ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს
ოქტ 22, 2024

გურჯაანის მეღვინეობა: ძალაუფლების, კორუფციის და რუსული კავშირების ისტორია

ქალაქ გურჯაანში მეღვინეობას ბოლო ათწლეულია ორი გავლენიანი ადამიანი დაეპატრონა. მათმა კომპანიებმა მოხერხებულად გამოიყენეს ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” კეთილგანწყობილი ურთიერთობა აძლევდათ - მიიღეს სახელმწიფო უძრავი ქონება შეღავათიან ფასში, აგროკრედიტები და მეღვინეობის სფეროსთვის განკუთვნილი სუბსიდიები.

ჩვენი ბიუჯეტიდან მიღებული ფულითა და სახელმწიფო ქონების გამოყენებით ნაწარმოებ ღვინოს ორივე მათგანი რუსეთში ეზიდება. ჩრდილოეთიდან ამ კომპანიების ანგარიშზე, ბოლო წლებში, მილიონობით ლარი შემოდის. 

ეს ორი გავლენიანი ადამიანი გახლავთ: ვახტანგ კარიჭაშვილი და ოლიგარქ ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. მათ კომპანიებს რუსეთში ღვინის ექსპორტი მას შემდეგაც არ შეუწყვეტიათ, რაც ისინი უკრაინის მთავრობამ რუსეთის მიერ წარმოებული ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა. 

ამ სტატიაზე მუშაობისას გურჯაანელებს ვესაუბრეთ, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ დღეს მათ ქალაქში, ძირითადად, ამ ორი ბიზნესმენის ქარხნები მუშაობს.

“ყურძნის მოყვანის მხრივ საშინელება ხდება, ყველა აპირებს, რომ გაყიდოს და გაკაფოს ვენახი. ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. ეგეთ დიდ საწარმოებს უკვე თავისი ვენახები აქვთ. გლეხების მოსავალი აღარ სჭირდებათ, თავისი ჰყოფნით რეალიზაციისთვის. ახლა, მამაჩემმაც ნელ-ნელა გაყიდა ვენახების ნაწილი”, - გვეუბნება 25 წლის მარიამი, რომელიც გურჯაანში ცხოვრობს.


ვისია ბურთი და მოედანი გურჯაანის მეღვინეობაში?

ქალაქ გურჯაანში ორი დიდი ღვინის ქარხანაა: “გრუზვინპრომი” და “კოტეხი”. პირველი ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია “ბოლერო და კომპანიას” ეკუთვნის, მეორე - ალექსანდრე ივანიშვილის და ძმებ დუგლაძეების სს “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანას“. 

"ბოლერო და კომპანია"

შპს "ბოლერო და კომპანია" 2012 წელს მამუკა ფოთოლაშვილმა დააარსა. თუმცა, კომპანიის გენერალური დირექტორი დამფუძნებლად ვახტანგ კარიჭაშვილს მოიხსენიებს. მალევე, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და როგორც შემდეგ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, კომპანიის მესვეურებმა მთავრობასთან საერთო ენა მოკლე დროში იპოვეს.

"ბოლერო და კომპანიამ" სწრაფად შეძლო მცირე ზომის ბიზნესიდან გადაქცეულიყო ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიად. მათივე ფინანსური ანგარიშის მიხედვით,"ბოლერო და კომპანიას" საწარმოები საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს.

2015 წელს "ბოლერო და კომპანიამ" მთავრობისგან ღვინის კომპანია "გრუზვინპრომი" შეიძინა. იმ დროს "გრუზვინპრომის” საკუთრებაში იყო 4.7 ჰექტარი ნაკვეთი და მასზე განთავსებული 26 შენობა-ნაგებობა გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე. ამ ქონების მთლიანი ღირებულება 68 მილიონი ლარი იყო, "ბოლერომ" კი მხოლოდ 31,1 მილიონ ლარად შეიძინა. 

