ავტორი: რობი ზარიძე
აბასთუმანი - ბაღდათის დამაკავშირებელი გზა - ეს ის ამბიციური პროექტია, რომლის შესახებაც უამრავ განცხადებას ნახავთ სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე. ყველა მათგანში ამოიკითხავთ სიტყვათშეთანხმებებს: “მაღალი ტემპით მიმდინარეობს” , “გარდამტეხ ფაზაში შევიდა” და სხვა. მთავარი, რაც ამ განცხადებებს განასხვავებს თარიღებია, რომელიც ამ პროექტის დასრულების სავარაუდო დროს გვამცნობს. ეს თარიღი კი ყოველ ჯერზე სხვადასხვაა. “პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება ეტაპობრივად მოხდება 2022 წლამდე”, - იუწყებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წლის ნოემბერში. ამ განცხადებიდან ხუთი წლის თავზე უწყება კვლავ წერს - სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობსო, მაგრამ ამჯერად დასრულების ვადაც აღარ მიუთითებიათ.
გადავწყვიტეთ ადგილზე გვენახა 6-წლიანი “მაღალი ტემპით მუშაობის” შედეგი, დეტალურად შევისწავლეთ დეპარტამენტის მიერ გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ყველა ტენდერი და მასში მონაწილე კომპანიები. აღმოჩნდა, რომ გზის ძირითადი ნაწილი დაუსრულებელია, რამდენიმე მონაკვეთი კი - მიტოვებული. უკვე დასრულებული მონაკვეთები კი - ხელახლა გასაკეთებელი.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ იქცა აბასთუმანი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ოცნებად, ვინ და რატომ ჰპატიობს მშენებელ კომპანიებს შეუსრულებელ ვალდებულებებს და რა გარემოებები მიუთითებს შესაძლო კორუფციაზე.
რა შეცვალა ივანიშვილის აბასთუმანში სტუმრობამ?
2018 წლის შემოდგომაზე, როცა ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებული იყო და 3-კილომეტრიან მონაკვეთზე (აბასთუმნის გასასვლელიდან უღელტეხილის ასახვევამდე) სამუშაოები მიმდინარეობდა, პროექტი შეჩერდა. ამას წინ უძღვოდა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აბასთუმანში. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ აბასთუმანში მანქანებით გადაადგილება აიკრძალებოდა და აქ მხოლოდ ეკო-ტრანსპორტი ივლიდა. ამ განცხადებიდან მალევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ამან უკვე დაწყებული სამუშაოები დროებით შეაჩერა, რადგან თავდაპირველ პროექტში ამ გზის ნაწილს კურორტ აბასთუმანზეც უნდა გაევლო. ოლიგარქის სურვილმა კი გზის მშენებლობის ხარჯები 100 მილიონი ლარით გაზარდა.
გადაწყდა, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზა კურორტს დასავლეთის მხრიდან შემოუვლიდა. ეს ტერიტორია მთლიანად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ მონაკვეთში გადის ე.წ. “ზურმუხტის ქსელი”, რომელიც საერთაშორისოდ დაცული ზონაა. სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, პროექტი მაინც დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის პროექტის მზადება ხორვატიული კომპანიის შვილობილმა “იგჰ საქართველომ” 2017 წელს დაიწყო და 2023 წელს დაასრულა. ამ პროექტში 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 1.9 მილიონამდე ლარი დაჯდა აბასთუმნის შემოვლითი გზის დაპროექტება. სამუშაოები “ტრანსპროექტმა” შეასრულა.
ტენდერების ლაბირინთი
სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმანის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული 17 ტენდერი იძებნება. ორი პროექტის მოსამზადებლად იყო გამოცხადებული, დანარჩენი უშუალოდ მშენებლობისთვის.
დასრულებულ და მიმდინარე ტენდერებს ერთი საერთო აქვს - შემსრულებელმა კომპანიებმა ვადების გაგრძელება მრავალჯერ ითხოვეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი მათ სამუშაოს გადავადების უფლებას ყოველ ჯერზე აძლევდა.
