ავტორი: მარიამ კაჭკაჭაშვილი
44 წლის ზამირ კვეკვესკირი აფხაზეთიდან დევნილი იყო. მან 2025 წლის იანვარში, დევნილთა სააგენტოს ეზოში თავი დაიწვა. რამდენიმე დღეში კი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გარდაიცვალა. კვეკვესკირმა სუიციდის ეს გზა მას შემდეგ აირჩია, რაც სახელმწიფომ ბინის მიღებაზე უარი უთხრა.
მისმა სიკვდილმა წამიერად დააბრუნა საზოგადოების ყურადღება დევნილების ყოფაზე. გაგვახსენა, რომ აფხაზეთის ომიდან 33 წლის გასვლის შემდეგაც ჩვენს ქვეყანაში არიან დევნილები, რომელთაც საკუთარი ჭერი არ აქვთ. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფომ სრულად დღემდე ვერ შეძლო, მიუხედავად დახარჯული მილიონობით ლარისა. იქნებ, იმიტომ, რომ ბინები ხარვეზიანი სისტემით ნაწილდება, რომელიც ხან კორუფციას ეყრდნობა და ხანაც ნეპოტიზმს. ამ ამბავს სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ზამირ კვეკვესკირი ამ სისტემის არც პირველი მსხვერპლი იყო და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი იქნება.
- 2010 წელს დევნილმა ქალმა, ნანა ფიფიამ, თავი დაიწვა დევნილთა სამინისტროს წინ და გარდაიცვალა;
- 2012 წელს სამინისტროს შენობასთან თვითმკვლელობა სცადა ვახტანგ ჭანტურიამ;
- 2014 წელს ფოთში თავის დაწვა სცადა დევნილმა ქალმა, დალი აბურჯანიამ;
- 2022 წელს დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი საცხოვრებელი შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ყველა მათგანი ბინას ითხოვდა. ყველა მათგანი იმ სისტემის მსხვერპლია, რომელიც, წესით, მათ დასაცავად უნდა არსებობდეს. თუმცა, ხშირად, გარიგებების, კორუფციისა და უსამართლობის გამო, სისტემა ამ ხალხის ინტერესს ივიწყებს.
2025 წლის 12 თებერვალი - დევნილთა აქცია სააგენტოსთან
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბინებს იღებენ ისინი, ვისაც უკვე აქვთ საცხოვრებელი ან ფინანსური რესურსი. ამასობაში, ის ოჯახები, ვინც ომით, სიღარიბითა და ავარიულ შენობებში ცხოვრებით არიან გატანჯული, ათწლეულებია, რიგში უშედეგოდ დგანან.
“სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დევნილების ხმა არ ისმოდა. ეს ის მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა. ამ დონემდე [თვითმკვლელობამდე] რომ მიდის ადამიანი, ეს უკვე სისტემური დანაშაულია. აქ უკვე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მან უნდა გამოიძიოს ეს საქმე. … სამწუხაროდ, ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ. ხვალ და ზეგ რა იქნება, ღმერთმა უწყის და რამდენი ხანი მოუწევთ დევნილებს ასე ყოფნა,” - ამბობს “მოძრაობა აფხაზეთისთვის” დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია.
საგამოძიებო მასალაზე ექვსი თვე ვმუშაობდით. ამ პერიოდში, მოვიარეთ სამეგრელოსა და იმერეთის მუნიციპალიტეტები. ვეწვიეთ როგორც ბინის მოლოდინში მყოფ დევნილთა დასახლებებს, ისე ქირით მცხოვრებ დევნილ ოჯახებს. ათეულობით რესპონდენტთან საუბარმა და მათი ისტორიების მოსმენამ ერთი ძირეული პრობლემა გამოავლინა: საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა იქცა ბიუროკრატიულ ლატარიად და დევნილებს მისი გამართულად მუშაობის იმედი აღარ აქვთ. დევნილებს ჩვენთან გულწრფელი საუბარი არ გასჭირვებიათ, თუმცა უმეტესობამ გვთხოვა, ვინაობას ნუ გაამხელთო. ამიტომ, სტატიაში მოყვანილი დევნილების ციტატების უმრავლესობა ანონიმურად დავტოვეთ.
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 299 172 იძულებით გადაადგილებული პირი და 96 130 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან 48 640 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, 43 792 ოჯახს კი გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ხოლო 385 ოჯახზე გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება, პირველივე შესაძლებლობისთანავე საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
გვინდოდა სააგენტოსგან გაგვეგო, ახლანდელი მონაცემებით, რამდენი დევნილია რეგისტრირებული ქვეყანაში (როგორც ოჯახი, ისე ადამიანი), რამდენია მათგან რეგისტრირებული საცხოვრებლის მომლოდინეთა სიაში? რამდენია უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. თუმცა, 6-თვიანი ლოდინის მიუხედავად, ჩვენ კითხვებს არ უპასუხეს.