ორი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ "ბოლეროს" გურჯაანში, იმავე ქუჩაზე, კიდევ 3.4 ჰა მიწა მიჰყიდა, 238 664 ლარად. ანუ, 1 კვ.მ 7 ლარად. ეს თანხა რომ იაფია და შეღავათიან პირობებთან გვაქვს საქმე იმითაც დასტურდება, რომ სამი წლის შემდეგ, მეზობელი ნაკვეთის 1 კვ.მ კომპანიამ 195 ლარად იყიდა.

მთავრობასთან ამ გარიგების პირობა შემდეგი იყო: ორი წლის განმავლობაში "ბოლეროს" უნდა დაეხარჯა დამატებით ერთი მილიონი ლარი საკუთარი ქარხნის განახლებისთვის - ქარხანა უნდა შემოეღობა, დაესხა ასფალტი ან ბეტონი, მოეწყო გარე განათება და ავტოსადგომი.

ჩვენ ქონების ეროვნულ სააგენტოს ვკითხეთ, შეასრულა თუ არა “ბოლერომ” აღნიშნული ვალდებულება და როგორ განავითარა თავისივე ქარხანა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ქამუშაძემ გვიპასუხა, რომ ჩვენს წერილზე კანონით დადგენილ ვადაში პასუხს ვერ გაგვცემდნენ, რადგან ბევრი წერილი აქვთ და ვერ ასწრებენ პასუხების მომზადებას. ინტერვიუზე კი კატეგორიული უარი გვითხრა.

ღია წყაროებიდან რაც გავარკვიეთ ისაა, რომ 2019 წლის სექტემბერში საჯარო რეესტრმა ქონება აღებული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა.


ვახტანგ კარიჭაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდანაა, 2000-ან წლებში რუსეთში წავიდა, ღვინის ბიზნესი ააწყო და იქ გამდიდრებული ბიზნესმენების რიგებში ჩაეწერა. საქართველოში მისი დაბრუნება საინტერესოდ ემთხვევა “ქართული ოცნების” გამოჩენას, ანუ 2012 წელს. პირველი კომპანია, რომელიც მის სახელს უკავშირდება, საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა - ეს იყო შპს ბოლერო და კომპანია. 

2002 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე (არჩევნებამდე) კარიჭაშვილს წილები ჰქონდა ოთხ რუსულ კომპანიაში. მათგან სამი დღეს აქტიური აღარაა. საქართველოში მისი ბიზნესი 2015 წლიდან გააქტიურდა - მისმა კომპანიებმა დაიწყეს სახელმწიფო ქონებების შესყიდვა, წარმოების გაფართოება და ტენდერების მოგება. 2015 წლიდან დღემდე გამარტივებულ შესყიდვებში კარიჭაშვილის 9 კომპანია მონაწილეობს, რომლებსაც საერთო ჯამში ბიუჯეტიდან 33.5 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. 

უძრავ ქონებასთან ერთად მისმა კომპანიებმა სახელმწიფოსგან ფული ორი სხვადასხვა პროგრამით მიიღეს: აგროკრედიტი და ყურძნის სუბსიდირების პროგრამა. 

აგროკრედიტის პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა და მას სოფლის განვითარების სააგენტო გასცემს. პროგრამა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სოფლად საქმიანობის დაწყება ან განვითარება უნდა. მათ მთავრობა სთავაზობს იაფ ფინანსურ რესურსებს და სესხის პროცენტის თანადაფინანსებას. 2021-2023 წლებში, ვახტანგ კარიჭაშვილის ათმა სხვადასხვა კომპანიამ ამ პროგრამით 24 მილიონი ლარი მიიღო.

