის დადასტურება არ გაუჭირდებოდა. თუმცა, ხობსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა.
ხობის მერიას მსგავსი პირობებით ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი 2023 წლის იანვარშიც, რომელიც 5 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაგებას ეხებოდა. ამ შესყიდვაშიც სენაკის მერის ბიძის კომპანიამ გაიმარჯვა, თანაც უკონკურენტოდ.
“მომსახურების რამდენიმე ტენდერად გამოცხადება გაზრდიდა კონკურენციას. გასულ წლებში ასეთი იყო ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო პრაქტიკაც, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხობის მერია ცდილობს, რომ რამდენიმე დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მომსახურების ერთი ტენდერით შეისყიდოს,” - წერდა TI 2024 წლის თებერვალში.

სენაკის მერი ვახტანგ გადელია და მისი მოადგილე ნანა ზარანდია (წყარო: სენაკის მერიის Facebook)
მოგიყვებით კიდევ ერთი გარემოებაზე. 2011-2019 წლებში სენაკის მერიაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ კი ადმინისტრაციულ სამსახურს ნანა ზარანდია ხელმძღვანელობდა. 2019 წელს ზარანდია სს“არქეოპოლისის” დირექტორი გახდა და ამ პოსტს 2020 წლამდე (ივნისამდე) იკავებდა.
ამ პერიოდში “არქეოპოლისმა” მხოლოდ სენაკის მერიასთან 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები დადო, რომელთაც ხელს კომპანიის მხრიდან თავად ზარანდია აწერდა.
2020 წელს ზარანდიამ ისევ სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე მოინდომა დაბრუნება. მის დაქვემდებარებაში იყო შესყიდვების განყოფილებაც. “არქეოპოლისი” კვლავ აგრძელებდა ტენდერების მოგებას. ზარანდია კი ამჯერად მუნიციპალიტეტის მხრიდან აწერდა ხელს ოქმებს და ასე ადასტურებდა, კომპანიასთან ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვსო.
“მართლა მომაბეზრებელია უკვე ერთი და იგივე თემა და ამიტომ არ გპასუხობთ ამ საკითხზე… არ გიპასუხებთ უკვე… არაფერს ხელს არ ვაწერ[…] არც ერთი კანონდარღვევა არ ყოფილა, არ დამირღვევია მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი მუხლი” - გვითხრა ზარანდიამ სატელეფონო საუბრისას. ის დღეს სენაკის მერის მოადგილის პოსტს იკავებს.
“ქართული-ჯიგრული პონტი,” ანუ მანკიერი სატენდერო პრაქტიკა
ამ მაგალითების მოძებნისა და გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ სამეგრელოსა და იმერეთის რვა მუნიციპალიტეტის მერიას ვკითხეთ, 2012 წლიდან დღემდე, თუ გამოუვლენიათ მსგავსი დარღვევის ფაქტი, რა მოიმოქმედეს ამ სისტემური პრობლემის წინააღმდეგ და რა კონტროლის მექანიზმები აქვთ პრეტენდენტებს შორის გარიგების თავიდან ასარიდებლად, როგორც ეს “არქეოპოლისისა” და “ინდიკოს” შემთხვევაში ხდება.

მარტვილისა და ხონისა მერიებისგან პასუხი არ მიგვიღია.
ხობის მერიამ გვითხრა, ჩვენთან მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა - ელექტრონულ ტენდერში სისტემა პრეტენდენტების რიგითობას ავტომატურად ავლენს და ასაჯაროებს, შემდეგი პრეტენდენტის ვინაობა ხილვადი ხდება მხოლოდ წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ეს მექანიზმი კი ტენდერებში კომპანიების ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას გამორიცხავსო.
მათ წერილში ასევე ნათქვამი იყო: “მერიის კომპეტენციას აღემატება კომპანიებს შორის ნათესაური კავშირების დადგენა და მათ შორის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების გამოვლენა.”
“[ჩვენ] მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, პრეტენდენტ(ებ)ის მხრიდან აფიდავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია,” - მოგვწერა სენაკის მუნიციპალიტეტიდან ვახტანგ გადელიამ და გვითხრა, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად, მიმწოდებლის შერჩევამდე ბაზრის კვლევასაც ვატარებთო.
აბაშის მერიაც იმავეს ამბობს - ჩვენი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონისა და “ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის” სრული დაცვით ხელმძღვანელობსო.
ზუგდიდის მერიამ მოგვწერა, რომ კომპანიებს შორის შესაძლო გარიგებების თავიდან ასაცილებლად, ტენდერებს დაფარული მონაცემების მეთოდით აცხადებს. მათი თქმით, სატენდერო პირობების დარღვევის ფაქტი ერთხელ, 2021 წელს გამოავლინეს. თუმცა, ეს შესყიდვა გადელიების კომპანიებს არ ეხება. ჩხოროწყუს მერიამ კი მოგვწერა: “სახელმწიფო შესყვიდებისას, რიგ შემთხვევაში, ხდება ბაზრის კვლევა ტენდერში მონაწილე კომპანიებზე; კომპანიის მფლობელებს შორის ნათესაური კავშირის შემოწმებას ადგილი არ ჰქონია; კონტროლის მექანიზმი, რაც ტენდერებში კომპანიების ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებას გამორიცხავს, მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს; სახელმწიფო შესყიდვებში აფიდავიტის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა; სს “არქეოპოლისსა” და შპს “ინდიკოს” შორის კავშირის გამოვლენა მუნიციპალიტეტის მერიის ფუნქციას არ წარმოადგენს”.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი კი “აი, ფაქტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კონტროლის მექანიზმებიც არსებობს და სურვილის შემთხვევაში ამ მავნე პრაქტიკის შეცვლაც შეიძლება. მისი თქმით, ამის საშუალებას არსებული კანონმდებლობა და შესყიდვების ღია სისტემა იძლევა. მთავარია ნება და ერთიანი სისტემის მუშაობა.