“არ მოგაწოდებენ, არ მოგცემენ შვილო. ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგცემენ. იმათ დაწერილი აქვთ ამდენი, სინამდვილეში ამდენი არ აქვთ გაცემული. რაფერ უნდა მოგცენ შენ. შენ ხო გააკეთებ, შეისწავლი და მაგიტო ვერ გაძლევენ,” - გვითხრა ზუგდიდის სოფელ ინგირში მცხოვრებმა დევნილმა.
“სიმართლე როდის უნდა და ვის უნდა. როგორ, სტატისტიკა არ იციან დევნილი რამდენია? მოსახლეობა რამდენია? რამდენჯერ გააკეთეს აღწერა, არ იციან საქართელოში რამდენია დარჩენილი? ისიც ხო იციან ემიგრაციაში რამდენია წასული,” - გვითხრა ხობში, ყოფილი აუზის შენობაში მცხოვრებმა ბინის მომლოდინე დევნილმა.
ხობის ყოფილი აუზის შენობა - დევნილების საცხოვრებელი
როგორ მუშაობს ქულათა სისტემა?
„აფხაზეთიდან ქულები გოდრით კი არ მომქონდა, აქანე უნდა მეენიჭებიათ ქულები ჩვენთვის, რო ვიყავით იქიდან გადმოყრილები,“ - შემოგვჩივლა თბილისში, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა და ბინის მომლოდინე დევნილმა ქალმა. მისი სიტყვები ზუსტად აღწერს იმ გაურკვევლობას, რაც დღემდე თან სდევს ქულების სისტემას - წესს, რომელიც განსაზღვრავს, ვინ მიიღებს ბინას და ვინ არა.
დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილება ქულათა სისტემაზეა დამოკიდებული. ოჯახს უნდა ჰქონდეს მაღალი ქულა, რათა მოლოდინი რეალურ შანსად იქცეს. თუმცა, ამ სისტემის ეფექტიანობა დევნილებისთვის დღემდე საეჭვოა, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი - სრულიად ბუნდოვანი.
ამ პროცესში ქულათა სისტემის გამოყენება ოფიციალურად 2013 წელს დაიწყო. ახალი ხელისუფლების პირობებში დევნილთა სამინისტრომ წარადგინა კრიტერიუმების სისტემა, რომელიც დევნილი ოჯახების საჭიროებების შეფასების საფუძველზე ქულების მინიჭებას ითვალისწინებდა. ამ სისტემის მიზანი იყო ბინების განაწილების პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა, რათა უპირატესობა მიენიჭებინა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ საცხოვრებელ ფართს.
2021 წელს ქულათა სისტემა განახლდა და დევნილთა მაშინდელმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაამტკიცა ახალი წესი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ამ ცვლილებამ კიდევ უფრო დეტალურად განსაზღვრა ის კითხვარი, რომლითაც დევნილებს ქულები ენიჭებათ. ამ შემთხვევაში დაემატა კითხვები სოციალური მდგომარეობის შესახებ, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები, სიღარიბის ზღვარი, არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობა და ა.შ.
თითოეულ კრიტერიუმს ემატება ქულა ვეტერანის სტატუსის მქონე დევნილზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულზე, მარჩენალდაკარგულზე და საბოლოოდ დადგინდება, რომელ პოზიციაზე აღმოჩნდება კონკრეტული ოჯახი პრიორიტეტების სიაში. თეორიულად, ეს მიდგომა სამართლიანია, მაგრამ პრაქტიკა სხვას გვიჩვენებს.
აპლიკაციის შევსებისა და საცხოვრისის მოთხოვნის შემდეგ, ქვეყნდება პირველადი სია. ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ, დევნილებთან მიდის თბილისიდან გაგზავნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი. ისინი აფასებენ რა პირობებში, რამდენი სული, როგორ ცხოვრობს. ადგენენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათ მიერ შევსებული განაცხადი. ყველა ინფორმაციის ჩანიშვნისა და წამოღების შემდეგ, კომისიაზე გააქვთ საკითხი და დგინდება, რომელი ოჯახია მათი ნანახისა და შემოწმების მიხედვით, საცხოვრებლით დაკმაყოფილების “ღირსი”.
