ავტორი: ია ასათიანი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” კამპანია, ძირითადად, დავით გარეჯზე იყო აგებული. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ “გარეჯი საქართველოა”, რაც სადავო არც არასდროს ყოფილა. პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი ემოციური ქართველები კი ამ მესიჯმა ანკესზე კარგად წამოაგო.
“გარეჯი საქართველოას” კამპანიას მოჰყვა ის, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ორი გამოცდილი კარტოგრაფი და მეტიც, მათ წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს. “ქართული ოცნება” ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს საქართველოს ინტერესების საზიანოდ რუკების დამალვას ედავებოდა. ილიჩოვა და მელაშვილი არჩევნებამდე დააკავეს და მათ საქმეზე სასამართლო სხდომებიც დაიწყო. არჩევნების შემდეგ, სამ თვეში, დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ოთხი წელი გავიდა და მათ საქმეზე საქალაქო სასამართლოსაც კი არ დაუსრულებია მსჯელობა.
გარეჯის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იყო. როგორც თავად ამბობს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას სთხოვა, გაურკვევლობა გვაქვს დავით გარეჯის მონასტრის ირგვლივ და თუ შეგიძლია, დახმარება გაგვიწიე, მოგვიძიე სხვადასხვა რუკაო. ხიდაშელი რუკების კოლექციას რვა თვე აგროვებდა და საბოლოოდ, ივანიშვილის თხოვნით, საქართველოს საზღვრის რუკები რუსეთიდან ჩამოიტანა. მმართველი პარტია სწორედ ამ რუკებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აზერბაიჯანს მიწები დაუთმო. ილიჩოვას და მელაშვილს კი იმას ედავებოდნენ, რომ მათ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას სახელმძღვანელოდ არ გამოიყენეს 1937-38 წელს შექმნილი და ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა. გამოძიების ვერსიით, ამ რუკის გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის მეტი ნაწილი დარჩებოდა.
ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა რომ სანდო და გამოსადეგი არ იყო, ეს სამი წლის წინ გამოვიკვლიეთ და გამოძიებას სრულად ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილავთ. აქ კი სხვა ამბავი გვინდა გიამბოთ - ამბავი იმისა, თუ როგორ არ დარჩა ვალში “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს.
„ნამდვილი პატრიოტი“, “ქველმოქმედი“, “ჭეშმარიტი გმირი”, “ძალიან საყვარელი ადამიანი” - ამ სიტყვებით ახასიათებდა 2021 წელს ბიძინა ივანიშვილი დავით ხიდაშელს. მაშინ ოლიგარქმა ისიც თქვა, ბევრი მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ “მისი ვალი მიმყვებაო”.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ ვალიდან ამოსვლის რა გითხრათ, მაგრამ დავით გარეჯის ამბების შემდეგ განვითარებული მოვლენები აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ ხიდაშელს “ვალი” “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ დაუბრუნა - სახელმწიფო ქონების ხარჯზე.
რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენმა 2018-2024 წლებში 16 მილიონ ლარად იყიდა 280 000 კვ.მ მიწა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, 1.1 მილიონ ლარად კი 97 000 ჰა 49-წლიანი იჯარით აიღო, თავისი სამონადირეო ლიცენზიით. ამ უძრავ ქონებებში შედის გამწვანებული, რეკრეაციული ზონები, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური კურორტები, შენობა-ნაგებობები და მოწყობილი ინფრასტრუქტურა.
დავით ხიდაშელის რუსული კავშირები
რა ვიცით ხიდაშელზე?
დავით ხიდაშელი თბილისში, 1965 წელს დაიბადა. განათლებაც საბჭოთა საქართველოში მიიღო. 1980-იან წლებში საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა და ბიზნესს ფლობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ მისი კომპანიები მხოლოდ 8 ქვეყანაში ვიპოვეთ. როგორც ჩანს, სხვა ოლიგარქების მსგავსად, მასაც ძალიან უყვარს ოფშორული ზონები, სადაც ბიზნესის შესახებ ინფორმაცია დამალულია ხოლმე.
მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ განათლების მიღება რუსეთში გააგრძელა და მოსკოვში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაასრულა. 1988-1993 წლებში კი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ტექნოლოგიურ ბიზნესს უძღვებოდა. ამის შემდეგ ხიდაშელი შვეიცარიაში გადავიდა და ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგალითად, იყო პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრის რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტოს პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი.
2004 წელს ისევ რუსეთში დაბრუნდა და 2009 წლამდე იუნესკოს მსოფლიო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან გახდა - informap group-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე (chief technology architect).
2007 წელს ამერიკული კომპანიის, CALYPTE BIOMEDICAL CORP-ის 30 მილიონი აქცია 1.6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ისე, რომ ამ შენაძენისთვის არც ბანკი დასჭირვებია და არც სხვა სახით ქონების უზრუნველყოფა. კომპანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტებს ქმნის და ყიდის. ხიდაშელი ახლა ამ კომპანიის აქციონერთა სიის ოთხეულშია.
2007 წელს, ამერიკული კომპანიის აქციების შეძენამდე, ხიდაშელი აშშ-ს მთავრობამ შეამოწმა და თქვა, რომ ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კრიმინალურ საქმიანობაში გარეული არ ყოფილა.
