ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს

უკონტროლო დაფინანსება: რატომ ვერ სარგებლობენ გალელები უფასო ჯანდაცვით

გალში მცხოვრებმა ქართველებმა შედარებით ხარისხიანი პირველადი სამედიცინო მომსახურება რომ მიიღონ, ამისთვის ენგურის ხიდზე არსებული, რუსებისა და აფხაზების მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ხაზი, ე.წ. საზღვარი უნდა გადმოლახონ. 

„ეს ხალხი გადმოდის ენგურის ხიდზე. ჯერ აფხაზებს გადიან, მერე რუსებს, მერე ისევ აფხაზებს და საბოლოოდ მოდიან ქართველებამდე. აფხაზეთში ვინც ცხოვრობს დღეს, ფსიქოლოგიურად მოშლილები არიან, განადგურებულები, ყველაფერ კარგს მოკლებულები”, - გვიყვება სოფო. მისი სახელი შევცვალეთ, ისე როგორც სხვა თხუთმეტამდე გალელის, რომელსაც ამ სტატიაზე მუშაობისას ვესაუბრეთ. თავად გვთხოვეს, რომ მათი ნამდვილი ვინაობა არ გავამხილოთ, რადგან ეშინიათ, საფრთხე არ შეექმნათ სიმართლის თქმის გამო. 

ყველაფერ კარგს მოკლებულია გალის ჯანდაცვის სისტემაც - ყველა რესპონდენტმა დაგვიდასტურა, რომ გალის რაიონში არსებული სამედიცინო პუნქტები სავალალო მდგომარეობაშია. მოქალაქეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ და ამისთვის ენგურს აქეთ გადმოსვლა უწევთ, რაც მათთვის მარტივი სულაც არ არის. ენგურის ხიდი საღამოს 8 საათიდან დილამდე დაკეტილია. გალელების მონათხრობით, როცა ხიდი ღიაა, გადმოსვლისთვის არაერთი საბუთი, კარგი ნაცნობობა ან ე.წ. მესაზღვრეების მოქრთამვაა საჭირო.

ზუსტად იმის თქმა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ახლა გალში და მის სოფლებში, არ შეგვიძლია. ზუსტი რიცხვი აფხაზეთის მთავრობამაც ვერ გვითხრა. ერთადერთი რაც ვიცით, არაოფიციალური ცნობაა, რომ იქ, დაახლოებით, 55 000 ადამიანი ცხოვრობს. მათ გალის რაიონში მოქმედი და სპეცდაფინანსებაზე მყოფი 6 სამედიცინო პუნქტი ემსახურებათ, თუმცა, ამის მიუხედავად, იქაურებს ზუგდიდში მიღებული სამედიცინო დახმარება უფრო ეიმედებათ. 

გამოძიების მთავარი მიგნებები: 

  • საქართველოს ბიუჯეტიდან გალში გადარიცხული მილიონობით ლარი, რომელიც ადგილობრივების ჯანდაცვას უნდა მოხმარდეს, იფლანგება. ამ ფულით დაფინანსებულ სამედიცინო სერვისს ხალხი ვერ იღებს. გალში, წესით უფასო სამედიცინო პროცედურები ფასიანია.
  • გალის სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მოძველებული და ხშირად გამოუსადეგარია. 
  • ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის ნაწილი ხელფასებს ვერ იღებს, ნაწილთან კი წლების განმავლობაში, საეჭვო ვითარებაში, ნაღდი ფულით ხდებოდა ანგარიშსწორება. ფინანსებს ერთპიროვნულად განკარგავს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. ხარჯვის პროცესს თბილისი ვერ აკონტროლებს და ჯერჯერობით ეს სიტუაცია უცვლელია. 
  • გალის ჯანდაცვის დაწესებულებებზე ხმამაღლა საუბარი არავის უნდა. ყველა დაშინებულია, რომ, ინფორმაციის გავრცელების გამო, მათზე ზეწოლა იქნება. 


ნათია სოფელ ოტობაიადანაა. ახლა თბილისში სტუდენტია. მისი მშობლები ისევ გალში ცხოვრობენ. გალში თვითონაც ჩადის ხოლმე. მოგვიყვა, რომ ერთხელ სისხლის ანალიზის აღება დასჭირდა. გალის საავადმყოფოში ანალიზისთვის ნიმუში ორჯერ, 5 დღის შუალედით ჩააბარა. ორივე პასუხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ამიტომ ზუგდიდში გადამოწმება გადაწყვიტა. ზუგდიდიდან მოსული პასუხი კი გალში აღებულ არც ერთი ანალიზის პასუხს არ დაემთხვა. 

ამგვარი ამბავი სტატიაზე მუშაობისას ბევრი მოვისმინეთ. ყველა მათგანი ცხადყოფს, რომ გალის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ერთმანეთის მსგავსი პრობლემებია. სამედიცინო პუნქტებში სათანადო აპარატურა არ აქვთ, რაც აქვთ უკვე მოძველებული და გამოუსადეგარია. ამბულატორიების შენობები ავარიულია და იქაა განლაგებული, სადაც ადრე ბაღი იყო, ან სხვა დაწესებულება, რომელიც ომის დროს დაიშალა და გაიძარცვა. გამართული სასწრაფო მანქანები არ ჰყავთ, არც საკმარისი საკაცე აქვთ. პრობლემურია სამედიცინო პუნქტების პერსონალიც. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ თვითნასწავლია და ვერც მათი ახალგაზრდა, ნასწავლი კადრებით ჩანაცვლება ხერხდება (ავტორის შენიშვნა: აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტები გამოყოფენ რამდენიმე ექიმს, რომელთა იმედიც შეიძლება ჰქონდეთ). 

“შეიძლება ნემსის გაკეთება არ იცოდეს ადამიანმა, ვენაში ვერ შეჰყავდეს, ინექციას ვერ აკეთებდეს, მაგრამ მაინც მუშაობდეს საავადმყოფოში. როცა მივხვდით, რომ დედაჩემის დასახმარებლად ვერაფერს აკეთებდნენ, სასწრაფო წესით გადმოვიყვანეთ ზუგდიდში”, - გვიყვება ნათია.

“როგორი სამედიცინო განათლება აქვთ, იცი? მე შემიძლია, გაგიწიო პირადი დახმარება, მაგრამ არ მაქვს ამის საბუთი. შემიძლია, საბუთის გარეშე ვიმუშაო. ეგრე არიან უმეტესად. მუშაობს, გიწევს დახმარებას, მაგრამ ოფიციალურად სამედიცინო განათლება არ აქვს”, - ამბობს ჩვენთან საუბრისას მარიამი. 

“ექიმებს არაფერი არ გააჩნიათ და ისე აკეთებენ ამას. ზოგიერთი პრობლემური ექიმიც არის, რომელიც ვიღაცის გამოა დანიშნული. არ აქვს ლიცენზია, მაგრამ მაინც მუშაობს”, - გვიყვება თამარიც.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემაც დაგვიდასტურა, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ყალბი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა. 

