ავტორები: ნანუკა ბრეგაძე და მანანა ღოღობერიძე
წელს ისტორიაში პირველად, პროპორციული არჩევნები გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ მანკიერი მაჟორიტარული სისტემა წარსულს უნდა ჩაბარებოდა. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” “ტრიუკს” მიმართა - პროპორციული სიის სათავეში რეგიონის დელეგატები ჩასვა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაც მიანდო. ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთი მათგანია.
ის მმართველმა პარტიამ ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის და შუახევის დელაგატად მიავლინა. იქამდე, ანზორ ბოლქვაძე ხულოს მაჟორიტარი იყო 16 წლის განმავლობაში - ჯერ “ნაციონალური მოძრაობის”, შემდეგ კი “ოცნების” მმართველობის დროს.
გამოიცვალა ორი ხელისუფლება, ორი პარტია, თუმცა უცვლელია მისი სტილი - პოლიტიკური გავლენების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. ამაზე მოწმობს ბოლქვაძეების გამდიდრება და მათი ოჯახური ბიზნესის აყვავება, მაინცდამაინც, ბოლო 16 წელში.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ და რამდენჯერ ჩადგა სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში:
- 2011 წლიდან მოყოლებული დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და გარემოცვამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონი ლარი მიიღო.
- დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი სახელმწიფო ქონებას პრივილეგიებით და შეღავათიან ფასად ეუფლება, წლების შემდეგ კი იქ სარფიან ბიზნესს აწყობს - მაგალითად, ბოლქვაძეების ხელში მოხვდა მხოლოდ 46 950 ლარად შეძენილი ქონება, რომელიც სამი წლის შემდეგ ბანკმა თითქმის ცხრაჯერ ძვირად, 408 900 ლარად შეაფასა.
პარლამენტარის ბიზნესი
სარგებელი ცოლის კომპანიას - სასტუმრო კურორტ გოდერძიზე
გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ბოლო წლებში მომხიბვლელ ტურისტულ ადგილად იქცა, პარლამენტარის ცოლის, თინა ბოლქვაძის კომპანიის სასტუმრო დგას. 40-ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” აქ 2020 წელს გაიხსნა და მისი ოფიციალური მფლობელი შპს “აისი გოდერძია”.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ფუნქციურია და ტურისტებს მეოთხე წელია მასპინძლობს, ანზორ ბოლქვაძის მიერ 2021-2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში “არსიანიდან” მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. თუმცა, იმას კი უთითებს, რომ მისი ცოლისაა შპს “აისი გოდერძი”, რომელიც სასტუმრო “არსიანს” ფლობს.
გამოდის, რომ თავად “გამჭვირვალობის” მომხრე დეპუტატი, რომელიც ხმას აძლევს რუსულ კანონს, საკუთარ ფინანსებს წარმატებით გვიმალავს. “ჩემს ქვეყანას სჭირდება და იმიტომ დავუჭირე მხარი… დეკლარაციის ასახვაა მანდ, მაგ კანონში, მეტი არაფერი არ არის“, - ამბობდა დეპუტატი 2024 წლის მაისში, “ტვ-25”-თან საუბრისას.
სასტუმროს მფლობელი კომპანია, შპს “აისი გოდერძი” 2017 წელს ანზორ ბოლქვაძის ვაჟმა, ნოდარ ბოლქვაძემ როლანდ და რაინდი შანთაძეებთან ერთად დააფუძნა. 2019 წელს კი ნოდარმა თავისი 33.3%-ანი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს, სიმბოლურ 1 ლარად მიჰყიდა. მას შემდეგ, ეს კომპანია დეპუტატის ცოლის და შანთაძეების საკუთრებაა.
სასტუმროს ტერიტორია 2016 წელს აჭარის ავტონომიური მთავრობისგან “აისი გოდერძის” როლანდ შანთაძემ იყიდა. 1 კვ.მ მიწაში მან 13 ლარი გადაიხადა, ჯამში 46 950 ლარი. ამ ფასად იყიდა 3 614 კვ.მ მიწა და მასზე მდგომი 330 კვ.მ ფართობის შენობა. აუქციონით ამ უძრავი ქონების შეძენას საინვესტიციო პირობებიც მოჰყვა - შანთაძეს 800 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ექვს თვეში უნდა გაერემონტებინა, ერთ წელში კი იქ საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა გაეხსნა.
