ავტორი: ნანუკა ბრეგაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი
2021 წლის 4 თებერვალს რომან აბრამიშვილმა თბილისის მერისგან, კახა კალაძისგან ვაკეში ბინა და 2 პარკინგი 1 547 724 ლარად იყიდა. წელიწადსა და 8 თვეში ეს ბინა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 542 000 ლარად მიჰყიდა. ეს ამბავი ტ/კ “პირველის” გამოძიებიდან შევიტყვეთ.
ვიფიქრეთ, რომ მსგავსი თანამდებობის პირისგან ბინის ყიდვა, შემდეგ მეორე თანამდებობის პირზე უფრო იაფად გადაყიდვა არც უბრალო ამბავი იყო, არც დამთხვევა და ვერც ეს შუაში მდგომი პირი იქნებოდა “ვიღაც” უმნიშვნელო.
გუგლის საძიებო სისტემა რომან აბრამიშვილზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. კვლევის დასაწყისში მხოლოდ ის ვიპოვეთ, რომ ის ბოლნისელია. მეტი ინფორმაციის გასაგებად ჩვენც ბოლნისს მივაშურეთ. იქ გავარკვიეთ, რომ რომანს ძმაც ჰყოლია, გიორგი. და ორივეს სხვა სახელებით უფრო იცნობენ, გიორგის გოგად, რომანს კი - კოკად. მათზე ღიად საუბარი კი არავის სურს. მიზეზი მათი პოლიტიკური კავშირები და გავლენებია. მით უფრო, რომ ეს გავლენები მათ მშობლიურ მხარესაც სცდება.
მათი ბიზნესი მრავალმხრივია და მმართველი ძალისგან მხარდაჭერილი. მილიონობით ლარის ტენდერი, ასევე სუბსიდია აქვთ მიღებული “ქართული ოცნებისგან” 2014 წლიდან მოყოლებული. თუმცა, არც თავად დარჩენილან პარტიას ვალში.
ორივე ძმა “ქართული ოცნების” შემწირველია. გიორგი აბრამიშვილს, 2018 წლიდან დღემდე, “ქართული ოცნებისთვის” 358 000 ლარი აქვს შეწირული. 60 000 ლარი კი სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც “ოცნების” კანდიდატისთვის.
მარჯვნივ გიორგი აბრამიშვილი
რომან აბრამიშვილმა კი “ქართული ოცნების” ყულაბაში 2019-2024 წლებში 296 000 ლარი ჩააგდო. 2018 წელს ძმას არ ჩამორჩა და სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შეწირა. როგორც ჩანს, ძმებმა იციან, რომ პარტიის მხარდაჭერა ბიზნესის უკეთ კეთებისა და გამდიდრების ერთ-ერთი პირობაა. ალბათ, ამიტომ სწირავდა რომან აბრამიშვილი 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” თანხას. მაშინ მან პარტიას, 7 000 ლარი გადაურიცხა.
2012 წელს აბრამიშვილები დამწყები ბიზნესმენები იყვნენ. მას შემდეგ ახალ პოლიტიკურ ძალასაც შეეწყვნენ და მათი ქონება და გავლენებიც შეწირული თანხის პირდაპირპროპორციულად გაიზარდა.
აბრამიშვილების უძრავი ქონება
ბოლნისში მთავარ გზაზე, სულხან საბას ქუჩაზე, სასტუმრო “ალმენდინგერი” დგას. შენობა ადრე შპს "ბოლნისის რაიონის ცენტრალურ აფთიაქს" ეკუთვნოდა და მასში აფთიაქი ფუნქციონირება. კომპანიის მფლობელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იყო, დირექტორი კი - ლალი გურგენიძე.
2012 წლის მარტში ამ კომპანიის 100%-ანი წილისა და უძრავი ქონების მფლობელი შპს “ნიუ მოტორსი” გახდა. მან სახელმწიფო ქონება, უპირობო აუქციონზე, 29 000 ლარად იყიდა. შპს “ნიუ მოტორსი” გიორგი აბრამიშვილის კომპანიაა.