2018 წელს გზების დეპარტამენტმა ამ გზის მშენებლობისთვის 4 ხელშეკრულება გააფორმა. პირველად შპს “არალს” შეუთანხმდა აბასთუმნის მხარეს უღელტეხილამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე და ამაში კომპანიას 2.6 მილიონი ლარიც გადაუხადა. შემდეგი ტენდერი იმერეთის მხარეს, გზის საწყისი მონაკვეთის შესაკეთებლად გამოაცხადა. 20 კმ-ანი გზის გაკეთებაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია “საქმილსადენმშენმა” შეასრულა. პარალელურად, აბასთუმნის მხარესაც დაიწყო მშენებლობა და 6 კმ-ანი გზის ასაშენებლად შპს “ნიუ როუდს” 9.4 მილიონი ლარი ჩაურიცხეს.
2019 წელს დეპარტამენტმა სამუშაოების ახალი ტალღა დაიწყო და სამი ტენდერი გამოაცხადა. შპს “ნიუ როუდმა” იმერეთის მხარეს 7 კმ-ანი გზის მშენებლობა დაიწყო და ამ საქმისთვის 15.3 მილიონი გადაუხადეს. აბასთუმნის მხარეს კი სამუშაოები შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1"-სა და შპს “მამისონს” დაავალეს. “მამისონთან” ხელშეკრულება მალევე გაწყვიტეს, რადგან კომპანია სამუშაოს არ ასრულებდა. “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ის ტენდერი კი დღემდე დაუსრულებელია. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არაა ატვირთული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და ან ცნობა დასრულების შესახებ. სტატუსიც მიმდინარე აქვს. ამ ტენდერში გზების დეპარტამენტს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-სთვის ნახევარი მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ამ ფასად კომპანიამ მიწის სამუშაოები გააკეთა.
2020 წელს გზების დეპარტამენტმა მთავარი გზის რეაბილიტაცია დროებით დააპაუზა. ამ დროს მხოლოდ ორი ტენდერი გამოაცხადეს და ორივე ბიძინა ივანიშვილის ინიცირებული შემოვლითი გზის ასაშენებლად. აბასთუმნის გვერდასაქცევი გზის მშენებლობა შპს “ჯეუ გრუპს” ანდეს და ამ საქმისთვის 92 მილიონი ლარიც გამოყვეს. კომპანიას ავანსად 18 მილიონი ლარი სამუშაოს დაწყებამდევე მისცეს. სამუშაოები, თავდაპირველი შეთანხმებით, 2024 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შემდეგ “ჯეუ გრუპმა” ვადის გაგრძელება მოითხოვა. ახლა საბოლოო ვადად 2026 წლის ბოლოსაა განსაზღვრული. გზების დეპარტამენტს კომპანიისთვის უკვე გადახდილი აქვს 55 მილიონ ლარზე მეტი.
2021 წლის დასაწყისში დეპარტამენტი ისევ მთავარი გზის მშენებლობას დაუბრუნდა, ოღონდ შენელებული ტემპით. იმერეთის მხარეს 9 კმ-ანი გზის ასაშენებლად მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “ნიუ როუდი” დაიქირავეს. ავანსად მისცეს 7.8 მილიონი, რაც საეჭვო გარემოებაა, როგორც წესი დამკვეთი ფულს მაშინ იხდის ხოლმე, როცა სამუშაოები ჩაბარდება. თავდაპირველად სამუშაოების დასრულების ვადად 2024 წლის იანვრის ბოლო დასახელდა. შემდეგ ხელშეკრულებაში 28 ცვლილება შევიდა და დეპარტამენტმა კომპანიას ვადა 2025 წლის მარტამდე მისცა. გაიზარდა სამუშაოების ღირებულებაც. თავდაპირველად დამკვეთი კომპანიას 3.9 მილიონ ლარზე გაურიგდა, შემდეგ კი ფასმა 4.3 მილიონს მიაღწია, რაც ასევე საეჭვო გარემოებაა.
2023 წელს დეპარტამენტმა კიდევ სამი ტენდერი გამოაცხადა, იმერეთის მხარესაც და სამცხე-ჯავახეთის მხარესაც. იმერეთის მხარეს 6 კმ-ანი გზის მშენებლობა ისევ “ნიუ როუდს” დაავალეს. სამუშაოსთვის გამოყოფილია 23 მილიონამდე ლარი და დასრულების ვადად 2024 წლის სექტემბერი იყო დათქმული. კომპანიამ აქაც ვადის გაგრძელება ითხოვა - დეპარტამენტი დათანხმდა და ეს სამუშაოც 2025 წლის მარტში უნდა დასრულდეს.