როგორც ჩანს, როლანდ შანთაძე მალევე მიხვდა, რომ ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა და ვადის გადაწევა 2017 წელსვე სთხოვა მთავრობას. მომდევნო წლებში აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ცვლილებას ცხრაჯერვე დათანხმდა, თუმცა დოკუმენტებში არსად წერია, რა იყო ვადის გადაწევის მიზეზი.
2017-2018 წლებში შანთაძე პირობების შეუსრულებლობის გამო 10 700 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ არ გადაახდევინეს. შანთაძემ მეორედ დადო პირობა და ხელწერილითაც დაადასტურა, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა. ისევ არაფერი - “გოდერძიზე” კვების ობიექტი არადა არ ჩანდა.
2019 წლის აგვისტოში, როლანდ შანთაძეს აჭარის ა/რ-ის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ემუქრებოდა - თუ პირობებს დათქმულ ვადებში (2020 წლის ივლისამდე) ამჯერად მაინც არ შეასრულებ, საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ სრულ თანხას ჩამოგართმევთო.
2019 წლის ივლისში შანთაძემ ქონება ბანკს შეაფასებინა და მის საბაზრო ფასად 408 900 ლარი დადგინდა. შანთაძის მიერ 2016 წელს 46 950 ლარად ნაყიდმა ქონებამ მას სარგებელი სხვა კუთხითაც მოუტანა. 2019 წლის სექტემბერში მან ეს ქონება, 3 614 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 330 კვ.მ შენობა-ნაგებობა ანზორ ბოლქვაძის ცოლის კომპანიას, შპს “აისი გოდერძის” აჩუქა და ვალდებულებებიც გადააბარა.
სექტემბრის შემდეგ სახელმწიფოს კომპანიის მიერ ვალდებულებების მკაცრად შესრულება აღარ მოუთხოვია, ისე როგორც ამას შანთაძის მიმართ აკეთებდა. შანთაძის მსგავსად კვების ობიექტს არც “აისი გოდერძი” ხსნიდა, მაგრამ მას მთავრობა პასუხსაც არ სთხოვდა. მას შემდეგ, რაც ეს კომპანია ბოლქვაძის ცოლის საკუთრება გახდა, ვადის გადაწევა ხუთჯერ მოითხოვა და ხუთივეჯერ უპრობლემოდ დათანხმდნენ ისე, რომ საბანკო გარანტია აღარ უხსენებიათ. არადა, შანთაძე არსად წასულა, ამ კომპანიაში მეწილეც არის და დირექტორიც.
საბოლოოდ, “აისი გოდერძიმ” სახელმწიფოსგან შეღავათიან ფასად მიღებულ ტერიტორიაზე მომგებიანი ბიზნესი წამოიწყო - 2020 წელს იქ 40- ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” გახსნა და კვების ობიექტის ვალდებულება ასეთი ფორმით შეასრულა - სასტუმროს პირველ სართულზე რესტორანი “არსიანი” მოაწყო.
“არსიანი” ტურისტებს მეოთხე წელია ემსახურება, ერთი ღამის საფასური კი 70-80 ლარია.
რის საფუძველზე დართეს ნება დეპუტატის ოჯახს, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტის ადგილას სასტუმროც მოეწყოთ, ამ კითხვაზე პასუხი ხულოს მერიაში ვერ გაგვცეს - ჩვენი პრეროგატივა არ არისო.
ამ კითხვის დასმა როლანდ შანთაძისთვისაც გვსურდა. ტელეფონზე რომ დავურეკეთ და სასტუმრო “არსიანი” ვუხსენეთ, გვთხოვა, საათ-ნახევარში გადმომირეკეთო. რა თქმა უნდა, დათქმულ დროს ხელახლა დავურეკეთ, მაგრამ შანთაძემ ჩვენს ზარს აღარ უპასუხა.