2013 წლის მარტში გიორგიმ აფთიაქის მმართველი, ლალი გურგენიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უსამსახუროდ დარჩენილი ლალი გურგენიძე კი აბრამიშვილების დედამ, დინარა პირველმა “წითელ ჯვარში” დაასაქმა. დინარა პირველი “წითელი ჯვრის” ბოლნისის ფილიალის ხელმძღვანელი და სოფელ კაზრეთში მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია.
აბრამიშვილებმა კი ყოფილი აფთიაქის შენობაში სასტუმრო 2024 წელს გახსნეს და ბუქინგის საიტს თუ დავუჯერებთ, ერთი ღამის ფასი 300 ლარამდე მერყეობს. სასტუმრო შპს “ალმენდინგერს” ეკუთვნის, კომპანიის მფლობელი კი გიორგი აბრამიშვილია.
ახლახანს, 2025 წლის მარტშიც გიორგი აბრამიშვილმა სახელმწიფოსგან აუქციონით იყიდა 5 602 კვ.მ. მიწა თბილისში - ქინძმარაულის N39-ში. ეს გარიგება 1 114 000 ლარი დაუჯდა, გამოდის, რომ კვადრატულში გადახდილი აქვს 200 დოლარამდე. შეძენილი მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა აეროპორტის მიმდებარედაა.
ამის გარდა აბრამიშვილს 23 სხვა ქონებაც აქვს თბილისში, მცხეთაში, დუშეთში, ბოლნისსა და ბაკურიანში. აქედან 12 უძრავი ქონება ბოლნისშია, ჯამში 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო მიწები. აქედან მხოლოდ ერთი, 605 კვ.მ. მიწა აჩუქეს ბოლნისში. დანარჩენი კი თვითონ იყიდა 2011 წლის შემდეგ.
რომანის ქონება კი უფრო მწირია და მხოლოდ 5 ჰა მიწას ითვლის მარნეულში, სამ ბინას (გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე) და სამ ავტოსადგომს თბილისში. რომანმა ქონება 2020-2025 წლებში იყიდა.

როგორ იშოვეს ფული აბრამიშვილებმა?
გიორგი და რომან ამრამიშვილებმა პირველი კომპანია “შპს საბა +++” 2007 წლის ივლისში დაარსეს, პარტნიორ მამუკა კუხალაშვილთან ერთად. კომპანიის საქმიანობა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავებაა. ამ კომპანიამ 2013 წელს ორი პატარა ტენდერი მოიგო, ჯამში 256 ლარის. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით კომპანია ახლა აქტიური აღარაა.
2011 წლის ნოემბერში რომან აბრამიშვილი შპს “გეო ბილდ გრუპის” დირექტორად ინიშნება. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი კი შპს “ნიუ ენერჯია”, რომელიც მაშინდელ მთავრობასთან დაახლოებული კომპანიაა და ტენდერს ტენდერზე იგებდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ტენდერების მონიტორინგის პორტალის მიხედვით, 2011-2012 წლებში კომპანიას 13.5 მილიონამდე ლარის ხელშეკრულება და 70 მილიონამდე ლარის გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული. მათ შორის, ამ კომპანიამ წეროვანის დევნილთა დასახლება ააშენა. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ვანო მერაბიშვილის მეგობარი, ლუხუმ კაპანაძეა. წეროვნის დევნილთა დასახლების მშენებლობაზე კონტროლი კი თავად ვანო მერაბიშვილს ჰქონდა აღებული. ლუხუმ კაპანაძის საქმიანობაზე გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ “სტუდია მონიტორის” ოფისი გაქურდეს და მთელი ტექნიკა წაიღეს.
შპს “გეო ბილდ გრუპს” აბრამიშვილი 2019 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა, თანამდებობა მან თავად დატოვა. შეიძლება, ეს გადაწყვეტილება იმიტომაც მიიღო, რომ კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელზე, შპს “ნიუ ენერჯიზე” “ქართულ ოცნებას” გამოძიება გადასახადებისთვის თავის არიდებისა და სახელმწიფოს თანხების მითვისებაზე 2012 წლიდან ჰქონდა დაწყებული.
