ავტორები: თამუნა ქიმაძე და შორენა ლაღაძე
წყალაფორეთი, სადაც მხოლოდ 30 ბავშვიღაა დარჩენილი, პატარა სოფელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ამ პატარა სოფლიდან ბავშვები ყოველ დღე 14 კმ-ს გადიან წინ და უკან, რომ მეზობელი სოფლის სკოლაში მივიდნენ. არადა, წყალაფორეთში ოთხი წლის წინ სკოლა ჰქონდათ. 2020 წელს მთავრობამ მისი გარემონტება გადაწყვიტა. ხალხს დაჰპირდნენ, რომ ახალი სკოლის, 289 ბავშვზე გათვლილი, ორსართულიანი შენობა ექნებოდათ.
მთავრობა რომ დაპირებას ვერ ასრულებს, ეს საქართველოში ვიღას უკვირს? აქ ამაზე არ გიყვებით. ჩვენ კიდევ რამდენიმე სოფლის სკოლა ვიპოვეთ, რომლის რემონტიც, წყალაფორეთის არ იყოს, დაიწყეს და ვეღარ დაასრულეს, ან სამუშაოები ძალიან დიდხანს გაჭიანურდა.
ყველა ამ სკოლის გაწელილი რეაბილიტაციის მიზეზი ისაა, რომ მთავრობა არასდროს სთხოვს პასუხს შპს “ინდუსტრიას.” ჩვენმა ხუთთვიანმა გამოძიებამ გვიჩვენა, რომ სისტემა თვალს ხუჭავს კერძო კომპანიების არაპროფესიონალურად შესრულებულ სამუშაოზე, მაშინაც კი, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ეხება.
რას ერჩოდნენ წყალაფორეთის სკოლას?
წყალაფორეთში ძველი სკოლის ადგილზე ნანგრევები დაგვხვდა. სამუშაოები შეჩერებულია და არავინ იცის, განახლდება თუ არა და როდის.
რიტა ხიჯაკაძე ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთში ცხოვრობს. სამი შვილი ჰყავს. უმცროსი სპეციალური საჭიროებების მქონეა. მისი შვილები იმავე სოფლის სკოლაში დადიოდნენ მანამ, სანამ 2020 წელს სკოლის შენობის რემონტი არ დაიწყეს.
რიტას უფროსი შვილი მეხუთე კლასშია, შუათანა მესამეში, ნაბოლარა კი - პირველში. უმცროსი ბიჭი სპეციალური საჭიროებების მქონეა. ორი წლის ასაკში სმენა დაკარგა. ბიჭუნა კვირაში ორჯერ სოფლიდან ქუთაისში, ლოგოპედთან დადის. ყველაზე მეტად რიტა მასზე წუხს, სკოლა შორს რომაა. ბავშვს რამე რომ დასჭირდეს, მიშველება გამიჭირდებაო.
“10-ის 10 წუთზე მოდის მარშუტკა, 10-ზე ეწყებათ სწავლა. 3-ის ნახევრიდან სამამდე მოდიან ხოლმე უკან. ნახევარი საათი მაინც სჭირდებათ გზაში. პატარას უჭირს ძალიან, იღლება, 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი პატარასია (მიგვითითებს მაგიდაზე დაწყობილ რამდენიმე აპარატზე). რაღაცა რომ გაუჭირდეს, მე იქ ვერ მივალ. დილით რომ გავუკეთებ აპარატს, შეიძლება დაუჯდეს, ან დაეცეს და რაღაცა ზიანი მიიღოს. აქეთ თირკმლის პრობლემა აქვს, რაღაცა რომ გაუჭირდეს ბავშვს, მე ხომ უნდა მიმიწვდებოდეს ხელი, რომ მივიდე?” - გვიზიარებს რიტა თავის ყოველდღიურობას.
რიტა იმაზეც წუხს, რომ ბავშვებს საშუალება არ აქვთ სკოლის გარდა სადმე წრეზე იარონ. მათთვის მიუწვდომელია სპორტი, მუსიკა და ცეკვა. გვეუბნება, რომ კილომეტრებით შორს სკოლაში სიარულის გამო, დროში ვერ ეწყობა და ბავშვები წრეებზე ვერ დაყავს. არადა, უფროს გოგონას პიანინოზე სწავლა მოუნდომებია. ტელეფონში უყურებს ვიდეოგაკვეთილებს და ისე მეცადინეობსო.