“სისტემა გამართულად რომ მუშაობდეს - პირველ რიგში, მერიებს აქვთ შიდა აუდიტის სამსახურები. თუ რაღაც პრობლემაა, გარიგებაა, ვთქვათ, ხელოვნურად იზღუდება კონკურეცია, ეს სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და თუნდაც მერის ინტერესი იყოს, მასაც უნდა დაუპირისპირდეს და გააკონტროლოს[…] მუნიციპალურ დონეზე, საკრებულოც უნდა მუშაობდეს და ეს კონტროლის მექანიზმიც იყოს. მაგრამ, ახლა თითქმის ყველა საკრებულო ერთპარტიულია და გამორიცხულია მათ მერიები გააკონტროლონ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პერიოდულად უნდა სწავლობდეს, დებდეს დასკვნებს და აგზავნიდეს პროკურატურაში. პროკურატურა უნდა იწყებდეს გამოძიებას - ეს ხაზიც უნდა მუშაობდეს, რაც ახლა სრულიად მოშლილია… ამას ემატება შესყიდვების სააგენტო - პასუხისმგებელი უწყება, რომელსაც შიდა მონიტორინგის მექანიზმიც აქვს და არც ისე ცოტა ბერკეტი... მაგრამ ახლა ყველა ინსტიტუცია დამორჩილებულია ერთ პოლიტიკურ პარტიას, ერთ ძალას და არ არსებობს რეალური გამაწონასწორებელი მექანიზები,” - გვეუბნება ქევხიშვილი და იმასაც აღნიშნავს, ამ ინსტიტუციებს დარღვევებზე სათანადო რეაგირება რომ ჰქონდეთ, ამას პრევენციის ეფექტიც ექნებაო.
მისი აზრით, მერიებს რისი გაუმჯობესებაც შეუძლიათ, ეს სახელმწიფო შესყიდვებში მოჩვენებითის ნაცვლად, რეალური კონკურენციის მაჩვენებლის ზრდაა.
“ახლა კი [რეგიონებში] ეს პრაქტიკაა გავრცელებული - ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვებს მერთან ან საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელიც, როგორც წესი, “ქართული ოცნებიდანაა,” კავშირში მყოფი კომპანიები იგებენ. ან მერის მოადგილესთან და საკრებულოს სხვა წევრებთან დაახლოებული კომპანიები. რომელი მუნიციპალიტეტის ტენდერებშიც არ უნდა ჩაიხედოთ, ყველგან მსგავსი სიტუაციაა...ტენდერი რომ ცხადდება, ძირითადად, ყველამ იცის, ვისთვის არის. და რომც იყოს სხვა კომპანია, ვისაც უნდა მონაწილეობა, არ შედის, არ უნდა ეს შარი. იცის, რომ ან დისკვალიფიკაციას მიანიჭებენ, ან პრობლემები შეექმნება მომავალში[…] როგორც წესი, გეოგრაფიულად აქვთ ხოლმე შემოსაზღვრული. სადაც აქვთ გავლენა, იმ ბიუჯეტს ამისამართებენ და იმ თანხებს საკუთარი კომპანიებისკენ,” - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
სენაკის მერმა, რანდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დავურეკეთ კომპანიების წარმომადგენლებსაც.
“ინდიკოს” დირექტორი მანანა გვასალია გვიმტკიცებდა, არასდროს არავისთან არანაირ შეთანხმებაში არ ვყოფილვარ და არც აფიდავიტის პირობები დაგვირღვევიაო:
“არანაირ გარიგებაში არ ვყოფილვართ, არც “არქეოპოლისთან” და არც სხვასთან. ეს არასწორი იყო, შესაბამისად დაკვალიფიცირდა… “არქეოპოლისი” და შპს “ინდიკო” დასავლეთში ნორმალური, დიდი კომპანიებია და ის, რომ ღებულობენ მონაწილეობას ტენდერებში, არ უნდა იყოს მგონი გასაკვირი… არანაირი კონტაქტები “არქეოპოლისთან,” არანაირი გარიგებები, არც არასდროს მქონია და მომავალშიც, დამერწმუნეთ, არ გვექნება.”
“ასეთი თემა, რაც მოლაპარაკებაზე იყო, არ ყოფილა. იმიტომ, რომ “ინდიკო” და “არქეოპოლისი” დაპირისპირებულები არიან ერთმანეთში და ასე რომ… მოლაპარაკება საერთოდ გამორიცხულია… კონკურენტი ფირმები არიან ერთმანეთის,” - გვითხრა “არქეოპოლისის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, დავით გვარამიამ. ის “ქართული ოცნების” ყოფილი მაჟორიტარია სენაკის სოფელ გეჯეთიდან.
ერთია, რას გვეუბნებიან ამ სქემებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები და მეორეა, რას გვეუბნება მონაცემები და დოკუმენტები. ეს უკანასკნელი კი აჩვენებს, რომ სატენდერო კომისიებს მეტი ყურადღება და მონდომება მართებთ თუ ფარული შეთანხმებებისა და კორუფციის რისკების გამოვლენა სურთ. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისაა, სურთ კი?