2011 წლიდან კი აბრამიშვილი სახელმწიფო ტენდერებში საკუთარი კომპანიით ჩნდება. შპს “გ&კ ტექნოლოჯის” დირექტორიც თავადაა და მფლობელიც. საქმიანობა გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მძიმე ტექნიკით ვაჭრობაა. კომპანია, ძირითადად, გზებს აგებს, ხან სასოფლოს, ხან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისას. 2016 წლიდან შპს ტენდერებს აქტიურად იგებს და დღემდე ბიუჯეტიდან 80.3 მლნ ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს ხან იმის ხარჯზე, რომ კონკურენტი არ ჰყავს და თუ ვინმე გაბედავს ტენდერში მონაწილეობას, მასაც დისკვალიფიკაციას აძლევს მერია.
კომპანიისა და სახელმწიფო უწყებების ლოიალურ და შეხმატკბილებულ ურთიერთობაზე ტენდერების გარდა სხვა ფაქტიც მეტყველებს. კერძოდ ის, რომ შპს “გ&კ ტექნოლოჯიმ” 2024 წელს სახელმწიფო აუქციონზე შეიძინა 7 808 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, განსაკუთრებული ვალდებულებების გარეშე. მიწა იაღლუჯში, მარნეულის მუნიციპალიტეტშია.
2017 წლის ნოემბერში რომანი მიწას ყიდულობს თბილისის მერიისგანაც. 1 200 კვ.მ. მიწა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მან 205 000 ლარად იყიდა იმ პირობით, რომ 20 000 ლარს დახარჯავდა ბერი გაბრიელ სალოსის 37-ის მიმდებარედ სკვერის მოსაწყობად.
რომან აბრამიშვილის მოწყობილი სკვერი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის 37-ის მიმდებარედ
პატარა სკვერი მოაწყო, ფინანსური სარგებელი კი დიდი ნახა. 2018 წლის 8 თებერვალს მან შპს “დეველოპმენტ გრუპ ჯორჯია” დააარსა და იმავე დღეს კომპანიას 205 000 ლარად მიყიდა ხმელნიცკზე არსებული ნაკვეთი.
9 თებერვალს კი უკვე მერიის არქიტექტურის სამსახურს სთხოვა, დაედგინათ ნაკვეთის სამშნებლოდ გამოყენების პირობები. მას სურდა სავარაუდოდ, 8 სართულიანი, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა. 22 მარტს მან არქიტექტურის სამსახურისგან დადებით პასუხი მიიღო. 2019 წლის მარტში კი მშენებლობის ნებართვაც მისცეს.
ეს მაშინ, როცა 2017 წელს რიგით მოქალაქეს ამ ნაკვეთზე ლუდის ბარის მშენებლობის უფლებაც არ მისცეს იმ მიზეზით, რომ ტერიტორია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში მდებარეობს და იქ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მშენებლობაა დასაშვები. მერიას ამ ტერიტორიაზე 2013 წლიდან განზრახული ჰქონდა მედიათეკის მშენებლობა. პროექტიც კი შეთანხმებული იყო. თუმცა, რომან აბრამიშვილის ინტერესის გამო აზრი შეიცვალეს.
მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 7 თვეში რომან აბრამიშვილმა კომპანია, მიწით და სამშენებლო ნებართვის თანხლებით, შპს “აგორას” მიყიდა. ნასყიდობის ფასი 350 000 დოლარის ექვივალენტი იყო ლარში და პლიუს 300 კვ.მ. საცხოვრებელის ფართი ახალ კორპუსში, თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ხელშეკრულების მიხედვით ამ კორპუსში 1 კვ.მ. ფართი 500 დოლარად შეფასდა.
ასე იშოვა აბრამიშვილმა 205 000 ლარად 500 000 დოლარი.
2023 წელს შექმნილ შპს “ვოტერ სტილში” რომანს 67%-ანი წილი ამ წლის 21 მარტიდან 16 ივლისამდე ჰქონდა. კომპანიამ სწორედ ამ 4 თვეში სამი ტენდერის, ჯამში, 1.3 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო. დოკუმენტების მიხედვით ჩნდება ეჭვი, რომ აბრამიშვილი ამ კომპანიაში მხოლოდ ამ ტენდერების მოსაგებად შევიდა.