“არაფერი არ ქონდა იმ სკოლას დასანგრევი. 4 წელიწადი მივჩერებოდი, ათოვდა, კედლები იყო და არ დანგრეულა. ბლოკი გაიყიდა, ჩვენც კი ვიყიდეთ და არაფერი არ აქვს გაფუჭებული. რისთვის დაანგრიეს? აქამდე მაინც ესწავლათ. არ იყო იმდენი ბავშვი, რომ არიქა, ორსართულიანი სკოლა ყოფილიყო საჭირო, ყოფილიყო 30 ბავშვზე, რაღაცა შეერემონტებინათ”, - ამბობს რიტა ჩვენთან საუბრისას.
წყალაფორეთის სკოლა 1965 წელს აშენებული ორსართულიანი შენობა იყო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 2020 წელს სკოლას ასე აღწერდნენ: შენობის საძირკვლები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია და გამოსაცვლელია ხის და მეტლახის ფილებით მოპირკეთებული იატაკი; მეტალო-პლასტმასის და ხის ფანჯრები; ასევე თუნუქის ფენილიანი სახურავი და ცენტრალური ჭიშკარი.
უსკოლობა წყალაფორეთში ყველას აწუხებს. ადგილობრივები განიცდიან, რომ სოფელი ამის გამო ნელ-ნელა იცლება.
“კარგა ხანს იქნება, ალბათ, ნანგრევები. ერთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო მაგის მშენებლობა. ვისაც ჰყავდა ბავშვი მანდ, ყველამ გადაიყვანა, დაიცალა სოფელი. გზა იგება ჩემს უბანში. რად მინდა მე გზა რომ დამიგონ დღეს, ჩემმა შვილიშვილმა თუ აქ ვერ ისწავლა?” - გვითხრა მერაბ გიგაშვილმა.
წყალაფორეთელ ბავშვებს რომ სკოლა არ აქვთ, გრძელი ამბის ბოლოა. თავი კი შპს “ინდუსტრიასთან” უნდა ვეძებოთ. სწორედ მათ დაუკვეთა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს წყალაფორეთის სკოლის საპროექტო დოკუმენტაცია.
საპროექტო დოკუმენტაცია იქმნება მაშინ, როცა შენობის ან ინფრასტრუქტურული ობიექტის შეკეთება თუ თავიდან აშენებაა საჭირო. საპროექტო დოკუმენტაციას მთავრობა, როგორც წესი, კერძო კომპანიებს უკვეთავს ხოლმე და მათ თხოვენ, შეაფასონ, რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი, დეტალურად აღწერონ ეს პროცესი, განსაზღვრონ ვადები და საჭირო ფინანსები. საპროექტო დოკუმენტების მიღების შემდეგ კი მთავრობა უკვე უშუალოდ სამუშაოების ჩასატარებლად აცხადებს ხოლმე ტენდერს.
წყალაფორეთის სკოლის საპროექტო დოკუმენტაციაში შპს “ინდუსტრიამ” ჩაწერა, რომ სკოლის შენობის საძირკვლები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშიაო, ხოლო იატაკი, ფანჯრები და სახურავი გამოსაცვლელიო. ერთადერთი, რის დანგრევასაც შპს “ინდუსტრია” მიზანშეწონილად მიიჩნევდა, სკოლის გარეთ მდებარე ტუალეტისა და ავტოფარეხის შენობები იყო.
სკოლაც რომ დასანგრევი იყო და მისი გარემონტება არ გამოდიოდა, ეს მშენებელმა კომპანია სს “იმერეთმა” მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მუშაობა ადგილზე დაიწყო.
მშენებელი კომპანია 2020 წლის ნოემბრიდან მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელმაც სკოლის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, წერილებს უგზავნიდა. სს “იმერეთი” ჩიოდა, რომ წყალაფორეთის სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ეჭვს იწვევდა სკოლის რეაბილიტაციის მიზანშეწონილობა.
ეჭვების დასადასტურებლად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც მიიწვიეს. სამხარაულმაც დაადასტურა, რომ სკოლის შენობის შერემონტება არ შეიძლებოდა, ის უნდა დაენგრიათ და 2023 წელს დაანგრიეს კიდეც.
კომპანია “იმერეთის’’ ხელმძღვანელს, რუბენ ჩინჩალაძეს დავურეკეთ. გვაინტერესებდა, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ადგილზე პროექტისგან განსხვავებული სურათი დახვდათ. მხოლოდ ის გვითხრა, ხდება ხოლმე ასე ხშირად, რომ პროექტი არ ამართლებსო.