“განათლების დიპლომი რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკიდან მოვითხოვე. იქიდან მომწერეს, რომ ასეთი სტუდენტი არასდროს ჰყოლიათ. არ შეიძლება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ხელმძღვანელობდეს სტომატოლოგი. რომელსაც სპეციალური განათლება არ გააჩნია”, - გვითხრა ოთხსაათიანი ინტერვიუსას ყოფილმა მინისტრმა.

გალის რაიონში არსებული სამედიცინო პუნქტების მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2022 წლის კვლევაშიც: “[საბერიოში] დიაგნოსტირებისთვის საჭირო საბაზო ინფრასტრუქტურაც კი არ მოიპოვება, როგორიც არის რენტგენის და ულტრაბგერითი აპარატი. პრობლემურია სასწრაფო დახმარების მანქანის გაუმართაობაც. … გალის რაიონში სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო აღჭურვილობა და ტრანსპორტი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს…”

ინტერვიუზე დიდი წვალებით დავითანხმეთ ოტობაიას ამბულატორიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც იქაური ამბები მოგვიყვა. მათ შორის, აღგვიწერა მათი სასწრაფო დახმარების მანქანაც, რომელიც, ჯამში, 5 სოფელს ემსახურება. როგორც გვითხრა, მანქანა არ არის სასწრაფო დახმარებისთვის განკუთვნილი, არასამედიცინოა. მისი თქმით, ის 2017-18 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიღებული და აფხაზური ადმინისტრაციის მიერ დამატებული თანხით შეიძინეს, შემდეგ კი თავად გადააკეთეს.

“როდესაც დასაქოქია და არ იქოქება, თანამშრომლები ერთად ვეჯიკავებით. როდესაც ეს მანქანა გაჩერებულია, მძღოლებს ჰყავთ პირადი მანქანა და იმით ნაცვლდება. ან სოფლიდან ვისაც დახმარება სჭირდება, თავიანთი მანქანით მოჰყავთ პაციენტები, ან ჩამოდიან თვითონ და ექიმები მიჰყავთ, მერე კი უკან აბრუნებენ. მანქანის გამო სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდა დახმარებაო რომ ვთქვათ, ეგ არასწორი იქნება. მიეწოდებათ, ოღონდ, თავისთავად, ცოტა დაგვიანებით”, - გვიყვება ოტობაიას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.

მან ისიც გაიხსენა, რომ ერთ-ერთ გამოძახებაზე მიმავალ მანქანას გზაში კარი დაუზიანდა. მისი ინფორმაციით, ბრიგადის ექიმებს კარის დატოვება გზაშივე მოუწიათ და პაციენტამდე ისე მივიდნენ. ისიც მოგვიყვა, რომ მანქანის უკანა კარი შედუღებულია, არ იღება, ამიტომ ვერ იყენებენ და პაციენტის შეყვანა გვერდითა კარიდან უწევთ. 

“საკაცით რომ აიყვანო პაციენტი, შეიძლება, ეზომდე ვერ მიაღწიოს იმ საკაცემ და გატყდეს. ისეთ ცუდ მდგომარეობაშია. ერთი საკაცეა ერთ საავადმყოფოში და ისიც ასი წლის იქნება”, -გვიყვება მარიამი, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ. ის ჩვენთან საუბრისას გალში იმყოფებოდა.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ 2006 წლიდან მოყოლებული არსებობს სპეც.დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გალის რაიონში არსებული სამედიცინო ამბულატორიები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფინანსდება. წესით, პროგრამა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს და ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღება. ამის ფულს ჩვენ ვიხდით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ზემოთ მოყვანილი ამბები კი ცხადყოფს, რომ პროგრამა წარმატებული არაა და თავის მიზანს ვერ ასრულებს. 

რატომ? ზუსტად ამ კითხვის პასუხს ვიკვლევდით ექვსი თვე. ვესაუბრეთ ადგილობრივებს გალში; იქაურ მედ-პერსონალს; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისაც გალის სამედიცინო სისტემასთან რაიმე შეხება ჰქონია; მკვლევრებსა და აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსაც კი. პასუხები და დეტალები ქვემოთ დაგხვდებათ. 

სპეცდაფინანსების პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მთელ ქვეყანაში ახორციელებს. მისი მიზანია, პროგრამის მოსარგებლე დაწესებულებებს ჰქონდეთ უფასო სასწრაფო დახმარება და ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სამედიცინო სერვისი - კერძოდ, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. 

სპეც.დაფინანსება 2006 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა. 2020 წლიდან დღემდე სპეც.დაფინანსების პროგრამა ექვემდებარება “პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამას. 

ამ დაფინანსების მიზანი ყოველთვის იყო და დღესაც ისაა, რომ სასწრაფოს ბრიგადამ პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაუწიოს მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით. გარდა ამისა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანოს. ეს მომსახურება პროგრამით სრულად ფინანსდება და მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სპეც. დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს. 

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012-2018 წლებში გალის რაიონში სპეცდაფინანსების პროგრამიდან ცხრა სამედიცინო დაწესებულება ფინანსდებოდა, ხოლო 2019-დან დღემდე - ექვსი. 

“სპეც.დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილ თანხებს გალში მოქმედი სამედიცინო ორგანიზაციები “ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან” იღებენ. სააგენტო პერიოდულად აცხადებს გამარტივებულ შესყიდვას. სამედიცინო დაწესებულებები სააგენტოს სთავაზობენ ამბულატორიულ, სტაციონარულ და სასწრაფო დახმარების მომსახურებას.ხელშეკრულებაც ამგვარად ფორმდება. 

სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში ჩვენ 2019-2024 წლებში ამ სააგენტოს მიერ გალის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაფორმებული 78 ხელშეკრულება ვიპოვეთ. მათი ჯამური ღირებულება 6.2 მილიონი ლარია, ხოლო 11 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩარიცხულია 4.6 მილიონი ლარი. 

სააგენტოსგანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომ გაგვეგო, ვინ რამდენით დააფინანსეს და ჩვენს მონაცემებთანაც შეგვედარებინა. მათ პასუხში ეწერა, რომ ბოლო 5 წელში (2024 წლის 18 აპრილის ჩათვლით) გალში არსებულ ექვს სამედიცინო დაწესებულებას 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

რა იწვევს სხვაობას ჩვენს დათვლილ თანხებსა და მათ წერილში არსებულ რიცხვს შორის, გვინდოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან გაგვეგო, თუმცა ინტერვიუზე თანხმობის პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ამიტომ, ჩვენს მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე დათვლილ თანხას უფრო სანდოდ მივიჩნევთ, რადგან მტკიცებულებები საკუთარი თვალით ვნახეთ. 

გალის სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში დეტალურად არაა გაწერილი, რა მომსახურებისთვის ურიცხავს თანხას სააგენტო. ამგვარი ინფორმაცია არც მიღება-ჩაბარების აქტებშია მოცემული. რასაც ამ ხელშეკრულებებიდან თუ მიღება-ჩაბარების აქტებიდან ვიგებთ ისაა, რომ თანხა ნამდვილად გადაირიცხა და გალში კონკრეტულ პირამდე ჩააღწია. მიღება-ჩაბარებებსა და ხელშეკრულებას ხელს სამედიცინო ორგანიზაციების უფლებამოსილი პირები აწერენ.