რომანის კიდევ ერთი კომპანია შპს „ნუში იმირია“, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში 35 ჰა მიწა ეკუთვნის. ეს ტერიტორია აბრამიშვილმა შვიდი ნაკვეთის შეერთებით მიიღო და მასში 497 000 ლარი გადაიხადა. თავისივე კომპანიასაც ამ თანხად მიჰყიდა. ოთხი ნაკვეთი ამ შვიდიდან დავით ველიჯანაშვილს ეკუთვნოდა. ტ/კ “პირველის” ჟურნალისტური გამოძიება ადგენდა, რომ ველიჯანაშვილი ადრე სუს-ის მაღალჩინოსანი და გომელაურის ახლო მეგობარი იყო.
მიწის ნაკვეთი ნუშის ბაღებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში
2021 წელსვე კი ამ კომპანიამ სოფლის განვითარების სააგენტოდან ნუშის ბაღის გასაშენებლად 162 883 ლარის სუბსიდია მიიღო. 2021-2022 წლებში სააგენტოსგან სუბსიდია მიიღო რომანის ძმის, გიორგი აბრამიშვილის კომპანია შპს “ქართულმა მოცვმაც“. 265 361 ლარი კომპანიას ბაღისა და ჭაბურღილის მოწყობისთვის მისცეს.
გიორგი აბრამიშვილს მოცვის ბაღის გარდა სხვა ბიზნესიც მრავლად აქვს. ის წილებს კიდევ 10 კომპანიაში ფლობს. მათ შორისაა შპს GLOBAL DEFENSE GROUP, რომელშის მას 25 პროცენტი ეკუთვნის. კომპანია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს და 6 მილიონ ლარამდე ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. აქედან მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული სახით, უკონკურსოდ მოგებული ტენდერია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ან მარტო მონაწილეობდა, ან კონკურსს მეტოქეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებდა.
ძირითადი შემსყიდველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატია. მაგალითად, 2013 წლამდე გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო 2013 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
2014 წლის მარტიდან ამ უწყებისთვის მომსახურება აბრამიშვილის შპს GLOBAL DEFENSE GROUP-მა დაიწყო. როცა გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, მაშინ კომპანია მომსახურებას სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებს აწვდიდა, პარალელურად არ წყდებოდა კონტრაქტების მიღება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეუწყებებისგან. მათ კომპანია ქურთუკებით, ფეხსაცმელებით, შარვლებით, მაისურებით, ჟილეტებით, ქუდებითა და ქამრებით ამარაგებს.

დმანისი ჰესი - აბრამიშვილების ახალი ინტერესი დმანისში, სოფელ ზემო კარაბულახიდან ქვემო კარაბულახისკენ მიმავალი გზა მდინარე შავწყაროსწყალის (იგივე კარაბულახის) ნაპირს მიუყვება. სანამ ხიდზე გადახვალთ და სოფლის შესასვლელს მიადგებით, ნაპირთან ერთ მეტრამდე დიამეტრის 60-ზე მეტ რკინის მილს შეამჩნევთ.
ეს მილები სოფელ ქვემო კარაბულახიდან ცოტა მოშორებით, სოფელ ყიზილაჯლოსთან მოწყობილი დმანისი ჰესისთვისაა. ჰესს საკმარისი წყალი არ აქვს და ამ მილებით უნდა მიეწოდოს. როგორც გავიგეთ, ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მათი ძირითადი საქმიანობა და თავის რჩენის საშუალება მესაქონლეობაა. ეს საქონელი მდინარის პირას ჩაჰყავთ საბალახოდ და უწყლობის დროსაც სწორედ შავწყაროსწყალია მათი საშველი.
ქვემო კარაბულახში, ძირითადად, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, საშუალოდ 50 კომლამდე. ქართული უმეტესად არ იციან, საკომუნიკაციოდ რუსული და აზერბაიჯანული ურჩევნიათ.
პირველი, სოფლის გზაზე ვინც შემოგვხვდა, 54 წლის ბეჰრუზ ნამაზოვი. ის დმანისის მერიაში ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი სპეციალისტად მუშაობდა, თუმცა, წელიწადნახევარია, გამოუშვეს. გვითხრა, განცხადება დამაწერინეს, რადგან მოსახლეობას არ ვაძალებდი, ხელი მოეწერათ სოფლისთვის საზიანო პროექტებზეო.