წესით, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მეტი უნდა იყოს ბინის მიღების შანსი. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ ეს ქულები ფორმალობაა და მათმა ნაცნობებმა, რომელთაც დაბალი ქულები ჰქონდათ, უფრო მალე მიიღეს ბინა, ვიდრე თავად მათ.
“6 ქულა მაქვს მე ახლა და ვნახოთ, მომეცემა თუ არა. 4-ქულიანებს მიეცათ და ალბათ, არ ქონია ამ ქულას აზრი”, - გვითხრა ხობში მცხოვრებმა დევნილმა ვინაობის გამხელის გარეშე.
“რაღაცა ქულები რომ დაიწყეს, მაქაა ძაღლის თავი დამარხული. სულ არიეს ყველაფერი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვინაა წინ. ვერაფერს იგებ. კაციშვილი ვერაფერს გეუბნება. ვინც მერე დაიბადა, იმათ მისცეს და ჩვენ პირველები ვინც გადმოვედით, ჯერ არა გვაქვს ბინა. მესამე თაობამ მიიღო, აქ დაიბადნენ ბავშვები, იმ ბავშვებმა უკვე ბინები მიიღეს, ჩვენ ერთი ქეციანი ერთოთახიანი გვეკუთვნის და ისიც არ მოგვცეს”, - გვითხრა ზუგდიდში, ყოფილ შონიას ტექნიკუმში მცხოვრებმა დევნილმა.
შონიას ყოფილი ტექნიკუმი - დევნილების საცხოვრებელი
“მამაჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. როდესაც პრიორიტეტები განისაზღვრებოდა ქულებით, მაშინ მქონდა, დაახლოებით, 15 ქულამდე და პირველ რიგში უნდა მიმეღო ბინა, თუმცა, ასე არ მოხდა. პირველი პარტია ბინები რომ დარიგდა, მაშინ ვერ მოვხვდით ამ ქულებით. მეორეზე უკვე გარანტირებულად რომ ველოდებოდით, მაშინ მოვიდა სიები, სადაც ორქულიანები და სამქულიანები იყვნენ ბინით დაკმაყოფილებულები და მე არ მქონდა ბინა მიღებული”, - გვიყვება დევნილი წყალტუბოდან, რომელმაც სანატორიუმში 28 წელი გაატარა.
“პირობითად, თუ არსებობს სამწევრიანი ოჯახი, ერთ წევრს ეძლევა 1.5 ქულა, დანარჩენებს 0.5 ქულა და მერე უკვე უნდა კვდებოდე, რომ ბინა მიიღო, ან ონკოპაციენტი უნდა იყო… ან რაღაც საშინელება უნდა გჭირდეს, რომ მიიღო მაღალი ქულა და რიგში მოხვდე. ჩვენ 5.5 ქულა გვაქვს, მაგრამ მაინც ყოველთვის რიგის ქვემოთ ვხვდებით. სიები რომ ქვეყნდება, იქ არასდროს ვართ,” - გვითხრა ფოკი ფაჩულიამ, რომელიც ქუთაისში მცხოვრები დევნილია და ბინა 2025 წლის სექტემბერში გადაეცა.
“ჩვენ გვეგონა, რომ დროებით ვიქნებით აქ და გათავისუფლდება აფხაზეთი და დავბრუნდებოდით უკან. აქ რომ დაიბადნენ და გაიზარდნენ, იმათმა მიიიღეს ბინა. პირველი მე მოვედი აქ და მაშინ მე უნდა მიმეღო და აგერ ვარ ბოლოს. მაგას არ აქცევენ ყურადღებას”, - გვითხრა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა.
ქულებით შერჩევის წესს აქვს გამონაკლისები, რომელიც კანონითაა განსაზღვრული. მაგალითად, თუ შენობა ავარიულია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან საცხოვრებელი სახელმწიფო ინტერესში ექცევა, ბინა დევნილს, შესაძლოა, ქულების სისტემის გარეშეც გადაეცეს. სწორედ ამგვარი ჩანაწერი ქმნის ნიადაგს ნეპოტისტური ან კორუფციული ჩარევის შესაძლებლობისთვის. ეს ჩარევა კი ხშირად, მონიტორინგის ჯგუფის გავლით ან მათ სახელს ამოფარებით ხდება.
აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე გვიყვება, რომ თავადაც ახსოვს, როგორ სთხოვდნენ დევნილები ყალბი ონკოლოგიური ცნობის გაკეთებას იმისთვის, რომ მერე ბინა მარტივად მიეღოთ. ბაკარაძე გვიდასტურებს, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში კორუფციული სქემა მუშაობს.