სასტუმრო “არსიანი”
პარლამენტარის თოვლმავალი
გოდერძიზე თუ ზამთრის თოვლიან ამინდში ახვალთ და ადიგენის შემდეგ თქვენი ავტომობილით წასვლას ვერ მოახერხებთ, ბოლო უბნიდან, უტყისუბნიდან კურორტ გოდერძიმდე სპეციალური თოვლმავალი აგიყვანთ. ეს სატრანსპორტო საშუალება ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კომპანიას ეკუთვნის.
როგორ ჩაერთო ამ ბიზნესში “ოცნების” დეპუტატი? 2017 წლის ბოლოს, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კურორტ გოდერძის დამსვენებლებს ახალი სერვისი - სპეციალური თოვლმავლით გადაადგილება შესთავაზოს. ამისთვის კი 380 000 ლარის ოთხი ხელშეკრულება უკონკურენტო პირობებში შპს “გოდერძირეზორტსმა” (რომელიც აჭარის ა/რ-ის მიერ შექმნილი კომპანია) თინა ბოლქვაძის კომპანიას, შპს “აისი გოდერძის” გაუფორმა.
კომპანიას ჰყავს 1999 წლის გამოშვების მუხლუხა ტრაქტორი, რომლითაც 10-12 ადამიანი კურორტზე აჰყავს და ჩამოჰყავს. არადა, პირველი ხელშეკრულების სატენდერო მოთხოვნებით, ეს სპეციალური თოვლმავალი მინიმუმ 2000 წელს გამოცემული უნდა ყოფილიყო. შემდეგ, მოთხოვნა გადააკეთეს და 1999 წელზე ჩამოიყვანეს.
ერთ რეისში სახელმწიფო ბოლქვაძეების კომპანიას 2017 წელს 295 ლარს უხდიდა, 2024 წელს კი ერთი რეისის ფასი სულ ცოტა ორჯერ, 642 ლარამდე გაძვირდა. ეს ერთგვარი სახელმწიფო სუბსიდიაა და დამსვენებელი ადგილზე მხოლოდ 30 ლარს იხდის.
კურორტზე ორი ასეთი ტექნიკა სასტუმრო “ამბასადორსაც” ჰყავს, თუმცა სახელმწიფო მომსახურებას მხოლოდ “აისი გოდერძის” უკვეთავენ. მათ თითქოს ტურისტული კომპანიის სახელით დავურეკეთ და როგორც მძღოლმა გვითხრა, კერძო რეისებსაც ასრულებენ:
“სახელმწიფო პროგრამაზე, ძირითადად, მე ვარ, მე დავდივარ… სახელმწიფო პროგრამა თუ არის, ერთი ადამიანი ჯდება ერთი მხარე 30 ლარი, ისე ღირს 700 ლარი ერთი რეისი, რომ ჩამოვიდე და ამოვიყვანო 13-14 კაცი… ჯავშნები მაქვს, ჯგუფები მყავს და იმის მიხედვით მაქვს გრაფიკი… დღეში 10 რეისსაც გავაკეთებ სამი “კეზბორერით”....მთავარი კომპანია ვარ იმაში, რომ მეტი მყავს თოვლმავლები და ვემსახურები ხალხს… “
ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციებში არც ეს შემოსავალი ჩანს.
რატომ არ ასახავს ოჯახური ბიზნესის შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაში, ამაზე პასუხი თავად დელეგატობის კანდიდატ ბოლქვაძისგან გვსურდა. სატელეფონო საუბრისას თავისი დეკლარაცია რომ ვუხსენეთ, გაბრაზებული ტონით მოგვიგო - “თქვენ რა შუაში ხართ, დეკლარაცია რა… გამოქვეყნებულია და წაიკითხეთ, მაქ არი, ღიად არი, რამე დამალული არ არი…წაიკითხე და ჩაწერე რაც გინდა”. ამის შემდეგ ზარი გაგვითიშა, ხელმეორედ გადარეკვისას კი აღარ გვიპასუხა.