სოფელი ქვემო კარაბულახი
მისი თქმით, ერთ-ერთ ასეთი პროექტი სწორედ დმანისი ჰესია. ჰესი ელექტროენერგიას თითქმის 2 წელია გამოიმუშავებს, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორისთვის არასაკმარისს. ამიტომ, განიზრახეს, რომ ჰესისთვის მეტი წყალი მიეწოდებინათ. გამოსავალი კი მარტივად იპოვეს, მდინარე მილებში უნდა მოაქციონ.
სწორედ ამას ეწინააღმდეგება სოფლის მოსახლეობა. შიშობენ, რომ მდინარის მილებში მოქცევის შემდეგ ის სულ გაქრება და მოსახლეობაც უწყლოდ დარჩება. ადგილობრივები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, თუმცა, ქმედით ნაბიჯებზე, დაშინების გამო, ვერ გადავიდნენ.
“თავიდან გვითხრეს, რომ (წყლის) 30%-ს წაიღებდნენ. ახლა ამბობენ, რომ სულ მიაქვთ. სოფელი ამის წინააღმდეგია. შეხვედრაც გვქონდა გამგებელთან, რომ არ დავთმობთ. დაგვპირდნენ, განვიხილავთო. ამ მილებით მთელი წყალი წავა. წყალი თუ არ იქნება, ჩვენი საქონელი, ცხვარი... ზაფხულში რითი უნდა ვარჩინოთ?” - გვითხრა 69 წლის ადგილობრივმა.
თუმცა, საქმე აქაც “ქართულ ჯიგრულ პონტში” მოგვარდა. კომპანიამ მდინარეში მილების ჩაყრამდე სოფლის მოსახლეობის თანხმობისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთო.
ბეჰრუზ ნამაზოვი გვიყვება, რომ არც კრება ჩატარებულა და არც ოფიციალური შეხვედრა. სოფლის გამგებელმა, ზულფიკარ მიქაილოვმა ბირჟაზე ღამე ჩამოიარა, ხალხი შეკრიბა, ელაპარაკა და ხელიც მოაწერინაო. ვინც არ დაეთანხმა, კარდაკარ მიადგა და სხვადასხვა მეთოდებით დაიყოლიაო.
“მოატყუეს ხალხი. ზოგს აიძულეს ხელი მოეწერა. გამგებელი ეუბნებოდა, თუ ხელს არ მოაწერთ, [სოციალურ] დახმარებას მოგიხსნითო. ზოგ ადამიანს ფულიც მისცეს, ზოგს უთხრეს, [სოციალურად დაუცველების] 300-ლარიანი სამუშაო რომ არის, სამსახურს დაკარგავთო. ასეთ ადამიანებს მოაწერინეს ხელი ძირითადად. ღარიბ კაცს აშინებენ. ისეთებსაც მოაწერინეს, ვინც აქ არც კი ცხოვრობს, აზერბაიჯანშია, იმის მაგივრადაც მოაწერინეს,” - გვითხრა ნამაზოვმა.
მოსახლეობისგან ხელმოწერების შეგროვებას გვიდასტურებს მისი კიდევ რამდენიმე მეზობელი, რომლებსაც მოგვიანებით შევხვდით. გვითხრეს, რომ თავდაპირველად საუბარი იყო უფრო პატარა მილების ჩაყარაზე, თუმცა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ბევრად დიდი მილები მიიტანეს.
“თუ მართლა ცოტა წყლის აღებას აპირებენ, რასაც ატყუებენ მოსახლეობას, მაშინ ამხელა მილები რად უნდათ? მილების შეკვეთა ხდება პროექტის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, თქვენ აპირებთ 100 ლიტრის აღებას წამში. რა თქმა უნდა, არ უნდა აირჩიოთ ისეთი მილი, რომელსაც შეუძლია გაატაროს, სამი ტონა, ტყუილა ხარჯია, ხო? ამიტომ, რაში სჭირდებათ?!” - გვეუბნება ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დავით ჭიპაშვილი. მისი ორგანიზაცია ოც წელზე მეტია გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს, მათ შორის არაერთი ჰესის მშენებლობის ამბავი გამოუკვლევიათ და შეუფასებიათ.