გალის ცენტრალური საავადმყოფოს ექთნები კი გვიყვებიან, რომ ფული მათთან არ აღწევს ხოლმე. თბილისიდან ჩარიცხული ხელფასი მათ არასდროს მიუღიათ. ისე კი, ხელმძღვანელობა მათ პირადობის მოწმობებსაც აგროვებდა, სამედიცინო შემთხვევების სტატისტიკასაც და ხელმოწერებსაც. თუ ფული არ ირიცხებოდა, ეს ინფორმაცია რად უნდოდათ ჩვენგანო, გვკითხეს ინტერვიუს დროს. თუმცა, პასუხიც თავადვე გასცეს ამ კითხვას.

“ხელმოწერები რამდენჯერმე შეგროვდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, უშედეგოდ. ყოველთვის გვატყუებენ, ახლა იქნება, ახლა იქნება. უკვე რამდენი წელია. ჩვენც დავიღალეთ. ჩვენთანაც არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებული არ არიან ჩვენი კეთილდღეობით. კაპიკებზეა საუბარი, მაგრამ არ აინტერესებთ, თვითონ ხომ აქვთ ჯიბეები სავსე”, - გვითხრა ექთანმა ირინამ, რომელიც გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მუშაობს.

ამავე დაწესებულებიდან ვესაუბრეთ კიდევ ორ ექთანს, მაყვალას და ლიას. მათი სახელები შეცვლილია. ყველა რესპონდენტმა გვთხოვა, რომ ანონიმურად დარჩენილიყვნენ, რადგან, ამ ამბების ჩვენთან გაზიარების გამო, მათ პრობლემები შეექმნებოდათ.

“ეს პროგრამა დიდი ხანია არსებობს და ვიცით. ბევრჯერ გვიბრძოლია, მაგრამ უშედეგოდ. მე რაც ვმუშაობ, არასოდეს საქართველოდან ერთი ‘კაპიკიც’ არ ამიღია. არც ერთჯერადად, არც მრავალჯერადად… შეიძლება გამოყო საქართველომ, მაგრამ ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდო… მე კი არა, მთელ კოლექტივს ასე გვგონია”, - გვითხრა ლია ექთანმა. 

“ხშირად გროვდება ჩვენი პირადობები. იყო დრო, როცა წელიწადში სამჯერ მაინც გროვდებოდა. კითხვაზე, რატომ აგროვებთ, გვპასუხობდნენ - იმიტომ, რომ ხელფასები უნდა დაგერიცხოთო, მაგრამ საერთოდ არასდროს მიმიღია საქართველოდან ხელფასი. რატომ გროვდებოდა და სად მიდიოდა ეს ჩვენი პირადობები, დღემდე არ ვიცით”, - გვითხრა მეორე ექთანმა, მაყვალამ. 

ექთნებთან საუბრით გავიგეთ, რომ ადამიანი, რომელიც მათ ხელმოწერებსა და პირადობების ასლებს აგროვებს, გალის საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ნონა ყოლბაიაა. ის ამ თანამდებობაზე 2020 წლიდან მუშაობს. როგორც ექთნები გვიყვებიან, ნონას წლები ენდობოდნენ, მისი დაპირებების სჯეროდათ და ელოდნენ დღეს, როცა კუთვნილ ხელფასებს მიიღებდნენ. თუმცა, ახლა მისი იმედი აღარ აქვთ. 

“ნონა აგროვებს ხელმოწერებს, ნონა არის ამის კურატორი და ის უძღვება. ჩვენ რომ რამე გავაკეთოთ, ვინმეს რომ შევხვდეთ, ამას გვიზღუდავს, თუნდაც მინისტრს. ვისთანაც გვინდოდა საუბარი და შესვლა, შეხვედრა, ყველას გვიბლოკავს. წლებია, ვენდობოდით, მაგრამ მივხვდით, რომ არაფრის გამკეთებელია”, - მოგვიყვა ლია ექთანმა. 

ექთნებს არ აქვთ ინფორმაცია, სად მიდის მათი ფული. გალის საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ნონა ყოლბაია კი პასუხისმგებლობას თავს არიდებს და თანამშრომლებს ეუბნება, რომ მან არაფერი იცის. 

ჩვენ ნონა ყოლბაიას დავუკავშირდით, რომ მოგვეყოლა ის, რაც მისი თანამშრომლებისგან გავიგეთ და გვეკითხა, რატომ არ ერიცხებოდათ ექთნებს ხელფასები, მაშინ რისთვის გროვდებოდა მათი პირადობები და ხელმოწერები, ან საერთოდ რას ხმარდება გალის ცენტრალური საავადმყოფოსთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიათასობით ლარი. 

მან კითხვების დასმაც არ გვაცადა ისე მოგვიჭრა, ამ თემებზე ტელეფონით ვერ გაგესაუბრებით, შემიძლია მხოლოდ ზემდგომ ორგანოებთან ვისაუბროო. არადა, მისი დაწესებულების შესახებ კონკრეტულად რა კითხვები გვქონდა, ჯერ არც კი გვქონდა ნახსენები. 

“მე ტელეფონით ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე, ჩემთვის მიუღებელია ეს, მით უმეტეს, უცნობ ადამიანთან და იმ თემებზე, რომელზეც ვთვლი, რომ არ არის საჭირო გავაჟღერო”, - გვითხრა ყოლბაიამ და ტელეფონი გაგვითიშა. ხელმეორედ გადარეკვისას კი ჩვენი ზარი მაშინვე გათიშა.

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს გარდა, ხარჯების გაუმჭვირვალობაზე ბრალდებები მოვისმინეთ საბერიოს ამბულატორიის მისამართითაც. ეს დაწესებულება საბერიოს გარდა კიდევ რამდენიმე სოფელს ემსახურება. მისი ხელმძღვანელი მამუკა გუნჯუაა, რომელიც ხშირად თბილისშია. თავად ამას იმით ხსნის, რომ ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელსაც ვერ ტოვებს. თუმცა თვლის, რომ მისი არყოფნით სამედიცინო ცენტრს არაფერი აკლდება. 

2018 წელს გალის სამედიცინო ცენტრების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა და ისინი არამომგებიან-არაკომერციულ იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. საბერიოს დაწესებულება გალის 6 სამედიცინო დაწესებულებას შორის ერთადერთია, რომელიც ა(ა)იპ-ად არ დარეგისტრირდა. მამუკა გუნჯუამ გვითხრა, რომ უარი იქაური უშიშროების თანამშრომლის რჩევით თქვა. 

“ვერ გავაკეთე. როცა ვუთხარი ასეთი სიტუაცია არის თქო, მაგან მითხრა, მამუკა ფეხი არ უნდა წამოკრა, რაღაც ესეთ სიტუაციასო… მეორედაც ვუთხარი,  აწი მაინც თუ არ იქნება პრობლემა მაწყობს თქო, მაგრამ არ გინდა, იყავი, დარჩი ისე როგორც ხარო”, - გვითხრა, გუნჯუამ. 