იმერეთის მხარესვე გამოაცხადეს ტენდერი 24-ე კმ-ზე დაზიანებული საყრდენი კედლების, წყალარინების სისტემისა და ასფალტის მოსაწესრიგებლად. სამუშაოსთვის შპს “ჯორჯიან ბილდს” 1.4 მილიონ ლარს დეკემბრის ბოლოს გადაუხდიან, თუ ვადები, ტრადიციულად, არ შეიცვალა. მანამდე ამ მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი გამოცხადებული, ჩვენი დათვლით, არ ჰქონია.
აბასთუმნის მხარეს კი გზის 12 კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობა შპს “არალს” დაევალა. სამუშაოს ამ ნაწილისთვის 21 მილიონი ლარია გათვლილი.
2024 წელს, ჯერ-ჯერობით, დეპარტამენტს მხოლოდ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელიც შპს “საქმილსადენმშენმა” მოიგო. სამუშაოების საერთო ღირებულება 25 მილიონია და კომპანია ყველაფერს 2025 დეკემბრამდე უნდა მორჩეს. კომპანიამ უნდა შეარემონტოს გზა ორ მონაკვეთზე: ერთია იმერეთის მხარეს, 32-ე კმ-ზე, რომელიც უკვე სხვა ტენდერის ნაწილიცაა და მას ახლა აკეთებს შპს “ნიუ როუდი.” მეორე მონაკვეთი კი 47-ე კმ-ზე მდებარეობს და ის ამ დრომდე არც ერთი ტენდერის ნაწილი არ ყოფილა.
საერთო ჯამში, გზის მშენებლობისთვის ამ დრომდე დახარჯულია 164 მილიონ ლარზე მეტი, გასულია 6 წელი და ასფალტი მხოლოდ 27 კმ-იან მონაკვეთზეა დაგებული. სულ გასაკეთებელი კი 61 კმ იყო.
გაფლანგული მილიონები
აბასთუმანი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის დასათვალიერებლად 2024 წლის 5 სექტემბერს ჩავედით, რომ ჩვენი თვალით გვენახა, რა გაკეთდა უკვე დასრულებულ მონაკვეთებზე და რა სამუშაოები იყო დარჩენილი ან მიმდინარე. დათვალიერება აბასთუმნის მხრიდან დავიწყეთ.
აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეს, მთელ საუღელტეხილო გზაზე, ასფალტი არცერთ მონაკვეთზე არაა დაგებული.
სამცხე-ჯავახეთის მხარეს გზა ზეკარის უღელტეხილსა და აბასთუმანს შორის დაახლოებით 13-14 კმ-ა, თუ გუგლის რუკას ვენდობით. გზების დეპარტამენტმა ეს მონაკვეთი ორ, ექვსკილომეტრებიან ნაწილად გაჰყო - ერთის შეკეთება შპს “ნიუ როუდს” დაავალა 2018 წელს, მეორესი კი შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ს 2019 წელს.
“ნიუ როუდმა” მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დაასრულა. თავიდან, როცა კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმეს, შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხაში გზის საფარის მოწყობაც შედიოდა. პროექტისთვის კი 12.9 მილიონი იყო გამოყოფილი. სამუშაოების დასრულებამდე, ერთი თვით ადრე, კომპანია დეპარტამენტს შეუთანხმდა და კონტრაქტის ფასი 9.4 მილიონამდე შეამცირეს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთული არაა დოკუმენტი, რომელიც ამ შეთანხმების საგანს დეტალურად აღწერს, თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს იყო გზის ასფალტის საფართან დაკავშირებით. ამ მონაკვეთზე ასფალტი არაა და არც არასდროს ყოფილა. საბოლოო ხარჯთაღრიცხვაშიც მითითებულია, რომ კომპანიამ ქვიშა-ხრეშით მოაპირკეთა ეს მონაკვეთი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაუშვა, რომ კომპანიას გზა ასფალტის გარეშე დაეტოვებინა მაშინ, როცა ცნობილია, რომ ქვიშა-ხრეშით მოპირკეთებული გზა მალევე ზიანდება, ქვიშა მოსულ ნალექს ვერ უძლებს და თავიდან გასაკეთებელი ხდება. ეს რომ ასე მოხდა, დეპარტამენტის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც წერია: “არსებული გზის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია… საფარი ხრეშოვანია ძლიერ დაზიანებული. გაჩენილია დიდი ზომის ორმოები. წყლის აცილების სისტემა არ მუშაობს. წყალგამტარი მილები დაზიანებულია და შევსებულია გამონატანი მასალით. კიუვეტები შევსებულია ფერდებიდან ჩამოშლილი გრუნტით. წყალი გადადის სავალ ნაწილზე რეცხავს და ხრამავს სავალ ნაწილს”.