დმანისი ჰესისთვის საჭირო წყლის მილები სოფელ ქვემო კარაბულახის შესასვლელში
მოსახლეობა არ ამბობს, რომ საერთოდ არ ჩაყარონ მილები. ითხოვენ, რომ ხიდს ქვემოთ გააკეთონ და არა სოფლის შესასვლელთან, სადაც მდინარის კალაპოტი შედარებით ფართეა. ჭიპაშვილი კი გვიხსნის, რომ ეს გამოსავალი კომპანიისთვის შეიძლება ვერ იყოს. აი, რატომ: დმანისი ჰესი დერივაციული ჰესია, რომელიც ასეთ პრინციპზე მუშაობს: მდინარიდან წყალს იღებენ ერთ ადგილას და მილის საშუალებით გადაჰყავთ იქ, სადაც სიმაღლე უფრო მეტია - რათა ტურბინებზე დაეშვას და ელექტროენერგია გამოიმუშაოს. ჩვეულებრივ, წყალს იღებენ უფრო ფართო ხეობის ზონიდან და შემდეგ მილის გავლით გადააქვთ ვიწრო ხეობაში, სადაც სიმაღლესა და დაქანებას იყენებენ. წყალი თავდაპირველად ნელა მიედინება, მაგრამ ტურბინებთან სწრაფად ეშვება, რაც ენერგიის გამომუშავებისთვის საჭიროა.
ჩვენ ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი დოკუმენტაციის წაკითხვა გვინდოდა, მაგალითად, სკოპინგის ანგარიში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, თუმცა ღია წყაროებში ვერაფერი ვნახეთ. არადა, ამ დოკუმენტებში შევძლებდით ამოგვეკითხა პროექტის მიხედვით რამხელა მილებში უნდა მოექციათ მდინარე.
ეს ჰესი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდა, რადგან მისი დადგმული სიმძლავრე 2 მგვტ-ს არ აღემატება. ჩვენი კანონმდებლობით, მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობა გამარტივებულად, კვლევებისა გარეშეც შეიძლება.
დავით ჭიპაშვილი თვლის, რომ თუ სოფელში მდინარეს გაქრობის საფრთხე დაემუქრება, ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიც უნდა არსებობდეს: “წყლის უდიდეს ნაწილს აქცევენ მილებში, რადგან მაქსიმალური ენერგია მიიღონ ამ მდინარისგან და ეს არის პრობლემა. როცა წყლის 90%-ს იღებ და 10%-ს ტოვებ, ნიშნავს, რომ მდინარე ნადგურდება. უნდა განესაზღვრათ, ჯერ რამდენი წყალი უნდა დარჩეს მდინარეს იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნებას მიადგეს ნაკლები ზიანი და მერე რა წყალიც დარჩებოდა, ის მიემართათ მილებში და გამოემუშავებინათ დენი. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, გეგმავენ პირიქით”.
დმანისი ჰესი შპს “ბილდის” ეკუთვნის. “ბილდი” კი - გიორგი აბრამიშვილს. მისმა კომპანიამ ჰესისთვის საჭირო ტერიტორია, 4 509 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2022 წლის ივნისში იყიდა და მასში 39 287 ლარი გადაიხადა. ჰესის მშენებლობა კი 2023 წელს დაიწყო და მალევე დასრულდა.
მანამდე კი, 2019 წელს კომპანიას “ოცნებისთვის” 60 000 ლარი აქვს შეწირული.
ჩვენ დავურეკეთ ძმებ აბრამიშვილებს. რომანს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მისმა ძმამ, გიორგიმ გვითხრა, რომ ჩვენთან საუბარი არ სურდა: “არ ვთვლი საჭიროდ თქვენ აგიხსნათ ჩემი გადაწყვეტილებები. შეწირულობები იქნება თუ ნებისმიერი საქმინობა იქნება”, - გვითხრა მან და ასევე უარყო, რომ მისი კომპანია, შპს GLOBAL DEFENSE GROUP სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა. ფაქტები კი საპირისპიროს მეტყველებს.