2018 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა და მათ პრობლემებს ეცნობოდა. ადგილზე ნანახი და გაგებული ინფორმაცია კი აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მაშინდელ მინისტრს, ქეთევან ბაკარაძეს გაუზიარა. წერილში საბერიოს სამედიცინო დაწესებულების პრობლემები ხაზგასმითაა აღწერილი. 

“სოფელ საბერიოს ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, სასწრაფოს გამოძახება რეალურად არის ფასიანი და მოსახლეობა იხდის თანხას (როგორც ექიმის მომსახურებაში, ასევე ვალდებულია აანაზღაუროს სასწრაფოს მანქანის მიერ გახარჯული საწვავის ღირებულება)”. 

“საბერიოს სასწრაფო დახმარება სპეციალური დაფინანსების ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან ფინანსებს განკარგავს რეალურად ერთი ადამიანი და, რა თქმა უნდა, მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული რამდენს ჩაურიცხავს სასწრაფო პერსონალს, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის მართვა ბურუსით არის მოცული”, - ვკითხულობთ წერილში. 

ფოტოზე საბერიოს სამედიცინო ცენტრი

იმავეს ადასტურებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც გალიდანაა და სამედიცინო ცენტრების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2018 წელს აგროვებდა. მან ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. ის და სხვა გალელი ახალგაზრდები გალში არსებულ პრობლემებზე მოხალისეობრივად აწვდიდნენ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტროს.

ორგანიზაციის წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა, რომ ადგილობრივებისთვის უფასო არასდროს არაფერი ყოფილა - ყველა მომსახურებაში თანხას იხდიდნენ. მან საბერიოს მაგალითი გვიამბო - როგორ იპოვეს დოკუმენტებში, რომ სპეცდაფინანსებით სასწრაფო მომსახურება უფასო უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად, მისი გამოძახება მოსახლეობისთვის ყოველთვის ფასიანი იყო. 

“ყველგან ერთი და იგივე პრობლემები იყო - გაურკვევლობა, გაფორმებული შტატების ხალხს ვერ ვნახულობდით სახეზე, ვინ იყო, სად იყო… დაწესებულების ხელმძღვანელს ერიცხებოდა თანხა და მერე თვითონ ანაწილებდა ხელფასებს. ხალხი წამლის თანხას ცალკე იხდიდა, დაწოლისას ცალკე, გადასხმისას ცალკე… ერთ ნემსზეც კი ახდევინებდნენ ”, - მოგვიყვა მან. 

გუნჯუა ამბობს, რომ ამ წერილში დასახელებული ფაქტები ტყუილია და რომ ეს წერილები, გალის დაწესებულებებში ფულის უკონტროლო ხარჯვის შესახებ, ხალხს ძალით დააწერინეს. 

საბერიოში სასწრაფოს გამოძახებაში რომ ფული გადაუხდიათ, ამას ერთ-ერთი ადგილობრივი ანონიმურად ჩვენც გვეუბნება.

სატელეფონო ინტერვიუს დროს გუნჯუას ვკითხეთ, რატომ არ იყო უფასო მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისი, რაზეც გვიპასუხა, რომ ხალხს უფასო სერვისი ფასიანში ერევა. მისი თქმით, სასწრაფო დახმარება უფასოა, მაგრამ ფასიანია სხვა მომსახურებაა - ზუგდიდში ავადმყოფის გადაყვანა, მაგალითად, რენტგენის გადასაღებად და ლოდინი.

ამ ნაწილში გუნჯუა ბოლომდე მართალი არაა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს მომსახურებაც უფასო უნდა იყოს. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და ვიკითხეთ, უნდა გადავიხადოთ თუ არა ფული იმაში, რომ საბერიოდან ზუგდიდში პაციენტი რენტგენის გადასაღებად სასწრაფო დახმარებით გადავიყვანოთ. ოპერატორმა აგვიხსნა, თუ პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს და ბრიგადის გამოძახებისას სასწრაფოს ექიმი ჩათვლის, რომ ის კლინიკაში გადაყვანასაც საჭიროებს, ეს მომსახურება უფასოაო.

აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქეთი ბაკარაძე კი გვიყვება, რომ სწორედ ეს წერილი გახდა საფუძველი, შექმნილიყო კომისია საბერიოს საქმიანობის შესწავლის მიზნით. კომისიამ გუნჯუას მოსთხოვა, წარმოედგინა საფინანსო დოკუმენტაცია, ხელფასების გაცემის საბანკო ამონაწერები და საშტატო ნუსხა სახელფასო სარგოების მიხედვით. მან არაფერი წარადგინა, კომისია კი სხვა გზით ამ ინფორმაციას ვერ მიიღებდა, რადგან პროგრამული დაფინანსების თანხები საბერიოს ამბულატორიის ანგარიშზე ირიცხებოდა და მას მხოლოდ გუნჯუა განკარგავდა. 

ბაკარაძის თქმით, როდესაც დასაბუთებული ვარაუდი ჰქონდა, რომ ბიუჯეტის სახსრები არამიზნობრივად იხარჯებოდა, გუნჯუა თანამდებობებიდან გაათავისუფლა. თუმცა იმის გამო, რომ სხვა კადრი მათი შიშით იქ ვერ მიდიოდა, ისევ მათი დაბრუნება მოუწია. 

“ვინც შეთანხმებული გვყავდა, რომ უნდა ემუშავა გუნჯუას ადგილას, ბოლო მომენტში უარი თქვა. დარეკა, ოჯახი მყავს, შვილები მეზრდებაო… ისევ აღვადგინე, სხვა გზა არ იყო. ან ის უნდა ყოფილიყო, ან არავინ. იხურებოდა დაწესებულება. არავის არ მისცა იქ მისვლის საშუალება”, - გვითხრა ბაკარაძემ. 

გუნჯუა ამ დრომდე საბერიოს სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს. გვითხრა, რომ ბაკარაძის წინააღმდეგ და არსებულ სიტუაციაზე სათქმელი ბევრი აქვს და ერთ დღეს ტელევიზიებს მიიწვევს ამ თემებზე სასაუბროდ. ჩვენთან კი ამაზე ტელეფონით საუბარი არ ისურვა. 

გუნჯუას თაოსნობით, 2019 წლის მაისში, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოში შევიდა განცხადება, რომელშიც გალის მოსახლეობა ბაკარაძეს დოკუმენტაციების გაყალბებასა და უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში სდებდა ბრალს. საბჭოს რამდენიმე წევრმა, ამ განცხადების მიხედვით, მოამზადა ე.წ. დასკვნა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაგზავნეს.

ბაკარაძე ამ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და ცილისწამებად მიიჩნევდა. ამიტომ, 2019 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრებს და განცხადების ხელმომწერებს სასამართლოში უჩივლა ამ განცხადების უარყოფის მოთხოვნით. წელს ბაკარაძემ ეს დავა მოიგო და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბრალდებებიც უარყვეს. ხელმომწერებმა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ბაკარაძე გამართლდა, სააპელაციოში გაასაჩივრეს. სხდომა ნოემბერშია ჩანიშნული, თუმცა ბაკარაძის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ შედეგები არ შეიცვლება. 