წყალაფორეთის სკოლისთვის ახალი ტენდერი 2023 წლის აგვისტოში გამოცხადდა. ამჯერად შემსყიდველი არა მუნიციპალური განვითარების ფონდი, არამედ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იყო. 3.4 მილიონ ლარად 60 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა უნდა აეშენებინათ, მანამდე კი პროექტი უნდა მოემზადებინათ. ანუ, “ინდუსტრიას” მიერ მომზადებულ პროექტს აღარ იყენებდნენ. თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. ამ ამბიდან წელიწადზე მეტი გავიდა და მას შემდეგ ახალი შესყიდვა არავის გამოუცხადებია.
ამ სკოლის ბედი ისევ მუნიციპალური განვითარების ფონდთან მოვიკითხეთ. ივნისში მივწერეთ, იმის გასაგებად, თუ რა გეგმები აქვთ და აპირებენ თუ არა საერთოდ რამეს. წერილზე ზედაპირულად გვიპასუხეს. მხოლოდ ის გვითხრეს, რაც ისედაც ვიცოდით - სკოლის შენობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაინგრაო.
“ინდუსტრიას” პროექტები სხვა სკოლებისთვის
წყალაფორეთის სკოლის გარდა შპს “ინდუსტრიამ” მოამზადა კიდევ 18 სკოლის პროექტი მხოლოდ იმერეთის რეგიონში. ამ სკოლებიდან ათის შეკეთება ან დროში გაჭიანურდა, ან შენობა დასანგრევი აღმოჩნდა.
ქუთაისის მე-9 სკოლის ამბავი
მაგალითად, ქუთაისის მე-9 სკოლის რეაბილიტაცია კი დასრულდა, მაგრამ სამუშაოები ორი წლით გაჭიანურდა. მშენებელი კომპანია სამუშაოს დაწყებისთანავე შეფერხდა. ადგილზე “სიურპრიზი” დახვდათ – დეფორმირებული და დასანგრევი კედელი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მშენებლობა შეაჩერა, კედლის დემონტაჟი-მონტაჟისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებამდე. საბოლოოდ, ამ კედლის სრულად დანგრევა და ახლის აგება გადაწყდა, რის გამოც “დამბას” სამუშაოების ვადა რვა თვით გადაუწიეს. არადა, დეფორმირებულ კედლებზე საპროექტო დოკუმენტებში შპს “ინდუსტრიას” არაფერი ეწერა.
მოგვიანებით, მშენებელი კომპანია “დამბა” კიდევ რამდენიმე პრობლემას წააწყდა, რაც საპროექტო დოკუმენტებში ნახსენებიც არ იყო. მშენებელი კომპანიის დირექტორს, გიორგი ჯაბიძეს ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ.
“სამუშაო პროცესში უკანა მხარის შუა კედლები ჩამოიშალა და აღვადგინეთ. მერე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ სკოლა და მარჯვენა ფლიგელში შევამჩნიეთ ბზარები. გადავწყვიტეთ, დამატებით გამაგრებულიყო შენობა [გარედან რკინის კონსტრუქციებით]. ბავშვები არიან, მაინც აუცილებელია, რომ თავი დაგვეზღვია. სპორტული ფლიგელიც დავანგრიეთ, მეორე ფლიგელიც დავანგრიეთ, არ შეიძლებოდა იმის აღდგენა”, - გვითხრა ჯაბიძემ.
სამტრედიის სკოლის ამბავი
2024 წლის 1 მარტს სამტრედიაში მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს და მათი სკოლის მშენებლობის დროულად დასრულებას ითხოვდნენ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სამტრედიის მერმა მშობლები დააიმედეს, ახალი სკოლა მალე აიგებაო.
ამ სკოლის საქმე ოდნავ სხვაგვარად იყო - რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო, მუშაობის დროს აღმოაჩინეს რომ რემონტს არ ექვემდებარებოდა და 2022 წელს დაანგრიეს კიდეც. ამ სკოლის საპროექტო დოკუმენტაცია შპს “ინდუსტრიამ” 33 736 ლარად მოამზადა და დაადგინა, რომ შენობას გარემონტება სჭირდებოდა, თუმცა საძირკველი აქაც მყარად მიიჩნია. მათ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, გასაკეთებელი იყო გათბობა, ვენტილაცია, საკლასო ოთახების რემონტი, სველი წერტილები უნდა მოეწესრიგებინათ და კეთილმოეწყოთ სკოლის გარე ტერიტორიაც.
“ინდუსტრიას” მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წელს მშენებელი კომპანია, შპს “გერმანული სამშენებლო კომპანიაც’’ დაიქირავა. სამუშაოებისთვის მაშინ 2.2 მილიონი ლარი იყო გათვლილი.
2021 წელს აღმოჩნდა, რომ სატრედიაშიც წყალაფორეთის მსგავსი სცენარი გათამაშდა: სარემონტო სამუშაოების დასრულებისას გამოიკვეთა ფუნდამენტისა და მზიდი კედლების ავარიულობა, რაც ხელშეკრულებასა და პროექტში არ იყო გათვალისწინებული. მშენებელმა კომპანიამ ამ შემთხვევაშიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარმოადგინა, სადაც ეწერა, არსებულ შენობა-ნაგებობაზე გამაგრება/რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება ტყუილი ხარჯიაო.
2022 წელს შპს “გერმანულ სამშენებლო კომპანიას’’ მხოლოდ სარემონტო სამუშაოებისა და სკოლის დემონტაჟის თანხა, 378 042 ლარი გადაუხადეს და დაემშვიდობნენ. დადგა დრო ახალი პროექტის შემუშავების და სკოლის შენობის აგებისა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) 2022 წელს 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობისათვის ახალი ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად პროექტის თავიდან შედგენისა და შემდეგ სკოლის აშენებისთვის 7.2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მგფ-მა ტენდერში გამარჯვებულებიც შეარჩია, ხელშეკრულებაც შარშან გაუფორმა და სამუშაოების დასასრულებლად 2 წელი მისცა. ამ ეტაპზე სამტრედიაში სამუშაოები განახლებულია. თუმცა, მეოთხე საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლე ამ სასწავლო წელსაც სამტრედიის სხვა სკოლებში, მეორე ცვლაში ატარებს.
გორდის სკოლის ამბავი
არასრულყოფილი პროექტისა და ზედაპირულად ჩატარებული კვლევების გამო, გაჭიანურდა გორდის სკოლის რეაბილიტაციაც. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხონის ამ სოფლის სკოლის გასარემონტებლად ტენდერი 2020 წელს გამოაცხადა. სამუშაოებზე მაშინ 4 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. მშენებელ კომპანიას, “სპეცმონტაჟს” ევალებოდა სამსართულიანი სკოლის რეაბილიტაცია, სასწავლო ოთახების რემონტი, ლაბორატორიული ოთახისა და საპირფარეშოების მოწყობა, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა.
“სპეცმონტაჟმა” სკოლის რეაბილიტაცია 2020 წლის ნოემბერში დაიწყო. ხელშეკრულება 2022 წელს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა შეწყვიტა - კომპანიამ სამოუშაოები დროულად ვერ დაასრულაო. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების დაწყებისას უკვე პრობლემები გაჩნდა - აღმოჩნდა, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში იყო, რის გამოც შენობის ფლიგელს ჰქონდა ნაპრალები. ამიტომ, მას დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები დასჭირდებოდა. ამის შესახებ კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს არაერთი წერილი გაუგზავნა და მოითხოვა პროექტის დაკორექტირება აღმოჩენილი პრობლემების მიხედვით.
არადა, პროექტის ავტორი “ინდუსტრია” აქაც წერდა, საძირკველი დამაკმაყოფილებელ მდომაგრეობაშიაო და არც მეწყრული პროცესები მიმდინარეობსო: “როგორც გამოკვლეულ უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე უარყოფითი ფიზიკურ-გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, კარსტი, ჩაქცევები და სხვა) არ აღინიშნება”.
2019 წელს მომზადებულ გეოლოგიურ კვლევაში, ერთ დოკუმენტში, “ინდუსტრიას” გორდი ერთ გვერდზე ზესტაფონის სოფლად აქვს მოხსენიებული, მეორე გვერდზე ვანის და მესამეზე - ზუგდიდის.
ფაქტია, რომ ინდუსტრიას სკოლის ტერიტორია საფუძვლიანად არ შეუსწავლია. 2018 წელს, ვიდრე “ინდუსტრია” პროექტის მომზადებას დაიწყებდა, უკვე ცნობილი იყო, რომ გორდში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო. მაშინ ეზო და მიმდებარე ტერიტორია დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა და “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა” შეისწავლა.
2022 წლის დეკემბერში მგფ-მა “სპეცმონტაჟთან’’ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან კომპანია ვალდებულებებს დროულად არ ასრულებდა. შემდეგ კი ახალი ტენდერი გამოაცხადა. ახალი ხელშეკრულება შპს “სათავე +’’თან 2023 წლის 3 აპრილს დაიდო. სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის კომპანიას 2.9 მილიონი ლარი გადაუხადეს.