2007 წელს ხიდაშელი რუსული კომპანიის “სისტემას” აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი გახდა და ამ კომპანიაში 2014 წლამდე რჩება. 2022 წლიდან მოყოლებული, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ “სისტემას” სანქციები დაუწესა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფინანსური მხარდაჭერის გამო.
კომპანიას “სისტემას“ და მის შვილობილ კომპანიებს კონტრაქტები აქვს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც კავშირგაბმულობის საშუალებებს და საბრძოლო დრონებს აწვდის.
“სისტემა” რუსეთში 20 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში შედის და ტელეკომუნიკაციების სფეროში ლიდერია. თუმცა, მხოლოდ ტელეკომუნიკაციის ბიზნესით არ შემოიფარგლება, შემოსავალი აქვს ნავთობის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებებიდანაც.
სისტემა” 1993 წელს შეიქმნა და მისი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და საკონტროლო პაკეტის მფლობელი, 2022 წლის სანქციებამდე, პუტინის მეგობარი, ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი იყო. სანქციების დაწესების დღეს კი მისი კომპანიიდან წილი შვილს გადასცა და დირექტორთა საბჭოც დატოვა. ევტუშენკოვი ომის მხარდაჭერის გამო სანქცირებულია ბრიტანეთის მიერ. როგორც თავად დავით ხიდაშელი ამბობს, ევტუშენკოვს 30 წელზე მეტია იცნობს და მეტიც, ის მისი მეგობარიცაა. ევტუშენკოვი უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, რომელიც მეიდნის სახელითაა ცნობილი, პრეზიდენტ იანუკოვიჩს ფინანსურად ეხმარებოდა.
2009-2014 წლებში ხიდაშელი ბერძნულ საკომუნიკაციო კომპანია “ Intracom Telecom-ის” ბორდის თავმჯდომარედ მუშაობდა. “Intracom” 2006 დან 2014 წლის დეკემბრამდე „სისტემას“ ნაწილი იყო. 2020 წელს "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელი თავს ისევ “Intracom” ბორდის ხელმძღვანელად და მის მეწილედ გვაცნობდა, თუმცა 2024 წელს ამერიკის ხმას “Intracom Telecom”-დან მიწერეს, რომ დავით ხიდაშელს კომპანიასთან ბოლო რამდენიმე წელია ურთიერთობა არ აქვს და არც ის იციან, ახლა რას საქმიანობს.
ვიკილიქსის ინფორმაციით “Intracom” შემჩნეულია ტერორისტებთან და სანქცირებულ ქვეყნებთან თანამშრომლობაში, მაგალითად, კადაფთან, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. “Intracom” 2011 წლიდან კადაფის რეჟიმს სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა.
ხიდაშელი აგრძელებს სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელობას, მათ შორისაა “Sitronics JSC”, რომელიც “სისტემას”( უმსხვილესი რუსული კორპორაცია) ნაწილია და “Informap group”. ეს უკანასკნელი მომხმარებელს რუკების დამუშავების, გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებსა და ამ დარგთან დაკავშირებულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს.
Informap-ის გვერდზე მითითებულია, რომ ეს კომპანია თბილისშიც საქმიანობს, თუმცა რას, დაკონკრეტებული არაა. რუკიდან, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ამ კომპანიის რამდენიმე მისამართია მონიშნული, მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ თბილისშიც უნდა ჰქონდეთ მისამართი. ქართულ ბიზნესრეესტრში მსგავსი კომპანიის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
როგორც თავად ამბობს, ის ბოლო 20 წელიწადია ხელმძღვანელობს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას შვეიცარიაში, რომელიც მუშაობს მიწისძვრის შემდეგ სამოქმედო გეგმის სპეციალური პროგრამების შემქნაზე და რუკებზე.
სწორედ რუკების გამო გამოჩნდა ხიდაშელი ქართულ მედიაში 2020 წელს და ირიბად დაეხმარა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას - “გარეჯი საქართველოა”. ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთხელ თქვა, რომ მას ქვეყნის გაძლიერებისთვის გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად სიმბოლურად დანიშნეს. ხიდაშელი ამ პოსტს 2024 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა და მისი ხელფასი 1 000 ლარი იყო.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონია. სხვას ვერ გეტყვით, რაც მე ვარ თავდაცვის მინისტრი, ის არ არის ჩემი მრჩეველი. რა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, ვერ გეტყვით”, - განუცხადა მედიას ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორ გადაუხადა მთავრობამ ვალი ხიდაშელს?
საქართველოს მთავრობისთვის ხიდაშელის პერსონა გარეჯის ამბამდე უკვე კარგად ნაცნობი იყო. ხიდაშელის ოფშორულმა კომპანიამ პირველი საქმიანი გარიგება ეკონომიკის სამინისტროსთან 2018 წლის მარტში გააფორმა, როცა მათგან თბილისში, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობა იყიდა.
- 2018 წლის აპრილში იყიდა სანატორიუმი ლიბანი;
- 2018 წლის ივნისში იყიდა სამკურნალო კურორტი ახტალა;
- 2021 წლის იანვარში იჯარით აიღო 104 000 ჰა ტყე რაჭაში (საბოლოოდ 97 000 ჰა);
- 2021 წლის ოქტომბერში იყიდა 5.5 ჰა მიწა ფოთში, მალთაყვაში;
- 2022 წლის მარტში იყიდა 1.5 ჰა მიწა და მასზე განთავსებული 9 172 კვ.მ. შენობა- ე.წ “რიყის დოქები” თბილისში.