2018 წლამდე, გალში სხვადასხვა დროს, 20-მდე სამედიცინო დაწესებულება არსებობდა. 2018 წლის ბოლოს სამინისტრომ მათი რიცხვი ექვსამდე დაიყვანა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ მოგვიყვა, რა ხდებოდა ამ დაწესებულებებში და რატომ შეამცირეს მათი რაოდენობა. მისი თქმით, დაწესებულებებს არ გააჩნდათ იურიდიული სამართლებრივი ფორმა და არც შესაბამისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდათ. 

“მე რომ მივედი სამინისტროში 2013 წელს, პატარა ჯგუფი იყო გალის თემაზე მომუშავე და იმათ გარდა არავინ იცოდა, შიგნით რა ხდებოდა. არის პროგრამა, არის ყოველწლიურად დამტკიცებული ბიუჯეტი, ფიქსირებული და იმის იქით რა ხდება, არასდროს არავინ იცოდა”, - გვიყვება ბაკარაძე. 

ყოფილი მინისტრი გვესაუბრა იმაზე,  თუ რამდენად უკონტროლო იყო პროცესი გალში. ამ ამბებიდან იკვეთება ისიც, თუ რატომ გადაწყვიტა ბაკარაძის სამინისტრომ გალში სამედიცინო დაწესებულებების დახურვა.

ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გიზიარებთ სოფელ მზიურის, ქვემო ბარღებისა და ოქუმის სამედიცინო დაწესებულებების მაგალითებს. ისინი საქართველოს ბიუჯეტიდან 2018 წლამდე ფინანსდებოდნენ. თუმცა, ირკვევა, რომ მიუხედავად საქართველოს ბიუჯეტიდან ამბულატორიებისთვის გადარიცხული ათობით ათასი ლარისა, პაციენტები უფასო მომსახურებას ვერ იღებდნენ, პერსონალი კი მაინც ენთუზიაზმზე, უხელფასოდ მუშაობდა. მაგალითად, მზიურის ამბულატორიის ექთანს 4 წლის განმავლობაში სჯეროდა, რომ მის დაწესებულებას საქართველოს მთავრობამ დაფინანსება შეუწყვიტა და კუთვნილ ანაზღაურებასაც ამიტომ ვერ იღებდა. ეს კი სიცრუე აღმოჩნდა.

მზიურის ამბულატორიის გამგე გურამ სექანიამ 2018 წლის 15 დეკემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვა. 4 დღეში, სამინისტროში მზიურის სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი ყოფილი ექთნის წერილი შევიდა. ის ჰყვებოდა, რომ ხელფასს, წლების განმავლობაში, სხვადასხვა პირისგან ხელზე იღებდა. თუმცა, 4-5 წლის წინ უთხრეს, რომ დაწესებულება დაიხურა და სპეცდაფინანსებაც შეუწყდათ.

ამ წერილის მერე სამინისტროში მოკვლევა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს ამბულატორიის შენობა დაიწვა, სამედიცინო დაწესებულება კი ფუნქციონირებას ხელმძღვანელის სახლის პირველ სართულზე აგრძელებდა. სამინისტროსთვის ამ ხანძრის შესახებ 2019 წლამდე არავის შეუტყობინებია. შესაბამისად, ამბულატორიის დაფინანსებაც გრძელდებოდა. საქართველოს ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხების განკარგვა კი მთავარ ექიმს ევალებოდა.

მისი თქმით, მატერიალური რესურსების კონტროლს ვერ ახერხებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ფინანსებში გაურკვევლობის გამო. ფულს ბანკიდან მისი თანამშრომელი იღებდა და სხვა თანამშრომლებს ურიგებდა. ამ ამბის გარკვევის შემდეგ სამინისტრომ სოფელ მზიურის ამბულატორია დახურა. 

ბიუჯეტის უკონტროლო ხარჯვის კიდევ ერთი მაგალითი სოფელ ოქუმის ამბულატორიაა. 2018 წელს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კომისია შეიკრიბა და ოქუმის ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების სამსახურში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. 

კრებაზე ითქვა, რომ დაწესებულებაში სამინისტროს მიერ მიცემულ დავალებებს არ ასრულებდნენ და თანამშრომლებს ხელფასებს არ უხდიდნენ, თითქოს იმ მიზეზით, რომ დაფინანსება არ ჰქონდათ. ამასთან, მთავარი ექიმი, რამაზ შარანგია ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაწესებულებაში არ გამოჩენილა და არაერთი დაბარების მიუხედავად, არც სამინისტროში ცხადდებოდა. საბოლოოდ, სამსახურიდან გაუშვეს, ახალი დირექტორი დანიშნეს, ხოლო ამბულატორიის დაფინანსება, მოგვიანებით, დროებით შეწყვიტეს. მიზეზი ის გახდა, რომ როგორც სამინისტრომ შეიტყო, ოქუმის ამბულატორია არ ფუნქციონირებდა, სამედიცინო პერსონალი ადგილზე არ იყო, არ არსებობდა საშტატო ნუსხა, ხელფასები კი საბანკო ანგარიშების ნაცვლად ხელზე გაიცემოდა. 

სამინისტროს კომისიამ მოიკვლია ოქუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში შექმნილი სიტუაციაც. დაადასტურეს, რომ დაწესებულებას არ ჰქონდა ეფექტური და სათანადო მედიკამენტები, ექიმები კი არაკვალიფიციურები იყვნენ. მაგალითად, სასწრაფოს მორიგე ექიმად მუშაობდა და გამოძახებებზე გადიოდა სტომატოლოგი. ამ პრობლემების გამო კომისიამ სასწრაფოს ხელმძღვანელის მუშაობა უარყოფითად შეაფასა და საბოლოოდ, დაწესებულების დაფინანსება შეწყვიტა.

ოქუმის და მზიურის კვალს დაადგა სოფელ ქვემო ბარღების სამედიცინო დაწესებულებაც. 2018 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა ქვემო ბარღების ამბულატორიის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრი. ის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ამბობდა, რომ სამედიცინო პერსონალს ხელფასი არ აუღია და ვერ იგებდა, რა იყო ამის მიზეზი.

სამინისტრომ ამბის მოკვლევა დაიწყო, იმავე თვეში შექმნა კომისია, მოითხოვა ქვემო ბარღების ამბულატორიის ხელმძღვანელ ლელა ჩაფრავას ახსნა-განმარტება და თანამშრომელთა ხელფასების საბანკო ამონაწერები 2016-2018 წლებში. გაირკვა რომ ქვემო ბარღების ამბულატორიაში რამდენიმე თვის ხელფასის გაცემა არსად ფიქსირდებოდა. 

მოკვლევისას დადგინდა, რომ შენობა არ ჰქონდა არც ქვემო ბარღების ამბულატორიას და არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. ორივე დაწესებულება ფუნქციონირებდა ხელმძღვანელის, ლელა ჩაფრავას მშობლების სახლში.