ბეტონის საამქრო
ხულოდან ორ კილომეტრში, სოფელ ვაშლოვანში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ვაჟი ბეტონის საამქროს ფლობს. იქ წარმოებული ბეტონით, თავისივე კომპანიას, შპს “ბოლქვაძის გარაჟს” ამარაგებს. “ბოლქვაძის გარაჟისგან” კი ბეტონს ხულოს მერია ყიდულობს ხოლმე, სოფლის გზების დასაგებად.
როგორ გახდა საამქრო ნოდარ ბოლქვაძის საკუთრება? გრძელი ისტორიაა და მაშინ დაიწყო, როცა ანზორ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. საამქროს 370 კვ.მ ფართობის შენობა 3 424 კვ.მ მიწაზე დგას.
2007 წლის აგვისტო - 10 611 ლარის ღირებულების ეს უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურმა მთავრობამ შპს “აგროტექსერვისის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ამ დროს ამ კომპანიის დირექტორი ნოდარ ქონიაძე იყო. ქონიაძის გვარი დაიმახსოვრეთ, მას და მისი ოჯახის წევრს ბოლქვაძეების გარემოცვაში კიდევ არაერთხელ წავაწყდებით.
2011 წლის მაისი - ქონება 19 700 ლარად შპს “ფონმა” იყიდა. შპს “ფონი” 2005 წელს ანზორ ბოლქვაძემ დააარსა. 2011 წელს კი მისი ვაჟი, როლანდ ბოლქვაძე ფლობდა. “ფონის” დირექტორი, დავით ქონიაძეა, რომელიც ზემოთ ხსენებული ნოდარ ქონიაძის ოჯახის წევრია.
2011 წლის ნოემბერი - როლანდ ბოლქვაძემ, პარლამენტარის შვილმა შპს “ფონში” თავისი წილების ასი პროცენტი დავით ქონიაძეს 2 000 ლარად მიჰყიდა და ამ გზით, პარლამენტარის ოჯახმა საამქროსთან ოფიციალური კავშირი გაწყვიტა.
თუმცა, არაოფიციალურად, ბოლქვაძეები საქმიდან არ გასულან. ბოლქვაძეების ოჯახი ბეტონის საამქროს 16 წელი არაოფიციალურად ფლობდა, ხან ვის სახელს ეფარებოდა და ხან ვისას. ბოლოს კი პირდაპირ მათ საკუთრებაში აღმოჩნდა, შპს “ბოლქვაძის გარაჟის” ბალანსზე. 2008 წელს 10 600 ლარად შეფასებული ქონების ფასი 2024 წელს 185 000 ლარამდე გაიზარდა.
ქარხნის ტერიტორიის ნაწილი, 800 კვ.მ ფართი 10-წლიანი იჯარით, 2030 წლამდე არის გაცემული შპს “ხულო მოტორსზე”, რომელიც იქ მანქანების სახელოსნოს ამუშავებს და ფართში თვეში 300 ლარს იხდის. ეს ბოლქვაძეებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბეტონის ქარხანა ბოლქვაძეებისთვის მომგებიან ბიზნესად იქცა, სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლებია.
ტენდერები პარლამენტარის გარემოცვას
1. 2023 წლის მაისში, ანზორ ბოლქვაძის ვაჟის კომპანია “ბოლქვაძის გარაჟი” მხოლოდ ოთხი თვის დაფუძნებული იყო, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა, რომ ხულოს მერიის ტენდერებში გაემარჯვა. კომპანიამ უკონკურენტო პირობებში მოიგო ჯამში 200 000 ლარის ორი ტენდერი. ხელშეკრულებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთსა და იმავე დღეს გაუფორმეს.
ამ ხელშეკრულებებით, “ბოლქვაძის გარაჟს” დაევალა მზა ბეტონის შესყიდვა ხულოს სოფლებში შიდა გზების მოსაწყობად. კომპანია მერიას შეუთანხმდა, რომ, ჯამში, 738 მ3 ბეტონს თავისივე ვაშლოვანის ქარხნიდან წამოიღებდა.