სკოლის რეაბილიტაციისთვის ამჯერადაც “ინდუსტრიას’’ მიერ შექმნილი პროექტი გამოიყენეს. თუმცა, შესასრულებელი სამუშაოების ნუსხას გამაგრებითი სამუშაოებიც დაამატეს. ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ “ინდუსტრიამ”, თავიდან, პროექტის შედგენის დროს, სწორად ვერ განსაზღვრა შესასრულებელი სამუშაო. ამას კი სამუშაოების წლობით გაჭიანურება და დამატებითი ხარჯები მოჰყვა.
ვინ ფლობს შპს “ინდუსტრიას’’?
კომპანია “სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია” 1999 წელს დაარსდა. მაშინ მისი დირექტორიც და მფლობელიც ლევან მახვილაძე იყო, ახლა კი კომპანიის წილებს კახა მახვილაძე, ლევან ფაშიაშვილი და ლევან მახვილაძე ინაწილებენ.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო, თუმცა მგფ-თან მისი თანამშრომლობა 2019 წლიდან იწყება. 2017 წლიდან დღემდე “ინდუსტრიას” 31 ტენდერი აქვს მოგებული, მათგან 22 კი მგფ-ს გამოცხადებული იყო. ბოლო შვიდ წელში კომპანიამ 25 მილიონი მიიღო ტენდერებიდან, აქედან 22.2 მილიონი კი მგფ-სგან.
სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს ვებ გვერდზე “ინდუსტრიას” ნომერი ვიპოვეთ. მათგან გვინდოდა გაგვეგო, რატომ ვერ შეისწავლეს საფუძვლიანად სოფელ გორდის სკოლის ტერიტორია, როგორ მოხდა რომ მეწყერი გამორჩათ, რატომ იყო პროექტში არეული სოფლის მისამართი და თვლიან თუ არა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე მათი პროექტის გამო გაჭიანურდა სამუშაოები.
ზარზე კი გვიპასუხეს, მაგრამ რესპონდენტმა სახელი და გვარი არ გაგვიმხილა. გვითხრა, რომ დეტალური ინფორმაციისთვის, შეგვეძლო, მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის მიგვემართა. თავად კი გამორიცხავენ, რომ მშენებლობები მათი არასრულყოფილი პროექტის გამო შიეძლებოდა გაჭიანურებულიყო.
“თქვენ ბოლომდე სწორი ინფორმაცია არ გაქვთ. არ არსებობს შენობა და ნაგებობა, რისი გამაგრებაც შეუძლებელია, ამიტომ რა გადაწყვეტილება მიიღო დამკვეთმა, ის დაენგრია, გაემაგრებინა თუ ა.შ. მაგას ჩვენ ვერ გეტყვით. ჩემი რეკომენდაციაა უფრო მეტი სიზუსტისთვის, რაიმე რომ არ გამოგვეპაროს, უკეთესი იქნება მიმართოთ დამკვეთს. ჩვენ საკმაოდ კომპეტენტურად ვასრულებთ პროექტებს, ეს არის მშენებელი კომპანიის პრობლემა”, - გვითხრეს “ინდუსტრიაში”.
მუნციპალური განვითარების ფონდს, რასაკვირველია, მივმართეთ. მათ ვკითხეთ რა პოზიცია ჰქონდათ “ინდუსტრიას” მიერ მომზადებულ პროექტებზე, მისცეს თუ არა კომპანიას გაფრთხილება ან ჯარიმა და რატომ არ შეიყვანეს შავ სიაში. ეს კითხვა მგფ-მა უპასუხოდ დაგვიტოვა და მხოლოდ ერთ სკოლაზე, წყალაფორთზე გვითხრეს, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაინგრაო.
ამასობაში კი მეოთხე ზამთარი გადის და წყალაფორეთელ ბავშვებსა და მასწავლებლებს ისევ კილომეტრების დაშორებით უწევთ სიარული. ამ მხრივ არც სამტრედიელი ბავშვები არიან დალხინებული, სამუშაოები მიმდინარეა და სკოლის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
სკოლების დანგრევა ან გაჭიანურებული მშენებლობა მხოლოდ იმერეთის სკოლების პრობლემა არ არის. ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქშიც კი, ხშირია შემთხვევები, როცა რემონტი იწყება, მაგრამ დასრულებას პირი არ უჩანს. პრობლემის მოგვარებას თავად მშობლები ცდილობენ და სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი შექმენს - “სკოლის დანგრევით დაზარალებულ მოსწავლეთა მშობლები”. აქ იკრიბება ყველა და გეგმავენ, რომ სამართლებრივადაც იბრძოლონ. რახან მთავრობა თავად არ ზრუნავს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურულად გამართულ შენობებში მისცენ განათლება ბავშვებს, ალბათ, თავად საზოგადოების მხრიდან აქტიურობაა გამოსავალი.