რატომ და როგორ მოხდა ეს ცვლილება, ამის გასარკვევად შემსრულებელ კომპანია “ნიუ როუდის” ერთ-ერთ დირექტორს, გიორგი კირვალიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ. “თუ რაღაცა დაკორექტირდა, აუცილებლად იქნება იქ ობიექტური მიზეზი და ყველაზე კომპეტეტნტური მაგ საკითხში არის დეპარტამენტი, სჯობს, დეპარტამენტს დაუკავშირდეთ, დეპარტამენტი ათანხმებს ყველა კორექტირებას და იქ უკეთ გიპასუხებენ”, - გვითხრა მან.
მოგვიანებით დეპარტამენტმა გზის ამ მონაკვეთის შესაკეთებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. არის თუ არა ეს ჩვენი ფულის გაფლანგვა? დეპარტამენტმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ვთხოვეთ ინტერვიუ ან პირადად შეხვედრით, ან ტელეფონით. არ დაგვთანხმდნენ. გვითხრეს, რომ წერილობით კითხვები გაგვეგზავნა. ამას ჩვენ აღარ ვაკეთებთ, რადგან საჯარო მოხელეები ამ გზით თავს არიდებენ კრიტიკულ კითხვებს და მათ წილ პასუხისმგებლობას. წერილის პასუხს ან საერთოდ არ გვწერენ ხოლმე, ან იმგვარად აყალიბებენ ინფორმაციას, რომ მისგან აზრის გამოტანა ჭირს.
სამცხე-ჯავახეთის მხარეს მეორე 6 კმ-ანი გზის ამბავი კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ნაწილს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1” 2019 წლიდან აკეთებდა. ხელშეკრულებით ამ სამუშაოსთვის 14 მილიონ ლარამდე იყო გათვალისწინებული. ხელშეკრულება ჯერ ისევ მიმდინარეა და ვადა 2024 წლის ნოემბერში ეწურება. კომპანიას დამკვეთისთვის მხოლოდ 2019 წლის ბოლოს აქვს წარდგენილი ორი დოკუმენტი, სადაც აღწერილია, რომ სამუშაო არეალში მოჭრა ხეები და ეკალ-ბარდები და ტერიტორიიდან გაიტანა ან დაამუშავა გრუნტი. ამის შემდეგ 2023 წლამდე აღარაფერი უკეთებია და 2023 წლის აპრილში ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შევიდა - ამჯერად ღირებულება შეიცვალა და ნახევარი მილიონი გახდა 14 მილიონის ნაცვლად. ამ ეტაპზე კომპანიისთვის დამკვეთს მთლიანი თანხის 95 პროცენტი აქვს გადარიცხული.
მიმდინარე ტენდერზე კომპანიის ხელმძღვანელი კი გვიმტკიცებს, რომ ამ გზაზე აღარაფერს აკეთებს.“აბასთუმანი-ბაღდათის გზასთან ჩემ კომპანიას შეხება არ აქვს. გვქონდა ტენდერები და რაც გვევალებოდა, გავაკეთეთ. მიწის სამუშაოები იყო გასაკეთებელი. კარგად არ მახსოვს, ძველი ამბავია”, - გვიპასუხა შოთა აბულაძემ და მორიგი დეტალების დაზუსტებისას გაგვიბრაზდა, დაკითხვას ხომ არ მიწყობთო. შემდეგ კი გვირჩია, დეტალები დეპარტამენტთან გაგვერკვია.
დეპარტამენტს ამ ტენდერის შესახებ ვკითხეთ, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ტენდერი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემა არ ეთანხმება. აქ დანამდვილებით ვკითხულობთ, რომ არც კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არსებობს და ტენდერის სტატუსიც მიმდინარეა.
2023 წლის სექტემბერში გზის ეს მონაკვეთი, რომელსაც ადრე შოთა აბულაძის კომპანია აკეთებდა, შპს “არალს” მისცეს დასასრულებლად. ამ ტენდერში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება: 1. კომპანიას არ წარუდგენია ინფორმაცია მისი გამოცდილების შესახებ, მაშინ როცა დამკვეთს სატენდერო პირობებში ეს მოთხოვნილი ჰქონდა; 2. კომპანიას მისცეს ის დავალება, რაც წინა შემსრულებელ კომპანიებს უკვე ჰქონდათ; 3. კომპანია შემჩნეულია პოლიტიკური კავშირების სათავისოდ გამოყენებასა და ამ გზით სარგებლის მიღებაში (ამაზე ქვემოთ გიამბობთ); 4. კომპანიას სამუშაოს დაწყებამდე ავანსად 1 მილიონი ლარი მისცეს.
შპს “არალს” სამუშაოების დასასრულებლად ვადა 2025 წლის ოქტომბრამდე აქვს. დეპარტამენტმა მას ავანსად 1 მილიონი ლარი უკვე ჩაურიცხა. ადგილზე, გზის დათვალიერებისას ვნახეთ, რომ კომპანიის მუშები იქ არიან და ნამდვილად მუშაობენ.
ამ ეტაპზე გზა ბოლომდე დასრულებული ისე, რომ ასფალტის საფარიც ჰქონდეს, მხოლოდ იმერეთის მხარესაა, ისიც 27 კმ-ზე. ამ 27 კმ-დან 20 კმ შპს “საქმილსადენმშენმა” გააკეთა 2018-2019 წლებში. 7 კმ კი შპს “ნიუ როუდმა” 2019-2022 წლებში.
კომპანიის ხელმძღვანელს, დემეტრე თათეშვილს ტელეფონით ვესაუბრეთ. ბევრი არაფერი გვითხრა, კითხვების დასმაც კი არ გვაცადა, თუ რამე გაინტერესებთ, გზა ნახეთ თვითონო.
მიმდინარე სამუშაოები აბასთუმანი-ბაღდათის გზაზე
ვინ არიან ტენდერების გამარჯვებული კომპანიები?
შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1” 1998 წელს დაფუძნდა და ტენდერებში 2010 წლიდან მონაწილეობს. მის მმართველებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ წინა ხელისუფლებასთანაც. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი და 50%-ანი მეწილე, შოთა აბულაძე 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 60 000 ლარით აფინანსებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპანიის მეწილეებმა “ქართული ოცნების” დაფინანსება დაიწყეს. კომპანიას კიდევ ორი მეწილე ჰყავს, ნუგზარ აბალაკი და ნუკრი აბალაკი. ნუგზარს “ქართული ოცნებისთვის 2016 და 2021 წელს, ჯამში, 145 000 ლარი აქვს შეწირული. ნუკრის კი მხოლოდ 2016 წელს - 60 000 ლარი.
შპს “არალი” ბიძინა ივანიშვილის რჩეული კომპანიაა და მის კერძო პროექტებზეც არაერთხელ უმუშავია. კომპანია მსხვილ ტენდერებს მთელი საქართველოს მასშტაბით იგებს, მათ შორის ჩართულია აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში. კომპანიის მფლობელები სამცხე-ჯავახეთში კარგად ცნობილი, თათეშვილების ოჯახია. სწორედ მათგან იყიდა ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი. კომპანია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშიც მოხვდა. “შპს „არალისთვის“ ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 125 454 712 ლარზე (ჯამში ტენდერებით მიღებული შემოსავლების 68,9 %) გაუფორმდა”, - წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
კომპანიის დამფუძნებელი, ოთარ თათეშვილი 2020 წელს გარდაიცვალა. საქმე შვილმა, დემეტრე თათეშვილმა გადაიბარა. თათეშვილების ოჯახს “ქართული ოცნებისთვის”, ჯამში, 90 000 ლარი აქვს შეწირული: დემეტრე თათეშვილმა 2021 წელს 50 000 ლარი შეწირა. 2017 წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა თავად შპს “არალმაც” 40 000 ლარი. დემეტრეს მამა, ოთარ თათეშვილი კი ნაციონალური მოძრაობის შემწირველი იყო. 2012 წელს მან მაშინდელ მმართველ პარტიას 60 000 ლარი შეწირა.
შპს “ნიუ როუდი” 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ძირითადად საგზაო-სამშენებლო სამუშაოებითაა დაკავებული და მსხვილ სახელმწიფო ტენდერებშიც ხშირად მონაწილეობს.
კომპანიის ერთადერთი მფლობელი დავით ჟღენტია. მან “ ქართულ ოცნებას” 2017 წელს 30 000 ლარი შესწირა.