“ბოლქვაძის გარაჟმა” აქედან ერთ ტენდერში პირობები დაარღვია - მერიას სრულად და დროულად არ მიაწოდა 8 სოფლისთვის განკუთვნილი ბეტონი. ამის გამო ის 5 200 ლარით დაჯარიმდა, წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაც გაუწყვიტეს. თუმცა, შავ სიაში არ შეუყვანიათ.
ხულოს მერიამ გვითხრა, შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შესაყვანად მონაცემები გადავეცითო, თუმცა “ბოლქვაძის გარაჟი” 9 ოქტომბრის მონაცემებით მაინც არ არის შავ სიაში რეგისტრირებული.
კანონმდებლობით, შავ სიაში შეყვანის საფუძველია, თუ: “… ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.”
2. პარლამენტარის ნათესავების კომპანია “აისმა” 2018-2020 წლებში ხულოს მერიასთან და აჭარის გზების დეპარტამენტსა და ხულოს მუნიციპალიტეტთან 1.1 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა - სოფლის ხიდების რემონტისა და ბეტონის მიწოდებისთვის.
3. პარლამენტარ ბოლქვაძის მიერ შექმნილმა შპს “ფონმა” კი 2011-2012 წლებში 3.6 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო - სამშენებლო სამუშაოებისთვის და ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისთვის. ამ ხელშეკრულებებს ხულოს მერია, აჭარის ა/რ-ის გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო შპს “გოდერძირეზორტსი” უფორმებდა. შპს “ფონში” როლანდ ბოლქვაძე 2006-2009 წლებში მუშაობდა, 2009 წლიდან აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაინაცვლა, 2022 წლიდან კი ამ უწყების უფროსის მოადგილე გახდა.
4. 2017 წელს, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კურორტ გოდერძის დამსვენებლებს ახალი სერვისი - სპეციალური თოვლმავლით გადაადგილება შესთავაზოს, ამისთვის კი 380 000 ლარის ოთხი ხელშეკრულება უკონკურენტო პირობებში გაუფორმა თინა ბოლქვაძის კომპანიას - შპს “აისი გოდერძის”.
5. 2017-2024 წლებში, “აისი გოდერძიმ” სახელმწიფო კომპანიებთან 429 000 ლარამდე ღირებულების 25 ხელშეკრულება გაფორმა. აქედან 19 ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვით გაფორმდა, დანარჩენი ექვსივე ტენდერი კი უკონკურენტო პირობებში მოიგო. “აისი გოდერძის” სატრანსპორტო, სასტუმრო და კვების მომსახურებას უკვეთავს სს “საქართველოს ელექტროსისტემა”, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და შპს “გოდერძირეზორტი”რომელიც აჭარის ა/რ-ის ბალანსზეა. “გოდერძირეზორტი” “აისი გოდერძისგან” თოვლმავლების მომსახურებას ქირაობს.
ორი ხელისუფლების მსახური
ანზორ ბოლქვაძე ხულოს ოლქის “მარადმწვანე” დეპუტატია. პოლიტიკური კარიერა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, 2006 წელს დაიწყო. ჯერ ხულოს გამგეობაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2007-2016 წლებში კი პარლამენტში ხულოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2016 წლიდან ბოლქვაძე “ქართულ ოცნებაში” გადაპორტირდა და ისევ ხულოს მაჟორიტარობა გააგრძელა. აი, უკვე წელს კი მმართველმა პარტიამ ის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატად მიავლინა.
ეს პოზიცია “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, გამოიგონა. 2024 წლის 15 მაისს ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში და პარტიებს მიეცათ უფლება, პროპორციული სიიდან მათთვის სასურველი 30 ადამიანი ამა თუ იმ რეგიონის დელეგატად დაასახელონ.
მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ამ სიახლის მიზანი რეგიონის პრობლემებზე უკეთ ზრუნვაა. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე მომუშავე მკვლევრები კი ფიქრობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ გზით მაჟორიტარების სისტემა შეინარჩუნა.