ამ ქონების უმრავლესობას საერთო ის აქვს, რომ ხიდაშელმა ისინი შეღავათიან ფასად მიიღო იმ პირობით, რომ ამ ადგილებში ინვესტიციას ჩადებდა. თუმცა, პირობა არც ერთ შემთხვევაში შეუსრულებია და დღემდე ეს ობიექტები ისევ ისე გამოიყურება ან უარესად, როგორც ხიდაშელის ხელში გადასვლამდე. სახელმწიფო კი ხიდაშელის მიერ პირობების დარღვევებზე დუმს და მორჩილად უგრძელებს ვალდებულებების შესრულების ვადებს.
თბილისი
პირველი ქონება, რომელიც ხიდაშელის კომპანია შპს “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ” სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონით მიიღო თბილისში, ე.წ. ელბაქიძის აღმართზე, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. 2018 წელს ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ღვინის ქარხნის სარდაფი და პირველი სართული, ჯამში 523 კვ.მ. ხიდაშელმა ქონება 1.6 მილიონ ლარად იყიდა. თუმცა, მისი უკან დაბრუნება მოუწია. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სახელმწიფომ აუქციონზე სხვისი, კერძო მესაკუთრის ქონება გამოიტანა. შპს “ვერე უძრავი ქონებამ” ამ საქმეზე იჩივლა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქონება 2022 წელს უკან დაიბრუნა.
დავით ხიდაშელი მედიასთან თვითონვე ამბობს, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს დაასრულებს, რაც არ უნდა ხელი შეუშალონ. თუმცა, ყველა ის პროექტი, რომელზეც სტატიაში გიყვებით, ბოლომდე მიყვანილი არ არის.
კურორტი ახტალა
კურორტი ახტალა გურჯანიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თავისი მახასიათებლებით უნიკალურია მთელ კავკასიაში. აქ ბუნებრივად, მზის გულზე ადუღებული ტალახის აბაზანებით მკურნალობენ ცერებრულ დამბლას, სახსრებისა და ძვლების პრობლემებს, კუნთების მოდუნებასა და ატროფიას, ანთებით პროცესებს, გინეკოლოგიურ და დერმატოლოგიურ პრობლემებს.
კურორტი ახტალა გაშენებულია 20 ჰა ტერიტორიაზე. კურორტზე შეგხვდებათ საცხოვრებელი კორპუსები, საპროცედურო შენობა, მოთუხთუხე ტალახი, სკვერი, უნიკალური მინერალური წყალი და გასართობი სივრცეები. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი, 16 ჰა, სს “კურორტ ახტალას” ეკუთვნის. ამ კომპანიის მფლობელი კი 2018 წლიდან შპს “გლობალ ვიქტორი ჯეორჯიაა.”
ხიდაშელი ამ უკანასკნელს არაბული კომპანიის მეშვეობით ფლობს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ გურჯაანელები, რომ ახტალა ახლა არაბების ხელშია. სინამდვილეში, მისი მფლობელი დავით ხიდაშელია, რომელმაც 16 ჰა-მდე მიწაზე აწყობილი საკურორტო ინფრასტრუქტურა 3.7 მილიონ ლარად, ანუ ერთი კვადრატული სულ რაღაც 23,5 ლარად იყიდა.
2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახტალა აუქციონზე გამოიტანა და თან პირობებიც მოაყოლა. ახალი მეპატრონე ვალდებული იყო, 4 წელში ახტალას ტერიტორიაზე 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. იმის გარანტად, რომ ამ პირობის შესრულება ნამდვილად შეეძლო, კომპანიამ წარადგინა 1.2 მილიონი ლარის საბანკო გარანტია, რომლის გამოთხოვის უფლება სახელმწიფოს იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდებოდა.
ხიდაშელის კომპანიას ახტალაში 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, ტერიტორიაზე უნდა მოეწყო ღია და დახურული აუზები, კვების ობიექტები და დასასვენებლი სივრცეები. სასტუმრო კომპლექსში კი მინიმუმ ორი წლის ვადით 50-მდე ადამიანი უნდა დაესაქმებინა. გამოდის, რომ ახლა ახტალაში თანამედროვე ტიპის კურორტი უნდა იყოს და ადგილობრივებს სამუშაო ადგილებიც ჰქონდეთ.
ახტალაში 2024 წლის აგვისტოში ვიყავი. მინდოდა, მენახა რა გააკეთა ხიდაშელმა კურორტზე. იქ დაწყებული ან დასრულებული მშენებლობა არსად მინახავს. მხოლოდ ერთ ადგილას იყო ამოჭრილი საძირკველი, ისიც იმდენი ხნის მიტოვებული, რომ იქ უკვე ბალახი და პატარა ხეებიც კი იყო ამოსული. იქვე მცხოვრებმა ადგილობრივებმაც დამიდასტურეს, რომ ამ ტერიტორიაზე ბოლო 6 წელში არაფერი გაკეთებულა.
მერე ახტალას სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორის მოადგილეს, თედო შუხოშვილს ვკითხე, ხომ არ იცის, რა ისმის ინვესტორის დაპირებებზე. მისი თქმით, კომპანიისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ მერიასთან ვერ შეთანხმდა კურორტის ცენტრში მდებარე ნაკვეთის მიღებაზე. ამ ტერიტორიაზე ქალაქ გურჯაანის მთავარი სკვერია მოწყობილი და ადგილობრივებისთვის მიმზიდველი დასასვენებელი სივრცეა.