“არაერთგზის მქონია შემთხვევა, მთხოვდნენ დავხმარებოდი, რომ ონკოლოგიური დიაგნოზი, ან შშმ პირის სტატუსი გამეკეთებინა. როგორ მახსოვს, ამის გამო ერთი კაცი ისე გამიბრაზდა და გამინაწყენდა, რა მინისტრი ხარ, შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიაო”, - იხსენებს ბაკარაძე. ის მინისტრის პოსტს 2013-2021 წლებში იკავებდა.
ბაკარაძის მონაყოლს მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს. 2010 წლის ოქტომბერში შსს-მ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში მომუშავე მედიცინის 11 მუშაკი დააკავა. ისინი სისტემატურად გასცემდნენ ყალბ სამედიცინო ცნობებს და დასკვნებს, ხოლო სანაცვლოდ პაციენტებს სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდნენ.
ასეთივე ფაქტი მოხდა 2025 წლის ოქტომბერშიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თანხის მიღების სანაცვლოდ, არაერთ პირს შშმ პირის მქონე სტატუსი მიენიჭათ. ამაში ზოგმა 3 000 ლარი გადაიხადა, ზოგმაც 9 500.
პრობლემას დევნილების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციებში ხედავს ვალერი კატუკიაც. ის 2016 წლამდე სამინისტროში საცხოვრებლის დაკანონების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
“წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან მაქვს კითხვები. თუნდაც, ომის ვეტერანის საბუთი, შშმ პირის ცნობა და ეგეთი ცნობები. პრობლემას ვხედავ აქ. ეს დოკუმენტები ძალიან ბევრს აქვს გაყალბებული. არქივი არ არსებობს და ძალიან ძნელია, დაამტკიცო პირი მონაწილეობდა თუ არა 1992 წლის მოვლენებში, აფხაზეთში. კომისია სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას ბინის გადაცემის შესახებ”, - გვეუბნება კატუკია.
სად ჩანს სისტემური კორუფცია?
ქულებით შეფასების სისტემა რომ პრობლემურია, ამას ის ადამიანებიც ხედავენ, ვინც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ, ამ თემებს იკვლევენ და პოლიტიკის დონეზე ანაალიზებენ.
ნანა გოგოხია უფლებადამცველია და 2006 წლიდან მუშაობს დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. გვიხსნის, რომ წესით დევნილისთვის მინიჭებული ქულები უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულება იმისა, ვინ უფრო მოწყვლადია და ვინ უფრო მალე საჭიროებს განსახლებას. თუმცა, მას ხშირად მიმართავენ სამართლებრივი დახმარებისთვის ის დევნილები, ვისაც საჭირო მაღალი ქულების მიუხედავად, სახლი მაინც ვერ მიუღია. “სააგენტოს რომ კითხო (ავტ. შენიშვნა: იგულისხმება დევნილთა სააგენტო), ამბობს, ჩვენ მონიტორინგის სამსახურზე დაყრდნობით დავრწმუნდით, რომ იმას უფრო სჭირდებოდა განსახლებაო. როგორ დარწმუნდნენ, მაშინ ეს ქულები რისთვის გაქვს, ქულათა სისტემა უნდა დახვეწო,” - გვითხრა გოგოხიამ.
“მთავარი პრობლემა მანდ არის ეს ქულები ვინც დაწერა, იმიტომ რომ იმან შეიძლება 0 ქულა დაწერა, მარა რეალურად სიგიჟე ხდება იქ. თუ 0 ქულა უწერია ადამიანს, იქ ვერაფერს ვერ წყვეტ. მთავარი არის ამ მონიტორინგის ნაწილი”, - გვითხრა დევნილმა და აქტივისტმა ვენერო მელუამ, რომელსაც ბინა ამ დრომდე არ მიუღია.
დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში მონიტორინგის ჯგუფებს, თითქმის, გადამწყვეტი როლი აქვთ. ისინი დევნილთა სააგენტოდან რეგიონებში ჩადიან, აკვირდებიან დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იღებენ სურათებს, აფასებენ მდგომარეობას და ამ მონაცემების საფუძველზე აყალიბებენ საბოლოო რეკომენდაციას: უნდა მიიღოს თუ არა კონკრეტულმა ოჯახმა ბინა.
წესით, ეს უნდა იყოს ობიექტური, ადამიანზე მორგებული პროცესი. თუმცა, პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. დევნილები გვიყვებიან, რომ მონიტორინგი როდის მოვა წინასწარ უცნობია. მათთან კომუნიკაცია კი სტრესულია, რადგან უხეშად და მკაცრად იქცევიან.
“არავინ არასდროს არ იცის ეს მონიტორინგის ჯგუფი როდის დაგაცხრება თავზე და ეს არის ყველაზე დიდი სტრესი ამ ადამიანებისთვის. ჯერ როგორი დიდი დამცირებაა ამ ადამიანებისთვის, რომ მოდიან და ჯაგრისებსაც კი ამოწმებენ. მტრისას, თუ მითითებული გყავს 6 ადამიანი და 5 დახვდა შინ. ხომ შეიძლება, ვინმე რეგიონშია წასული. იყო შემთხვევა, დის დაკრძალვაზეა წასულიო და ამოიღეს ის ადამაინი სიიდან. ვითომ ძაან პრინციპულები არიან. იმას რომ მიეცა პირობითად 1 000 ლარი,, რა თქმა უნდა, პრობლემა არ ექნებოდათ,” - გვიყვება ანონიმური წყარო, რომელიც ამ უწყებაში 2014-2015 წლებში მუშაობდა, ანუ მაშინ, როცა განსახლებისა და მონიტორინგის ახალი სისტემა მკვიდრდებოდა.
“მათ აქვთ რამდენიმეგვერდიანი დიდი თაბახის ფურცლები, წინასწარ შედგენილი კითხვარები. გეკითხებიან აბსოლუტურად ყველაფერს, დაწყებული დაბადებიდან, გაგრძელებული იმით, სად არის ოჯახის წევრების საფლავები. ძალიან დეტალური ჩაშლაა ფინანსურ შემოსავალზეც. ჯერ მოილევენ ოჯახის წევრებს, მერე გადადიან უახლოეს სანათესაოზე, ბიძები, დეიდები, მამიდები… მათი სამუშაოებით, რომელმა ნათესავმა მიიღო ბინა, ან არ მიიღო. პრაქტიკულად გაწურვაა. აწარმოებენ ფაქტობრივი სახლის ფოტოგადაღებას. ყველა ოთახს, კუთხე-კუნჭულს იღებენ. ასევე იღებენ სახლში ვინ დახვდათ იმ ადამიანების ფოტოებს. ასე არის აწყობილი ეს სისტემა”, - გვიყვება ფოკი ფაჩულია ქუთაისიდან, რომელმაც ბინა 2025 წლის სექტემბერში მიიღო.
“მახსოვს მონიტორინგიდან მოსულები რომ იყვნენ, სხვადასხვა სართულებზე უცებ შეცვივდნენ. სანატორიუმში ვცხოვრობდით. გადანაწილდა რამოდენიმე პირი და ყველა სართულზე შევიდა თითო-ორი ადამიანი. ჩვენგან რომ გამოვიდა და გამოვყევი გარეთ კიბეზე, ქვემოთ მესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, გავწურეთ ესენი კითხვებითო. ძაან ცუდად დამრჩა ის, რომ აგრესიული ტონი ჰქონდათ, გავწურეთ ესენი კარგადო თუ რაღაც ამდაგვარი ჩაილაპარაკეს და მე ზემოდან ვუსმენდი. არ მესიამოვნა მსგავსი მიდგომა”, - გვითხრა დევნილმა წყალტუბოდან.
“ეს იყო ყველაზე სტრესული. 4 წელი დადიოდა მონიტორინგი. დაიწყებდა, ააფორიაქებდა ამ ხალხს ბინების გაცემაზე, მერე ჩამთავრდებოდა. ვიღაცები ბინებს მიიღებდნენ და თქვენ შემდეგ ეტაპზეო. ბოლოს უკვე, როცა ბინა უნდა მიგვეღო, ზედიზედ იყვნენ სამჯერ. ყოველ თვეში ჩამოდიოდნენ. რა შეიცვლებოდა იმ მოკლე დროში… ყველაზე მარტივად დევნილის ადგილსამყოფელის გადამოწმება თუ გინდა, “ლიბერთის” სოციალური ბარათია. ამოიღე ამონაწერი, სად იღებს იმ 45 ლარს. მაგის გამო თბილისიდან წყალტუბოში არავინ ჩამოვა. მაგრამ ამაშიც ფული იწერებოდა. მაგათ დასვენებაში. მაგენი აქ მუშაობდნენ ხალხის ნერვების საწყვეტად. ჯერ ეს ერთი, ღამის 12 საათზე რა უფლება ჰქონდათ, რომ მოდიოდნენ? ან გეგონება, ადამიანურად დააკაკუნებდნენ, სახედრებივით შემოჯლიგინდებოდნენ და ასაკიანი ხალხი დაზაფრული იყო. ეს იყო ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ძალადობა, სიმონიშვილის დროინდელ მონიტორინგზე ვამბობ კონკრეტულად”, - გვითხრა დევნილმა წყალტუბოდან, რომელმაც ბინა მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მიიღო.
ბინის მომლოდინეთა რიგებშია ომის ვეტერანი ალბერტ ზარქუა. ის ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში, მძიმე პირობებში ცხოვრობს ცოლთან და შვილთან ერთად. როგორც გვიყვება, ვერც ერთ ეტაპზე სიაში ვერ მოხვდნენ. ერთ-ერთ მიზეზად მონიტორინგის ჯგუფმა სხვა მისამართზე ცხოვრება დაუსახელა, როცა თავადაც ნახეს, სად და რა პირობებში ცხოვრობდა ოჯახი.
“მონიტორინგმა მითხრა, შენო 168 ნომერში ცხოვრობო. მეთქი, როგორ ვცხოვრობ მანდ, წამოდი, ნახე, ვინ ცხოვრობს. გიჟი ვარ? ამ სახლში რა მინდა მაშინ. ამის გამო გვითხრეს უარი. ეს რომ შტაბში (ავტ. შენიშვნა: გულისხმობს დევნილთა სააგენტოს ოფისს ზუგდიდში) ვთქვით, სასაცილოდ არ ეყოთ. ეს რა მიზეზი იყოო. ხალხი წარამარა იცვლის ბინებს და მისამართებსო, შეეცვალათო უნდაო. ეგ თქვენი თავიდან მოსაშორებლად უთქვამთ, თორე გეკუთვნოდათო. როგორ გავიგო, რა მეკუთვნოდა… რომ მივდივართ, ვკითხულობთ, გვისტუმრებენ… ამ ეტაპზე არ გეკუთვნით, იმ ეტაპზე არ გეკუთვნით… კი დავბერდით აგერ”, - გვითხრა ზარქუამ და მისმა ცოლმა. ისიც დააყოლეს, მონიტორები აგრესიულად იქცეოდნენო.
ალბერტ ზარქუას საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში
ამ ყველაფერმა დევნილებში უნდობლობა შექმნა, როგორც კომისიის, ისე საცხოვრებლით უზრუნველყოფის მთლიანი პროგრამის მიმართ. დევნილები ფიქრობენ, რომ „შეფასება“ ხშირად სუბიექტურია, ხოლო ნამდვილად გაჭირვებული ოჯახები უბინაოდ რჩებიან.
თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც კი წერდა ოფიციალურ ანგარიშში, რომ სისტემა ბადებს კორუფციის რისკს. ანგარიში 2020-2021 წლებს მოიცავს და ასკვნის, რომ ხშირ შემთხვევაში, დევნილთა სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული სააგენტო ბინებს არასამართლიანად ანაწილებს. ანგარიშის მთავარი მიგნებები იყო:
- აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ბინების გადაცემა არ ხდებოდა გამჭვირვალე კრიტერიუმებით;
- არ არსებობს მკაფიო წესები, თუ ვის უნდა მისცემოდა ბინა;
- იყო შემთხვევები, როდესაც ბინები გადაეცათ იმ პირებს, რომლებიც არ იყვნენ პრიორიტეტული და ვისაც მეტად სჭირდებოდა, ისინი ბინის გარეშე დარჩნენ;
- არ იყო საჭირო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა, რატომ მიეცა ბინა ამა თუ იმ ადამიანს;
- ეს პრაქტიკა არღვევს თანასწორობის პრინციპს და ბადებს შესაძლო კორუფციულ რისკებს.
ის, რაც აუდიტის სამსახურმა დაწერა, მაგალითების დონეზე მოვისმინეთ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები დევნილებისგან.
“განცხადების დაწერამდე ჩემმა ნათესავმა მითხრა, რომ ვიღაც მყავს სააგენტოში და ყურადღებას მიაქცევენ შენს განცხადებასო, მაგრამ 10 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთო. პატარა ფული არ ღირს ბინის მიღება. ყურადღების მიქცევაში იგულისხმებოდა, რომ წლებით ჩემი ამბავი თაროზე არ შემოიდებოდა. ამ ჩემმა ნათესავმა მიიღო ბინა ჰუალინგში. მოსკოვში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ჩამოვიდა ცოტა ხნის წინ და ეგრევე გააკეთა ეგ ბინა, რადგან ყავდა ვიღაცა სააგენტოში. მე შარშან შევიტანე განცხადება და ეს ჩემი ნათესავი მეუბნება, შენ ვერ მოგცემენ ბინას, ძაან ებრძვი ამ მთავრობასო. ეს იყო როგორც დამთავრდა ჩემი ამბავი”, - გვიყვება ერთ-ერთი ბინის მომლოდინე დევნილი თბილისიდან.