ანზორ ბოლქვაძე აქტიური კანონმდებელია და პარლამენტში კანონშემოქმედებითაა დაკავებულიო, ვერ ვიტყვით. ის პარლამენტში ყოველ მე-5 კენჭისყრას არ ესწრებოდა. ჯამში, გამოტოვებული აქვს 2 884 კენჭისყრა. მაგალითად, 2014 წელს ის არც სიტყვით გამოსულა და არც ინიციატივით. 2016-2018 წელს კი მხოლოდ ორი სიტყვით გამოსვლა ჰქონდა.
ანზორ ბოლქვაძე რომ კორუმპირებული პოლიტიკოსია და ამ “საქმიანობას” ხელი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მიჰყო, ამაში დასარწმუნებლად ერთ ამბავს მოგიყვებით.
2006 წელს, ანზორ ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომპანია “ხულოს კომუნალურ მეურნეობას”. სწორედ მისი დირექტორობის დროს, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომ ამ შპს-ს კაპიტალიდან გაეტანათ 10 322 ლარის ღირებულების სასტუმრო “ხულო”, შემდგომი პრივატიზების მიზნით. მოგვიანებით, ეს ქონება ანზორ ბოლქვაძის ოჯახის ხელში მოხვდა. სასტუმრო “ხულო”, რომელიც ხულოს ცენტრში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 2 ნომერში მდებარეობს, ახლა ეკუთვნის თინა ბოლქვაძის კომპანია შპს “ფონი +”-ს, რომლის რეგისტრაციაც 2010 წელს დაიწყეს. როგორც ჩანს, პოლიტიკოსს ხელისუფლებაში ყოფნის დრო უქმად არ დაუკარგავს და სახელმწიფო საკუთრება საბოლოოდ შემოსავლიან ბიზნესად აქცია.
როგორ ახასიათებენ დეპუტატს მშობლიურ მხარეში - რას აკეთებს ხულოსთვის, ქედისთვის და შუახევისთვის?
დეპუტატზე ხულოში მოსახლეობას ვკითხეთ. უმეტესობას ამ თემაზე საუბარი არ უნდა. ძირითადად, გვეუბნებოდნენ, რომ ბოლქვაძე პირადად ეხმარება ხოლმე ადამიანებს. ამბობენ რომ კარგი, “კაცური კაცია”, თუმცა უჭირთ დაასახელონ თუნდაც ერთი პროექტი, რომელიც ბოლქვაძემ მათ რეგიონს გაუკეთა.
“ყველაფერი კარგი გააკეთა რაიონისთვის. ბევრ ადამიანს დაეხმარა, გავიგონე, რომ ავადმყოფებს დაეხმარა ექიმთან მისვლაში და ამფერებში“.
“კაცური კაცია… რაიონს გვერდში უდგება. დადებითად შევაფასებ“.
ასეთი შეფასებები ადრეც მოგვისმენია, სხვაგან და სხვა დეპუტატზე, თუმცა იდენტური ლექსიკით - მესტიელებს ვიქტორ ჯაფარიძის სიკეთეებზე რომ ვეკითხებოდით, რეგიონისთვის სასარგებლოს ვერაფერს იხსენებდნენ, მაგრამ ომახიანად ამბობდნენ, “კარგი კაციაო”, “მკურნალობის ხარჯების დაფარვაში ეხმარება ადგილობრივებსო”.
ანზორ ბოლქვაძეზე ერთ-ერთი ქალი ამბობდა, რომ მის სოფელში ბევრი რამ შეიცვალა. ჩავეძიეთ და აღმოჩნდა, რომ დეპუტატობის მეთექვსმეტე წელს, ახლა, სხვა ხეობასთან დამაკავშირებელი გზა გაჰყავთ. რამდენიმე წლის წინ კი “გადასახედი” გაგვიკეთესო, ანუ ადგილი საიდანაც ხედები მოჩანს.
“უფრო ტურისტული დანიშნულებისაა, თორემ ჩვენთვის ისეთი არაფერი ხეირი არ არის, უბრალოდ სოფლისთვის არის გაკეთებული“, - გვითხრა მან და ისიც დააყოლა, ჯერ არ ვიცი არჩევნებში რას ვიზამო.