არადა, ხიდაშელმა “კურორტ ახტალას” ყიდვისას ზუსტად იცოდა, რომ კურორტის შუაგულში ეს გამწვანებული ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნოდა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია განკარგავდა.
ერთადერთი, რაც ინვესტორმა ხიდაშელმა ამ კურორტზე გააკეთა, მცირე კოსმეტიკური რემონტია. კურორტის შესასვლელში ორსართულიანი შენობა დგას, რომლის პირველი სართული ადმინისტრაციას უჭირავს, მეორეზე კი მცირე ზომის სასტუმროა მოწყობილი. ხიდაშელის კომპანიამ ეს შენობა მხოლოდ გარედან შეღება და სველი წერტილების ნაწილი გაარემონტა. 2019 წელსვე მოასუფთავა ადგილი, სავარაუდოდ, იქაც სასტუმროსთვის, თუმცა მშენებლობა აღარავის დაუწყია.
“აქამდე უნდა აშენებულიყო, რა გითხრათ აბა? რამდენ ხანში აშენდება, ეგ კაცმა არ იცის ჯერ… გადაცემულია მერიაში უკვე პროექტი, რაც უნდა გაკეთდეს. რა იქნება, ვნახოთ, შემოდგომაზე დავიწყებთო და ალბათ, არჩევნებს ჩაატარებენ და დაიწყებენ…”, - გვითხრა კურორტ ახტალას დირექტორის მოადგილემ, თედო შუხოშვილმა.
ახტალაში სეზონი აპრილში იწყება და დეკემბრამდე გრძელდება. ახლა, სეზონზე პროცედურას 600-700 ადამიანს უტარებენ. ადრე კი, როცა ახტალა სრულად ფუნქციონირებდა, დღეში 500 პროცედურამდე კეთდებოდა. შუხოშვილის თქმით, ახლა კურორტს ყველაზე მეტად ადამიანების განთავსება უჭირს, რადგან სველი წერტილები ყველგან არ აქვთ და 60 ადამიანზე მეტის მიღება ფიზიკურად უჭირთ. ხიდაშელის დაპირებული სასტუმრო კი ამ პრობლემას გადაჭრიდა და კურორტის გამტარუნარიანობაც გაიზრდებოდა.
გურჯაანის მერიას ვკითხეთ, რა მდგომარეობაში იყო კურორტი ახლა, რა კომუნიკაცია ჰქონდათ ინვესტორთან, როდემდე გადაიწია მშენებლობის ვადამ და რას აპირებს მერია და ინვესტორიც. ასევე ვთხოვეთ, მერიასა და ინვესტორს შორის არსებული ოფიციალური მიმოწერის გაზიარებაც.
დოკუმენტები არ მოგვაწოდეს, თუმცა მოგვწერეს, რომ კომპანიამ მათ ახლახან, 2024 წლის თებერვლის ბოლოს მიმართა სამშენებლო ნებართვაში სასტუმროს დიზაინის ცვლილების მოთხოვნით, რაზეც უარი უთხრეს. არადა, 2024 წლის ზაფხულზე აქ უკვე მრავალსართულიანი სასტუმრო უკვე აშენებულიც და ამოქმედებულიც უნდა ყოფილიყო. მერიამ ისიც დაგვიზუსტა, რომ პროექტის ცვლილებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციები არასრულყოფილი იყო, კომპანიას წინასაპროექტო კვლევაც კი არ ჰქონდა მომზადებულიო.
როგორც უკვე გითხარით, მშენებლობისთვის კომპანიას 6 წელი ჰქონდა და პირობა რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა, ახლა კურორტს “ახალი სიცოცხლე” ექნებოდა.
შეუსრულებელი დაპირებების გამო, წესით, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორს ქონების უკან დაბრუნებას უნდა სთხოვდეს. ფაქტია, ეს არ მომხდარა. ამას ისიც ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს ტერიტორიაც და სს “კურორტი ახტალა” ისევ დავით ხიდაშელის კომპანიის ხელშია.
ქონების ეროვნულ სააგენტოს ინტერვიუსთვის დავუკავშირდით, რომ მათგან მოგვესმინა, რას გეგმავენ ამ კურორტთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა დაიბრუნონ სახელმწიფო საკუთრება და დააჯარიმონ უპასუხისმგებლო ინვესტორი, რომელმაც კურორტის განვითარება შეაფერხა. სამწუხაროდ, სააგენტომ ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადა. ამბის გარკვევა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით მანამდეც და მერეც ვცადეთ. ჩვენს წერილებზე პასუხისთვის კანონით დადგენილი ვადები ამოიწურა, თუმცა რეაგირება ისევ არ ჩანს.
სანატორიუმი ლიბანი
2018 წელს ხიდაშელმა სახელმწიფოსგან კიდევ ერთი საკურორტო ადგილი იყიდა. ამჯერად, ბორჯომიდან 10 კმ-ში მდებარე სანატორიუმი ლიბანი.
ეს ადგილი ზღვის დონიდან 1 370 მეტრზე მდებარეობს და, მისი ჰაერის შემადგენლობის გამო, მეორე აბასთუმანსაც უწოდებენ. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში სწორედ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების სამკურნალოდ აშენდა აქ სანატორიუმი და მომსახურე პერსონალისთვის სოფელიც გაშენდა. სანატორიუმი 90-ან წლებამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ დაიკეტა, გაიძარცვა და სახურავიც გადაძვრა.
სამსართულიანი შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია, ზედხედში კი ფრთაგაშლილი არწივის ფორმას წააგავს. ნაგებობის მეორე სართულზე 80 ოთახია. ამ შენობას 2017 წლის 30 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.
სანატორიუმის მთლიანი ინფრასტრუქტურა 5.2 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული. უძრავი ქონება ხიდაშელის კომპანია “ჯიენდიმ” მთავრობისგან 1 მილიონ ლარად იყიდა, ანუ კვადრატული მეტრი სულ რაღაც 19 ლარად.
სახელმწიფომ ახალ მფლობელს სანატორიუმის ძველი შენობის რეაბილიტაცია, 70-ნომრიანი სასტუმროს გახსნა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტირება მოსთხოვა. ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა და ხიდაშელს ვალდებულებების შესასრულებლად 4 წელი მისცეს.
2024 წლის აგვისტოში ლიბანში ჩასულს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ცხენების სადგომად ქცეული დამხვდა. იქ 4 საათი გავატარე და ამ დროშიც კი ტურისტების 6 ჯგუფი მოვიდა გაძარცვული, მიტოვებული შენობის სანახავად.
აქაც ახალი გაკეთებული არაფერი ჩანს, გარდა, დაახლოებით, 15-მეტრიანი ღობისა, რომელიც უმისამართოდ დგას და გაურკვეველია, რას იცავს ან რისგან. ადგილობრივებს ვკითხეთ, რას ნიშნავდა ეს ღობე. როგორც გვითხრეს, მათი ინფორმაციით, ინვესტორს იმ გზის მითვისებაც უნდოდა, რომელიც სოფელს ბორჯომთან აკავშირებს. ამას სოფელმა წინააღმდეგობა გაუწია და ინვესტორიც დანებდა. სწორედ ამის შემდეგ ააგო ეს ღობე სანატორიუმსა და გზას შორის. არადა, ხიდაშელისთვის ახალი ამბავი არ უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ქონებას, რომელსაც ყიდულობდა მოჰყვებოდა სერვიტუტით დატვირთული გზის ნაწილიც. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობას ამ გზით სარგებლობის უფლება აქვს. ეს ყველაფერი ნასყიდობის ხელშეკრულებაშია განმარტებული.
სანატორიუმის მიმდებარედ, სოფელ ლიბანში გვითხრეს, ინვესტორის წარმომადგენელი აქ სულ ორჯერ ვნახეთ, რუსულად საუბრობდა და გვიყვებოდა, რომ შეფერხდნენ, რადგან კიდევ ერთი სართულის დაშენება უნდოდათ სანატორიუმზე და ამის უფლებას არ გვაძლევენო.
სოფელში ახლა 15 ოჯახია დარჩენილი. ნატალია წეველიძე ლიბანში დაიბადა, მისი დედა და ბებია სანატორიუმში მუშაობდნენ. “ახლა რომ გაიყიდა, გვეგონა გაკეთდებოდა, ეს ადგილობრივებსაც დაგვეხმარებოდა, მაგრამ აქ მომუშავე არავინ მინახავს”, - გვითხრა ნატალიამ, რომელსაც გზად გადავაწყდით.
ნატალია, ახლა, ძირითადად, რუსთავში ცხოვრობს, თუმცა, ლიბანში დაბრუნება უნდა. დაბრუნებისთვის სჭირდება, რომ სოფელი განვითარდეს და ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდეს. სანატორიუმის შენობასთან ახლოს, გზაზე, მიწის ნაკვეთიც აქვს. თუ ოდესმე სანატორიუმი სასტუმროდ გადაიქცევა, უნდა რომ ამ მიწის ნაკვეთზე თონე მოაწყოს. “აქ ჩავდგამ თონეს, ტურისტებს გავუმასპინძლდები და დავბრუნდები ჩემს მშობლიურ კერაში”, - გვიმხელს ნატალია თავის სამომავლო ჩანაფიქრს და თან ახლადდაკრეფილ მაყვალს გვთავაზობს.
სანატორიუმში მუშაობდნენ კიდევ ერთი ადგილობრივის ოჯახის წევრებიც. ისიც ნატალიას მსგავსად სხვა ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ ლიბანშიც ხშირად ჩადის. მასაც იმედი ჰქონდა, რომ სანატორიუმი განახლდებოდა და ხალხი ამ ტერიტორიით მეტად დაინტერესდებოდა. “ახლა აქ ისევ დაბინძურებულია ყველაფერი, იქ შიგნით ვიღაცის საქონელიც მოკვდა, საშინელი სუნი იყო. თან რამდენი დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს. არადა, როცა მოვიდნენ, დაასუფთავეს, დაგვპირდნენ გავაკეთებთო, ადგილობრივებს დავასაქმებთო და სასტუმროს ავაშენებთო. იმედი გაჩნდა, რომ სოფელში ხალხიც დაბრუნდებოდა. მერე გაჩერდნენ და წარმოიდგინეთ, თქვენ და თანამდებობაზე მყოფმა ხალმა არ იცის, რატომ გაჩერდნენ და ჩვენ უბრალო ხალხს ვინ რას გვეტყვის?”
ხელშეკრულების მიხედვით, ხიდაშელს ნაკისრი ვალდებულებები 2022 წლის აპრილამდე უნდა შეესრულებინა, თუმცა ასე არ მოქცეულა. ვადა ისე ამოიწურა, რომ ინვესტორმა ლიბანის სანატორიუმს აუზი, რესტორანი, ავტოსადგომი და კეთილმოწყობილი ეზო კი არა, ახალი კარ-ფანჯარა და სახურავიც ვერ მოუწყო. პირობის დამრღვევმა კომპანიამ ვალდებულებების შესასრულებლად ვადის გახანგრძლივება კიდევ ორი წლით, ანუ 2024 წლის აპრილამდე ითხოვა და ამაზე ქონების ეროვნული სააგენტოც დათანხმდა.
ვალდებულები ისევ შეუსრულებელია. როგორც უკვე მოგიყევით, 2024 წლის 14 აგვისტოს ლიბანის სანატორიუმი ჩვენი თვალით დავათვალიერეთ და იქ 8 მილიონი ლარის ინვესტირების კვალი არაფერს ეტყობოდა.
ახტალისგან განსხვავებით, მთავრობამ 2024 წლის 19 აგვისტოს ხიდაშელის კომპანიას ნასყიდობის ხელშეკრულება გაუწყვიტა და ლიბანის სანატორიუმი ჩამოართვა.
რატომ დაიბრუნა სახელმწიფომ ლიბანის სანატორიუმი და თვალი აქვს დახუჭული ახტალის უძრავ ქონებაზე? ეკონომიკის სამინისტრომ ხიდაშელს ეს ორივე ქონება ხომ ერთი და იგივე წელს მიჰყიდა და პირობების შესასრულებლადაც ორივე მათგანზე იდენტური ვადა, 4-4 წელი მისცა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ერთ შემთხვევაში გამოჩენილი სიმკაცრე და მეორე შემთხვევაში პირობების დარღვევის უგულებელყოფა ბადებს ეჭვს, რომ ქონება დავით ხიდაშელის კომპანიას იმიტომ კი არ ჩამოართვეს, რომ ვალდებულებები არ შეასრულა, არამედ ეს თავად ინვესტორის სურვილი იყო.
როცა დავით ხიდაშელს ინტერვიუს შესათანხმებლად “ვოთსაფში” ვეკონტაქტებოდით, გამოგვიგზავნა წერილი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის აქვს გაგზავნილი. ამ წერილის მიხედვით, ის სააგენტოს სთხოვს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის მოსაპოვებლად, ამ ძეგლის შესახებ დასკვნა მისცენ. წერილი შპს “ჯიდიენმა” სააგენტოში 2024 წლის 2 აპრილს გაგზავნა. არადა, აქ 70-ნომრიანი სასტუმრო 30 აპრილს უკვე ექსპლუატაციაში შესული უნდა ყოფილიყო. საინტერესოა, როგორ აპირებდა კომპანია სამუშაოების დასრულებას სულ რაღაც 28 დღეში.
რაჭის ტყეები
2023 წლის ივლისში “მთის ამბებმა” გამოაქვეყნა სტატია იმაზე, თუ როგორ გადასცა მთავრობამ დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭაში 104 000 ჰა ტყე 49-წლიანი იჯარით. ამ ამბავზე, გადაცემისას, დანარჩენმა საქართველომ კი არა, თავად რაჭველებმაც კი არაფერი იცოდნენ.
მთავრობამ ტერიტორიის გადაცემის სანაცვლოდ შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ვალდებულებად დააკისრა 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტირება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, სამონადირეო მეურნეობის მოწყობა, ცხოველების მონიტორინგი და ტყის მოვლა. მოსახლოების აქტიური პროტესტის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრომ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ლიცენზია შეუჩერა.
შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” დავით ხიდაშელის კომპანიაა. მასაც ოფშორული კომპანიის დახმარებით ფლობს. აქაც სწორედ ისე არ შეასრულა ვალებულებები, როგორც წინა ორ შემთხვევაში. ვადებში ვერ ჩაჯდა და რეალური ქმედებები, რითაც დაამტკიცებდა რომ შესრულებას აპირებდა არც კი დაუწყია.
ხიდაშელთან ინტერვიუს მცდელობისას, მან რამდენიმე დოკუმენტი გამოგვიგზავნა, ერთ-ერთი იყო წერილი გარემოს დაცვის მინისტრისთვის. წერილში კომპანიის დირექტორი წერს, რომ ტელევიზიით სამინისტროს წარმომადგენლის ინტერვიუდან გაიგო, რომ ლიცენზიით განსაზღვული ტყის ფართობის კომპანიისთვის გადაბარების პროცესი შეჩერებულია, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო. არადა ამ წერილიდან ირკვევა, რომ ფართობის გადაბარების პროცესი საერთოდ არ ყოფილა დაწყებული. შესაბამისად, არც მას დაუწყია სალიცენზიო ვალდებულებების შესრულება და სამინისტროს გადაწყვეტილებას, გადაცემის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით უსამართლოდ მიიჩნევს.
წერილში იმასაც ვკითხულობთ, რომ სამინისტრომ გასცა სამონადიორეო მეურნეობის ახალი ლიცენზია, რომელშიც ფართობი დაკორექტირდა და 104 000 ჰა-ის ნაცვლად 97 000 ჰა-მდე შემცირდა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო კომპანიისთვის პროცესის გაჭიანურების.
ხალხის პროტესტზე გაბრაზებულმა ხიდაშელმა განაცხადა, ლიცენზია და კომპანია გავასხვისე და ახლა ამას ესპანეთის სამონადირეო მეურნეობასთან დაკავშირებული კომპანია და ქართული კომპანია გააკეთებენო. ამ ამბიდან, თითქმის 1 წელი გავიდა, თუმცა, საჯარო რეესტრში არც კომპანიის მეწილებიის ცვლილება ფიქსირდება და არც მეურნეობის ლიცენზია გასხვისებულა, რადგან სამინისტრომ ის უბრალოდ გააუქმა.
ფოთის მიწა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბოლო წლებია ხედავს, რომ ხიდაშელის კომპანიები ვალდებულებებს არ ასრულებენ. ამის მიუხედავად მთავრობა ბიზნესმენთან საქმიან გარიგებებს მაინც აგრძელებს. მორიგი ქონება, რომელიც ხიდაშელის კომპანიას შპს “გლობალ ვიქტორი ჯეორჯიას” 2021 წელს, 1.2 მილიონ ლარად გადასცა 5.5 ჰა მიწა მალთაყვაში, ფოთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში. ხიდაშელმა ზღვის სანაპიროზე 1 კვ.მ მიწა 23 ლარამდე გადაიხადა.
ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მყიდველისთვის პირობებიც კი არ დაუწესებია. არადა, 2020 წლის დასაწყისში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იგივე ნაკვეთის გასხვისებას აუქციონის საშუალებით ცდილობდა. მაშინ აუქციონი ჩაიშალა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ მაშინ ნაკვეთის ფასი 2.5 მილიონი ლარი იყო და მყიდველს პირობებსაც უწესებდნენ: 3.5 წელში უნდა აეშენებინა სასტუმრო და აემოქმედებინა კიდეც. მომდევნო აუქციონი 2021 წლის აპრილში გამოაცხადეს. ამჯერად ფასი უკვე განახევრებული იყო და სასტუმროს აშენების პირობაც არ ახლდა თან. ეს აუქციონიც ჩაიშალა.
შემდეგი აუქციონი, რომლითაც მიწა ხიდაშელის კომპანიამ იყიდა, 2021 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მყიდველისთვის რაიმე პირობა არც აქ ყოფილა წაყენებული. აუქციონის გვერდზე მითითებულია, რომ ნაკვეთის სამომავლოდ განვითარების პროფილი, შესაძლოა, იყოს სასტუმრო. რაში აპირებს ხიდაშელის კომპანია ამ ნაკვეთის გამოყენებას, უცნობია. ამ დრომდე იქ არაფერი აშენებულა.
თბილისი - რიყის დოქები
2022 წლის მარტში ხიდაშელის ოფშორულმა კომპანიამ, “გლობალ ვიქთორი თრასთმა” ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისში, რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქები 10 მილიონ ლარად შეიძინა. დოქები სააკაშვილის მმართველობის დროს აშენდა და მის მიმართ “ქართული ოცნების” წევრებს კრიტიკა არაერთხელ გაუჟღერებიათ. ეს 9173 კვ.მ ნაგებობა რიყეზე 1.5 ჰა-მდე მიწაზეა დადგმული და თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ აქ საკონცერტო დარბაზი მოწყობილიყო. “ქართული ოცნების” მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო ამ ქონების გასხვისებას 2 წლის განმავლობაში ცდილობდა და თავდაპირველად მისი გაყიდვა 95 მილიონ ლარად უნდოდა.
ხიდაშელის კომპანიამ დოქების დაბალ ფასად ყიდვის სანაცვლოდ, ვალდებულებაც აიღო: მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ შენობაში 20 მილიონი ლარი უნდა დაებანდებინა და იქ ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი მოეწყო.
ამ შენობაზე მანამდე აქუციონზე რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა ყველა ჯერზე ჩაიშალა. შენობას ყიდვის მსურველი არ გამოუჩდნა.
იქამდე, სანამ რიყის დოქები ხიდაშელის კომპანიის საკუთრება გახდებოდა მოთხოვნებსა და ვალდებულებებში არსად იყო დაკოკრეტებული რა უნდა ყოფილიყო აქ. მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია რომ მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ყოფილიყო საგამოფენო სივრცეებით ან სასტუმრო.
ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკის მინიტრმა 2022 წლის თებარვალში, რიყის დოქების კიდევ ერთი, ახალი აუქციონის გამოცხადებამდე თქვა, რომ არსებობდა რიყის დოქებით დაინტერესებული პირები, რომელთა მომართვის საფუძველზეც ცვლილება შევიდა აუქციონის პირობებში. მინისტრმა თქვა, რომ მთავრობის სურვილია ამ ტერიტორიაზე გაჩნდეს ტურისტული მიზიდულობის ცენტრი. სწორედ ამ აუქციონზე შეიძინა დავით ხიდაშელის უცხოურმა კომპანიამ GLOBAL VICTORY TRUST-მა რიყის დოქები . ბრძანება კი აუქციონის პირობების ცვლილებაზე 2021 წლის 28 დეკემბერს გამოსცა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ მისცეს ინვესტორს მათ კომპეტენციაში ჩარევის უფლება, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მათ ყველანაირი სახის ინტერვიუზე უარი გვითხრეს.