“ყველა ფეხის ნაბიჯზე უკანონობაა. ერთი კაცი ვიცი, 25 წელია მოსკოვშია და გონზე არ არის, რა ადგილას აქვს ბინა აღებული. მაგრამ ბინა აიღო. არც მონიტორინგი გაუვლია და არაფერი. ცალსახად არის კორუფციული გარიგებები”, - გვითხრა დევნილმა წყალტუბოდან.
“ჩემ ნათლულს და მის ოჯახს გადახდილი აქვთ 5 ათასი დოლარი იმისთვის რომ მათ მიეღოთ საბურთალოზე, ცენტრალურ უბანში, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, რომელიც მათ მერე გაყიდეს”, - გვითხრა ერთ-ერთმა წყარომ თბილისიდან.
“ისეთი ოჯახი ვიცი მე ქუთაისში, მამამ და ცოლ-ქმარმა ცალკე აიღო [ბინა], ბიჭმა ცალკე აიღო, გოგოები რომ გათხოვდნენ, ერთმა ახლა აიღო, ერთი ახლა ელოდება. ვიცი კიდე ერთი ოჯახი, ფული მივეციო და კიდე მთხოვსო ფულსო. ახლა რომ არის ქუთაისში ბინების დარიგება ველოდები იქო. 2 000 ლარი მივეციო და 2 000 კიდე მთხოვსო. ვინ გეტყვის მაგას, ვის მისცა. მარა მოძებნილი ყავს და კორუფცია მიდის. ახლა მიშვებულია ყველაფერი. თვითონ ამბობს [ხმამაღლა] და იქ ელოდება ბინას, სადაც ველოდები მეც, უფულო ადამიანი”, - გვიყვება დევნილი ხობიდან, რომელიც ახლა ყოფილი საცურაო აუზის შენობაში ცხოვრობს.
“სოფლად სახლის” პროგრამის ხარვეზები
დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ “სოფლად სახლის” პროგრამით, რომლითაც სააგენტო მათ საქართველოს ნებისმიერი რეგიონის სოფელში სახლის შეძენას სთავაზობს.
უფლებადამცველი ნანა გოგოხია მასთან კონსულტაციაზე მისულ დევნილებს არ ურჩევს ხოლმე სოფელში სახლის არჩევას, თუ მათ არ აქვთ სააგენტოს მიერ გამოსაყოფ თანხაზე საკუთარი სახსრების დამატების შესაძლებლობა. საქმე ისაა, რომ სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანხები ძალიან დაბალია და ღირსეული საცხოვრებლის შესაძენად ბაზარზე არსებულ ფასთან შეუსაბამოა.
“არაადეკვატური ფასია. მიტოვებულ სახლსაც ვერ იყიდი ამ ფასად. სტანდარტი აქვს სამინისტროს, რემონტით უნდა იყოს, ცხოვრება შეიძლებოდეს, თუ სოფლად არის უძრავი ქონება, მაშინ მიწის ნაკვეთიც მოყვებოდეს… დევნილებს ვეუბნები, რომ ეს არის თავის მოტყუუება, იმიტომ რომ ხვალ ისინი კვლავ დადგებიან უსახლკარობის წინაშე, რადგან 22 000 ლარად ან თუნდაც 50 000 ლარად ღირსეული, გამართული საცხოვრებლის შეძენა დღეს საქართველოში შეუძლებელია,” - გვითხრა ნანა გოგოხიამ.

პროგრამის მუშაობის პროცესი ასეთია: პირველი ეტაპი განაცხადის შევსებაა. დევნილს, ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში, ან დევნილთა სააგენტოში და განცხადება შეავსოს. როცა განაცხადები შეგროვდება, რაღაც რაოდენობა თავს მოიყრის, სააგენტო მათ აფასებს და ანიჭებს ქულებს. ამის შემდეგ საიტზე აქვეყნებს სიას, თითოეულ ოჯახს რამდენი ქულა აქვს მინიჭებული. თუ დევნილი სიაშია, მან უნდა დაიწყოს სახლის მოძებნა. 6 თვის მანძილზე უნდა იპოვოს საცხოვრებლად ვარგისი სახლი, იმ თანხაში რასაც სააგენტო ოჯახის წევრების სულადობის მიხედვით მისცემს. თუ არ ჰყოფნის, მაშინ თავად დაამატოს დანარჩენი და როცა სასურველ ვარიანტს იპოვის, მიმართავს სააგენტოს.