ყურძნის სუბსიდირების პროგრამით კარიჭაშვილის კომპანიებიც ხეირობენ. ისინი ყურძენს ფერმერებისგან იბარებენ, ამის შემდეგ კი, სახელმწიფო მათ, როგორც ჩამბარებლებს, 1 შეძენილ კილოგრამზე 20 თეთრს უხდის (2024 წლის განკარგულებით). შპს “ბოლერო და კომპანიას” და შპს “გრუზვინპრომის” ფინანსურ ანგარიშებში წერია, რომ 2017-2022 წლებში ამ კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიებისა და სესხის პროცენტის სახით, 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

კარიჭაშვილის კომპანიების დირექტორებმა და მეწილეებმა “ქართულ ოცნებას” ბოლო 11 წელში 750 000 ლარი შესწირეს. საინტერესოა, რომ სხვადასხვა კომპანიის სხვადასხვა მეწილეს თანხის შეწირვა ერთსა და იმავე დღეს ახსენდება ხოლმე. პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ, ბიზნესმენი კარიჭაშვილი სახელმწიფო რესურსებით უწყვეტად სარგებლობს.


ამ ქარხნის ისტორია წინა საუკუნიდან იწყება. ის გაიხსნა 1976 წელს და საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქარხანად მიიჩნეოდა. 90-ან წლებში, როცა სახელმწიფო ქონების კერძო მესაკუთრეებზე მიყიდვა დაიწყო, ამ ქარხანასაც გამოუჩნდა ახალი მფლობელი. 1996 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება, რომელსაც 114 აქციონერი ჰყავდა და ქარხნის მართვაც მათ დაიწყეს. საქმიანობა ისევ უცვლელი დარჩა - ყურძნის დამუშავება და ალკოჰოლური სასმელების წარმოება.

დოკუმენტებით მტკიცდება, რომ 2016 წელს სააქციო საზოგადოების წილების 99.99 პროცენტს შპს “აისი ინკი” ფლობდა. ამ კომპანიის მესაკუთრეები არიან: “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მისი ძმა დავით დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი.

კომპანიის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ 2016 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს სს „კოტეხი - გურჯაანის ღვინის ქარხნის“ გადაიარაღება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

კომპანიას ყვარლის რაიონში 9 ჰექტარზე აქვს გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძენი, ხოლო გურჯაანში - ქისი და ხიხვი. ვენახების გაშენების და გაფართოების პროცესი ყოველწლიურად მიმდინარეობს.

ქარხანა ღვინის გარდა საბრენდე სპირტსაც აწარმოებს. გურჯაანის ღვინის ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩამბარებელია. ანუ, რთველის დროს მევენახეებისგან ყურძენს ყიდულობს. 2022 წელს კომპანიამ კახეთის რეგიონში მიიღო და გადაამუშავა 7 000 ტონამდე ყურძენი.

2017 წელს "სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამაც"  ისარგებლა მთავრობის გულუხვობით: ეკონომიკის სამინისტრომ მას 13 359 კვ.მ სახელმწიფო მიწა მხოლოდ 100 000 ლარად მისცა. დაუთქვეს “ბოლეროს” მსგავსი პირობა, წელიწადნახევარში გურჯაანის ღვინის ქარხანას უნდა განეახლებინა საკუთარი ინფრასტრუქტურა - დაედგა ათი ავზი და მოეწყო სამაცივრე დანადგარები. 2019 წელს რეესტრმა ეს ვალდებულება “ბოლეროს” მსგავსად “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანასაც” მოუხსნა.

2021-2023 წლებში გურჯაანის ღვინის ქარხანამ შეღავათიანი აგროსესხიც მიიღო - 4.4 მილიონი ლარის ოდენობით. ძმებ დუგლაძეებსა და ალექსანდრე ივანიშვილს სხვა კომპანიაც აქვთ ერთად, რომელსაც შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია” ჰქვია. იმავე წლებში, აგროკრედიტით ამ კომპანიამაც ისარგებლა და ჯამში 3.2 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი მიიღო.

სს “კოტეხი - გურჯაანის ღვინის ქარხანა” და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია” ჩართულია ყურძნის სუბსიდირების სქემაშიც და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარს იღებს. 2022-2023 წლებში, ამ ორი კომპანიისთვის სუბსიდიის სახით გაცემულია 4.1 მილიონი ლარი. როგორც ამბობენ, ხელი ხელს ბანსო - მიღებული სარგებლის სანაცვლოდ, დუგლაძეებმა და ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” 2016 წლიდან დღემდე 722 700 ლარი შესწირეს. 