“დოქების” შენობა ისევ ცარიელია და კვლავ ისე გამოიყურება, როგორც გაყიდვამდე. აქ არც მუზეუმი მოწყობილა და ხიდაშელის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების მსგავსად, ამის შესრულების ბედიც გაურკვეველია. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და თბილისის მერიას სექტემბრში ვკითხეთ, რა ბედი ელის რიყის დოქებს, ამოწმებდნენ თუ არა პროექტის პროგრესს და რას აპირებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იმ ფონზე, როდესაც ინვესტორი ვალდებულებებს არ ასრულებს. პასუხისთვის მერიამ წერილი სააგენტოს გადაუგზავნა, მათ კი აქამდე არაფერი უპასუხიათ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, დავით ხიდაშელის სამივე კომპანიას - “ჯიენდი”, “გლობალ ვიქტორი ჯეორჯია” და “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მათი წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება. მსგავსი სურათია რეპორტალზეც - “გლობალ ვიქტორი ჯეორჯიას” ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მისი ძირითადი შემოსავალი დამფუძნებლების მიერ შეტანილი თანხაა. ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, როგორ აპირებდნენ ასეთი ფინანსური რესურსის მქონე კომპანიები ჯამში 25 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას. ამის კითხვა დავით ხიდაშელისთვისაც გვინდოდა, თუმცა ის ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა.
2022 წლის ბოლოს ხიდაშელმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტთან ერთად ფონდი დააფუძნა, რომლის ბიუჯეტიც 1 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. მიზანი კი სტუდენტების პროექტების დაფინანსებაა. ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და რექტორის მრჩეველი მიხეილ ჯანიკაშვილი ტ/კ "ფორმულასთან" ინტერვიუში მაშინ ამბობდა, რომ ხიდაშელმა ფონდის შექმნის სურვილი თავად გამოთქვა: “ის რომ ჩარიცხავს, წარვადგენთ პროექტებს, ფონდი განიხილავს რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს".
ეს დაპირებაც ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ყველა სხვა, ზემოთ რომ გიამბეთ. ჩვენ ჯანიკაშვილს 2024 წლის ოქტომბერში დავუკავშირდით და ვკითხეთ, ორი წლის თავზე რამდენი პროექტი დააფინანსა ფონდმა. ჯანიკაშვილმა გვითხრა, რომ ის ახლა დაინიშნა, აგვისტოს შემდეგ და არ აქვს ინფორმაცია იმაზე, მანამდე იყო თუ არა რომელიმე პროექტი დაფინანსებული.
“ჩვენ ახლა გავაკეთებთ იდეების კონკურსს. ახლა არის 10-15 იდეა, კომისიური წესით უნდა განვიხილოთ და ვინც გაიმარჯვებს ამ კონკურში, მისი დაფინანსება მოხდება ამ ფონდიდან, ნაწილობრივ… მანამდე, მე არ ვიცი იყო თუ არ იყო [პროექტი დაფინანსებული], მე ვიცი ახლა რასაც ვაკეთებთ, ჩემი დანიშვნის შემდეგ”, - გვითხრა ჯანიკაშვილმა სატელეფონო ინტერვიუს დროს.
ვესაუბრეთ დავით ხიდაშელსაც “ვოთსაფის” რუსულ ნომერზე. ვუთხარით, რა თემაზე ვამზადებდით სტატიას და ინტერვიუს დანიშვნისთვის კონკრეტული ვადა მივეცით. გავუგზავნეთ კითხვებიც. პასუხად მოგვწერა, რომ მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაგვესაუბრებოდა და დაგვემუქრა კიდეც, იმ შემთხვევაში, თუ სტატიაში არასწორ ინფორმაციას დაწერთ, სასამართლოში გიჩივლებთ და მოვიგებ, როგორც ეს უკვე ვქენი არაერთ სხვა მედიასთანო.
დავით ხიდაშელს კომუნიკაციის ყველა ფორმა შევთავაზეთ - პირისპირ ინტერვიუ, ონლაინ ინტერვიუ, კითხვებზე წერილობით პასუხი. სტატიის გამოქვეყნებამდე სამდღიანი კომუნიკაციისას ბიზნესმენმა მოგვაწოდა მისი კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების მიმოწერები, ასევე იმ პროექტების მაკეტები, რომელიც უნდა განეხორციელებინა.
ხიდაშელს რამდენჯერმე გავუმეორეთ კითხვა - რატომ ვერ შეასრულა ვალდებულებები ამ 6 წელში? რაზეც გვიპასუხა: “როგორ ფიქრობთ, რა პროექტებიცაა გაკეთებული (გულისხმობს გამოგზავნილ მაკეტებს), 10 მილიონი ლარი ეყოფა? თუ 10-ჯერ მეტია საჭირო? და მაგ რია-რიაში რომელი გიჟი ინვესტორი ჩადებს ინვესტიციას, სანამ საინვესტიციო კლიმატი არ იქნება და ხელს შეუწყობს ყველა, თქვენი ჩათვლით (მედიას გულისხმობს). თქვენ კი იმას ფიქრობთ, ცუდად როგორ აჩვენოთ…”
დავით ხიდაშელი კი უკმაყოფილოა მედიის კრიტიკული დამოკიდებულებით, მაგრამ საგამოძიებო მედიის საქმე სწორედ ისაა, რომ პრობლემებსა და სისტემურ დარღვევებზე საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია. ამ შემთხვევაშიც გიამბეთ იმაზე, როგორ გადასცა მთავრობამ მის მოკავშირეს სახელმწიფო ქონება შეღავათიან ფასად და როგორ ხუჭავს სისტემა თვალს ინვესტორის მიერ პირობების დარღვევაზე მაშინ, როცა მას ეს აწყობს.