სააგენტო უმეტეს შემთხვევაში გაგზავნის ამ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ისინი შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება ეს სახლი მათ კრიტერიუმებს და რამდენად ვარგისია საცხოვრებლად. დაწერენ დასკვნას და წარუდგენენ კომისიას. სანამ კომისია გადაწყვეტს და საბოლოო პასუხი იქნება, დევნილიც ელოდება და სახლის გამყიდველიც. რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია.
“სახელმწიფომ ჩათვალა, რომ სოფელში სახლი ან მიწა არის უფრო იაფი, რაც ტყუილია. არანაირად იაფი არ არის. გამორიცხულია 22 ათასად ნორმალური, კარგი კარ-მიდამო ადამიანმა შეიძინოს. ვერც დოლარში ვერ შეიძენს უკვე, იმდენად არის ფასები მომატებული. ეს ფასები, შეიძლება, ამ ქვეყანაში ადეკვატური იყო 10-15 წლის წინ, მაგრამ 2025-ში ამ ფასებით ორიენტირება წარმოუდგენელია”, - გვითხრა ფოკი ფაჩულიამ, თავად დევნილმა, რომელიც ბინას 33 წელია ელოდებოდა და 2025 წლის სექტემბერში გადაეცა.
“ეგ იყო სრული სისულელე და ფულის აღების მექანიზმი. რეალურად, ეგ იყო ფულის აღების მექანიზმი და ახლა, დაახლოებით, 10% თუ ცხოვრობს სოფლად სახლის ნაყიდი პროგრამით. ხდებოდა ფულის “გაქეშება” და ამ სახელბს მიმღებთა 90% არ იყენებდა საცხოვრებლად. ეგ არ არის ორიენტირებული დევნილის განსახლებაზე, ეს არის რომ იმ ადამაინმა, რომელიც ისედაც სასოწარკვეთილებაში იმყოფება და საერთოდ ვერაფერს იღებს, გადარჩეს. აიღოს ეს 20 ათასი ლარი და გამოიყენოს. ამით პრობლემა ვერ გვარდება და ის მაინც ბინის გარეშე რჩება ღია ცის ქვეშ,” - გვითხრა ვალერი კატუკიამ, რომელიც სამინისტროში მუშაობდა.
სრული სტატისტიკის სანახავად სააგენტოსგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვაინტერესებდა, რა თანხებია (წლების მიხედვით) გამოყოფილი ამ პროექტისთვის და რამდენ ოჯახს შეუძინეს სახლი. თუმცა, სააგენტომ ამჯერადაც უპასუხოდ დაგვტოვა.
ათეულობით დევნილთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ სააგენტო მათთან არც ჯანსაღ კომუნიკაციას ცდილობს და არც მათი გასაჭირების მოსმენით იწუხებს თავს.
“სახელმწიფოს პოლიტიკიდან ასე გამოდის, რომ 30 წლის განმავლობაში, დევნილს არც უნდა ემუშავა, ბევრი არც არაფერი უნდა ეჭამა, არანაირი ქონება არ უნდა შეეგროვებინა და უნდა ყოფილიყო მოწყალებაზე დამოკიდებული და ასეთ შემთხვევაში მიიღებდა ბინას,” - გვითხრა ბინის მომლოდინე დევნილმა ქუთაისიდან.
“მივდივართ - ვწერთ განცხადებას, მივდივართ - ისევ ვწერთ. ფურცლებად ვიქეცით, მეტი არაფერი. პასუხი ნული,” - გვითხრა ზუგდიდში, შონიას ტექნიკუმში მცხოვრებმა ბინის მომლოდინე დევნილმა.
“ვის აინტერესებს დევნილები დღეს? დღეს ფიქრობენ საკუთარ თავზე, როგორ გადაირჩინონ, როგორ შეინარჩუნონ ადგილები და ამაზე მიდის ბრძოლა, თორე ჩვენ ვის რაში ვაინტერესებთ?” - გვითხრა ზუგდიდში, შონიას ტექნიკუმში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ბინის მომლოდინე დევნილმა.
“ჩვენი მომკითხავი აქ არავინ არ არის. დევნილი ხარ, რამე გინდა, რამე გჭირდება... ასეთი რაღაცა არ ყოფილა, ერთი 20 წელია,”- გვითხრა დევნილმა ხობში.
დევნილთა სააგენტო მხოლოდ დევნილებთან კომუნიკაციაში არ ინარჩუნებს დუმილს. ის თვეებია არ პასუხობს ჩვენ მოთხოვნას საჯარო ინფორმაციაზე, არ გვთანხმდება ინტერვიუზე და არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ.