ღვინო ომის ფონზე: მომგებიანი ბიზნესი რუსეთთან

2023 წლის ნოემბერში უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ "ბოლერო და კომპანია" შეიყვანა "ომის საერთაშორისო სპონსორთა" სიაში. თუმცა, ამ ფაქტს კომპანიისთვის სულ არ შეუშლია ხელი, რომ რუსეთთან ვაჭრობა გაეგრძელებინა. 

“იმპორტ ჯენიუსი” არის საერთაშორისო მონაცემთა ბაზა, რომელიც საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ სტატისტიკას აგროვებს. სწორედ აქ ვიპოვეთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე "ბოლერო და კომპანიამ" რუსეთში 36 მილიონ დოლარის ალკოჰოლური სასმელი გაიტანა. კომპანიის ბოლოს ატვირთულ ფინანსურ ანგარიშში ღიად წერია: „ომს არ აქვს და არც უახლოეს მომავალში (მინიმუმ მომავალი 12 თვე) ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ჯგუფის საოპერაციო საქმიანობაზე“.

"ბოლეროს" კავშირები რუსეთთან მხოლოდ ღვინის გაყიდვით არ შემოიფარგლება. ის აქტიურად თანამშრომლობს სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან, მათ შორის შპს “ლოჯისტიკურ ალტერნატივასთან", რომელიც არის "PJSC მაგნიტის" შვილობილი კომპანია. "მაგნიტის" ერთ-ერთი მფლობელი კი, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის კომპანიაა.

რუსეთში გააქვს ღვინო „კოტეხი - გურჯაანის ღვინის ქარხანასაც“. “იმპორტ ჯენიუსის” მონაცემების მიხედვით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე კომპანიამ ოკუპანტ ქვეყანაში 52 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანა. აქედან 32 მილიონი დოლარის ღირებულების კი ომის დაწყებიდან დღემდე. ბიძინა ივანიშვილის ძმა, მისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინამ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში დაასანქცირა. მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის და სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების ახლო კავშირები იყო.

მიუხედავად უკრაინის მიერ ამ ბიზნესმენების დასანქცირებისა, კარიჭაშვილის და ივანიშვილის კომპანიებს საქართველოში შეზღუდვები არ აქვთ. პირიქით, მთავრობა მათ ყველანაირად უწყობს ხელს, რომ სახელმწიფო რესურსების ხარჯზე ისარგებლონ. 

ჩვენ სოფლის განვითარების სააგენტოს ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა, რომ უკრაინის მთავრობამ “ბოლერო და კომპანია” და სს “კოტეხი - გურჯაანის ღვინის ქარხნის” ერთ-ერთი მფლობელი, ალექსანდრე ივანიშვილი დაასანქცირა და შეიყვანა "ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ნინო მელიამ გვითხრა, რომ სააგენტო მოქმედებს შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ მთავრობის განკარგულების მიხედვით. 

“განკარგულებით განსაზღვრულია, რა შემთხვევაში წყდება თანადაფინანსება. სანქციებთან დაკავშირებით სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას”, - მოგვწერა ნინო მელიამ. დანარჩენი კითხვები კი, რომელიც ამ კომპანიების დაფინანსებას ეხებოდა, რეაგირების გარეშე დატოვა. 

ბუნებრივია, სტატიაზე მუშაობისას ორივე კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ერთგან ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა, მეორეგან კი ტყუილად დაგვპირდნენ, რომ მოგვიანებით შეგვეხმიანებოდნენ. 

კარიჭაშვილის და ივანიშვილის ღვინის ბაზარზე აღზევების გზა გვაჩვენებს, თუ როგორ არის ერთმანეთს გადაჯაჭვული ქართული პოლიტიკა, ბიზნესი და კორუფცია. ნათელია ისიც, როგორ ისარგებლეს სახელმწიფოს სიკეთეებით და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ინდუსტრია გაუმჭვირვალე გარიგებების საგნად აქციეს. 

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon