ავტორი: ეთო მიდელაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს 100-ზე მეტი თანამშრომელი 2018 წლიდან მოყოლებული იუსტიციის სახლს აფარებს თავს. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, სამინისტრო შენობას ქირაობდა და ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 900 000 აშშ დოლარს ხარჯავდა.
უწყების თანამშრომლებს სამუშაო სივრცის შეცვლა რამდენჯერმე იმიტომ მოუწიათ, რომ მთავრობამ თბილისის ცენტრში განთავსებული სამინისტროს შენობა ინვესტორს სასტუმროს ასაშენებლად 2015 წელს მიჰყიდა.
გაიცა დაპირებაც, რომ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა ძველის დაცლიდან ერთ წელში ექნებოდა. თუმცა, შენობა დღემდე არ აშენებულა. სამაგიეროდ, ნაცნობ-მეგობრების კომპანიებმა ბიუჯეტიდან მილიონები მიიღეს.
რატომ დაანგრიეს ეკონომიკის სამინისტროს შენობა?
თბილისის ცენტრში, ჭანტურიას N12-ში, წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს შენობა მდებარეობდა. 2015 წლის თებერვალში მთავრობამ განაცხადა, რომ მის გაყიდვას გეგმავდა. მიზეზად ლარის კურსის გამყარებისთვის, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გააქტიურება დასახელდა.
ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა 2015 წლის 26 ივნისს, პროგრამა "50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში, 9.4 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. მყიდველი, ჩინური წარმომავლობის “ჰუალინგ ჯგუფი”, ვალდებული იყო, რომ 2019 წლის იანვრამდე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო მოეწყო. შენობა დაანგრიეს, მაგრამ სასტუმრო დღემდე არ გახსნილა. იმის მიუხედავად, რომ ინვესტორს მთავრობამ ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა, პირობის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები კი შეუმცირა. ეს საქმე შემდეგ “ანაგს” მიანდეს. კომპანიას, რომელიც მმართველი პარტიის რჩეულ პროექტებში ხშირად მონაწილეობს. თუმცა, უშედეგოდ.
ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები ჭანტურიას ქუჩაზე 2016 წლის აპრილამდე დარჩნენ. შემდეგ შენობა დაცალეს და თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე, ქირით იმ იმედით გადავიდნენ, რომ მალე ახალს აუშენებდნენ.
საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, ოფისის ერთი თვის გადასახადი 75 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო ლარში. გამოდის, რომ 2016-2018 წლებში ქირაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.4 მილიონზე მეტი ლარი დავხარჯეთ.
2018 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სახლში შეიხიზნენ, რადგან ახალი შენობა ვერ აშენდა.
რას გვპირდებოდნენ მინისტრები?
2015 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის სამინისტროს შენობის აშენების პირობა არაერთმა პრემიერმა თუ მინისტრმა დადო:
“ბიზნეს სახლი" ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სერვისის, რომელსაც დღეს ბიზნესი და იურიდიული პირები იღებენ, ერთიან სივრცეში, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდების პროექტს. ეს პროექტი განსაზღვრულია იმისთვის, რომ დღეს სხვადასხვა სამინისტროში, სახელმწიფო უწყებებში გაფანტული 600-ზე მეტი სერვისი მიწოდებული იქნას ერთი ჭერის ქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით”, - ეს დაპირება იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის 8 სექტემბერს გასცა. ის “ბიზნეს სახლის” აშენებას გეგმავდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროც უნდა განთავსებულიყო. როგორც კვირიკაშვილი ამბობდა, ერთიანი სივრცის შექმნით გამჭვირვალობა უნდა გაუმჯობესებულიყო, “კორუფციის შანსები” კი შემცირებულიყო.
2017 წლის 26 სექტემბერს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა: “ეკონომიკის სამინისტრო ქირით შენობაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს. გვაქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება წლის ბოლომდე და, შესაბამისად, სამინისტროს ექნება თავისი შენობა”.
ამავე წლის 27 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, სამინისტროს შენობა ანაკლიის მიწების გამოსყიდვიდან დარჩენილი თანხით აშენდებაო.
2018 წლის 25 იანვარი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი: “თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების შესახებ. მიწა არის მოძებნილი და პროექტი არის გაკეთებული. ჩვენ განვიხილავთ, ალბათ, ამ კვირაში დავასრულებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არა ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში განვათავსოთ გაერთიანებული სამინისტრო. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა აქტიურად დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ განვათავსებთ, სამინისტროს ახალი შენობა არ აშენდება”.
2022 წლის 18 აპრილი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი: “ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც, რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, ლევან დავითაშვილთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შენობაში”.
ბიზნეს სახლის “რევოლუციური პროექტი”
ორთაჭალაში “ბიზნეს სახლის” მოწყობა “ქართული ოცნების” 2016 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი მომსახურების სივრცე, სადაც მომხმარებლებს 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება შეეძლებოდათ. იქ იქნებოდა ეკონომიკის სამინისტროც.
“ეს არის, ფაქტობრივად, რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს”, - განაცხადა ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის სექტემბერში, როდესაც “ბიზნეს სახლის” საძირკველში კაფსულა ჩადო. თუმცა, მშენებლობა 2017 წლამდე არ დაწყებულა.
“ბიზნეს სახლის” პროექტი არქიტექტურულმა კომპანია “დემარკმა”, შპს “აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” დაკვეთით მოამზადა. ამ კომპანიას გამარტივებული შესყიდვებით ბიუჯეტიდან 337 300-მდე ლარი აქვს მიღებული, ელექტრონული ტენდერების გზით - 1 665 800-ზე მეტი. რა თანხა მიიღო მან “ბიზნეს სახლის” პროექტისთვის, უცნობია, რადგან შესაბამისი ტენდერი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება. ჩვენი კითხვები კი აქტივების მართვის კომპანიამ უპასუხოდ დატოვა. მოგვწერეს მხოლოდ ის, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო არ იყო. იმის მიუხედავად, რომ კომპანიას სრულად სახელმწიფო ფლობს, კანონმდებლობით მათ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვთ.
როგორც “დემარკის” მიერ მომზადებული პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, შენობის დიზაინი ბუნებრივად ჯდებოდა და მრავალფეროვნებას მატებდა ქალაქის იერსახეს. “შენობის ფუნქციონალურობა და მისი პრაქტიკული მიზნით გამოყენება სრულად პასუხობს მომავლის გამოწვევებს…” - ასე აღწერდა ეკონომიკის სამინისტრო “ბიზნეს სახლის" პროექტს.
თუმცა, გულიას N3-ში ახლა მხოლოდ ბეტონის მასიური ნაგებობა დგას. ძველი, მწვანე ფერის ჭიშკრის მიღმა სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. მზისგან გახუნებული საინფორმაციო ბანერი კი გვამცნობს, რომ “ბიზნეს სახლის” მშენებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
2024 წლის მაისში გულიას ქუჩაზე დასაქმებულები და გამვლელები გვიყვებოდნენ, რომ მშენებლობა 4-5 წელია, რაც შეწყდა:
“აღარ შენდება. ერთი 4-5 წელია გაჩერებულია.”
“დიდი ხანია ასეა, დაუსრულებელი, დაუმთავრებელი… ყარაული ჰყავს, ხანდახან კრუგზე დადის… რაღაცა პრობლემა აქვს, არ ვიცი, დაუსრულებელი რაღაცაა… დიდი ხანია გაჩერებულია. 5 წელია, მგონი, ეს სიტუაციაა.”
“მთავრობის რაღაც შენდებოდა… მე რაც მახსოვს 2 წელზე მეტია [სამუშაოები აღარ მიმდინარეობს].”
გამოუსადეგარ რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში დახარჯული მილიონები
“ბიზნეს სახლის” ასაშენებლად, სულ მცირე, 10 მილიონამდე ლარია დახარჯული.
თავიდან მშენებლობის პირველი ეტაპი, ანუ რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურომ” შპს “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტს” დაავალა. ესაა კომპანია, რომელსაც მანამდე “ენსისი” ერქვა და მისი მფლობელი, გიორგი ქელბაქიანი, კორუფციულ სქემებში მონაწილეობისთვის თავად “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ დააკავა 2012 წელს. შემდეგ კი 150 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ წარსულში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” წერდა, რომ ქელბაქიანი თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან, მეგობრობდა. ამას გარდა, ქელბაქიანის კომპანია “ენსისი” წარსულში შპს “ჯი სის” 100%-ის მფლობელი და პარტნიორი იყო. “ჯი სის” დირექტორის პოსტს კი 2015-2023 წლის 20 მარტამდე დავით შავლიაშვილი იკავებდა. შავლიაშვილი 2014-2015 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.
შპს “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” 2017 წლის აგვისტოში, “ბიზნეს სახლის” მშენებლობის ტენდერშიც არ მონაწილეობდა მთლად გამჭვირვალედ. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. შპს “საბა კონსტრაქშენსა” და “კალასს” დამკვეთმა წარდგენილი დოკუმენტაცია დაუწუნა. ამიტომ, საბოლოოდ, ხელშეკრულება მათი დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 7 ნოემბერს, შპს “ენსისთან” (ახლანდელ “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტთან”) გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ანალოგიური სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები ამ უკანასკნელსაც არასრულყოფილად ჰქონდა წარდგენილი.
მაგალითად, არ წარუდგენია დოკუმენტები, რომელიც მის მიერ აშენებული სხვა შენობების კლასს განსაზღვრავდა. ასევე, არ წარუდგენია მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობისას გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. არასრულყოფილად ჰქონდა ატვირთული აუდიტორული დასკვნებიც.
“რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” სახელმწიფო შესყიდვებში წლებია აქტიურად მონაწილეობს - ელექტრონული ტენდერების გზით მას, ჯამში, 194 მილიონი ლარი აქვს უკვე მიღებული, გამარტივებული წესით - 6.2 მილიონი.
მის მიერ მოგებულ ორ ტენდერში, რომელიც თბილისის მერიისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული, კონკურენციას საკუთარი ძმის, შალვა ქელბაქიანის მიერ დაფუძნებული კომპანია უწევდა. ახლა ამ კომპანიის 85% გიორგი ქელბაქიანის საკუთრებაა.
“ბიზნეს სახლის” შენობის კარკასი კომპანიას დამკვეთისთვის 7 თვეში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ხელშეკრულება 6-ჯერ შეიცვალა. ცვლილებები ხან ხარჯთაღრიცხვას ეხებოდა, ხან სამუშაოს მიწოდების ვადებს. მაგალითად, დამკვეთმა კომპანიას ოთხჯერ გადაუვადა სამუშაო. შპს “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” ვადის გადაცილებისა და შეფერხების მიზეზად ხან გაუთვალისწინებელ სამუშაოებს ასახელებდა, ხან უამინდობასა და უხვ ნალექს, ხანაც - “ზედამხედველის ხისტ პოზიციას.”
2018 წლის 31 დეკემბერს კომპანია იმასაც კი ითხოვდა, საახალწლო დღესასწაულების გამო, სამუშაოების შეჩერების უფლება მოგვეცითო.
2019 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, ობიექტზე ფიქსირდებოდა მუშაობის დაბალი აქტივობა და მუშა ხელის სიმწირე. ამ ყოველივეს მიუხედავად, პასუხისმგებელ უწყებას მასთან ხელშეკრულება არ გაუწყვეტია.
საბოლოოდ, დამკვეთმა ბიზნეს სახლის ბეტონის კონსტრუქცია 2021 წლის 4 ივნისს ჩაიბარა. ამ პროექტისთვის, ჯამში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 93% - 9.4 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მხარეები თანხმდებოდნენ, რომ კომპანიამ სამუშაოები სრულად და ხარისხიანად შეასრულა. თუმცა, ვერ შეთანხმდნენ ვადების გადაცილებისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოზე, რომელიც, ჯამში, 823 000-მდე ლარს შეადგენდა. ვერც იმ ზიანის ოდენობაზე, რაც შემსყიდველს ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო მიადგა.
ამის გადასაჭრელად სასარჩელო წარმოება დაიწყო. კომპანიას უფლება მიეცა, რომ პირგასამტეხლო დავის გადაწყვეტამდე არ გადაეხადა. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, უცნობია. ჩვენ კომპანიას ამ კითხვებით მივმართეთ. მათ წერილის მიღება დაგვიდასტურეს, თუმცა პასუხები არ მოგვაწოდეს.
გაურკვეველი დროით გაუქმებული პროექტი
“ბიზნეს სახლის” გარშემო მოვლენები კოორდინირებულად და დაგეგმილად არ განვითარებულა. მეტიც, საბოლოოდ, მისი გახსნის იდეაც კი ჩაიფუშა. აი, ეს ამბავი როგორ მოხდა:
კარკასის დასრულებისთვის მთავრობამ ფული იქამდე გამოყო, ვიდრე თავად კარკასი იქნებოდა მზად. როგორც უკვე გითხარით, მთავრობამ ის 2021 წელს ჩაიბარა, 2018 წელს კი კარკასის დასრულებისთვის უკვე გამოყოფილი იყო 71 მილიონ ლარზე მეტი. მთავრობამ ფულის გამოყოფასთან ერთად გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც ის კომპანია უნდა შეერჩიათ, ვინც სამუშაოებს ბოლომდე მიიყვანდა. საბოლოოდ ეს ტენდერი შეწყდა და ამის შემდეგ “ბიზნეს სახლის” გარშემო ვითარება არსებითად აღარ შეცვლილა.
“ქართული ოცნების” მომდევნო მინისტრებმა მისი მშენებლობა საერთოდ გადაიფიქრეს. 2019 წელს ნათია თურნავა ამტკიცებდა, რომ დედაქალაქში ძვირადღირებული შენობების აშენება საჭირო არ იყო. მაშინ ის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა და “ჭეშმარიტი ბიზნეს სახლის” დანერგვას გვპირდებოდა, რომელიც თითოეული ადამიანის სახლთან მივიდოდა. თუმცა, დღემდე არც ეს “ბიზნეს სახლი” მოსულა ჩვენთან და არც ჩვენ შეგვიძლია მასთან მისვლა.
გულიას ქუჩის N3-ში მდებარე ბეტონის კონსტრუქცია და მიწა 2020 წლის 21 აგვისტოს მთავრობამ “საპარტნიორო ფონდს” საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად გადასცა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, 2021 წელს ”ბიემჯისთან” ინტერვიუში ამბობდა, რომ არ იცოდნენ რას უპირებდნენ ამ შენობას, რადგან მშენებლობისას ძალიან დიდი სივრცე იყო დაკარგული. ამიტომ, ის ვერც სასტუმროდ გამოდგებოდა და ვერ კომერციულ ფართად. განიხილავდნენ გვერდითა ტერიტორიის აღებას, იქ სასტუმროს აშენებას და ყოფილ “ბიზნეს სახლში” “კომპლექსური შინაარსის შენობის” მოწყობას. თუმცა, ამ შენობაში დღემდე არაფერი გაკეთებულა.
მორიგი ტენდერი - ისევ გარემოცვისთვის
2022 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ აზრი მცირედ შეიცვალა. მეორედ გაპრემიერებული ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, 7 წელზე მეტია ეკონომიკის სამინისტროს საკუთარი შენობა არ აქვსო და ისევ ახლის აშენებას დაგვპირდა:
“7 წელია საკუთარი შენობა არ აქვს, რაც, რა თქმა უნდა, სირცხვილია… გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც ყველა თავისი სსიპ-ით განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შენობაში.”
შეგახსენებთ, რომ ამ დროს უკვე არსებობს “ბიზნეს სახლის” პროექტიც და მეტიც, რკინა-ბეტონის კარკასიც დგას ორთაჭალაში.
ამავე წლის ივლისში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქონების ეროვნულ სააგენტოს დაავალა, რომ შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის არქიტექტურულ/ სამშენებლო პროექტი შემჭიდროებულ ვადებში მოემზადებინა. 29 აგვისტოს კი ღარიბაშვილმა მთავრობის განკარგულება გამოსცა და სააგენტოს ნება დართო, აღნიშნული მომსახურება გამარტივებული წესით, ანუ კონკურსის გამოცხადების გარეშე შეესყიდა.
ახალი შენობის აუცილებლობას შემდეგი მიზეზებით ხსნიდნენ:
- ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების “ტერიტორიული ალოკაცია” საზოგადოებისთვის მომსახურების მიწოდების სიმარტივესა და სისწრაფეზე უარყოფითად აისახებოდა;
- აღნიშნული პროექტი უწყებებს “ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვის შესაძლებლობას მისცემდა - ანუ მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეეძლებოდათ სწრაფად და მარტივად მომსახურების მიღება;
- პროექტი ხელს შეუწყობდა სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას, კოორდინაციასა და ურთიერთთანამშრომლობის დონეს;
- დაიზოგებოდა ფინანსური რესურსებიც, რომლებიც უწყებების კომუნალურ/ადმინისტრაციულ თუ საიჯარო ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
6 ოქტომბერს ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს “მიდამოსთან” გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. “ღონისძიების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, ღონისძიებისთვის აუცილებელი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით”, - ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს დასაბუთებაში. ესაა ახსნა-განმარტება, რომელსაც მთავრობის ორგანოები ყოველ მეორე გამარტივებულ შესყიდვას ურთავენ ხოლმე.
ჩვენ სააგენტოსგან მოვითხოვეთ ე.წ. ბაზრის კვლევა, რომლითაც შეარჩიეს სამუშაოს შემსრულებელი კომპანია. წესით, დამკვეთმა, როცა უკონკურსოდ, გამარტივებული წესით აფორმებს ხელშეკრულებას, მაინც უნდა ჩაატაროს მცირე კვლევა და რამდენიმე კომპანიას ჰკითხოს, რა ფასად შეასრულებენ ისინი ამ სამუშაოს. შემდეგ კი შეარჩიოს ის, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს. სააგენტომ ბაზრის კვლევის ამსახველი არც ერთი მტკიცებულება არ გამოგვიგზავნა. გვითხრა მხოლოდ ის, რომ სამ პოტენციურ მიმწოდებელს მიმართეს და ხელშეკრულება უმცირესი ფასის მქონე მიმწოდებელთან გააფორმეს.
თუმცა, თქვენც მარტივად მიხვდებით, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება მაინცდამაინც შპს “მიდამოსთან”. ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველი, გიორგი ჭყონიაა. მას მმართველი პარტიის სასარგებლოდ 210 000 ლარი აქვს შეწირული. ჭყონია გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული “პანორამა თბილისის” არქიტექტორიც.
შპს “მიდამოს” დაევალა, ორთაჭალაში, დიმიტრი გულიას #3-ში, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი 13-მდე სსიპ-ისთვის ერთიანი ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო პროექტის, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინის მომზადება.
ერთიანი კომპლექსის აშენებისთვის საჭირო პროექტები “მიდამოს” ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სამ ეტაპად უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ეს პროცესიც გაიწელა. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიამ 159 დღით გვიან წარადგინა. ამისთვის მას 30 488 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა.
საერთო ჯამში, “მიდამომ” სამუშაოები დამკვეთს 2023 წლის 30 ივნისს ჩააბარა. ჩათვალეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. ამიტომაც, კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 100% - 1.7 მილიონი ლარი გადაუხადეს.
ჩვენ სამუშაოს დამკვეთისგან გამოვითხოვეთ ყველა პროექტი, რომელიც “მიდამომ” აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოამზადა. გვინდოდა გვენახა, რა წერია ამ დოკუმენტებში. წერილის გაგზავნიდან 4 თვე გავიდა, თუმცა არც ერთი პროექტი არ მიგვიღია. სააგენტოს პრესსამსახურმა განგვიცხადა, შპს “მიდამოს” მიმართეთო. ჩვენ კომპანიის დირექტორ, გიორგი ჭყონიასაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, მათი ნებართვის გარეშე ამ დოკუმენტების მოწოდების უფლება არ მაქვსო. მისი პასუხის შემდეგ ისევ სააგენტოს დავურეკეთ, სადაც იგივე გვითხრეს, რაც თავიდან: კომპანიამ მოგაწოდოთ დოკუმენტები, ჩვენ ვერ მოგაწვდითო. საბოლოოდ, დოკუმენტები არც ერთ მხარეს არ მოუწოდებია.
არსებობს კი მსგავსი დოკუმენტები და თუ არსებობს, რატომ არ იყენებენ მათ? - ეს კითხვა ჩვენც გაგვიჩნდა და ალბათ, თქვენც.
სამინისტროს 2022 წელს ისე ეჩქარებოდა შენობის დასრულება, რომ პროექტი საჩქაროდ დაუკვეთა და ელექტრონული ტენდერიც კი არ გამოაცხადა. ასეთ მოჩქარე უწყებას დღემდე არ გამოუცხადებია ტენდერი, მომზადებული საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, შენობის ასაშენებლად.
2024 წლის 19 ივნისს ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოგვწერა, ამ ეტაპზე “შიდა პროცედურები” მიმდინარეობს, რის შემდეგაც მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი გამოცხადდებაო. მათ კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ. 26 აგვისტოს კი გულიას N3-ში მდებარე მიწა და ბეტონის კონსტრუქცია მთავრობამ ეროვნულ ბანკს, 28.6 მილიონ ლარად მიჰყიდა. იქ საკუთარი ოფისის აშენებას ამჯერად ეროვნული ბანკი გეგმავს.
გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის ამბავი ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს დაიწყო. მას შემდეგ 5-ჯერ შეიცვალა პრემიერი, 7-ჯერ ეკონომიკის მინისტრი. 8 წლის განმავლობაში დაიხარჯა 11 მილიონ ლარზე მეტი. ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კი ისევ იუსტიციის სახლს აფარებენ თავს, რადგან შენობის ბედი კვლავ ბუნდოვანია.