გაირკვა, რომ რეალურად დაწესებულებას ფუნქციონირების უფლება 2015 წლის შემდეგ არ ჰქონდა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თუმცა ნახევრად ლეგალურად აგრძელებდნენ საქმიანობას. დარღვევა იყო ისიც, რომ თანამშრომლების ნაწილი ხელფასს საბანკო ბარათით იღებდა, ნაწილი - ხელზე.

აღმოჩნდა, რომ დაწესებულება არ ფუნქციონირებდა, თუმცა პროგრამიდან თანხა მაინც ირიცხებოდა. მოკვლევისას დადგინდა, რომ თანამშრომლებისთვის გასაცემი სამი თვის ხელფასით იყიდეს ავტომანქანა სასწრაფო სამსახურისთვის, თუმცა ამაზე თანამშრომლების თანხმობის მტკიცებულება არსად ჩანდა. არც ის იყო ცნობილი, ვისი საკუთრება იყო ეს მანქანა. საბოლოოდ, დაწესებულებას დაფინანსება შეუწყვიტეს, ხელმძღვანელი კი თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამ ამბულატორიებში თანხების უკონტროლო ხარჯვა ჩვენ მიერ მოპოვებული და შესწავლილი ასობით გვერდი დოკუმენტის გარდა იმითაც დასტურდება, რომ 2018 წლის შემდეგ არც ერთი ეს დაწესებულება აღარ არის სპეცდაფინანსების მიმღებთა სიაში. იქამდე, საქართველოს ბიუჯეტიდან თანხებს გალის ცხრა დაწესებულება იღებდა, ახლა კი ეს რიცხვი ექვსამდეა შემცირებული.

ის, რომ გალში ფულის ხარჯვა უკონტროლო და გაუმჭვირვალეა, მარტო სამინისტროსთვის არაა ცნობილი. ეს გარე თვალისთვისაც შესამჩნევია. ნანა გოგოხია უფლებადამცველია და 2006 წლიდან მუშაობს დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. გალელებთან ურთიერთობა ხშირად აქვს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალთანაც. 

“ადრე ექთნებს ვესაუბრე და გარკვეული სამედიცინო ინვენტარი მივაწოდე, მითხრეს რომ თუ იყო შესაძლებელი, ბეტადინი შეგვეძინა, რომელიც ყველაზე ელემენტარულია. სადეზინფექციო ხსნარის შეძენასაც ვერ ახერხებდნენ, არც არავის შეუძენია. როცა ექიმი და ექთანი ითხოვს თეთრ ხალათს, არ აქვთ ფორმა, პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი, ეს ნიშნავს, რომ თანხები დანიშნულების ადგილამდე არ მისულა”, - გვითხრა გოგოხიამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე გვიყვება, რომ როცა სამინისტროში 2013 წელს მუშაობა დაიწყო, უკვე არსებობდა ეს პროგრამა, ყოველწლიურად გამოყოფილი და დამტკიცებული იყო ბიუჯეტი, თუმცა შიგნით რა ხდებოდა, არავინ არაფერი იცოდა.

მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი გალის სამედიცინო დაწესებულებებში კადრების დანიშვნაზე, გათავისუფლებაზე, გუნდის ჩამოყალიბებაზე. ხოლო ფინანსები სსიპ “ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსგან” მოდის. ამ ორ უწყებას შორის კი კოორდინაცია არ არსებობს და თანხების ხარჯვას არავინ აკონტროლებს. 

“ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ამბობს, სამინისტრო რასაც გვაძლევთ, იმაზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებსო. ამ დროს აფხაზეთის სამინისტრო გაიძახის, ჩემთან არც ერთი შესრულების დოკუმენტი არ მოდის და მე საერთოდ არ ვიცი, იქ რა ხდებაო. გამოდის, რომ სრული განუკითხაობაა და ვინ უნდა გააკეთოს ამ თანხების მონიტორინგი, უცნობია”, - გვეუბნება ბაკარაძე.

ეს რომ მოვისმინეთ ყოფილი მინისტრისგან, ამის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას ვთხოვეთ მოეწერათ, როგორ ამოწმებენ გალის სამედიცინო დაწესებულებების მიერ თანხების ხარჯვას, კონკრეტულად რა დოკუმენტაციას და რამდენ ხანში ერთხელ ითხოვენ მათგან, ან როგორ ამოწმებენ იქიდან მიწოდებულ ინფორმაციას? ისიც ვიკითხეთ, ვინ არის პასუხისმგებელი სპეცდაფინანსების პროგრამის განხორციელებაზე და როგორ ნაწილდება ამ ორ უწყებას შორის უფლებამოსილებები. 

გალის სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს ამ შევსებულ ფორმებს უგზავნიან 

გალის სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს ამ შევსებულ ფორმებს უგზავნიან 

გალის სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს ამ შევსებულ ფორმებს უგზავნიან 

ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვწერა, რომ გალის სამედიცინო დაწესებულებები მათ ანგარიშგებას პერიოდულად აბარებენ. (სამუშაოების შესრულებიდან მალევე, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) სწორედ ეს დოკუმენტებია თანხის ანაზღაურების საფუძველი.  

დაწესებულებებიდან იღებენ სპეციალურად შევსებულ ფორმებს, რომელშიც შევსებულია შემდეგი ინფორმაცია: პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, რა შეემთხვათ, რა მომსახურებები დასჭირდათ და რა თანხა დაიხარჯა სამკურნალოდ. ასევე, ფორმაში მოცემულია სამედიცინო პერსონალის ხელფასი, მედიკამენტების ღირებულება, მკურნალობის თარიღი და ღირებულება.

აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კი გვეუბნება, რომ ის დოკუმენტები, რომელსაც გალიდან ხარჯვების დასადასტურებლად იღებენ, არასანდოა. 

“შესრულების დოკუმენტს ავსებენ სამედიცინო პუნქტების ხელმძღვანელები. წერენ - ამდენი ტრავმა იყო, ამდენი გადაუდებელი შემთხვევა და ა.შ. ეს იმ ფონზე, როცა ზოგიერთი მათგანი ადგილზეც არ არის და ზუგდიდში მუშაობს. ეს დოკუმენტი რომ ნახოთ, იქ წერია, რომ გალში ერთ თვეში ყველა ხიდან ჩამოვარდა, ყველამ ფეხი მოიტეხა, რაც აბსურდია”, - გვეუბნება ბაკარაძე. 

თქვენთან სასწრაფო რომ მოდის, ამაში ფულს იხდით? გალელები კი გვიყვებიან, რომ იხდიან. არადა, გალში, სპეც.დაფინანსების პროგრამის გამო სამედიცინო მომსახურებების ნაწილი, მათ შორის, სასწრაფო დახმარება უფასო უნდა იყოს. თუმცა, ყველა გალელი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, სამედიცინო მომსახურებებში ფულს მაინც იხდის, ხანდახან არც თუ ისე ცოტას. მიღებული მომსახურების ხარისხი კი მათთვის დამაკმაყოფილებელი არაა.

გალელებთან ინტერვიუს დროს მოვისმინეთ, რომ იქ “ექიმისთვის ფულის ჩაჯიბვის” ტრადიცია კვლავ ცოცხალია. რესპონდენტები იხსენებენ, რომ თავი ხშირად ვალდებულადაც უგრძნიათ, ეს გაეკეთებინათ.

“სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ფული გადავიხადეთ 50 ლარი. მეორედ მეზობელმა გამოიძახა და იმანაც ეგრე გადაიხადა. ენგურის ხიდამდე მიყვანაშიც 50 ლარი გამოგვართვეს. ვიცი, რომ ნისიების რვეულიც არსებობს. თუ არ აქვს ადამიანს, ნისიაში ჩაუწერენ”, - გვითხრა სოფომ. 

“ხელზე გიყურებენ, ანუ უნდა მისცე. უხერხულად გრძნობ თავს თუ არ მისცემ... რუსული მენტალიტეტი ხომ იცით, პატივი მცა და უნდა “ჩავუჯიბო”. რატომ უნდა აჩუქო, როცა უფასოდ გეკუთვნის?” - ამბობს მარიამი. 

ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობამ არც ის იცოდა, რომ ეს მომსახურება უფასოდ ეკუთვნით. 

ნათიამ პროგრამის შესახებ ჩვენგან გაიგო. მის სოფელს პროგრამაში ჩართული ამბულატორიაც აქვს. არც გალში მყოფ მის ოჯახის წევრებს სმენიათ რაიმე იმაზე, რომ სამედიცინო მომსახურებას უფასოდ უნდა იღებდნენ. 

“გამოდის, რომ ქართული მხარე ინტერესდება ჩვენით და ჩვენი ჯანმრთელობით და იმდენს აკეთებს, რომ გვინაწილებს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ თანხას, თურმე, ჯანდაცვა ჩვენზეც მოქმედებს და ჩვენც გვაფინანსებს”, - გვითხრა ნათიამ.

“უშუალოდ გალში მე არასდროს გამიგია, რომ რაღაც დაფინანსება იყოს. ჩვენ მომსახურებაში, ყველაფერში თანხას ვიხდით. თანხის მხრივ, არანაირი შეღავათი არ არის. იდეაში, ყველაფერი ფასიანია, ნებისმიერი ანალიზი…”, - გვითხრა გალში მცხოვრებმა ქეთიმ. 

გალის საავადმყოფოს შენობა - 2018 წელი. ფოტო: Democracy and Freedom Watch.

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, უმეტესობამ ამ პროგრამის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცის. ვისაც ვკითხე, რამე ხომ არ იცით-თქო, საერთოდ პირველად ესმოდათ. მათ შორის, არც სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეებმა იციან და არც მასწავლებლებმა. სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი ბოლომდე, რას მოიცავს ეს პროგრამა , - გვითხრა ნესტანმა. 

ადგილობრივებმა რომ ამ დაფინანსების შესახებ არ იციან, ამას ადასტურებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა - “ორმხრივი გამოტოვების ადგილები”. ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას ეხება. 

კვლევის ავტორთან, თეონა ფირანიშვილთან დავაზუსტეთ, მათთან ინტერვიუს დროს ხომ არ უხსენებია რომელიმე რესპონდენტს სპეც.დაფინანსების პროგრამის შესახებ. ავტორმა ასეთი ვერავინ გაიხსენა. 

“ინტერვიუების დროს არსად გამოჩენილა, რომ მათ იქ, გალში შეუძლიათ ცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსებული რაიმე პროგრამით ისარგებლონ. ასეთი რამ არავის აღუნიშნავს… ძირითადად, საუბრობდნენ პრობლემებზე, რომ მათ არ აქვთ რესურსები ადგილზე რომ კლინიკები არის ჩამოქცეული, არ აქვთ აღჭურვილობა, მედიკამენტები და თითო ‘კაპიკის’ მოთხოვნაზეც უდიდესი თავგანწირვა სჭირდება სამედიცინო პერსონალს, რომ რაღაც ინვენტარი ჩაიტანოს ადგილზე”, - გვითხრა ფირანიშვილმა. 

არადა, დაწესებულებების საჯარო რეესტრში ატვირთულ წესდებებში წერია, რომ დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან, პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოსახლეობისთვის უფასო მიწოდებაზე და ამ სერვისების შესახებ მათ ინფორმირებაზე. მაგალითად, ინფორმირების ხერხი შეიძლება იყოს დაწესებულებაში თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო ტექსტის გაკვრა. 

სტატიაზე მუშაობისას მოვახერხეთ, რომ გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში დასაქმებულ სამ ექთანთან გვესაუბრა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთვის მიცემულ პირობას ვიცავთ და მათ ნამდვილ სახელებს არ ვიყენებთ. გალში მცხოვრები ყველა რესპონდენტის სახელი სტატიაში შეცვლილია, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ამ ინტერვიუს დროს ექთნებმა ჩვენგან გაიგეს, რომ, თურმე, მათი საავადმყოფო ვალდებულია მოსახლეობას სპეც.დაფინანსების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. გვითხრეს, რომ ეს არასდროს მომხდარა და მოსახლეობას კი არა, მათთვისაც არავის განუმარტავს, რას მოიცავს ეს პროგრამა. ამაზე სამედიცინო პერსონალსაც გული შესტკივა. ჩვენთან საუბარში გამოთქვეს წუხილი, რომ მიუხედავად პერსონალის კვალიფიკაციისა და მოტივაციისა, ხელ-ფეხს უკრავთ არსებული მწირი რესურსები და პაციენტებს ისე ვერ ემსახურებიან, როგორც სურთ. ზოგჯერ, ამისთვის, თავისი ჯიბის ფულის გაღებაც უწევთ. 

“არასდროს არ ხდება ინფორმაციის მიწოდება. პირველად მესმის. არასდროს არ მოუწოდებიათ ჩვენთვისაც”, - გვითხრა ექთანმა მაყვალამ. 

ექთნებს ისიც ვკითხეთ, რა მომსახურებებს უწევენ უფასოდ ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში. მოგვიყვნენ, რომ მომსახურება უფასო მხოლოდ ღამის 10 საათის შემდეგ არის, ისიც არა პროგრამის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს აფთიაქები იკეტება და ფიზიკურად ვერაფერს იშოვის პაციენტი. სხვა დროს უფასო არაფერია, მით უმეტეს, ეთნიკურად ქართველებისთვის. ხოლო, აფხაზებს ყველაფერს უფასოდ უკეთებენ, იმიტომ რომ ასე ავალებენ. 

“რა უფასოზე და რა დაფინანსებაზეა საუბარი, ეს არარეალურია. მე ვიცი, რომ დიდი თანხები ირიცხება…როდესაც ავადმყოფი მოდის და 5 მგ-ან შპრიცს თვითონ ყიდულობს და ექთანს გთხოვს, გამიკეთეო, ეს არის დაფინანსება? ბიზნესი რომ განვითარდა აფთიაქებში და დავუშვათ, ანტიბიოტიკი 3 ლარი რომ ღირდა და 9 ლარი რომ გახდა, მაგას ზოგი ავადმყოფი რომ ვერ ყიდულობდა და კვდებოდა, ეს ცხოვრებაა? ეს არის დაფინანსება? არავინ მოგატყუოთ, გალის რაიონში არავის არ ჰქონია უფასო არაფერი”, - გვითხრა მაყვალა ექთანმა.