შპს “საქმილსადენმშენი” დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. ბოლო ამონაწერის მიხედვით მას 26 მეწილე ჰყავს. დირექტორი ავთანდილი ლომთაძეა, რომელიც კომპანიის ყველაზე დიდ წილს, 32.8%-ს ფლობს. ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და მან 2020-2021 წლებში პარტიას, ჯამში, 20 ათასი ლარი შესწირა.
შპს “ჯეუგრუპი” 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც შპს “ჯეუ ჰოლდინგი” ფლობს. ჰოლდინგის 43-43 პროცენტიან წილებს ნინო კიკაბიძე და გიორგი მარკოიშვილი ინაწილებენ. ორივე პარტიის დამფინანსებლების სიაში არიან. კიკაბიძემ და მარკოიშვილმა 2017 წელს “ქართულ ოცნებას” 25 000-25 000 ლარი შეწირეს.
აბასთუმანი-ბაღდათის გზა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ყოფილიყო, გადაიქცა დაუსრულებელ ფულის საჭრელ ობიექტად, სადაც ტენდერები ბოლო 6 წელია ცხადდება. მილიონები ისე იხარჯება, რომ საგზაო სამუშაოები ბოლოში ვერ გადის და ადგილობრივებს მისი გამოყენება არ შეუძლიათ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომელიც პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ გრძნობს, ინტერვიუზე არ გვთანხმდება და კრიტიკულ კითხვებს გაურბის.
ჩვენი კითხვები კი, რომელთა დასმაც დეპარტამენტისთვის გვინდოდა, ასე გამოიყურება:
- რატომ დასთანხმდა დეპარტამენტი შპს “ნიუ როუდს” რომ 75-81 კმ მონაკვეთში NAT180016380 ტენდერზე, ასფალტი აღარ დაეგოთ და ტენდერის თანხა შეგემცირებინათ? თუ თქვენი ინიციატივა იყო?
- რატომ დაატოვებინეთ მოხრეშილი, როცა იცით, რომ ხრეში მალე ზიანდება და მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული სამუშაოები ხელახლა გახდებოდა ჩასატარებელი? ეს ხომ ფულის გაფლანგვაა? “არალს” შემდეგ იგივე სამუშაო დაუკვეთეთ 2023 წელს.
- 2023 წელს “არალისთვის” გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაშიც გიწერიათ, რომ გზის ეს მონაკვეთი, რომელიც მანამდე “ნიუ როუდმა” გააკეთა, თავიდან იყო გასაკეთებელი. ანუ თქვენ გაფლანგეთ 9 მილიონი ლარი. რატომ ეკიდებით სახელმწიფო რესურსს ასე უყაირათოდ?
- რატომ ვერ დაასრულეთ 6 წელი აბასთუმანი-ბაღდათის გზა? გრძნობთ თუ არა ამ ამბავში თქვენს პასუხისმგებლობას? და თუ გრძნობთ, რას აკეთებთ?
- რატომ თანხმდებით კომპანიებს, რომ დრო მაქსიმალურად გაწელონ? ზოგიერთ ტენდერში 28 ცვლილება მოხდა ხელშეკრულებაში. ეს ნორმალურია?
- შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ს რატომ შეუმცირეთ თანხა 14 მილიონიდან ნახევარ მილიონამდე? შემდეგ იგივე მონაკვეთი “არალს” მიეცით. “არალი” ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. ეჭვი ჩნდება, რომ “არალს” სამუშაო გამოუთავისუფლეთ და იმ კომპანიას წაართვით. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ეჭვის საწინააღმდეგოდ?
- “არალის” ტენდერში რამდენიმე პუნქტს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მათ შორისაა გამოცდილების საკითხი, სატენდერო დოკუმენტაციაში გიწერიათ გამოცდილების მოთხოვნაზე, თუმცა კომპანიას მსგავსი დოკუმენტები წარმოდგენილი არ აქვს, სისტემაში ვერ ვხედავთ ჩვენ. რატომ დახუჭეთ ამ საკითხზე თვალი?
- რატომ მიეცით “არალს” 1 მილიონი ავანსად? ზოგადად, რატომ გასცემდით სხვა კომპანიებზეც მილიონობით ლარს ავანსად? ავანსის მიცემა ყოველთვის ეჭვს აღძრავს, რომ კონკრეტულ კომპანიას ლოიალურად ექცევით.