“ჩვენ დაფინანსებიდან არაფერი არ გვეძლევა. ელემენტარული ხელთათმანი რომ ხელთათმანია, ეგეც კი სათხოვარია ვინმესგან, პაციენტებს მოაქვთ, რომ რაღაცის შეხვევა გაიკეთონ”, - გვითხრა ლია ექთანმა. 

ისიც გვითხრეს, თუ ვინმე ისეთი მოვა, ვინც იცის, რომ უფასო მომსახურება ეკუთვნის, ვემსახურებით უფასოდ - აყალ-მაყალი რომ არ ატეხოსო. 

ფოტო: Democracy and Freedom Watch. ენგურის ხიდი 

ინტერვიუ ვთხოვეთ როგორც საქართველოს ჯანდაცვის, ისე აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროებს. გამოსავალს რაში ხედავენ და როგორ ფიქრობენ ამ პროგრამების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას, ამაზე უნდა გვეკითხა. კიდევ ბევრი სხვა კითხვაც გვქონდა იქიდან გამომდინარე, რაც სტატიაზე მუშაობის ამ 6 თვის განმავლობაში ვიკვლიეთ. ორივე სამინისტრომ ინტერვიუზე უარი გვითხრა. არადა, პასუხისმგებელი ამ პრობლემის გადაჭრაზე სწორედ ისინი არიან.

შემდეგ ალტერნატიული აზრების მოსმენას შევუდექით. გამოსავლის შესახებ ვკითხეთ ყველას, ვინც ამ თემით დაინტერესებულია.

იმ ადგილობრივების აზრით, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, პროგრამით გათვალისწინებული თანხის ხარჯვას აფხაზეთის მთავრობა უკეთ უნდა აკონტროლებდეს, რასაც არ აკეთებს. 

“ის [აფხაზეთის მთავრობა] უნდა აკეთებდეს ამის დეკლარირებას, ჩემი აზრით. მაგის მოვალეობა ეგ არის. გგონიათ, მანდ ვინც მუშაობს, არ იცის აქ [გალში] რა ხდება? აქაურები მუშაობენ იქ. იციან რა ხდება, მაგრამ ამის კონტროლს არავინ აკეთებს… ყველაზე მძიმე სამინისტროა”, - გვითხრა მარიამმა, გალის მცხოვრებმა. 

“ახლა როგორიც არის აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო [გულისხმობს ა/რ-ის სამინისტროს] საერთოდ დასაკეტია. ჯანდაცვის მინისტრად და თუნდაც განათლების მინისტრად უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც არის აფხაზეთიდან და იცის აქაური პრობლემები. ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტროში რეკავს აფხაზეთიდან მოქალაქე. ზარი რომ შემოდის აფხაზეთიდან და შენ უყვირი, ეს ხალხი ემსახურება შერიგებას ან კარგ საქმეს? ეს არის კომუნიკაციის შეწყვეტის ერთ-ერთი ფორმა”, - ამბობს თამარი ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუსას.

რა არის გამოსავალი? ეს კითხვა უფლებადამცველ ნანა გოგოხიასაც დავუსვით, რომელიც დევნილთა საკითხებზე 2006 წლიდან მუშაობს. ის ფიქრობს, რომ ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება და მათი მიმდინარეობა უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კორუფციის შესაძლებლობა.

“რთული არ არის დოკუმენტების ის ნაწილი გამოაქვეყნო, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანს აგრძნობინებს, რომ ყველაფერი წესრიგშია თანხების გადარიცხვის, პროგრამების განხორციელების ან სერვისების შესყიდვების კუთხით, მაგრამ მეორე საკითხია რა ხდება ადგილზე. ჩემთვის უფრო სარწმუნო ის ფაქტებია, რაც რეალობაში, ადგილზე ხდება, რაზეც საუბრობენ გალელები. ეს ხომ არ იმალება”, - გვეუბნება ნანა გოგოხია. 

მისი თქმით, ჯანდაცვა არის ის სფერო, რისი გამართულად მიწოდებაც გალში მცხოვრებლებისთვის აუცილებელია. თუ სპეცდაფინანსებით გამოყოფილი თანხები საჭიროებებს მოერგება და ლოგიკურად გადანაწილდება, უფრო შედეგიანი იქნება.

“თუ პროგრამას კვლევაზე დაფუძნებით, ის ადამიანები დაგეგმავენ ვისაც უშუალოდ აქვს შეხება ამბულატორიებთან, მაშინ უფრო მეტი შედეგის მომცემი შეიძლება იყოს. ასე მგონია, რომ ამის სურვილი ნაკლებია. ჩვენთან სახელმწიფო პროგრამების დაგეგმა ჰაერიდან ხდება, საჭიროებებს ნაკლებად იკვლევენ და აანალიზებენ, შესაბამისად შედეგითაც არავინ არ არის დაინტერესებული. საბოლოოდ კვლავ ადამიანები ზარალდებიან.” - გვითხრა გოგოხიამ. 

იგივე ვკითხეთ აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ქეთი ბაკარაძესაც. მან ეს პოსტი 2021 წელს თავისი ნებით დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას შეუერთდა. ის გამოსავალს სისტემის ფორმირებაში ხედავს. მისი თქმით, აუცილებელია, კვალიფიციური კადრების იდენტიფიცირება და ფინანსური ანგარიშგების საკითხის მოგვარება. 

“უნდა მოხდეს ელექტრონულ ბაზაში პერსონალის შეყვანა და ამბულატორიის ხელმძღვანელებს კი არ უნდა დაერიცხოთ ეს უზარმაზარი თანხა, რაც ყოველთვის კორუფციის წყაროა, არამედ, იმ ადამიანმა უნდა მიიღოს კუთვნილი, ვინც იმუშავა. ბანკი უნდა იყოს შუამავალი და მან უნდა გააკონტროლოს გადარიცხვები. მოდელირება სჭირდება ამ პროგრამას თავიდან ბოლომდე. უამრავი პლატფორმაა და ძალიან მარტივია ამის დაკორექტირება. ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მეტი არაფერი”, - გვითხრა ბაკარაძემ. 

ლია ექთანმა მასთან საუბრის ბოლოს უიმედოდ გვითხრა, რომ არაფერს აზრი არ აქვს, არც გამოსავლების ძიებას. 

“რამდენი სტატიაც არ უნდა დაწეროთ, ეს აფხაზეთია. მიუწვდომელია… ვერანაირი იურისპრუდენცია ვერ მიწვდება ამას, ვერ მოვა ვერანაირი სტრუქტურა, რომ ეს გამოიძიოს და მათ საკადრისი პასუხი გაეცეთ“, - გვითხრა ლია ექთანმა.

ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ინფორმაციის გაზიარებას დიდი ძალა აქვს. იმედია, ამ სტატიას გალის ჯანდაცვის სისტემის გაჯანსაღება მოჰყვება და ლია ექთანიც იტყვის, რომ ჟურნალისტიკას რაღაც კარგი შესძლებია. 

;
სარჩევი
სიახლეების გამოწერა
print icon